მოსაზრება
02.09.2016

რამაზ გახოკიძე, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი

მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა გაალამაზა ჩვენი ყოფა, შეცვალა სახლის დიზაინი. ქაღალდის შპალერები გასარეცხმა შპალერებმა შეცვალა, ხის ჩარჩოები - პლასტმასის ჩარჩოებმა...  საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბუნებრივი ნაგავს გავატანეთ და ისინი ქიმიური კომბინატების პროდუქციით შევცვალეთ - ასე უფრო მოხერხებული და თანამედროვეა. გაიხარეს დიასახლისებმა, დალაგებაც ბევრად იოლია, მაგრამ კმაყოფილებამ დიდხანს არ გასტანა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პლასტიკური მასალები საკმაოდ შხამიანია. მათგან გამოყოფილი საწამლავები თანდათანობით გროვდება შინაგან ორგანოებში. სამრეწველო მასალების უწვრილესი ნაწილაკები, გაბინძურებულ ჰაერსა და წყალთან ერთად, იწვევს კიბოს განვითარების სტიმულირებას.  

მაგალითად, თქვენ აფრქვევთ დეზოდორანტს ან კოღოების და სხვა მწერების საწინააღმდეგო აეროზოლებს, იყენებთ სპრეებს: თმების ლაქს, არომატულ საფრქვეველს ტუალეტისთვის. ამას ემატება გაზმატარებლად გამოყენებული ფრეონები. აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები, რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს (აეროზოლები, ასევე ზედაპირიდან ობის მოსაცილებელი საშუალებანი), ძუძუს კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების საყოფაცხოვრებო საშუალებებს. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედება დედის საშოში იწვევს ბავშვის ეგზემის რისკის გაზრდას. საქმე ეხება ნივთიერება ბუთილბენზილფტალატს, რომელსაც ნაყოფის განვითარების პროცესში შეუძლია ანთების, ხოლო 2 წლის ასაკისთვის 60%-მდე ეგზემის გამოწვევა. 

ეს მხოლოდ იმ კანცეროგენურ ნივთიერებათა ნაწილია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში გროვდება. მათგან თავდასაცავად დილით გამოაღეთ ფანჯრები: ამ დროს ჰაერი ჯერ გაუჟღენთავია გამონაბოლქვი ნივთიერებებით. სინთეტიკა, შეძლებისდაგვარად, შეცვალეთ ნატურალური მასალებით. თანამედროვე პლასტიკური მასალები საკმაოდ შხამიანია. ცხადია, ამ დოზას ერთბაშად ვერ შეიგრძნობთ, მაგრამ ორგანიზმი მათზე იწყებს რეაგირებას, ნივთიერებათა ნაწილი თანდათანობით გროვდება შინაგან ორგანოებში. "ევრორემონტის" ნაცვლად გააკეთეთ "ეკორემონტი!" 

 ყოველდღიურად თანამედროვე ადამიანი იყენებს სხვადასხვაგვარ ქიმიურ გამწმენდ და სარეცხ საშუალებას. სარეცხი ფხვნილების ძირითად აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ზან). ისინი, მართალია, შლიან ჭუჭყს, მაგრამ კანში იჭრებიან და ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე; მაგალითად, იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, არღვევენ იმუნიტეტს, აზიანებენ ტვინს. ჯამრთელობას და გარემოს დიდ პრობლემას უქმნის ფოსფატები, რომლებსაც ზან-თან (ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები) ერთად შეიცავს სარეცხი ფხვნილები. მათი ჭარბი შემცველობა ორგანიზმში იწვევს მაგნიუმის, კალციუმისა და რკინის შეთვისების მოშლას. ფოსფატები ჩამდინარე წყლებით ხვდება მდინარეებსა და წყალსაცავებში და აბინძურებს მათ, ხელს უწყობს ციანბაქტერიების გამრავლებას, რომელთა ტოქსინები ააქტიურებს კიბოს უჯრედების განვითარებას.  

გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაში უკვე აიკრძალა ფოსფორშემცველი სარეცხი ფხვნილების გაყიდვა.  სარეცხი ფხვნილების მავნე გავლენის შესამცირებლად ეცადეთ, გამოიყენოთ უფოსფატო ფხვნილები; სარეცხი ფხვნილების მტვერი ადვილად ვრცელდება გარემოში, ამიტომ სარეცხ მანქანას ნუ დააყენებთ სამზარეულოში; ხელით რეცხვისას აუცილებელია, გაიკეთოთ ხელთათმანები; გარეცხილ თეთრეულს გულმოდგინეთ გაავლეთ (დაახლოებით 10-ჯერ) ცხელი (50-60 გრადუსი) წყალი, რადგან ცივ წყალში ფოსფატები, პრაქტიკულად, არ იხსნება). ფოსფატშემცველი ფხვნილების ერთ-ერთი უსაფრთხო ალტერნატივაა საპნის საფუძველზე დამზადებული საბავშვო ფხვნილები. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა უსაფრთხო საშუალებანიც:

- სამეურნეო საპონი შესანიშნავად რეცხავს ნატურალურ ქსოვილს და არბილებს კიდეც (რაც მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვებისთვის). გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: 1 ვედრო თბილ წყალს დაამატეთ 50 გრამი გახეხილი საპონი და 3 სუფრის კოვზი სოდა. მუქ, არამდგრადი შეფერილობის ნივთებს რეცხავენ სოდის გამოყენების გარეშე. აღნიშნული საშუალებით თეთრეული ნორმალურად ირეცხება სარეცხ მანქანაშიც.

- სხვადასხვა ქსოვილის გასარეცხად სხვადასხვა შედგენილობის ფხვნილია საჭირო. მჟავა და ნეიტრალური არე სასურველია ცხოველური წარმოშობის ქსოვილებისგან (მატყლი, სელი) დამზადებული ნაწარმის გასარეცხად. ზომიერად ტუტოვანი არე - ხელოვნური და სინთეზური ქსოვილებისგან დამზადებული ნაწარმის გასარეცხად. ამიტომ ბამბისა და სელისგან დამზადებული ნაწარმი შესანიშნავად ირეცხება კალცინირებული სოდით (განსაკუთრებით სარეცხ მანქანაში, 50-70 გრადუს ტემპერატურაზე). ავტომატში გასარეცხად სარეცხ ფხვნილად შეგიძლიათ მდოგვის გამოყენება (დაახლოებით 50 გრამი), რომელიც ერთიანად უნდა ჩაყაროთ მანქანაში და არა კიუვეტში, არაუმეტეს 40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში (მდოგვი რომ არ შეიკრას).  მდოგვით შეიძლება მატყლის ნაწარმის გარეცხვა: თბილ წყალში ჩაყარეთ მდოგვის ფხვნილი, ჩაალბეთ სარეცხი და ნახევარი საათის შემდეგ გარეცხეთ. გარეცხვა მაშინვე შეიძლება, თუკი თეთრეული ძლიერ დასვრილი არ არის. ცხიმებით დალაქებული მატყლისა და აბრეშუმის ნაწარმის გარეცხვა რეკომენდებულია მდოგვის ნაყენით.  ამასთან ქსოვილი ჯდება და ნაკლებად იკეთებს ნაკეცებს, ვიდრე სარეცხი საშუალებით გარეცხვისას. ერთ ჭიქა მშრალ მდოგვს ასველებენ მცირეოდენი რაოდენობის წყლით, გლესავენ თხევადი მასის მიღებამდე, მარლით ხეხავენ 10 ლიტრ თბილ (40-45 გრადუსი) წყალში და აყოვნებენ 3-9 საათს, რეცხავენ საპნისა და სარეცხი საშუალებების გარეშე (მდოგვის ნაყენს ცვლიან 2-3-ჯერ).

- საპონას ფესვებით კარგია მატყლისა და აბრეშუმის ქსოვილების გარეცხვა. საპონას ყიდვა შეგიძლიათ ჰომეოპატიურ აფთიაქში ან ბაზარში. 1 კილოგრამ მშრალ ტანსაცმელზე იღებენ 50 გრამ საპონას ფესვებს, ამტვრევენ ჩაქუჩით წვრილ ნატეხებად, ამატებენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს, აყოვნებენ ერთ დღე-ღამეს ხშირი მორევის პირობებში. 24 საათის შემდეგ ადუღებენ ერთი საათი დაბალ ცეცხლზე, აცივებენ, გადაწურავენ მარლაში. მარლაზე დარჩენილი საპონას ფესვები შეიძლება კვლავ გამოიყენოთ - დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ რამდენიმე საათი. ხსნარის გამოყენება შეგიძლიათ ხელმეორედ. მიღებულ საპონს ასხამენ თბილ წყლიან ჯამში, თქვეფავენ და თეთრეულს ორ-ორჯერ რეცხავენ.

- მატყლის ქსოვილების გარეცხვა შეგიძლიათ ლობიოს ნახარშითაც. 1 ლიტრ წყალში ათავსებენ 200 გრამ ლობიოს და ხარშავენ დახურულ ჭურჭელში. ნახარშს გადაწურავენ მარლაში, ასხამენ ცხელ წყალში და თქვეფენ. გარეცხვის შემდეგ ქსოვილს რამდენიმეჯერ ავლებენ თბილ წყალში. ბოლო გავლებაზე უმატებენ 1 სუფრის კოვზ ძმარს.     

- მატყლის ქსოვილის გარეცხვა შეგიძლიათ კარტოფილის წვენითაც. გახეხეთ 2 კილოგრამი სუფთა კარტოფილი, წვენი გადაწურეთ, დაუმატეთ იმდენი ცხელი წყალი, ხსნარი თბილი რომ იყოს, ათქვიფეთ და მასში გარეცხეთ ქსოვილი, მსუბუქად გაწურეთ და გაავლეთ თბილ წყალში. ბოლო გამოვლებისას დაუმატეთ ერთი კოვზი მარილი ან ძმარი. კარტოფილის წვენში მოერიდეთ თეთრი ფერის მატყლის ქსოვილის გარეცხვას, რადგან თეთრი ქსოვილი დაუთოებით ოდნავ ყვითლდება.

- გარეცხვა შეგიძლიათ ნაცრითაც. ნაცარი სუფთა და მცენარეული წარმოშობის უნდა იყოს. რამდენიმე კილოგრამი თეთრეულის გასარეცხად საკმარისია 200-გრამიანი ნახევარი ჭიქა ნაცარი. ვისაც ღუმელი აქვს, შემდეგი ხერხი გამოადგება: თეთრი ფერის თეთრეულის გასარეცხად ხის დაწვით მიღებულ ნაცარს ახვევენ მარლაში რამდენიმე ფენად, თავს უკრავენ და ათავსებენ ღუმელზე შემოდგმულ ქვაბში, სადაც წინასწარ ჩაყრილია თეთრეული, რომელიც 1-2 საათის შემდეგ ამოაქვთ, ავლებენ და აშრობენ.

- ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი ფხვნილის დასამზადებლად, აიღეთ წაბლი, გაასუფთავეთ ყავისფერი ქერქისგან. შიგთავსი (თეთრი ბირთვი) გააშრეთ და დაფშვენით ფქვილად. ფხვნილი მზადაა. ოდნავ თბილ წყალში ჩაყარეთ ფხვნილი, მოურიეთ და ჩაალბეთ თეთრეული (6-12 საათი).     

ჭურჭლის "საუკეთესო" სარეცხ საშუალებათა შედგენილობაშიც ასევე შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები: ფოსფატები, ქლორი, ზან-ი, ფტალატები. ქლორი იწვევს ანემიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს. ფტალატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და თირკმლებზე, რეპროდუქციულ ორგანოებზე, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. ითვლება, რომ ეს ნაერთები, შესაძლოა, აღმოჩნდეს ონკოლოგიურ დაავადებათა, უშვილობისა და ასთმის მიზეზი. ამიტომ ჭურჭლის გასარეცხადაც გამოიყენეთ უსაფრთხო ნატურალური საშუალებები:  

- სოდა შესანიშნავად წმენდს ცხიმებისგან ჭურჭელს. სოდით შეიძლება ქვაბებიდან მიმწვრის მოცილებაც. ამისთვის ქვაბში ჩაყარეთ სოდა, დაასხით წყალი და ადუღეთ. 

- კარგად ირეცხება ჭურჭელი მდოგვითაც (ამისთვის შეურიეთ მდოგვი წყალს სქელ მასამდე). 

- ცხიმის მოცილება შეიძლება სამეურნეო საპნითაც (70%). გარეცხვა პატარა ნაჭრებით ან გახეხილი და თბილ წყალში გახსნილი საპნითაც შეიძლება. 

- არასასიამოვნო (მაგალითად, თევზის) სუნის მოსაცილებლად დაგვეხმარება ძმარი, ლიმონის წვენი, ლიმონმჟავა ან იგივე სოდა. 

- ძლიერ გამურული ტაფის გაწმენდა შესანიშნავად შეიძლება კალცინირებული სოდით. დაყარეთ იგი ტაფაზე, დაასხით წყალი და დატოვეთ ღამის განმავლობაში.  

- შეიძლება ასევე უნივერსალური სარეცხი საშუალების მომზადებაც, რომელიც შესანიშნავად ასუფთავებს არა მარტო ჭურჭელს, არამედ სანტექნიკასაც. გახეხეთ 100 გრამი სამეურნეო საპონი, დაასხით 100 მილილიტრი ცხელი წყალი. ათქვიფეთ სანამ საპონი მთლიანად არ გაიხსნება, დაამატეთ 75 გრამი საჭმელი სოდა და ეთერზეთი (სურვილისამებრ) და საგულდაგულოდ აურიეთ.

საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტებიდან ერიდეთ, არ გამოიყენოთ:  

- ჰაერის ე.წ. გამაგრილებელი საშუალებანი, რომელთა უმრავლესობა შეიცავს ფორმალდეჰიდს და ნაფტალენებს. ისინი სჯობს შეცვალოთ ნატურალური საშუალებებით, მაგალითად, ლავანდის ან სხვა ეთერზეთით. 

- სამღებრო საშუალებანი (საღებავები, წებოები, გრუნტი), რომლებიც შეიცავს კანცეროგენებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას თან ახლავს "ეკოლოგიური სერტიფიკატები".  

- არ შეინახოთ სახლში საავტომობილო ქიმიის პროდუქტები, რადგან თითქმის ყველა ტოქსიკურია. 

- ფერადი პარაფინული სანთლები, რომლებიც წვისას გამოყოფს კანცეროგენს. სჯობს ბამბის პატრუქიანი ბუნებრივი ცვილის სანთლის გამოყენება. 

- განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ნოხებისა და ავეჯის შამპუნების შერჩევისას.  

- ტარაკნებსა და მავნე მწერებს ებრძოლეთ სანიტარიით და არა ქიმიით.  

კონდიციონერს სიკეთესთან ერთად ზიანის მოტანაც შეუძლია. იგი ადამიანს სერიოზულ პრობლემას უქმნის, რადგან დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების თავისებურ დამგროვებელს წარმოადგენს. იყო შემთხვევა პნევმონიის ურთულესი ფორმის გამომწვევი ბაქტერიების (ლეგიონელა) გავრცელებისა კონდიციონერის საშუალებით. განსაკუთრებით მავნედ მოქმედებს კონდიციონერი იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, ჰაიმორიტი ან ქრონიკული ბრონქიტი). აუცილებელია, კონდიციონერი გაიწმინდოს წელიწადში ერთხელ, თუმცა ეს არ არის პანაცეა.  სასურველია, ოფისებში კონდიციონერები ჩაირთოს სამუშაოს დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე, რადგან კონდიციონერის ჩართვის შემდეგ ზედაპირზე მყოფი მიკრობების კონცენტრაცია მცირდება.  

