ფეხით მოსიარულეთა ადგილი მანქანებმა და სავაჭრო ობიექტებმა დაიკავეს
მარიამ აფციაური
31.08.2016

ქალაქი ტროტუარების გარეშე - ასეთია თბილისელების მიერ აღწერილი დედაქალაქი. მათი თქმით, დღეს საფეხმავლო ბილიკისთვის განკუთვნილი ადგილი სხვადასხვა ობიექტებს (საცხობებს, სწრაფი კვების, სავაჭრო ობიექტებს) უკავიათ. ფეხით მოსიარულეებს  ალტერნატივად ტრასის გამოყენება უწევთ, გადაადგილება კი რისკის ფასად უჯდებათ. თბილისელებმა სხვა შემაფერხებელ ფაქტორებზეც  ისაუბრეს - ეს არის პარკირება, მიმდინარე მშენებლობები, გარევაჭრობა და ა.შ.

"იქ, სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, პარკირება აიკრძალოს, რათა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ", - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ერთი წლის წინ ქალაქის მთავრობამ.

თბილისელებს მიაჩნიათ, რომ ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა, ვითარებას ძირეულად ვერ შეცვლის. მათი თქმით, მცირე სიგანის მქონე ტროტუარების დიდი ნაწილი კერძო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ მითვისებული. ზოგიერთს კუთვნილი ფართი ტროტუარის ხარჯზე აქვს მომატებული.

რესპონდენტები "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ობიექტების მფლობელების მხრიდან გამოვლენილ თავნებობას საკმაოდ ხშირად აწყდებიან, რაშიც თბილისის მერიას ადანაშაულებენ.

"ტროტუარები ფეხით მოსიარულეებს აღარ გვეკუთვნის. აგერ საბურთალო აიღეთ. მაგალითად, იოსებიძეზე გაყოლებაზე ერთ მხარეს ფაქტობრივად ადგილი აღარ არის, სულ სავაჭრო ობიექტები, სალონები, საცხობებია წამოჭიმული. მერია, რომ მოვიდეს და გაათავისუფლოს ტროტუარი ამ კერძო ობიექტებისგან, ფეხით მოსიარულეები მადლიერები ვიქნებით", - ამბობს ნუკრი მირიანაშვილი.

წინა რესპონდენტის მსგავსად, ნინა ჭუმბურიძეც აღწერს, თუ რამდენად გართულებულია გადაადგილება ტროტუარებზე.

"საბურთალოზე ამ მხრივ მართლაც რთულად არის საქმე. უამრავი სავაჭრო ობიექტი, კომპანიაა, რომლის მფლობელებსაც მხოლოდ თავისი საქმე ანაღვლებს და მოქალაქეობრივი შეგნება არ გააჩნია. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გაიხსენეთ, თუ რა იყო ადრე და გაიარეთ და ნახავთ, რა არის ახლა. კატასტროფული ვითარებაა, აღარაფერს ვამბობ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, რომლემაც ტროტუარების გაკეთება ვეღარ გვაღირსეს. ან რატომ შედის ეს კომპანიის ვალდებულებაში არ მესმის",- აცხადებს ნინა ჭუმბურიძე.

თბილისელებს უკვირთ, რატომ გასცა თბილისის მერიამ თავის დროზე, თუნდაც სპორტის სასახლის მიმდებარედ, შუა ტრასაზე ჯიხურების ჩადგმაზე ნებართვა. რესპონდენტების თქმით, კვების ობიექტებს მიაქვთ ყველაფერი, ფაქტობრივად, ტროტუარი აღარ არსებობს.

"ფეხით გადაადგილება ჭირს, რა თქმა უნდა. ჯერ ავტომობილები არ გვყოფნიდა, ამას სავაჭრო ობიექტების, საცხობების მფლობელების თავნებობა ემატება. გაიარეთ ქალაქში, ძალიან ბევრი ზედ ტროტუარზეა წამოჭიმული. გარე მოვაჭრეებზე აღარაფერს ვამბობ. ვაგზალი, სამგორი, გლდანი, საბურთალო, რავიცი, ასეთ პრობლემებს თითქმის ყველა უბანში ვაწყდები.

დარღვეულია მოქალაქეების, ფეხით მოსიარულეების უფლებები. ჩვენი კომფორტი, უსაფრთხოება ვიღაცის ფინანსურ ინტერესებს ეწირება. ან როგორ შეიძლება ფართის ტროტუარზე გადმოწევა, ეს ხომ მისი საკუთრება არ არის. რას მიკეთებს თბილისის მერია, სძინავს? ეს უბედურება წლებია არსებობს, დღეს არ დაწყებულა, თუმცა იმედია, ნარმანია პარკირების მერე, ამ საქმესაც მიხედავს", - აღნიშნა გია ლობჟანიძემ.

წლებია გადაადგილების სირთულეზე ჩივის თბილისელი მეგი ცირეკიძესაც. რესპონდენტების მიერ ჩამოთვლილი პრობლემების ნუსხა მოკლე არ არის. "სავაჭრო ობიექტების მიერ მითვისებულ საფეხმავლო ბილიკს ემატება გარე მოვაჭრეების სიმრავლე, მშენებლობები, რომლებმაც ქალაქი სრულად პარალიზებული გახადეს".

