ლევან ნადარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მამულიშვილის" თავმჯდომარე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვ.ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, ქიმიის მეცნ. დოქტორი
თავის დროზე ახალი ქართული ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის განხილვას საზოგადოების ერთი ნაწილის დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. გაცხარებული კამათის ფონზე, როცა კონკურსი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, სხვადასხვა ტელეარხით საზოგადოებას მრავალჯერ წარუდგინეს "სავარაუდო", სინამდვილეში კი იქ, "ზევით" დაგეგმილი გამარჯვებული. და პარლამენტმაც ზარ-ზეიმით გზა დაულოცა უკანა კარიდან შემოსულ ახალ ჰიმნს!
მას შემდეგ არაერთხელ გაჟღერდა მოსაზრება, რომ ჰიმნის მუსიკა და ტექსტი ადრე თუ გვიან შეიცვლებოდა. ხალხის ნაწილი შეეჩვია, ნაწილი არც ადრე გრძნობდა რამე დისკომფორტს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, საზოგადოება კვლავ უნდა მიუბრუნდეს საქართველოს ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის შეფასების საკითხს.
ჩემი წერილის მიზანია, მკითხველს ვაჩვენო საქართველოს ჰიმნის ტექსტის სრული შეუსაბამობა სახელმწიფო ჰიმნის ტექსტისადმი ჩვეულებრივ წაყენებულ ზოგად მოთხოვნებთან. იმედი მინდა ვიქონიო, რომ სკაბრეზული მესიჯების გარდა (რაც ყოველთვის მოსდევს პასუხად ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტივობას) ვიხილავთ არგუმენტირებულ მოსაზრებებს გაურკვეველი ვადით მიფუჩეჩებული ეროვნული სიმბოლიკის პრობლემის შესახებ.
მოკლე ექსპოზიცია ციტატის სახით, რომელიც დაგვეხმარება მოვხაზოთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული აქსიომატიკის შინაარსი და რომელიც, ძალიან ზოგადად და ამავე დროს სხარტად გამოხატავს ხელოვნების, როგორც ცნობიერების ერთ-ერთი ფორმის, არსს: "ამბობენ, ხელოვნებაში მთავარია არა რა, არამედ როგორ. მაგრამ ეს არის პოეზიაში პროზაული ელემენტების ბატონობაზე რეაქცია. ხელოვნებაში არის მხოლოდ როგორ და ეს არის მისი რა".
სულ სხვა კრიტერიუმებია წაყენებული ჰიმნის ტექსტისადმი. ჰიმნის შექმნა ფაქტობრივად პოლიტიკურ-სოციალური დაკვეთაა, რომელიც საჭიროებს შეფასების სკალაში "რა"-ს ჩართვას. და, რაც უაღრესად პრინციპულია, შეფასების სკალაში "რა" დგება წინა პლანზე და შემდეგ მოდის "როგორ". დომინანტის სახით "რა"-ს შემოტანა არსებითად ზღუდავს ჰიმნის ტექსტისთვის მისაღები პოეტური ხერხების არსენალს.
მკითხველს შევახსენებ, რომ ჰიმნის ტექსტი არის საზეიმო, სახელმწიფოებრივი ინტერესების გამომხატველი ლაკონური, უზოგადესი შინაარსის პროგრამული ლექსი. იგი უნდა ხასიათდებოდეს მაორგანიზებელი პათოსით, მოუწოდებდეს სამშობლოს მსახურებისკენ - გამოხატავდეს ქვეყანასთან პიროვნების საყოველთაო ნორმატიული დამოკიდებულების არსს.
ჰიმნის ტექსტის განხილვა საჭიროებს სისტემურ მიდგომას - ყოველი აზრის, შედარების თუ მეტაფორის მიზანშეწონილობის და აუცილებლობის შეფასება-განსაზღვრას პოლიტიკური, სოციოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური, ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით.
"ჰიმნის ტექსტში "საქართველოს" არარსებობა"
ზემოთქმულის გათვალისწინებით შევაფასოთ საქართველოს ჰიმნის ტექსტი: "ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება. დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!"
ბოლო ორი სტრიქონი (მისამღერი) დამატებულ იქნა კონკურსის ორგანიზატორთა ინიციატივით. ძირითადი ტექსტის ყველა ბწკარის მიმართ (გარდა პირველისა) გვაქვს პრინციპული შენიშვნები. ამიტომ გამიჭირდება ბოლომდე ევფემისტურად მოგაწოდოთ ჩემი ხედვები.
აქვე დავძენ, რომ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება იფარგლება მხოლოდ ამ ერთი ლექსით და არანაირად არ ვრცელდება მისი ავტორის მთელ შემოქმედებაზე, რომელიც უდავოდ იმსახურებს მაღალ შეფასებას.
უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ კონკურსის ჟიურის შესაშური გამჭრიახობა. ჰიმნის ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები არც "ქართველი", არც "საქართველო"! და ჟიური მაინც მიხვდა(!), რომ ტექსტი სწორედ ქართული ჰიმნისთვის იყო შექმნილი. ასეთი გასაიდუმლოებული ტექსტი, ალბათ, არც ერთ ქვეყანას არ აქვს! ამიტომ მისი შეტანა შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში, რაც ტექსტის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) დადებითი ნიშანია.
ჰიმნის ტექსტში "საქართველოს" არარსებობა უნდა შეფასდეს ცალსახად - როგორც დივერსია, მიმართული ქართული ეროვნული ცნობიერების დაკნინებისკენ! მარტო ეს უნდა ყოფილიყო საკმარისი ამ ლექსის კონკურსიდან მოსახსნელად.
შემდეგ აღმოვაჩინეთ, ქვეყნის სახელწოდება თურმე არც ბულგარეთის ჰიმნში ყოფილა მითითებული, თუმცა დასახელებული გეოგრაფიული ადგილები გარკვევით მიანიშნებენ, რომ ტექსტში იგულისხმება ბულგარეთი. ჩვენ ჰიმნში ესეც არაა.
და გინდაც იყოს! მე ვფიქრობ, რომ კამუფლირებული ტექსტები და რებუსები დაწყებით კლასებში უფრო გამოდგება გონების სავარჯიშოდ, ვიდრე სახელმწიფო ჰიმნის ტექსტად.
|| სტრიქონი. რაკიღა ჰიმნის ტექსტი, როგორც ზევით ითქვა, პროგრამული ხასიათის ლექსი უნდა იყოს, ყოველი აზრი, ყოველი მეტაფორა უნდა შეესაბამებოდეს ლექსისადმი წაყენებულ ამ ძირითად ფუნქციას. ამიტომ გაუმართლებელია აკაკის ლექსიდან ნასესხები ნაწყვეტის "სახატე მთელი ქვეყანა" ჰიმნის ტექსტში ჩართვა.
ეს თავისთავად მშვენიერი მეტაფორა, რომელიც კარგად იკითხება აკაკის ლექსში, ჰიმნის ტექსტში გულუბრყვილოდ აზვიადებს საქართველოს შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ამბიცია აღემატება ამუნიციას, რაც მტრისთვის სასაცილოა, ხოლო მოყვრისთვის-ნაღვლიანი ღიმილის მომგვრელი.
|||-|ქ სტრიქონები. რას ნიშნავს ღმერთთან წილნაყარი მთა-ბარი? ვნახოთ "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი" (მთ. რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა): "წილნაყარი - 1. ვისაც წილი უყარეს ან ვინც წილი იყარა. 2. რაზედაც, რისთვისაც წილი ყარეს. ღმერთთან წილნაყარი - ღმერთის თანაბარი".
