საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის პროგნოზით, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. ამიტომ იგი პოლიტიკურ ძალებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტის მრჩეველს არ ეთანხმება ვიცე-პრემიერი კახი კალაძე. მისი აზრით, მრავალპარტიული პარლამენტის პერსპექტივა არარეალისტურია.
"ჩვენც ვისურვებდით, რომ პარლამენტში იყოს სხვადასხვა პარტია წარმოდგენილი. თუმცა, ყველა კვლევა, რომელიც იქნა დღემდე ჩატარებული, აშკარად აჩვენებს, რომ ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ პარტიებს და მეც მინდა მათ მოვუწოდო, რომ იაქტიურონ, რადგან, ზოგადად, დემოკრატიული კუთხით, ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი.
თქვენ თუ დააკვირდით კვლევებსაც და ამას ჩვენი შიდა კვლევებიც აჩვენებს, თუნდაც ავიღოთ სხვა პარტიების მხარდამჭერები, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ნაწილი თვლის, რომ პროცენტულად, არჩევნებში გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
თქვენი აზრით, მომავალი პარლამენტი იქნება თუ არა მრავალპარტიული? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებსაც დაუსვა.
რეზო მიშველაძე (მწერალი): ასეთი ჭრელი პარლამენტში შემსვლელთა გუნდი აღარც მახსოვს. ამიტომ ჭირს პროგნოზის გაკეთება.
ხალხი ძალიან ფრთხილად მივა საარჩევნო ყუთებთან, იმიტომ, რომ ამ დემოკრატიის ეპოქაში არჩევნებმა რამდენჯერმე კი არა, თითქმის ყოველთვის გაუცრუა იმედი. ჯერ ერთი, ხელისუფლებამ ვერასოდეს ვერ შეძლო ობიექტური არჩევნების ჩატარება. ცოტათი მაინც რომ არ გაყალბებულიყო, ასეთი არჩევნები თითქმის არ ყოფილა.
რაც შეეხება თანამდეროვე სურათს, პროგრამები, რომლითაც იხელმძღვანელებენ პარტიები, თუ გაიმარჯვეს და მოხვდნენ პარლამენტში, ჯერჯერობით გამოქვეყნებული არც ერთ პარტიას არ აქვს. სწორედ ამიტომაა, რომ სოციალური გამოკითხვები ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ყველაზე მეტი შანსი მაინც "ქართულ ოცნებას" აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მას არც პიარი უვარგა და ხალხმა, ჯერჯერობით, ნათლად არც იცის მის მიერ დაპირებების შესრულების მასშტაბები, ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ბევრ ხმას დაკარგავს, თუმცა მაინც გაიმარჯვებს.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): მრავალპარტიული კი არა, მრავალმხრივად განათლებული უნდა იყოს. რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი და ეროვნული მუხტით დაჯილდოებული ხალხი უნდა იყვნენ შესული, რომ ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გააკეთონ.
თორემ, თუ ისეთივე რანგის იქნებიან, როგორიც ახლა გვყავს, ჯობია, პარლამენტი საერთოდ არ იყოს.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): არ ვიცი, თუმცა ალბათ ძალიან მრავალპარტიული არ იქნება. ძირითადად 3 ან 4 სუბიექტი შევა.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): როგორც ვიცი, საქართველოში ყველაზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული. თუმცა, ეს ყოველთვის ასე იყო, ქართველები ყოველთვის განსხვავებული ხალხი ვიყავით. თუმცა ვინ შეძლებს ბარიერის გადალახვას და ვინ ვერა, არ ვიცი.
მაგრამ ეჭვი მეპარება, პარლამენტში ბევრი პარტია შევიდეს. რაც უფრო მრავალპარტიული იქნება პარლამენტი, მით უფრო მრავალი აზრი იქნება და გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება.
როგორც იგავ-არკშია - ერთი იქით რომ ქაჩავს, მეორე აქეთ, მესამე იქით და ასე გაგრძელდება საქართველოს ისტორია. ამიტომ, ჩემი აზრით, რაც უფრო ნაკლები პარტია იქნება წარმოდგენილი, მით უფრო დალაგებული ქვეყანა გვექნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე