ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ქრისტეშობამდე V ს-ის დროინდელი ბერძენ-სპარსელთა ომებია. აქემენიდთა უძლეველი ხელისუფლების დაპირისპირება პატარა ათენთან ფაქტობრივად ორი განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური რეჟიმის პაექრობა გახლდათ - დემოკრატია ულმობელი ტირანიის წინაშე აღმოჩნდა.
არავინ უწყის, როგორ წარიმართებოდა კაცობრიობის შემდგომი ისტორია ამ დაპირისპირებისას აქემენიდებს რომ ემარჯვათ. ამ შერკინებაში დემოკრატია გადარჩა, რამაც გამორჩეული სასიცოცხლო იმპულსები შესძინა დამოუკიდებელი აზრის განვითარებას.
სწორედ ასეთი მნიშვნელობის გამო არ ცხრება დღემდე ინტერესი ბერძენ-სპარსელთა ომებისადმი.
როგორ იქცა ცხენოსანთა რაზმები აქემენიდების სამხედრო წარმატებების გარანტად
549 წელს ქრისტეშობამდე კიროს დიდმა გააერთიანა ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები. კიროსი მთიდან ჩამოდის თავის არმიასთან ერთად. არმია შედგებოდა როგორც ქვეითებისგან, ასევე ცხენოსანთა რაზმებისგან. კიროს II-მ გააცნობიერა პირველად, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო წარმატებისთვის ცხენოსანთა რაზმებს. ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მას.
სწორედ ამ ნოვაციამ მოუტანა აქემენიდებს სამხედრო დიდება. აქემენიდთა უზარმაზარი ლაშქრის 80% ქვეითი მოლაშქრეევბისაგან შედგებოდა, 20% კი ცხენოსანთა რაზმებისგან. ასეთი თანაფარდობა აქემენიდების ლაშქარის უძლეველობის მთავარი გარანტი იყო.
მაშინ, როცა ქვეითი მოლაშქრეები მეტოქის ცენტრზე ახდენდნენ იერიშს, ცხენოსანთა რაზმები ფლანგებიდან უვლიდნენ მოწინააღმდეგეს და ადვილად ამარცხებენ მათ. შემდგომში ეს მეთოდი უფრო დახვეწა და განავითარა ალექსანდრე მაკედონელმა.
აქემენიდთა ტირანიის თავისებურებანი
20 წლის განმავლობაში კიროსმა აზიის ოთხი უძლიერესი სახელმწიფო დაიმორჩილა - მიდია, ლიდია, ლიკია და ბაბილონი. ახლა კიროსის გამგებლობაშია იმპერია, რომელიც გადაჭიმულია ინდოეთიდან ეგვიპტემდე.
აქემენიდების სახელმწიფო ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. ის დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი დომინანტი იყო ამ რეგიონისა.
კიროსი იმის ნაცვლად, რომ დაპყრობილი ხალხები აიძულოს მიიღონ აქემენიდთა ცეცხლთაყვანისმცემლობა, ნებას რთავს არაირანელ მოსახლეობას საკუთარი სარწმუნოება და ადათ-ჩვევები შეინარჩუნონ.
მთავარი იყო დაპყრობილ მოსახლეობას გადაეხადა გადასახადი ცენტრალური ხელისუფლებისათვის, სწორედ ამის სანაცვლოდ იღებდნენ ისინი სრულ რელიგიურ და ავტონომიურ თავისუფლებას. ამიტომაც აქემენიდების სახელმწიფოს არ გააჩნდა არც ერთიანი რელიგია და არც ერთიანი სამოქალაქო კანონმდებლობა.
დაპყრობილი ხალხებისადმი ასეთი ლმობიერი დამოკიდებულება მანამდე უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ, ბევრი დაპყრობილი ხალხი კიროსში არა დამპყრობელს, არამედ განმათავისუფლებელს ხედავს.
ბერძნული სამყარო აქემენიდების შემოსევის წინ
ბერძნული სამყარო, რომელიც აქემენიდების სპარსეთის მთავარი მეტოქე აღმოჩნდა, დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებისაგან შედგებოდა. აქ გეორაფიული პირობების, ადათ-წესებისა და ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით VII-VI ს-ში ორი სხვადასხვა მმართველობის ტიპი ჩამოყალიბდა - ათენური დემოკრატია და სპარტული ოლიგარქია.
