ალბათ გსმენიათ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება მრავალ პრობლემას უქმნის ორგანიზმს, მათ შორის თვალს, თანაც სხივებისგან არც ღრუბლიან ამინდში ვართ დაზღვეულნი. ულტრაიისფერი სხივები უხილავია, მაგრამ მავნებელი. 
ოფთალმოლოგების აზრით, მზის სათვალის ტარება განსაკუთრებით რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ულტრაიისფერი სხივები გაძლიერებულია. ექიმ-ოფთალმოლოგების თქმით, თუ თვალი დაზიანებული და გაღიზიანებული არ არის, მაშინ მზის სათვალის ტარება აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მზისგან დამცავი სათვალეები სამნაირია: კოსმეტიკური, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების 70%-ს შთანთქავს; ზოგადი დანიშნულების, რომელიც ულტრაიისფერი სხივების 95%-ს შთანთქავს, სპეციალური, ულტრაიისფერი სხივების 99%-ის შთანთქმის უნარით.
ბავშვებისთვის რეკომენდებულია სათვალე, რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას 99-100%-ით შთანთქავს.
განასხვავებენ ულტრაიისფერი სხივების 3 სახეობას: 1. სხივებს კანი და ბროლი შთანთქავს. მათი დამსახურებაა ნამზეური და "დ" ვიტამინი. 2. სხივები თვალის რქოვანაზე ზემოქმედებისას მის დაზიანებას იწვევს. 3. სხივები ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.
ოფთალმოლოგების თქმით, მზის სათვალესთან მიმართებაში რჩევა - რაც მეტი, მით უკეთესი, უსაფუძვლოა. სასურველია, სათვალეს იყოს სტანდარტებს მორგებული და ჰქონდეს ფართო რკალები, რომ თვალებს გვერდებიდანაც ფარავდეს.
სპეციალისტების თქმით, დიდი სათვალის საშუალებით არამარტო მთლიანად დაიცავთ თვალებს ზემოდან და ქვემოდან, არამედ გადაარჩენთ თვალის ირგვლივ "ბატის თათების" ნაოჭების გაჩენისგან, რომელიც, როგორც ცნობილია, თვალების მოჭუტვის შედეგია.
პატარა სათვალე, რომელიც მთლიანად არ ფარავს თვალს - უსარგებლოა. თუნდაც იგი სხივებს ძლიერ ირეკლავდეს. თუ სინათლე გხვდებათ თვალებში, არანაირ ძლიერ დაცვას აზრი არ აქვს.
არის თუ არა საჭირო მზის სათვალე, ოფთალმოლოგი ლიკა გურგენიძე "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ მზის სათვალის ტარება ოფთალმოლოგების მიერ რეკომენდებულია, თუმცა მისი გამოყენება სავალდებულო არ არის.
გურგენიძის თქმით, მზის სათვალეს კონტაქტური ლინზები ვერ ჩაანაცვლებს, რადგან მას აბსოლუტურად სხვა დანიშნულება აქვს.
"მზის სათვალეები აუცილებელია, მაგრამ თუ თვალზე რამე სახის დარღვევა არ არსებობს, მისი ტარება სავალდებულო არ არის. მზის სათვალე გაზაფხულზე და ზაფხულში მაშინ, როდესაც მზის სხივები და რადიაცია მომატებულია, თვალის გარეთა გარსს, ანუ ოპტიკურ შრეებს დაზიანებისაგან იცავს.
"მზის სათვალე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ თვალი სხვადასხვა დაავადებისგან დავიცვათ. მისმა არ გაკეთებამ შესაძლოა გამოიწვიოს: თვალების ოპტიკური შრეების, ანუ რქოვანას, სკლერას დაზიანებები, რაც აქვეითებს გამჭვირვალობას და შესაბამისად მხედველობას. მზის სათვალე თვალის ჩინის შენარჩუნებაში გვეხმარება.
"მზის სათვალეს ულტრაიისფერი სხივების შეკავება აუცილებლად უნდა შეეძლოს. მისი გამოყენება რეკომენდებულია ოფთალმოლოგების მიერ, მაგრამ სავალდებულო ნამდვილად არ არის.
"მზის სათვალეს კონტაქტური ლინზები ვერ ჩაანაცვლებს, რადგან მას აბსოლუტურად სხვა დანიშნულება აქვს - ის გამოიყენება, როგორც კოსმეტიკური საშუალება (თვალის ფერის შეცვლის თვალსაზრისით), ან ოპტიკური დანიშნულებით, როდესაც ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს.
"სათვალის ფერს რაც შეეხება, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს," - განუცხადა რეზონანსს გურგენიძემ.
გურგენიძემ ბავშვებში მზის სათვალის ტარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებსა და უფროსებს შორის ამ საკითხში განსხვავება არ არის.
"ბავშვებში მზის სათვალეებს მაშინ ვნიშნავთ, როდესაც მათ გაზაფხულის კატარი აქვთ. თუ ბავშვს მზის სათვალე არ სჭირდება და მაინც იკეთებს, ეს უკვე მისი ნებაა. თუ ბავშვს მზის სხივებზე მომატებული მგრძნობელობა აქვს და ამით თვალი ზიანდება, მაშინ მზის სათვალე დაიცავს და მისი ტარება აუცილებელია, ჩვენ ამას ვნიშნავთ", - აღნიშნა ოფთალმოლოგმა.
ოფთალმოლოგი თამარ ცაბაძე მიიჩნევს, რომ მზის სათვალის გამოყენება აუცილებელია, რადგან იგი მზის სხივებისგან თვალს კარგად იცავს.
"მზის სათვალის გამოყენება აუცილებელია, რადგან იგი ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს თვალს, კონკრეტულად კი რქოვანას. მუქი ფერის მინა მისაღებია, რადგან იგი თვალს ამშვიდებს.
"შესაძლოა, ასაკთან ერთად მზის სხივებისგან ჯანმრთელ თვალსაც შეექმნას პრობლემა, თუმცა ესეც ინდივიდუალურია და აუცილებლად არ ხდება. ადამიანს თვალზე პრობლემა რომც არ ჰქონდეს და ჯანმრთელი იყოს, მზის სათვალის ტარება მაინც რეკომენდებულია", - განუცხადა "რეზონანსს" ოფთალმოლოგმა.
როგორ შევარჩიოთ სწორად მზის სათვალე
ოფთალმოლოგების თქმით, მზის სათვალეს ხარისხიანი ლინზები უნდა ჰქონდეს, რომლებიც რეალურად დაგიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუქი სათვალით "მოტყუებული" გუგა არ ვიწროვდება სინათლეზე და თვალი გამოსხივების სრულ დოზას ღებულობს, ამას კი შესაძლოა ბადურას დამწვრობა, სიბრმავე და სხვა უსიამოვნებები მოჰყვეს.
ნუ ატარებთ მცირე ზომის სათვალეს, რადგან ის თვალებს მთლიანად არ ფარავს. მინის ლინზებსა და პლასტიკურ ლინზებს შორის გამუქების ხარისხსა და ლინზის ფერს შორის კეთდება არჩევანი.
ჩვენს დროში დიდი გავრცელება ჰპოვა პლასტიკურმა ლინზებმა. ზოგიერთების აზრით, პლასტიკური ლინზები თვალებისთვის მავნეა.
პლასტიკური ლინზები ოპტიკური მაჩვენებლების მიხედვით თითქმის არ განსხვავდება მინისგან, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით სჯობნის კიდეც მას. ისინი მინაზე მსუბუქია. ამიტომ მათი ტარებისას ცხვირზე დამახასიათებელი ნაჭდევი არ რჩება, ისინი დარტყმისას არ ტყდება და ადვილად იღებება.
მაგრამ პლასტიკურ ლინზებს აქვთ უარყოფითი თვისებებიც. სიმსუბუქის გამო ლინზის ზედაპირზე ადვილად ჩნდება ნაკაწრები. თუ ნაკაწრები მცირე ზომისა და ზედაპირულია, ისინი, როგორც წესი, მხედველობას არ აზიანებს. ოფთალმოლოგების თქმით, რჩევა - რაც მეტი, მით უკეთესი, უსაფუძვლოა. უმჯობესია არჩევანი ხარისხიან სათვალეზე შეაჩეროთ.
მხედველობასთან დაკავშირებული რჩევები
სტატიის ბოლოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის მიერ შეჯამებულ მონაცემებს გთავაზობთ, იმის შესახებ თუ როდის და რა სიხშირით უნდა შემოწმდეს მხედველობა.
ოფთალმოლოგების რჩევით, მხედველობის სიმახვილის შემოწმება უნდა ხდებოდეს რეგულარულად, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მხედველობის პრობლემები. ოფთალმოლოგები ასაკიდან გამომდინარე, მხედველობის შემოწმებას შემდეგი პერიოდულობით გირჩევენ: - 6 თვის ასაკში - 3 წლის ასაკში - სკოლამდე - ყოველ წელს სკოლის პერიოდში - ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 19-დან 64 წლამდე - 65 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ.