პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ჩაბარების მსურველთა 80% ჩაიჭრა. 2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662.
საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა. გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3 464 დაძლია, რაც საერთო ჯამში, დაახლოებით, 20%-ია.
როგორც "რეზონანსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან რამდენია მოქმედი, ხოლო რამდენი მასწავლებლობის მსურველი, მათ ამის შესახებ სტატისტიკა არ აქვთ.
ყველაზე ცუდი შედეგი დაწყებითი (|-|ქ) კლასების პედაგოგებს ჰქონდათ. გამოცდების ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემებით 3 024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 31-მა შეძლო.
მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წლიდან ყოველწლიურად მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემა ემსახურება მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და მათი კვალიფიკაციის დადასტურებას სხვადასხვა შეფასების გზით, ისევე როგორც მასწავლებლების პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ცოდნის შემოწმებას.
ეროვნული სასერტიფიკაციაო გამოცდის წარმატებით ჩაბარება-გადაბარება საჯარო სკოლამ შეიძლება გამოიყენოს როგორც ობიექტური საფუძველი მასწავლებლის კარიერული დაწინაურებისა და მისი ანაზღაურების ზრდისთვის. პედაგოგს გამოცდის წარმატებით ჩაბარება მხოლოდ ერთხელ მოეთხოვება.
"ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, არ არის კარგი გამოცდა," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამოცდის შედეგების შეფასებისას განაცხადა. მინისტრის მოსაზრებით, აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია.
შედეგებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის გამოცდის ე.წ. სტატისტიკური მონაცემები ვერ იქნება ის ინფორმაცია, რომლითაც პედაგოგებზე, მათ პროფესიონალიზმზე თუ კვალიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ.
მონაცემების არასწორი თუ სუბიექტური ინტერპრეტირებით ნუ მივაყენებთ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მასწავლებლებს," - წერს სოციალურ ქსელში მიმინოშვილი.
როგორც ცნობილია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება.
განათლების სამინისტრო პედაგოგებს პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას სთავაზობს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ცვლილებები გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ახალი კომპონენტების დამატებას. პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა, საგნის გარდა, კომპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს. მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ. სამინისტრო მიიჩნევს, რომ გადატვირთული პროგრამები მასწავლებლებისთვის არამიზანშეწონილია," - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
განათლების მკვლევარი, მინისტრის ყოფილი მოადგილე სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას მეტი ყურადრება უნდა ეთმობოდეს. ჯანაშიას აზრით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები ყოველწლიურად გაუარესდება.
"ის, რომ პედაგოგების დიდმა ნაწილმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელსაც წლების განმავლობაში მასწავლებლის განათლებასთან და არაკვალიფიციური კადრების შენარჩუნებასთან დაკავშირებით იღებდნენ.
"პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ასეთი პროცენტული მაჩვენებლის მიზეზი არის ის, რომ გარკვეულმა რაოდენობამ უკვე ჩააბარა გამოცდები და ახლა ის პირები დარჩნენ, ვინც ვერ აბარებდა. აქედან გამომდინარე, მომავალში შედეგები უფრო გაუარესდება. მრავალი წლის განმავლობაში ცოდნის განახლება არ ხდება.
"ჩვენ გვაყვს უფრო მეტი მასწავლებელი, ვიდრე ეს სისტემას სჭირდება. მცოდნე და განათლებული ადამიანები სისტემაში ვერ შემოდიან. შედეგები უკვე საკმაოდ სამწუხაროა.
"რაც შეეხება დაწყებითების მასწავლებლებლების ასეთ შედეგს, ვთვლი, რომ მათი მომზადება სრულიად არასათანადოდ ხდება.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ შვილებს როგორი მასწავლებლები ასწავლიან და მათ რა კომპეტენცია აქვთ," - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
მათემატიკის პედაგოგ ნინო ახვლედიანის (სახელი და გვარი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია) აზრით, საგანში სირთულეები იყო, თუმცა პედაგოგს მიაჩნია, რომ ტესტიდან რამდენიმე სავარჯიშოს ამოღება და სამუშაო დროის უცვლელად დატოვება მის შედეგზე დადებითად აისახა.
"მათემატიკის საგნის ტესტის სტრუქტურამ ცვლილება განიცადა. ტესტს ორი დავალება მოაკლდა (არჩევითი პასუხით და ერთი წერითი, ღია). წერის დრო 5 საათი უცვლელი დარჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ იგივე დროში ნაკლები სავარჯიშო გავაკეთე და ამან საქმე გამიადვილა.
რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას დადებითად უნდა ემოქმედა გამოცდის შედეგზე. ვიტყვი იმას, რომ გამოცდა მარტივი არ იყო, რადგან რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დახურული ტიპის ამოცანა მოვიდა. რაც შეეხება წერით დავალებებს, ვთვლი, რომ კარგი საკითხები იყო. მათემატიკის ტრენინგები საკმაოდ წარმატებულია. ტრენინგზე განხილული საკითხები თანხვედრაშია გამოცდაზე მოსულ ტესტებთან," - განუცხადა "რეზონანსს" პედაგოგმა, რომელმაც გამოცდა წარმატებით გაიარა.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგ მაია კობახიძის თქმით, გამოცდაზე თეორიულ ნაწილში საერთოდ უცნობი საკითხებიც იყო მოცემული. მასწავლებლის აზრით, დრო საკმაოდ ცოტაა და ყველას სწრაფ ტემპში მუშაობა არ შეუძლია.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ტესტირება დაბალი შეფასების მიღებაზეა ორიენტირებული. პრაქტიკული ნაწილი იმდენად არ გამიჭირდა, რამდენადაც თეორიული. თეორიულ მასალაში იყო ისეთი საკითხები, რომ გამოცდიდან ყველანი გაკვირვებულები გამოვედით.
"ძალიან დავიძაბე, მეგონა, რომ ვერ ჩავაბარებდი და უკმაყოფილო ვიყავი, გამიმართლა და ჩავაბარე. პრობლემა კიდევ ის იყო, რომ დრო პრაქტიკულ ნაწილზე მხოლოდ 2 საათი გვქონდა, ხოლო თეორიულზე საათ-ნახევარი. რამდენი ადამიანია ჭკვიანი და არ შეუძლია ეს ყველაფერი სწრაფად გააკეთოს?
"ის თეორიული საკითხების მსგავსი, რაც სპეციალურად სასერტიფიკაციო გამოცდებისთვისაა მოსამზადებელი, არ მოსულა. სულ უცხო საკითხები იყო. თეორიულ საკითხში გამოცდაზე რაღაც პროგრამულიც უნდა იყოს, რომ მასწავლებელი წინასწარ იყოს მზად," - განაცხადა კობახიძემ.
მუსიკის პედაგოგი ხათუნა ბარნაბიშვილი მიიჩევს, რომ მუსიკის ყველა პედაგოგს ერთნაირი საგამოცდო საკითხები არ უნდა ეძლეოდეს.
"სამუშაო გარემო ძალიან კარგი იყო. ცუდი იყო ის, რომ არსებობს პედაგოგების კატეგორია, ვისაც კონსერვატორია არ აქვს დამთავრებული და მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, მისთვის გარკვეული საკითხები რთული აღმოჩნდა.
"მუსიკის ყველა პედაგოგმა აღნიშნა, რომ გამოცდის მოსასმენი ნაწილი, ასეთ სიტუაციაში არ უნდა ყოფილიყო, რადგან ოთახში ბევრნი ვისხედით და ყურსასმენებიც არ გვეკეთა.
მოსასმენი სულ სამჯერ დაუკრეს, ათი დაკვრა მაინც უნდა ყოფილიყო, რომ ტაქტების ჩაწერა მოგვესწრო," - განუცხადა "რეზონანსს" ხათუნა ბარნაბიშვილმა.