როგორ იცავდა ბაკურ იბერიელი რომის იმპერიის ინტერესებს ადრიანოპოლის ბრძოლაში
მამუკა ნაცვალაძე
29.08.2016

 ქრისტეშობიდან 410 წელს რომის დაცემა ახალი ეტაპის დასაწყისი გახლდათ კაცობრიობის ცნობიერებაში. რომი - მარადიულობის სიმბოლო, რომელიც საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური თუ ესთეტიკური ნორმების კანონმდებელი იყო, ვესტგოთთა ძალისხმევით განადგურდა, თუმცა, ამ პროცესს თავად რომაელებმაც შეუწყვეს ხელი.

15 წლით ადრე რომის იმპერიაც ორ ნაწილად გაიყო - ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ პროცესებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ის პრინციპები, რაც ადრე რომის უძლეველობის სიმბოლო და საფუძველი იყო, მარადიული ქალაქის მცხოვრებთ წარსულს ჩაებარებინათ. სწორედ ამიტომაც ვერ შეძლო ამ გამორჩეულმა ქალაქმა და ერთ დროს უძლეველმა სახელმწიფომ, გამკლავებოდა ახალ გამოწვევებს "ეთნიკურმა რევოლუციამ" რომ შესთავაზა.

"ეთნიკური რევოლუცია"

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გერმანელი ტომების მიგრაციულმა პროცესებმა, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა |ქ-დან ქ|| საუკუნის ჩათვლით, მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური ბალანსი. ეს მოვლენა ისტორიაში ხალხთა დიდი გადასახლების სახელითაა შესული. ||| საუკუნიდან გერმანელი ტომები ხშირად არღვევდნენ რომაელთა საზღვრებს, გადმოდიოდნენ რაინისა და დუნაის აქეთ. რომს უჭირს მათი შემოტევის მოგერიება, ამიტომაც თმობს გარკვეულ ტერიტორიებს და ამის საფასურად ინარჩუნებს იმპერიის არსებობას, თუმცა, იმ სირთულეებს, რაც ამ პროცესებს ახლდა თან, ვერ იცილებს თავიდან. რომისთვის უმძიმესი პერიოდი იწყება ჰუნების გამოჩენით.

ჰუნების მიგრაცია ევროპაში

ჰუნები ჩინეთის მოსაზღვრედ აზიის სტეპებში ცხოვრობდნენ. არ არის ცნობილი, რა მიზეზით მიატოვეს მათ თავიანთი თავდაპირველი საცხოვრისი, რა იყო დასავლეთის მიმართულებით მათი მიგრაციის მიზეზი. 375 წელს ჰუნები თავს ესხმიან ჩრდილოეთ შავიზღივისპირეთში მცხოვრებ გოთების გერმანულ ტომებს. მიუხედავად იმისა, რომ გოთები თავიანთი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან, ჰუნებმა იოლად გატეხეს ისინი. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ გოთების ერთი ნაწილი - ოსტგოთები ჰუნებს დაემოჩილნენ და მათთან ერთად დაიწყეს დასავლეთისკენ სვლა და დაპყრობითი ომები.

რა გახდა ვესტგოთებთან რომაელების დაპირიპირების მიზეზები

გოთების მეორე ნაწილი - ვესტგოთები, ანუ დასავლეთის გოთები, სხვა პოლიტიკას ირჩევენ. მათ უკან დაიხიეს და რომის იმპერატორისადმი სრული მორჩილებით გადაწყვიტეს საკუთარი არსებობის შენარჩუნება. რომს ვესტგოთებმა შესთავაზეს სამხედრო სამსახური. ეს წინადადება მიიღო რომმა და ამ მომენტიდან ვესტგოთები რომაულ ანალებში მოკავშირეებად, ანუ ფედერატებად არიან მოხსენიებული. თუმცა, რომისა და ვესტგოთების მშვიდობიან თანაცხოვრებას სულ მალე დაესვა წერტილი.

