"დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები," - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე თქმით, პირებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, მყვინთავის სერტიფიკატი ჰქონდათ, მაგრამ ინსტრუქტორის - არა.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია.
როგორც ლევან იზორია ამბობს, წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი ტრაგედია, რაც გონიოში მოხდა.
"ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის," - ასე გამოეხმაურა იზორიას განცხადებას მისი წინამორბედი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი.
მისი აზრით, იზორიას განცხადებები მიმართულია ჯარის დისკრედიტაციისკენ.
თურქეთის სამხედრო გემის ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია წუხელ შეაჩერა. დაკარგული ჯარისკაცების ოჯახები მთავრობას და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს საძიებო ღონისძიებების გაგრძელებას სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და | კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
ახდენს თუ არა ლევან იზორია ჯარის დისკრედიტაციას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არ მგონია, რომ იზორიას განცხადებები ჯარის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, მე ამას ასე ვერ ვხედავ. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ სამხედრო სფეროში ძალიან სერიოზული რეფორმაა ჩასატარებელი. ძალიან უცერემონიოდ ექცევიან ჯარისკაცებს და ეს შემთხვევა სწორედ ამის მაგალითია. ამ შემთხვევამდეც გვსმენია მსგავსი ფაქტები. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი.
გია ბუღაძე (ფერმწერი): იზორიას მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, ჯარის დისკრედიტაციას ახდენს. იზორია ამ თანამდებობისთვის შეუსაბამოა. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" მთავრობა ჩემთვის სრულიად მიუღებელია და არც ერთი რგოლი იქ არ მუშაობს, ხიდაშელის მიერ ჩატარებული საქმიანობა მეტ-ნაკლებად ნდობას იმსახურებდა. ეს ქალბატონი ნამდვილად იბრძოდა, რომ რაღაც გაეკეთებინა. ვფიქრობ, რომ გარკვეულ დონეზე ეს შეძლო კიდეც.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მე მგონია, რომ თინა ხიდაშელის საუბარი განაწყენებული და გაშვებული მინისტრის განცხადებებია, რომელიც ემოციებს ვერ იკავებს. საფუძველი აქვს თუ არა, ამას მაინც აკეთებს. გარდა თინა ხიდაშელისა, სხვები ასეთ შეფასებებს არ იძლევიან. საზოგადოებაში ჩნდება აზრი, რომ ის განაწყენებულია და მუშტს იქიდან იქნევს.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): მე ვერ წარმომიდგენია, რომ მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ქართული ჯარის წინააღმდეგ ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომელიც დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული. თინა ხიდაშელმა ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და პოლიტიკური ქულების დაწერა სურს. ეს წინასაარჩევნო პიარია.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): არ მგონია, ლევან იზორიას განცხადებები ჯარის დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული. რატომ უნდა იყოს ასე? ასე ნამდვილად არ იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე