გიორგი ნოზაძე
რა არის გონიერი არსების (Homo Sapiens) - ადამიანის მოწოდება? სულიერ ასპექტში ესაა ფასეულობათა გარკვეული, კაცთმოყვარეობისა და სამყაროს წინაშე მოწიწების სულისკვეთებით გამსჭვალული, თავსებად მორალურ და სოციალურ პრინციპებზე აგებული სისტემის ჩამოყალიბება ან გათავისება აზროვნებისა და ჭვრეტის, განცდისა და მისწრაფების, გამოცხადებისა და ნათელხილვის საშუალებით.
ფასეულობათა ნებისმიერი ასეთი სისტემის საფუძველთა საფუძველია საკაცობრიო და მარადიული ფასეულობების რაიმე ერთობლიობა, რომელთა შორისაა ჭეშმარიტება, სამართლიანობა, თავისუფლება, თანასწორობა, სიყვარული, მშვენიერება.
ფიზიკურ ასპექტში კი ადამიანის მოწოდებაა ფასეულობათა ამგვარი სისტემის განხორციელება გარე სამყაროში: პირადი მოქმედება მათ შესაბამისად, მათი განვრცობა, დაცვა და დანერგვა საღი, ადეკვატური, ჰუმანური მიდგომებითა და ხერხებით. მიზნის მიღწევის საშუალებანი სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს ფასეულობათა აღიარებულ სისტემასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა არა ამ ფასეულობათა სისტემის მსახურება, არამედ მისი რღვევა და ფალსიფიცირება.
ეს მოწოდებანი - ადამიანის ღვთიური არსის გამოხატულებაა, რომლის გარეშეც იგი აღარ წარმოადგენს გონიერ (მოაზროვნე, შემოქმედ და ზნეობრივ) არსებას და მაღალგანვითარებული ცხოველის დონეს აღარ სცილდება.
ადამიანის ყველა სხვა მოღვაწეობა დამხმარე დანიშნულებისაა. მაგალითად, მან უნდა იზრუნოს პირად, ოჯახურ, ეროვნულ თუ სხვა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე იმისათვის და იმდენად, რათა აღასრულოს ეს მოწოდებანი. ასე რომ, ადამიანის თვითმიზნური ზრუნვა საკუთარ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე მისი უღმერთობის ანუ არსობრივი გადაგვარების პირველი და უტყუარი ნიშანია.
ზემოთ მოყვანილი მოსაზრებანი შეიძლება განივრცოს ადამიანთა ისეთ სოციალურ სისტემაზეც, როგორიცაა ერი. მართალია, ყოველ სისტემას გააჩნია საკუთარი თვისებრიობანი, რომლებიც არ ახასიათებდათ მის შემადგენელ ელემენტებს სისტემის შექმნამდე, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ასპექტში - ადამიანი ღმერთის პირისპირ - პრობლემა ანალოგიურად დგას: მაგალითად, რა არის ამა თუ იმ ერის მოწოდება? როგორი უნდა იყოს მისი ურთიერთობა ღმერთთან? როდის ჩაითვლება მისი ფუნქციონირება ჯანსაღად და როდის - გადაგვარებულად? რა არის ერის დეგრადაციის ნიშნები? რა უნდა იღონოს ერმა, რომ თავი დააღწიოს გადაგვარების მორევს და დაიბრუნოს სიჯანსაღე?
უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ერთი მხრივ, ღვთის წყალობა ადამიანზე (ერზე), როგორც უფლის უსათუო ზრუნვა შვილზე, რომელიც მას უპირობოდ უყვარს და სურს იყოს ჯანსაღი, და მეორე მხრივ, თვით ადამიანის (ერის) მცდელობა, რომ გააცნობიეროს და აღასრულოს მისი მოწოდება.
ამ კუთხით ადამიანის (ერის) გადაგვარების სამაგალითო შემთხვევაა მისი გაუცხოება უფლისგან და ასე მინდობა მხოლოდ უფლისმიერ სიყვარულსა და სიკეთეზე, მადლის გარდამოსვლის გაუთავებელი მოლოდინი და მოთხოვნა (რაც არსებითად უფლის მამობრივი გრძნობების ერთგვარი გამოცდა და შანტაჟია), იმის მაგივრად, რომ თვით ადამიანმა (ერმა) თავდავიწყებით ეძიოს, დაჟინებით მიაკვლიოს და გამუდმებით დაადასტუროს საკუთარი შვილობა.
ადამიანის (ერის) წინაშე ისმის კითხვები: ღმერთს კი უყვარხარ (განა რა გეშველებოდა უმისოდ), მაგრამ შენ თუ გიყვარს იგი? რაში მდგომარეობს თქვენი ურთიერთობა - ურთიერთობა ხომ ორმხრივი კავშირია და არა ცალმხრივი? თუ შენ გამუდმებით არ ან ვერ აღასრულებ შენს მოწოდებას (ანუ არ ადასტურებ შვილობას), მაშინ გადაგვარებისგან ხსნის რა გზა არსებობს? და ვისი შეწევნით?
ამ აზრით მამაშვილური ერთობის, სიყვარულსა და ერთგულებაში მოზიარეობისა და თანხვედრის მაგალითია უფლის მიერ ადამიანისთვის (ერისთვის) გამოგზავნილი განსაცდელის ღირსეულად მიღება და დაძლევა, რასაც შედეგად აუცილებლად მოჰყვება მისი გაჯანსაღება, რადგან განსაცდელიდან გამოსვლა ხდება მოწოდების აღსრულების საშუალებით, დაიძლევა გაუცხოება, განმტკიცდება ურთიერთობა და ხსნის შანსიც იზრდება მამის დახმარებით.
ამავე რიგის ურთიერთობაა ადამიანის (ერის) მიერ საკუთარი უღირსი (მოწოდებასთან შეუსაბამო) საქციელის გულწრფელი მონანიება და რაკი ეს მოქმედებაც სხვა არაფერია, თუ არა მოწოდების აღსრულება, მასაც იგივე შედეგი მოსდევს - ადამიანის (ერის) გაჯანსაღება.
სწორედ ამიტომ მივმართავ საკუთარ თავსა და საქართველოს მოქალაქეებს და საჯაროდ ვაღიარებ, რომ:
- ჩვენმა ერმა აირჩია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, მისი შენარჩუნებისა და განვითარების არასწორი გზა - ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, თანაც უზნეო და უძალო, რამაც მრავალი უბედურება მოგვიტანა;
- ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მოქალაქეობრივი განცდა. ჩვენ ვერც კი ვაყალიბებთ ჩვენს ინტერესებს და ვბრაზობთ, როცა სხვა ახორციელებს თავის ინტერესებს ძალით, ფულით ან ინტელექტით;
- ჩვენ გვსურს და ჭირვეული ბავშვივით მოვითხოვთ, რომ მთელი მსოფლიო უანგაროდ დაგვეხმაროს, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი ამბიციები, რომელთა ასრულების ძალა და მოთმინება ჩვენ თვითონ არ გვაქვს;
-ჩვენ გვაქვს "ძლიერი პატრონის" ინფანტილური მოთხოვნილება, ჩვენ ლამისაა მოძალადისა და მსხვერპლის სადო-მაზოხისტური კომპლექსი ჩამოგვიყალიბდა;
- ჩვენი მოსახლეობა მენტალურად ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, ხოლო ქვეყანა - არათუ დამოუკიდებელი არაა, არამედ სატელიტადაც არ ვარგა;
- ჩვენ არ გვსურს ვამხილოთ საკუთარი თავი იმაში, რომ მხოლოდ "ვითომ" ვმუშაობთ, "ვითომ" ვაკეთებთ, "ვითომ" ვქმნით და ამიტომ თითქმის აღარაფერი შემოგვრჩა ნაღდი; ყველაფერი ფიქტიურია და, მაშასადამე, ჩვენ ვდგავართ თვითგანადგურების გზაზე;
- უკვე დიდი ხანია ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს არსებობის შინაგანი საფუძვლები და არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ გარე ძალებს აწყობთ მისი არსებობა. ამ ნების რაიმე მიზეზით გაქრობისთანავე ჩვენი სახელმწიფოც გაქრება.
მე ვერ შევძელი ამისათვის ხელი შემეშალა. დამნაშავე ვარ, რომ სათანადოდ არ ვიაქტიურე. მე ვინანიებ. თქვენ?
- უკასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენს ხალხს ხან ერთი ავანტიურისტი თუ აფერისტი ვაი-პოლიტიკოსი გაირეკავს წინ ცხვრის ფარასავით და ხან - მეორე;
- ჩვენ თავს მოვიხვიეთ ქარიზმატული ლიდერის აუცილებლობის ცრუ თეზისი, ხოლო ჩვენ შორის გონიერნი და ღირსეულნი ჩვენ თვითონვე არ გავახარეთ;
- პროფანირებულია ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორებიცაა "დემოკრატია", "ლიბერალიზმი", "თავისუფლება", "პატრიოტი", "ეროვნული";
- ცინიკური დემაგოგია არის საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა ხალხთან ურთიერთობის ერთადერთი საყოველთაოდ მიღებული ფორმა;
- პოლიტიკური პარტიები ერთი სამუდამო ბელადის გარშემო შემოკრებილი "საძმოა" და თვითონ იძლევიან არადემოკრატიული მართვის მაგალითს;
- სახელმწიფო მუდმივად "ქანაობს" ფაშისტურ დიქტატურასა და სრულ ანარქიას შორის;
- ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ძირფესვიანად შესაცვლელია; პოლიტიკური ცხოვრება იმდენად მცდარ კალაპოტში მიედინება, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, ვინ არის მდინარის ერთ ნაპირზე და ვინ - მეორეზე.
მე ვერ შევძელი ამისათვის ხელი შემეშალა. დამნაშავე ვარ, რომ სათანადოდ არ ვიაქტიურე. მე ვინანიებ. თქვენ?
- ჩვენ ყველაფრის სანახაობად გადაქცევას ვახერხებთ; ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ჯამბაზობასა და ლაყბობაში თავდავიწყებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო მათ აყოლილი მოქალაქეები იაფფასიანი არტისტიზმით ებმებიან საერთო ფერხულში
- ქვეყანა წალეკა ფსევდოარჩევნებმა, ფსევდოკონკურსებმა, ფსევდოტენდერებმა და სხვა "საჩვენებელმა სპექტაკლებმა". არაჯანსაღი მოტივებით, ვიწრო პირადული, კლანური ან ინსტიტუციური ინტერესებით ხელმძღვანელობენ ასარჩევიც და ამომრჩეველიც, ორგანიზატორიც და დამკვირვებელიც, დამქირავებელიც და დაქირავებულიც;
- ქვეყანაში დარჩენილი წესიერი ადამიანები უკვე დიდი ხანია "შინაგან ემიგრაციაში" არიან წასული, ხოლო საზოგადოებრივი ასპარეზი დარჩათ მარგინალებს, რომლებიც მარჯვედ მანიპულირებენ ხალხის მასობრივი ცნობიერებით, ინსტინქტებითა და მდაბალი მოთხოვნილებებით;
- ჩვენ მიერ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული რეალობის აღქმა და მასზე რეაქციები სინამდვილის არაადეკვატურია;
- ჩვენი სახელმწიფო პრინციპულად ანტიხალხურია, ხალხი - არაკანონმორჩილი, ხოლო მოქალაქე - ასოციალური;
- ჩვენი მოსახლეობა ბუნებრივი საზოგადოებიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ კი არ პროგრესირებს, არამედ ეგზალტირებულ ბრბოდ დეგრადირებს;
- აღარ ჩანს ქვეყნის რაიმე ხანგრძლივვადიანი ჯანსაღი და ღირსეული პერსპექტივა. უწყვეტი "სახალხო შოუს" და ინდივიდუალური გადარჩენის რეჟიმში მცხოვრები ადამიანები ვეღარც კი აცნობიერებენ, რამდენად მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს მათთვის ასეთ ცხოვრებას.
მე ვერ შევძელი ამისათვის ხელი შემეშალა. დამნაშავე ვარ, რომ სათანადოდ არ ვიაქტიურე. მე ვინანიებ. თქვენ?
- გამუდმებული აფექტის მდგომარეობა, ფსიქოპათია, ისტერიული ან დეპრესიული ნევროზი არის თანამედროვე ქართველის დამკვიდრებული ემოციური სტატუსი;
- ჩვენ მოვირგეთ და შევიფერეთ "შერეკილების", "არ დაიდარდოს", "არასერიოზული კაცის" როლი და კვლავაც "გიჟ-ვრაცუად" ვევლინებით ერთმანეთსა და სამყაროს;
- ლუარსაბ თათქარიძე, კვაჭი კვაჭანტირაძე, ყვარყვარე თუთაბერი, ლეკო თათაშელი, არქიფო სეთური... ჩვენ აღარ გვინდა სარკეში ჩავიხედოთ, საკუთარ სიმახინჯეს თვალი გავუსწოროთ და სასწრაფოდ მკურნალობა დავიწყოთ. ჩვენ ნარცისიზმის ტყვეობაში ვართ და საკუთარ ნაკლოვანებებს ვეკეკლუცებით;
- ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ ათი მცნებით ან სხვა პრინციპებით; ბუნებრივია, ვერც ვერასდროს შევასრულებთ მათ;
- ჩვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაცილებულია, ქვეყანაში ფარისევლობა, უნდობლობა, უპასუხისმგებლობა და სიყალბე მეფობს;
- საქართველო წყვდიადშია როგორც ზნეობრივად, ასევე ინტელექტუალურად - ხალხი გაუნათლებელია და უმეცარი, ხელისუფლება - უსულგულო და არაკომპეტენტური.
მე ვერ შევძელი ამისათვის ხელი შემეშალა. დამნაშავე ვარ, რომ სათანადოდ არ ვიაქტიურე. მე ვინანიებ. თქვენ?
კარგის თქმაზე ამჯერად თავს შევიკავებ - თვითკმაყოფილების საბაბი არ მაქვს, რადგან ამჟამად ჩვენში კარგი იმდენად მცირეა, რომ ცუდის სადარი არ არის.
მოწოდებებისა და რეალობის ანალიზიდან კი გამომდინარეობს, რომ:
- უპირველეს ყოვლისა, ყველამ ერთად, ერის გადარჩენილი საგანმანათლებლო-ზნეობრივი ელიტის მეთაურობით, უნდა გავარკვიოთ რა გვინდა, რა ქვეყანას ვაშენებთ, ფასეულობათა რომელ სისტემას ვიზიარებთ და ვახორციელებთ ჩვენ. ფასეულობათა ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება მძიმე და ხანგრძლივი, მაგრამ სრულიად აუცილებელი შრომაა, რადგან უამისოდ ერი და ქვეყანა უფუნქციოა, უაზროდ დაბორიალობს გზააბნეული კრავივით;
- განათლების პრიორიტეტი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერთა ფუტურო დაპირებიდან ბოლოს და ბოლოს რეალურ საქმედ, ერის ცხოვრების საყოველთაო, უმთავრეს და სასიცოცხლო მოტივად უნდა გადავაქციოთ, რადგან უმეცარ ხალხს არც ფასეულობათა მნიშვნელობა ესმის, არც მისი დაცვისთვის თავგანწირვის აუცილებლობას აცნობიერებს და, საერთოდ, თეთრი და შავი ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან. ამ პირობებში საუბარიც ზედმეტია გადარჩენისა და განვითარებისთვის საჭირო კომპეტენციების დაუფლებაზე, მათი საშუალებით კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზურუნველყოფაზე და, რაც მთავარია, პიროვნული თუ ეროვნული მოწოდებების აღსრულებაზე. გაუნათლებლად ადამიანიც და ერიც ფუჭად გალევს ღვთისგან ბოძებულ არსებობის დროს და სასიცოცხლო ენერგიას;
- დაუყოვნებლივ უნდა შევქმნათ შერჩეული ფასეულობათა სისტემის დაცვისა და განვითარების, მისი ცხოვრებაში დამკვიდრების მექანიზმები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები, ხოლო არსებული გავაძლიეროთ. მოქალაქისა თუ მთლიანად ერის ყველა განზრახვა და მოქმედება, ბუნებრივია, მაქსიმალურად უნდა დაექვემდებაროს მისი პირადი და ეროვნული მოწოდების აღსრულების საქმეს, რადგან სწორედ ეს იქნება მისი თავისუფლება, მისი განუმეორებელი ღირებულების აღიარება და დაცვა;
- ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებისა და გათავისებისთვის, მისი მსახურებისთვის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გამოვიმუშაოთ ზომიერების გრძნობა, რეალობის ობიექტურად აღქმისა და შეფასების უნარი. ამ დროს არც გადაჭარბებული ემოციები ვარგა და არც უკიდურესობებში გადასული მოქმედებანი. სრულიად არაეფექტიანია (და ამდენადვე - მიუღებელი) როგორც უმწიფარი და გამოუცდელი ახალგაზრდების აღზევება და ნებსით თუ უნებლიეთ მავნებლობამდე მისული დაუოკებელი თარეში, ასევე ასაკოვანთა გაქვავებული კონსერვატიზმი და შუა თაობის ინერტულობა ქვეყნის ფუნქციონირების წარმართვასა და ხელმძღვანელობაში.
- უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმეში მხოლოდ პირადი ერთგულების პრინციპით ხელმძღვანელობა მაფიოზური, კლანური მენტალიტეტის გამოვლინებაა; იგი პიროვნული ღირსების დამამცირებელია როგორც ხელმძღვანელისთვის, ასევე ხელქვეითისთვის, მათი ურთიერთობის გაუკუღმართებისკენ მივყავართ და საქმისთვისაც საზიანოა. ორგანიზაციაში ხელქვეითი ხელმძღვანელის პირისფარეში არაა, იგი საქმის ერთგულებისა და პროფესიული ღირსებიდან გამომდინარე უნდა მუშაკობდეს, ხოლო ხელმძღვანელი თანამშრომელს მისი კომპეტენციისა და პროდუქტიული შრომისთვის უნდა აფასებდეს. უამისოდ კორუფციის მახრჩობელა ჭაობიდან ვერასდროს ამოვალთ. არც დაწესებულების მუშაობა იქნება ოდესმე ეფექტური, რადგან პირმოთნეობის გარემოში სასარგებლო შედეგების მოცულობა და ხარისხი კლებულობს და ეს დაწესებულება უეჭველად გადაგვარდება მისი ხელმძღვანელის პირად დუქნად ან პროვინციულ კანტორად. უკეთეს შემთხვევაში ხელთ შეგვრჩება არა საკუთარი დანიშნულების შესრულებაზე, არამედ მხოლოდ თავის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი;
- ყოველმა მოქალაქემ მისი პირადი თუ ეროვნული მოწოდების აღსასრულებლად საჭირო საქმე მართლა უნდა აკეთოს და არა უგულოდ, მოჩვენებითად, ზერელედ. ქვეყანაში შესაქმნელია ამგვარი მიდგომის წამახალისებელი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოწყობა. ამასთანვე, მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა საქმის შესრულებაზე, ხოლო საზოგადოებამ უნდა დააწესოს ამ პასუხისმგებლობის კონკრეტული ფორმები ყველა სახის უნებლიე თუ განზრახ გადაცდომის, დანაშაულისა და მავნებლობისთვის, განსაკუთრებით თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მიმართ. ამ ფორმებს შორის უნდა იყოს არა მარტო თავისუფლების შეზღუდვა, არამედ იძულებითი და ნებაყოფლობითი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, მიყენებული ზარალის უკანასკნელ თეთრამდე ანაზღაურება. ყოველმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო საერო სამართლის განხორციელებაში, მაგალითად ნაფიცი მსაჯულის როლში.
დაბოლოს, ცნობილია, რომ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი (ერი) გაფაციცებით უნდა აყურადებდეს უფლის სიტყვას, მუდმივად ამოწმებდეს საკუთარი ზრახვებისა და ქცევის ღვთისნიერობას, სათუთად ეპყრობოდეს ადამიანებს, ეთნოსებსა და კულტურებს, თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს მოყვასს. იქნებ სწორედ ამისთვისაა მოვლენილი ქვეყანა "საქართველო"? მაშ რად ვმოქმედებთ საპირისპიროდ (ანუ უღმერთოდ)? რად არ ვაფასებთ უფლის საჩუქარს - შემკულ და მდიდარ საარსებო გარემოს? რას ვიმსახურებთ ამისათვის მამისაგან?
მადლობა ღმერთს, რომ მისგან განმდგარი და გაუცხოებული ხალხი სულ არ მოგვიძულა და განსაცდელი გამოგვიგზავნა. აწი უძღები შვილივით რომ მოვიქცეთ, იმის შანსი მაინც ხომ გვაქვს ჯერ კიდევ და ეგებ ეს შანსი მაინც არ გავუშვათ ხელიდან!