"მართალია, ეს დროებითია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში წლები გრძელდება, აგერ შარტავაზე რაც თავი მახსოვს მიდის მშენებლბები და ვერ ეღირსა დასრულება. ასევე რთულია გადაადგილება პეკინის გამზირზე, მცირე მონაკვეთზე. არის გარკვეული მიღწევებიც ამ მხრივ, ლოტკინზე, დადიანის, სარაჯიშვილის, დინამოს სტადიონის, დიდუბის პანთეონის წინ, წერეთლის #71-73-ში ტროტუარები გააკეთეს, თუმცა გარკვეულ ადგილზე პრობლემა სრულად არ მოგვარებულა. აი თუნდაც დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას გადახედეთ. სავაჭრო ობიექტებს მიაქვს იქაურობა, ვერ გაივლი",- გვითხრა მეგი ცირეკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიამ ფეხით მოსიარულეებისთვის გარკვეული პირობების შესაქმნელად მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. გზის გათავისუფლების მიზნით, პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები გააუქმა. მაგალითად, ვაკე-საბურთალოს რაიონში ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი აიღეს.

პროცესი გრძელდება დღესაც. საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის თქმით, ამ ეტაპზე პარკირების ადგილები უქმდება ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ მიშველაძის ქუჩაზე (27 პარკინგი),  ჩოლოყაშვილის გამზირზე გაუქმდება 16 ადგილი, ასევე საპარკინგე ადგილები გაქრება ნუცუბიძის, პეკინისა და ყაზბეგის, ცოტნე დადიანის ქუჩებზე.

"პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა პარკირების გაუქმების პარალელურად მოხდეს "შეჭრების" გაკეთება.  პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მრავალდონიანი ავტოსადგურის მშენებლობაზე. არ გვინდა საკითხები ხისტად, ერთი ხელის მოსმით გადავწყვიტოთ, თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანი არის ტროტუარების მთლიანი განთავისუფლება ავტომობილების პარკირებებისგან", - აცხადებს მამუკა მუმლაძე.

ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ადგილის ავტომობილების პარკირებისგან გათავისუფლების გარდა, არსებობს ტროტუარების არარსებობის პრობლემაც. ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის მიერ არის მითვისებული. ნაწილი კი სამშენებლო კომპანიების უთავბოლობას ეწირება.

მერიაში მშენებლობით გამოწვეული პრობლემები, "რეზონანსთან" იმით ახსნეს, რომ ასეთ შემთხვევაში ტროტუარების გაკეთება კომპანიის პრეროგატივაა.

"თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ტროტუარების მოწყობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მათი გაკეთება მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო კომპანიის პრეროგატივაში შედის. ყველა ახლად გაცემული სამშენებლო ნებართვის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება აღნიშნული მოთხოვნა და მოეწყობა ტროტუარები".

მშენებლობების ნაწილს ბოლო არ უჩანს, თბილისელების უკმაყოფილება კი პიკს აღწევს. საზოგადოების ნაწილი მერიის მხრიდან მეტ გააქტიურებას, კერძო სექტორის  მონიტორინგს და გარკვეული საკანონმდებლო გადაცდენების აღმოჩენის შემთხვევაში მათ დაჯარიმებას ითხოვს.

რას ფიქრობს ხალხი

მირიან ცინცაძე, 29 წლის: "ლისზე, კუს ტბაზე ხშირად ავდივარ ხოლმე. ტროტუარი გზაზე არ არის. ასე რომ, ფეხით ასვლა სახიფათოა. მე ყოველთვის მანქანით გადავაადგილდები. ტურიზმის განვითარებაზე საუბრობენ ბოლო დროს აქტიურად და ფეხით მოსიარულეებს, რომ ბილიკი სჭირდებათ ეგ არ იციან. გარდა ამისა პრობლემაა ის, რომ ტროტუარები მითვისებული აქვთ მაქანენებს, სავაჭრო ობიექტებს, საოფისე ფართებს, რაც გამაღიზიანებელია".

ნინა ლომსაძე, 37 წლის: "იმის მაგივრად, რომ პატარა ბილიკებს აკეთებდნენ ფეხით მოსიარულეებისთვის, აქეთ აუქმებენ, ფართის ნახევარს იკავებენ. გაიარეთ ცენტრალურ უბნებში და დააკვირდით. სავაჭრო ობიექტები ტროტუარებზე არის წამოჭიმული. ზოგიერთი შუაგულშია, ნაწილი გადმოწეულია და ფეხით გადაადგილებას ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის".

ეთერ პაატაშვილი, 40 წლის: "შარტავაზე, მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, სწორედ ამ მიზეზით, ტროტუარი არ გვაქვს. არც ავტომობილის დასაყენებელი ადგილია. მოქალაქეები მანქანას გზაზე აყენებენ, ფეხით მოსიარულეები კი გაჩერებული მანქანების გვერდის ავლით რისკის ფასად დავდივართ".

თამაზ ბაჯაძე, 33 წლის: "რთულია გადაადგილება ონიაშვილზე, იქაც მიმდინარეობს მშენებლობები, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. მოძრაობაც არ არის ისეთი გადატვირთული, როგორც შარტავაზე და ტრასაზე ფეხით სიარული სარისკო იმდენად არ ხდება. მერიის გვერდით, გოთუასკენ მიმავალ გზაზეც ვერ ნახავთ ტროტუარს. ნარმანია ხედავს პრობლემას, თუმცა თვალს იბრმავებს".

ელდარ გაგნიძე, 47 წლის: "ასეთი უყურადღებობა არ მესმის. წლებია სავაჭრო ობიექტები მებლანდება ფეხებში. რატომ უნდა გაიცეს ნებართვა რაიმეს გადმოწევაზე, ან ჩადგმაზე, როცა საქმე უბრალოდ ცარიელ ადგილს კი არა, ტროტუარს ეხება. მერე იძახიან რატომ გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევებიო, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. ყველა პროლემის თავი და თავი უწესრიგობაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×