ათენი საზღვაო სახელმწიფო გახლდათ და საკმაოდ ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებულ ბერძნულ კოლონიებთან. ეს ათენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რამდენადაც სწორედ აქედან მარაგდებოდა ათენი პურით.
რაც შეეხება სპარტას, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სულ სხვა რეალობა ჩამოყალიბდა. სპარტა სამი მხრივ მთებით იყო შემოსაზღვრული და მისი მცხოვრებნი უმთავრესად მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას მისდევდნენ. ამდენად მათი ინტერესებიც შესაბამისად განსხვავებული გახლდათ.
ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, იყო შემთხვევები, როცა საერთო ინტერესებიც ჰქონდათ და ამ ინტერესების შესაბამისად ერთად გამოდიოდნენ.
როგორ გადაიკვეთა აქემენიდთა და ბერძენთა ინტერესები
ქრისტეშობამდე 546 წელს კიროსი იმორჩილებს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ბერძნულ კოლონიებს იონიის პროვინცნაში. კიროსი ჩვეულებისამებრ უნარჩუნებს მათ თვითმმართველობას, ნახევარი საუკუნის შემდეგ კი 499 წელს ჩვენს ერამდე ბერძნული კოლონიები აჯანყდნენ.
სპარსელები გონივრულად იქცევიან, აჯანყება არ ხდება იმის საბაბი, რომ ადგილობრივ მმართველებს დამოუკიდებლობა შეუზღუდონ, მაგრამ აქემენიდებისადმი ბერძენთა ზიზღს ვერაფერს უხერხებენ.
სანამ იონელთა აჯანყება დაიწყება, მანამდეც აშკარაა, რომ ბერძენ-სპარსელთა დაპირისპირება გარდაუვალია. ეს ფაქტორი მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აქემენიდებს ინტერესი გაუჩნდათ ხმელთაშუა ზღვაზე ჰქონოდათ გასასვლელი. ეს სტრატეგიული გეგმა ნიშნავდა იმას, რომ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ინტერესები აქემენიდების ინტერესებთან იკვეთება.
საბერძნეთისთვისაც ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ აქემენიდების მზარდი პოლიტიკური ამბიციები ადრე თუ გვიან თავად აპენინის ნახევარკუნძულსაც მისწვდებოდა, ამიტომაც არც მათთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი მოვლენათა ასეთი განვითარება.
აი, ამ პოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ფონზე ხდება ძვ.წ-აღ-ის 499 წელს მილეთის მეთაურობით ბერძნული ქალაქების აჯანყება.
ათენის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა
ახლა აქემენიდების ტახტზე დარიოსია, თავიდან დარიოსი ადგილობრივ ხელისუფლებას სთავაზობს თავად ჩაახშონ აჯანყება, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, აჯანყებულები დახმარების მოლოდინში არიან.
როდესაც იონიელები აჯანყდნენ, მათ დახმარება ათენს სთხოვეს. შესაძლოა ათენმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - მათ შეიარაღებული რაზმი გაგზავნეს აჯანყებული იონელების დასახმარებლად. ათენელებს გარდა მილეტელებს სოლიდარობა გამოუცხადეს ქალაქ ერეტრიის მცხოვრებლებმაც.
სწორედ ათენელების დახმარებით მოახერხეს იონიელებმა დედაქალაქ სარდის გადაწვა, ეს ამბები ჰეროდოტეს დეტალურად აქვს აღწერილი თავის ისტორიაში. ცეცხლი შენობიდან შენობაზე გადადიოდა, ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვა. ქალაქი სარდეც ფერფლად იქცა. ქალღმერ კიბელას მონასტერი, რომელიც საყოველთაო პატივისცემის საგანი იყო, ნანგრევებში მოქცეულიყო.
როდესაც ეს სისასტიკე ნახეს სპარსელებმა, გადაწყვიტეს საპასუხოდ ბერძნული ტაძრების დაწვა. ეს არ იყო აქემენიდებისთვის ჩვეული სტილი. თუმცა, ამ განწყობებმა კარგად მიანიშნა რაოდენ შეურიგებელნი იქნებოდნენ ისინი საკუთარი პოზიციების დაცვისას.
დარიოს I-მა სასტიკად ჩაახშო აჯანყება, ამას საკმაოდ დიდი ძალისმევა დასჭირდა. ამ რეალობამ აქემენიდები კიდევ უფრო თვალნათლივ დააყენა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ მშვიდი ცხოვრებისათვის მთელი საბერძნეთის დაპყობაზე უნდა ეზრუნათ.
იონიელთა აჯანყება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბერძნულ-სპარსულ ურთიერობებში. ამ აჯანყებამ ფაქტობრივად განსაზღვრა ბერძენთა და აქემენიდთა ისტორია მომდევნო 80 წლის განმავლობაში, დაპირისპირება საბოლოო ჯამში ამ ორ სახელმწიფოს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდა.
"მბრძანებელო, გახსოვდეს ათენელები"
ასე დადგა მთელი ბერძნული სამყარო სპარსეთის აგრესიის პირისპირ. ათენმა დაძინებული გოლიათი გააღვიძა. დარიოსმა ბერძენათვის სამაგიეროს გადახდათ განიზრახა. იონიელთა აჯანყებამ მისი თავმოყვარეობა აშკარად შელახა.
საგულისხმოა ერთი დეტალი - დარიოსმა თავის მონას უბრძანა, როცა სუფრას მიუჯდებოდა, ეთქვა მისთვის ერთი ფრაზა - "მბრძანებელო, გახსოვდეს ათენელები".
ამ ფრაზას ისმენდა დარიოსი წლების განმავლობაში. ასე იმუხტებოდა ის შურისძიების სურვილით. დარიოსმა დაიფიცა, რომ ბერძნებს სამაგიეროს გადაუხდიდა და საგანგებოდ ემზადებოდა ამისთვის.
490 წელს ქრისტეშობამდე დარიოსი ეგეოსის ზღვაზე აგზავნის 30-ათასიან არმიას ათენელების გასანადგურებლად. ეს სწორედ ათი წლის წინ იონიელების დასახმარებლად ათენელთა გაგზავნილი ჯარის საპასუხო ქმედება იყო. ყველაფერი კი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი გრანდიოზული ბრძოლით დაგვირგვინდება. მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა - წინ მარათონის ბრძოლაა.
მარათონის ბრძოლის წინ
ძვ. წ-აღ-ით 490 წელს სპარსელებმა გადაკვეთეს ეგეოსის ზღვა, ატიკას სანაპიროზე გადავიდნენ და მარათონის ველზე დაბანაკდნენ. ამ ურთულეს მდგომარეობაში ათენმა დასახმარებლად სპარტას მიმართა, მაგრამ სპარტა ათენს არ დაეხმარა.
მარათონი ათენიდან 42 კილომეტრით იყო დაშორებული. სასწრაფოდ შეკრიბეს ათენელებმა რვაათასიანი ჯარი. მართალია სპარტამ უარი განუცხადა ათენელებს დახმარებაზე, მაგრამ პლატეამ განსხვავებული პოზიცია დაიჭირა და ათასი მეომარი გამოაგზავნა.
როდესაც მარათონის ველის ახლოს მიაღწიეს ბერძნებმა და ბორცვებიდან, მაღლიდან გადახედეს გარემოს, შემზარავი სურათი გადაეშალათ - ველზე გამაგრებულიყვნენ სპარსელები, უკან კი სანაპიროზე მოჩანდა ზღვიდან ამოტანილი უამრავი ხომალდი.
ასეთ დროს პირველ რიგში საჭირო იყო ბერძნებს ათენისაკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ. ერთი კვირის განმავლობაში მდგარან მოწინააღმდეგეები პირისპირ, ბოლოს კი ათენელთა ჯარი ფალანგებად დაეწყო და ძვ. წ-აღ-ით 490 წლის 12 სექტემბერს მარათონის ველზე დაეშვა.
ქრისტეშობამდე 490 წლის 12 სექტემბერს განგება მსოფლიო ისტორიას ერთ-ერთ პირველი სასწაულს უმზადებს. უმზადებს მარათონს, სადაც აქემენიდებს აშკარა რიცხობრივი უპირატესობა აქვთ. ამ ფონზე ბერძნების გამარჯვებას თავგადაკლული ოპტიმისტიც კი რთულად იწინასწარმეტყველებდა.
და მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა... პატრიოტულმა განწყობამ იმპერიულ ამბიციებს აჯობა. ასე გადარჩება ათენური დემოკრატია განადგურებისგან, თუმცა, მანამდე მარათონის ბრძოლის უაღრესად საინტერესო საბრძოლო ბატალიებია, ფეიდიპიდესის 42 კილომეტრიანი გარბენით რომ მთავრდება ტრიუმფალურად...