უთანხმოების მიზეზი გახდა ის უნაყოფო მიწები, რომელზეც რომაელებმა ვესტგოთები დაასახლეს, ეს ნაკლებმოსავლიანი მიწები არ იყო საკმარისი ვესტგოთების გამოსაკვებად. როგორც ჩანს, რომაელებმა ვერ სძლიეს საკუთარ მედიდურობას, ვერ გაიცნობიერეს ბოლომდე ის მომგებიანი ვარიანტი, რაც ვესტგოთების მხრიდან შემოთავაზებულ წინადადებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ძნელია იმის თქმა, ასეთი უნაყოფო მიწები წინასწარგანზრახვით მისცეს მათ თუ ეს უნებურად მოხდა, ფაქტია, რომ რომაელებმა არაფერი იღონეს, ვესტგოთების პრეტენზიები დაეკმაყოფილებინათ. უკმაყოფილო ვესტგოთები აჯანყდნენ და დაიძრნენ კონსტანტინოპოლისკენ, რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთი დედაქალაქი იყო.

როგორ აღმოჩნდა ქართველი ბაკური ვესტგოთების წინააღმდეგ ბრძოლაში

378 წელს ოსტგოთებს ქალაქ ადრიანოპოლის მისადგომებთან, დღევანდელ თურქეთში, ქალაქ ედირნესთან, იმპერატორმა ვალენტინიანემ ბრძოლა გაუმართა აჯანყებულებს, რომლებსაც მონები და კოლონისტები შეერთებოდნენ. ვესტგოთების ბანაკი ოთხთვალებით იყო გარშემორტყმული.

დაპირისპირება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. რომაელთა შეტევა უშედეგო აღმოჩნდა. სასტიკი მარცხი იწვნია რომმა - თითქმის მთლიანად განადგურდა არმია, დაიღუპა იმპერატორიც. ამ დამარცხებამ საგრძნობლად დაასუსტა რომის იმპერია.

|ქ საუკუნის ისტორიკოს ამიანუს მარცელინუსის ცნობით, ადრიანოპოლის ბრძოლაში რომაელთა არმიის ერთ-ერთი სარდალი ბაკურ იბერიელი იყო. ქართველთა მეფის შთამომავალს, ცნობილი ნეოპლატონიზმის წარმომადგენლის ლიბანიოსის გამორჩეულ მოსწავლეს, ბაკურ იბერიელს შემდგომაც ვხედავთ საბრძოლო ასპარეზზე, ამჯერად 394 წელს, ტირან ევგენიოსის წინააღმდეგ ბრძოლებში, სადაც დიდი სიმამაცე გამოუჩენია.

საგულისხმოა, რომ ქართული წყაროები არაფერს იუწყებიან ბაკურ იბერიელის შესახებ, მაშინ როცა რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები: გელასი კესარიელი, გიორგი ამარტოლი, ზოსიმე, ლიბანიოსი მიანიშნებენ მის ღირსებებსა და გამორჩეულობაზე.

ერთი სიტყვით, ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ქართველის გარეშე არ ჩაუვლია.

ყველაფერი კი დასრულდა იმით, რომ ახალმა იმპერატორმა 382 წელს ვესტგოთებთან ზავი დადო და მათ სამოქალაქო სამსახური შესთავაზა.

რა შედეგები მოიტანა ადრიანოპოლის ბრძოლამ

ადრიანოპოლის ბრძოლამ რომის იმპერია გატეხა, აღარ არსებობდა ძლევამოსილებით გამორჩეული რომაული ჯარი. მთლიანად მოიშალა რომის სამხედრო სტრუქტურა, რის შემდეგაც იმპერიის ინტერესებს უმთავრესად დაქირავებული მეომრები იცავდნენ, დაქირავებულები კი გერმანელები გახლდნენ, რომელნიც მხოლოდ დიდი გასამრჯელოს ფასად იყვნენ თანახმა, რომაულ ჯარში ემსახურათ და თავიანთ თანამოძმეებს დაპირისპირებოდნენ. საქმე ის იყო, რომ დაქირავებული გერმანელები სხვა გერმანელებისგან იცავდნენ რომს.