როგორც ცნობილია, ყველაზე ცბიერი შხამი სახლში ობია. მისი სპორები ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს მრავალ დაავადებას. ობი კარგად გრძნობს თავს ცივ და ნესტიან გარემოში. ამიტომ სახლში უნდა იყოს სითბო და სიმშრალე. ავეჯი მჭიდროდ არ მიადგათ კედელს, სხვაგვარად, შესაძლოა მასზე კონდენსანტის წარმოქმნა და, როგორც შედეგი, ობის გაჩენა. ხშირად გაანიავეთ ოთახები, განსაკუთრებით, აბაზანა. 

რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სანიტარიული კვანძის კარგ ვენტილაციას. მოერიდეთ ჰაერის დანესტიანებას: ოთახში თეთრეულის გაშრობით და ცუდად დაკეტილი ონკანებით თქვენ ხელს უწყობთ ობის გაჩენას. ტანსაცმელი კარგად გააშრეთ კარადაში მოთავსებამდე. სჯობს, არ შეიძინოთ რბილი ავეჯი, ლეიბი, ბალიში, რომელიც ამოვსებულია კაუჩუკით (ოფლით მასზე ჩნდება ობი). ოთახის ყვავილები შესანიშნავად ასუფთავებს ჰაერს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უჩნდებათ ობი. როგორც კი შეამჩნევთ ობს მიწის ზედაპირზე, ვიდრე ღრმად ჩავა, მოაცილეთ კოვზით. თუ არ მოაცილებთ, მას ფესვების დალპობაც შეუძლია. თუ დიდი რაოდენობით შეამჩნევთ ობს ქოთნის კედლებზე, მცენარე გადარგეთ მაღალხარისხოვან გრუნტში. გრუნტი ჯერ კარგად გააშვრეთ და დაამატეთ ბუნებრივი ობსაწინააღმდეგო საშუალებანი: გრუნტის ზედა ფენას მოაყარეთ დარიჩინი, სოდა ან მოასხით ვაშლის ძმარი.  მცენარეები ამყოფეთ დაახლოებით 21 გრადუს ტემპერატურაზე და შეძლებისდაგვარად გასხალით. ოთახში არ გააჩეროთ დამჭკნარი ყვავილები.  

პლანეტაზე არ დარჩა ადამიანი, რომლის ორგანიზმი არ შეიცავდეს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ქიმიის შხამებს. როგორც თვლიან, კიბო, ძირითადად, ანტროპოგენური წარმოშობისაა და მისი ფართოდ გავრცელება თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების ნაყოფია. განსაკუთრებით საფრთხე ექმნებათ ბავშვებს, რადგან ისინი სხეულის ერთეულზე უფრო მეტ საკვებსა და წყალს მოიხმარენ.  ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ბავშვები საშიში ქიმიური ნივთიერებებისგან! 

საყოფაცხოვრებო საქონლის, სათამაშოებისა და ბავშვის ტანსაცმლის ყიდვისას იყავით წინდახედულნი. ეცადეთ, საბავშვო ბაღსა და სკოლაში არ გამოიყენოთ ტოქსიკური სარეცხი საშუალებანი და პესტიციდები. განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე შემდეგი გამაბინძურებლები: დიოქსინები (პოლივინილქლორიდის წარმოების, გამთეთრებელი და წვის სამრეწველო პროცესების თანამდევი პროდუქტები, რომლებიც იწვევს კიბოს და აზიანებს ენდოკრინულ სისტემას); პესტიციდები (დდტ, ქლოროფოსი, დილდრინი, ალდრინი და ა.შ. რომლებიც გროვდება კვების ჯაჭვში და იწვევს კიბოს და რეპროდუქციულ დარღვევებს); ფტალატები (გამოიყენება პლასტიფიკატორად და პირადი ჰიგიენის საგნებში, ასევე კოსმეტიკაში, ლოსიონებში, ბავშვის კბილის რგოლებში, აბების ბუდეებად; იწვევს რეპროდუქციულ დარღვევებს); ლითონები (ტყვია, ვერცხლისწყალი, კალა და მათი ნაერთები, რომლებიც იწვევს ინტელექტური განვითარების შეფერხებას და სწავლაში ჩამორჩენას); აქროლადი ორგანული ნივთიერებები (სამრეწველო გამხსნელები, ბენზინი, საღებავები და სამრეწველო ქიმიის სხვა პროდუქტები).

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×