ზოგიერთისთვის ერთადერთი გამოსავალი მუშაობაა
ნათია ლომიძე
03.09.2016

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს თითქმის 38 500 აბიტურიენტი აბარებდა. მომავალი სტუდენტები მაქსიმალურად ცდილობდნენ საგრანტო ქულების მოპოვებას და უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე სწავლის უფასოდ ან მინიმალურ ფასად გაგრძელებას.  უმრავლესობამ ეს ვერ მოახერხა და ამის გამო გარკვეული ნაწილი სწავლის დაწყებისთანავე, უსახსრობის გამო, აკადემიურის აღებას აპირებს. ნაწილი კი სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყებას ცდილობს, რათა სასწავლო პაუზა თავიდან აიცილოს. 

 უსახსრობის გამო, სტუდენტების უმრავლესობა გრანტის გარეშე სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს. ირაკლი ქვლივიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აკადემიურის აღებასა და სწავლის მომავალ წელს დაწყებას აპირებს. როგორც მან "რეზონანსთან" განაცხადა, გადასახადი იმდენად მაღალია, რომ ოჯახის ბიუჯეტი მას ვერ გასწვდება. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი მუშაობაა.

"ძალიან მინდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, თუმცა გრანტი ვერ მოვიპოვე. გადასახადი იმდენად მაღალია, რომ ჩემი ოჯახი ამ ხარჯს ვერ გასწვდება. თანაც მარტო სწავლის გადასახადი ხომ არ არის? სტუდენტს უამრავი ხარჯი აქვს, როგორც დაგეგმილი, ასვე გაუთვალისწინებელი. სწორედ ამის გამო ვაპირებ, აკადემიური ავიღო, ვიმუშაო და მომავალი წლისთვის მაინც დავაგროვო გარკვეული თანხა. შემდგომში სწავლის პარალელურადაც ვაპირებ მუშაობას, რომ ჩემი თავის უზრუნველყოფა თავად შევძლო და ოჯახს ძირითადი ხარჯი ავარიდო. 

დღესდღეობით ჩემ მდგომარეობაში ძალიან ბევრია. სწავლის გადასახადის თუნდაც მცირედით შემცირებაზე არავინ ფიქრობს. რატომ უნდა მიწევდეს პირველივე წელს აკადემიურის აღება, თუ ჩვენს ქვეყანას განათლების მაღალ დონეზე აქვს პრეტენზია? ახალგაზრდებს ყველაზე მეტი ყურადღება გვჭირდება", - ამბობს ირაკლი ქვლივიძე.

მაკა შონიაც, რომელმაც მაგისტრის გამოცდები წელს ჩააბარა, აკადემიურის აღებას სწორედ უსახსრობის გამო აპირებს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ძალიან დიდი სურვილი აქვს, სწავლა განაგრძოს, თუმცა არამყარი ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამის გამო მუშაობა დატვირთული გრაფიკით დაიწყო, რადგან გარკვეული თანხა დააგროვოს და მომავალ წელს სწავლა განაგრძოს. მაგისტრატურის დამთავრებით იგი სასურველი პროფესიის დაუფლებას აპირებს.

"ყველაზე დიდი სურვილი ამ ეტაპზე ის იყო, რომ მაგისტრი გავმხდარიყავი. გამოცდები კი ჩავაბარე, მაგრამ წინასწარ შევეგუე იმ ფაქტს, რომ აკადემიურის აღება მომიწევდა. ამიტომ ზაფხულში სამსახური ვიშოვე და ახლა საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვაგრძელებ მუშაობას. რასაკვირველია, მომავალ წლამდე ასეთ რეჟიმში ვიქნება, რადგან სწავლის საფასური უნდა გადავიხადო. 

არც მომდევნო წლებში ვაპირებ მუშაობის შეწყვეტას. აღარ ვარ იმ ასაკში, რომ მშობლების ხარჯზე ვიცხოვრო, ეს ჩემი არჩევანი იყო და მევე ვაპირებ, ფინანსურად უზრუნველვყო ჩემი თავი.  მშობლები მარწმუნებენ, რომ აკადემიური არ ავიღო, სწავლა განვაგრძო და ისინიც შეძლებისდაგვარად დამეხმარებიან, მაგრამ მე ხომ ვიცი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ამიტომაც ყველანაირი რისკისგან თავს ვირიდებ", - განუცხადა "რეზონანსს" მაკა შონიამ.

სტუდენტები, რომლებიც გრანტის გარეშეც აპირებენ სწავლის გაგრძელებას, არც ისე ცოტანი არიან. ისინი ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ბარიერის გადალახვას ელოდებოდნენ. გიორგი ჩოხარაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გამოცდების შემდეგ ყველა საგანში ნებისმიერ დადებით შედეგს ელოდა. როდესაც სასურველი პასუხი გაიგო, საბუთები იმ უნივერსიტეტში შეიტანა, რომელიც მას სურდა. ფინანსური საკითხები მისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილა. როგორც გიორგი ჩოხარაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, სტუდენტობა მისი ოცნება იყო და ახლა აუხდა კიდეც.

"სტუდენტობა არა მარტო ჩემი, არამედ ყველას ოცნებაა. ეს არის ახალი ეტაპი სკოლის დასრულების შემდეგ, რომელსაც, ძალიან კარგი იქნება, თუკი ყველა გამოცდის. ვიცი ბევრისთვის ეს შეუძლებელია, რადგან ზოგიერთ მათგანს არ აქვს ფინანსური უზრუნველყოფა. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომ ამ მხრივ შეზღუდვა არ მქონია, მთავარი იყო ბარიერები გადამელახა და გამეგო, რომ სტუდენტი ვიყავი. 