ადრიანოპოლთან რომაული არმიის მარცხმა იმოქმედა თავად იმპერიაში მცხოვრებთა განწყობაზე. შეიქმნა სულ სხვა რეალობა, რამაც ასახვა ჰპოვა საზოგადოებაზე. პოლიტიკურ ცხოვრებაში ბარბაროსული ელემენტი შეიჭრა, გერმანელთა გავლენა ამ თვალსაზრისით სულ უფრო ძლიერდებოდა, რამაც განსხვავებული რეალობა შექმნა რომში.

ადრე თუ რომაულ კულტურასთან ხდება ბარბაროსების ზიარება და ჩრდილოეთიდან ჩამოსული ტომების - კელტების, გოთების, გერმანელების რომანიზაციის პროცესიც ცალსახა გახლდათ, ახლა, ამ მარცხის შემდეგ, პირუკუ პროცესმა იჩინა თავი. ხდება ზნეობრივი პრინციპებისა და ფასეულობების გადაფასება, რამაც შედეგად გამოიღო რომაელეთა მასობრივი ბარბარიზაცია.

პრელუდია მარადიული ქალაქის დაცემისა

ამ მოვლენას კარგად აღწერს მეხუთე საუკუნის მქადაგებელი სალვიანე, რომელიც ცალსახად მიანიშნებს, რომ უსამართლობამ დაისადგურა რომში, რაც აიძულებს რომეალებს, თავშესაფარი მტერთან, ბარბაროსებთან ეძებონ. რომაელები მასობრივად გარბიან იმ ხალხთან, რომელთანაც არაფერი აქვთ საერთო, არც ენა ესმით, არც ცხოვრების წესი აერთიანებთ. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ისინი ბარბაროსებთან ადამიანურობას ეძებენ. ისინი გაურბოდნენ რომში გაბატონებულ არაადამიანურ დამოკიდებულებებს, იმ უზნეობასა და ახლად დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, რომელიც უცხო იყო ცივილური სამყაროსათვის.

სალვიანე ცალსახად მიანიშნებს, რომ რომაელებს აღარ შეეძლოთ მმართველი ფენის არაადამიანურობის ატანა, ამიტომაც რომაელი მოსახლეობის უმეტესობა გარბის გოთებთან და სხვა ბარბაროსებთან და ამას არც ნანობენ, რადგანაც სურთ, იყვნენ თავისუფალნი მონათა შორის, ვიდრე მონები თავისუფლებს შორის. რომაული მოქალაქეობა, რომელიც ოდესღაც ყველასთვის საპატიო და სანუკვარი ოცნება იყო, ახლა არათუ ფასობს, შიშსაც კი იწვევს.

სალვიანე იმასაც მიანიშნებს, რომ ისინი, ვინც რომში ადგილზე რჩებიან, არ არიან უკეთეს სიტუაციაში, რამდენადაც იძულებულები არიან, გადაიქცნენ ბარბაროსებად, როგორც ეს გალიასა და ესპანეთში მოხდა.

ამბავი უმადური ჰონორიუსისა და უაზროდ გაწირული ვანდალი სტილიქონისა

არ შეიძლებოდა ამ პროცესებს ადეკვატური შედეგები არ მოეტანა. ლოგიკური შედეგი იყო რომის იმპერიის ორად გაყოფაც. 395 წელს იმპერატორი გახლა მცირეწლოვანი ჰონორიუსი, რომელსაც მეურვედ დაუნიშნეს ერთგული და ნიჭიერი მხედრთმთავარი სტილიქონი. სტილიქონი წარმოშობით ვანდალთა გერმანული ტომიდან იყო, მაგრამ მოვლენებს ჯანსაღად აფასებდა და თავდაუზოგავად იბრძოდა ბარბაროსების წინააღმდეგ.

რომაელების გაღიზიანებას იწვევდა პოლიტიკურ ასპარეზზე ვანდალების გამოჩენა, ამიტომაც არ მოსწონდათ არც სტილიქონი, მიუხედავად მისი ცალსახად რომაული პოზიციისა და ერთგულებისა. სწორედ ამიტომ იმპერატორ ჰონორიუსს ჩააგონეს, თითქოს სტილიქონს სურდა იმპერატორობა. იმპერატორიც აჰყვა მოარულ ხმებს და სტილიქონი - მისი ურეთგულესი კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა.

ამბავი რომიდან გაქცეული ჰონორიუსისა

სტილიქონის სიკვდილით დასჯა გახდა რომში მასობრივი არეულობის დასაწყისი. რომაული იდეოლოგიის მანქანა აქ არ შეჩერდა. დაიწყო ბარბაროსთა მასობრივი რბევა, თუმცა ამ ბრძოლაში რომაელებმა ვერაფერი გააწყვეს, ვერ მოერივნენ ბარბაროსებს. ჰონორიუსს სხვა არა დარჩენოდა რა, თუ არა ის, რომ რომიდან გაქცეულიყო და თავი რავენასათვის შეეფარებინა. სწორედ რავენადან აკვირდებოდა ის მოვლენათა განვითარებას. ამ დროს კი რომს უდიდესი განსაცდელი ელოდა. მარადიულ ქალაქს ვესტგოთები მიადგნენ ალარიხის მეთაურობით.

ამბავი ალარიხის პირველად მოსვლისა

რომი ალარიხის ალყაში მოექცა. ალყა საკმაო ხანს გაგრძელდა, ბოლოს ვესტგოთები და რომელები მორიგდნენ. რომაელებმა დიდი გამოსასყიდი გადაიხადეს, რის საფასურადაც ალარიხმა ალყა მოხსნა. ბიზანტიელი ისტორიკოსი ზოსიმე საკმაოდ საინტერესო დეტალებს გვამცნობს, თუ როგორ ემზადებოდა ალარიხი რომის აღებისათვის.

რომის სენატმა ვესტგოთების ბელადთან ელჩები მიავლინა და ამცნო, ყველა რომაელი, ვისაც კი იარაღის აღება შეუძლია, მზად არის, ალარიხის წინააღმდეგ გამოვიდესო. ამაზე ალარიხმა ირონიულად მიუგო - ხშირი ბალახი უფრო იოლად ითიბება, ვიდრე მეჩხერიო. ამ პასუხის მოსმენის შემდეგ ელჩები შეეკითხნენ - რა შემთხვევაში მოხსნიდა ალარიხი რომს ალყას. ალარიხის პასუხი აქაც ცალსახა და პრინციპული იყო - არ მოვხსნი ალყას, ვიდრე არ მივიღებ სრულად იმ ოქრო-ვერცხლსა და ძვირფასეულობას, რომში რომ არის დახვავებულიო. ამას გარდა ითხოვდა, ჩაებარებინათ მისთვის ბარბაროსული წარმოშობის ყველა მონა...

ამის გამგონე ერთმა სენატორმა ჰკითხა ალარიხს - დანარჩენებს რაღას გვიტოვებო - პასუხი საკმაოდ ლაკონური და მრავლისმეტყველი იყო - სიცოცხლეს.

იმპერიის მმართველებმა ალარიხის ყველა მოთხოვნა შეასრულეს. ასე მოხსნა ვეტგოთების ბელადმა ალყა რომს, თუმცა, ორი წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა უკან...

ქრისტესშობიდან 410 წელი იდგა... ჟამი ალარიხის მეორედ მოსვლისა, ჟამი მარადიული ქალაქის დაცემისა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×