არც უნივერსიტეტის შერჩევის დროს მქონია შეფერხება ფინანსური კუთხით, თუმცა სხვა პირველკურსელები გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან. ფაქტია, რომ ბევრი აკადემიურს უსახსრობის გამო იღებს. მათთვის სწავლის გადასახადი დიდი პრობლემაა. 

კარგი იქნება, თუკი გადასახადს დააბალანსებენ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. მე არ მაქვს პრობლემა და კიდევ ერთეულ სტუდენტებს, მაგრამ ჩვენით ხომ არ წყდება ყველაფერი? როდესაც სტუდენტების უდიდესი ნაწილი გაჭირვებით იხდის სწავლის საფასურს, ეს უკვე მასშტაბური პრობლემაა", - ამბობს გიორგი ჩოხარაძე.

გრანტის აღების შემდეგ აპირებდა სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის მსურველი ნატო ტაბაღუაც, მაგრამ დაფინანსება ვერ მოიპოვა. ამიტომაც გამოსავალი სამსახურის დაწყებით იპოვა. მისთვის ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი სამსახური გახდა, რადგან მიღებული ხელფასით ნაწილობრივ მაინც დაეხმარება ოჯახს. ამ მხრივ მას გაუმართლა და დღეს სამსახურით უზრუნველყოფილი უნივერსიტეტიდან ელოდება დამაკმაყოფილებელ პასუხს, რომ უკვე მაგისტრია და სწავლის გაგრძელება შეუძლია.

"4 წელი ისე ვისწავლე, მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშავე, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გამეგო, თუ რა კარგია, როდესდაც შენი შემოსავალი გაქვს. იმ პერიოდში ჩემი მშობლებისთვის გზის, ქსეროქსისა და კიდევ სხვა ხარჯებისთვის ფული არ მითხოვია. აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა როგორც მათთვის, ასევე ჩემთვის.  

რაც შეეხება მაგისრატურას, სურვილი მქონდა, დაფინანსება მიმეღო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. ზაფხულში არსად წავსულვარ დასასვენებლად - სამსახურს ვეძებდი. ვიპოვე კიდეც, რადგან ვიცი, სტუდენტის ცხოვრება რამდენად ხარჯიანია და მინდა, ამ მხრივ ჩემს მშობლებს არ დავაწვე კისერზე. ახლა საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მაქვს, რომ სწავლის გადასახადი დავფარო.  უნივერსიტეტის შიდა გამოცდების პასუხებს ველოდები და საბოლოოდ გაირკვევა, შევძლებ თუ არა სწავლას გაგრძელებას", - განუცხადა "რეზონანსს" ნატო ტაბაღუამ.

რას ფიქრობს ხალხი

ლევან მიშველაძე, 18 წლის: "იმ მხრივ გამიმართლა, რომ რაიონიდან არ ვარ. თუკი სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, ბინის ქირაში ფული არ დამეხარჯება, თუმცა სწავლის საფასურის გადახდა მართლაც ძალიან გამიჭირდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ოჯახი ფინანსურად არცთუ მყარად დგას. გამოცდების შედეგებს ველოდებოდი, 70%-იანი დაფინანსება ავიღე. ძალიან გახარებული ვარ და დანარჩენს როგორღაც მოახერხებენ ჩემი მშობლები. სანამ გავერკვევი სიტუაციაში, თუ რა ხდება უნივერსიტეტში, როგორი გრაფიკი მექნება, იქნებ, სწავლის პარალელურად სტუდენტური სამსახურიც ვიშოვო".

მარიამ ბრეგვაძე, 24 წლის: "ვიცი, რასაც ნიშნავს ყოველწლიურად იმ თანხის გადახდა, რაც უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ დაწესებული. მე და ჩემს ოჯახს, ფინანსური კუთხით, მეტ-ნაკლებად გაგვიჭირდა ბაკალავრიატის დამთავრება, თუმცა მოვახერხე და დიპლომი ავიღე. ახლა კი ნამდვილად ვერ ვიქნები ჩემი მშობლების იმედზე. მაგისტრატურაში ჩაბარება, ბაკალავრიატის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ მხოლოდ იმიტომ გავბედე, რომ ჩემი შემოსავალი მაქვს. ორი წელი ვმუშაობდი და სამსახურიც საკმაოდ სტაბილურია. სწორედ ამან მომცა გარისკვის საშუალება. დღეს უკვე სამაგისტრო გამოცდები ჩავაბარე და უნივერსიტეტის შიდა გამოცდების შედეგებს ველოდები, რის შემდეგაც გაირკვევა, ვიქნები თუ არა ისევ სტუდენტი".

ნიკა შაქარაშვილი, 18 წლის: "გრანტის იმედი არც მქონია და ვერც ავიღე, თუმცა სწავლის გაგრძელებას ნამდვილად ვაპირებ.  პირველივე წელს აკადემიურის აღება არ მინდა. თუკი ძალიან გაუჭირდა ფინანსურად ჩემს ოჯახს, გაისად ავიღებ პაუზას და ყველანაირად ვეცდები სწავლა რაც შეიძლება მოკლე დროში გავაგრძელო. ჯერჯერობით არც ისე მაღალშემოსავლიანი სამსახური მაქვს. ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ, რაც სტუდენტისთვის ნამდვილად კარგი ვარიანტია. მომდევნო წლებში კი, როდესაც უნივერსიტეტის და სწავლის განრიგიც მეცოდინება, ვეცდები, დამატებითი სამსახური მოვძებნო, თუნდაც ერთჯერადი ხელფასით. ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებ, უსაქმურად ვიჯდე და ველოდო, როდის გამდიდრდება ჩემი ოჯახი, რომ მასწავლონ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×