ამრიგად, ჰიმნის თანახმად, განათებული მთა-ბარი ღმერთის თანაბარია (?!). უცნაური კონსტრუქცია გამოვიდა. განათებულ მთა-ბარში დიდი ალბათობით იგულისხმება საქართველო-სამშობლო. პირველი სტრიქონის მიხედვით სამშობლო იყო ხატი, მეოთხე სტრიქონში კი ღმერთს გაუთანაბრდა! პროგრესი აშკარაა, თუმცა ამგვარი მოულოდნელი დაწინაურების საჭიროება არ ჩანს - აკაკისეული "ჩემი ხატია სამშობლო" სხარტად, მაღალმხატვრულად და საკმაოდ სრულად მიანიშნებს პიროვნების საკუთარ ქვეყანასთან მიმართების შინაარსზე.
შეიძლება შემედავონ, რომ ეს ლექსია. ხელოვანს არავინ უკრძალავს დამკვიდრებული სტერეოტიპების რევიზიას. პოეტური თავისუფლება (დშსუტეშფ ზწუეშსფ) შემოქმედებითი პროცესის თანმდევი ნიშანია, მაგრამ არა ჰიმნის ფარგლებში და არა ღმერთთან მიმართებაში.
ქ-ქ| სტრიქონები. არ ვიცოდით, რომ თავისუფლება მღერის და ადიდებს მომავალს. ჩვენ გვეგონა, რომ პირიქით, თავისუფლებას უმღერიან და ადიდებენ. არც შევმცდარვართ! ტექსტის ბოლო ორი - |ყ და ყ სტრიქონი (მისამღერი) ორგზის ადიდებს თავისუფლებას, რითაც აბათილებს (ანგარიშით 2:1) ტექსტისეულ უხერხულობებს.
ქ||-ქ||| სტრიქონები. აქ ცისკრის ვარსკვლავი ჯერ არაა ამოსული და გაბრწყინებული, იგი ამოდის და ბრწყინდება. რადგან ტექსტი თავისთავად, გარედან ჩარევის გარეშე არ შეიცვლება, გამოდის, რომ ცისკრის ვარსკვლავის (რომელიც პირობითად, ალბათ, ბედნიერებასა და წარმატებას ასახიერებს) ამოსვლასა და სრულად გაბრწყინებას საშველი არ დაადგება (იგი, ერთი ქართული ფილმიდან ცნობილი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ვერასოდეს იქნება სამსახურებრივი მდგომარეობის შესრულების მომენტში).
მაშინ რა საჭიროა განათების დამატებითი წყარო ასეთი ბოლომდე ამოუსვლელი ცისკრის ვარსკვლავის სახით, როცა |||-|ქ სტრიქონების მიხედვით ვითარება იდეალურია - მთა-ბარი განათებულია (ალბათ, ბედნიერი და წარმატებულია) და, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, ღმერთის თანაბარია? ამგვარი სრულყოფილებით გაჯერებულ სტატუს-კვოს ვენერას ციმციმი აზრობრივად რამეს მატებს?
"რომელ ორ ზღვაზეა საუბარი?"
გამართლებულია ისედაც მცირე მოცულობის ლექსში პროგრამული ლექსის მოთხოვნების ჩარჩოებიდან ამოვარდნილი, უფუნქციო მეტაფორების ასეთი სიჭარბე?
პრინციპი მეტაფორა მეტაფორისთვის - ერთი მეტაფორით დეკლარირებული აზრის შეცვლა მეორე მეტაფორით - ამახინჯებს ლექსის არქიტექტონიკას. წინასწარ შერჩეული მეტაფორების ლექსში უცილობელი ჩართვის სურვილმა არ უნდა დააკნინოს "რა" - ჰიმნის კვინტესენცია (რომლის შესახებ ზევით იყო აღნიშნული).
ქ||| სტრიქონი. ჰიმნის ტექსტში ორ ზღვას შუა მიმდინარე პროცესის კონსტატაცია - ცისკრის ვარსკვლავის გაბრწყინებას ვგულისხმობ - მძაფრ კითხვებს ბადებს. რომელ ორ ზღვაზეა საუბარი? საქართველოს ერთი ზღვა აკრავს (თბილისის ზღვას გამოვრიცხავ ახსნა-განმარტების გარეშე). დარჩა გალაკტიონის ხედვა, რომელიც თავის ლექსში შავ და კასპიის ზღვებს გულისხმობდა.
დღეს "ორ ზღვას შუა" ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - საქართველო და აზერბაიჯანია. ამიტომ, თუ პირველ სტროფში გაცხადებული მსოფლიო მასშტაბით აქტივობისთვის მზადყოფნა უწყინარი ბაქიბუქობაა ოდენ, ბოლო სტრიქონში უკვე კონკრეტული, "ორ ზღვას შუა" მდებარე რეგიონით დაინტერესება ბუნებრივად ბადებს კითხვას - არის ეს გულისამაჩუყებელი სოლიდარობა ჩვენი კეთილი მეზობლისადმი, ქართული ხელგაშლილობის დადასტურება, სხივური ენერგიის უშურველი გადანაწილების კეთილშობილური ჟესტი?
თუ სწორად მივხვდით, მაშინ ვულოცავთ საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთობლივი ჰიმნის შექნას! საერთო გაზსადენი, საერთო ჰიმნი! ენერგეტიკული და სულიერი ერთიანობა! შეიძლება შეგვედავონ, ლექსში აზერბაიჯანი ნახსენები არააო. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ: ყურადღებით წაიკითხეთ! ლექსში არც საქართველოა ნახსენები! პარიტეტი დაცულია!
მავანისთვის ერთობლივი ჰიმნის ვერსია თუ მისაღები არაა (და არც შეიძლება იყოს), მაშინ ხელში შეგვრჩება ნოსტალგია თემაზე "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო". ჰიმნში თამარ მეფის, და გიორგი ბრწყინვალის ზეობის პერიოდის შეხსენება ფაქტობრივად შეფარული მოწოდების ტოლფასია. რისკენ? ამ თემის შემდგომი განხილვა პოლიტიკურ აბსურდამდე მიგვიყვანს. ორი ბოროტებიდან ნაკლებ ბოროტებას ირჩევენ, ორი სისულელიდან - არც ერთს. ამიტომ შევჩერდები.
ჰიმნის ტექსტის ყველა სტრიქონი (გარდა პირველისა) არის იდეურად და პოლიტიკურად გაუმართავი "აზრების", ყურით მოთრეული მეტაფორების კონგლომერატი.
"ჰიმნის კონკურსზე წარდგენილი ყოფილა 210 ტექსტი"
მახსენდება სადღაც ამოკითხული: ტურისტისთვის უჩვენებიათ ანტიკური ხანის დაზიანებული ქანდაკება, თითქმის უცხვირპირო და მომტვრეული კიდურებით, რომელსაც ჰქონია წარწერა "გამარჯვებული". ტურისტს უთქვამს, თუ ეს გამარჯვებულია, ვერც კი წარმომიდგენია, დამარცხებული როგორ გამოიყურებოდაო.
ჰიმნის კონკურსზე წარდგენილი ყოფილა 210 ტექსტი. გამარჯვებული ტექსტის "ღირსებების" ფონზე მართლაც ძნელია შეგექმნას რამე შთაბეჭდილება დამარცხებულ ტექსტებზე. დამარცხებული 209 ტექსტიდან მე ვერაფერს ვიტყვი 208 ტექსტზე (სამწუხაროდ, საზოგადოებას მათზე ხელი არ მიუწვდებოდა).
ერთს კი ვიცნობ, რადგან თვით ვარ მისი ავტორი. მინდა ეს დამარცხებული ტექსტი გავაცნო მკითხველს და დასკვნა ჟიურისა და თქვენი მონა-მორჩილის ობიექტურობაზე თვით მკითხველმა გააკეთოს: "ქართველო, შენ მოგიწოდებს ერის ხმა და ღვთის კურთხევა, სამშობლოს სადარაჯოზე დავდგეთ ერთად და ურყევად! თავისუფლება, ერთობა - ჩვენი ძალა და ღირსება- გამარჯვების გზას გვინათებს, შენ, საქართველოვ, დიდება!"
შევეცადოთ გავარკვიოთ, რატომაა ეს ტექსტი დამარცხებული და მივუთითოთ ჰიმნისეული ტექსტისგან განმასხვავებელი ნიშნები: - იქნებ იმიტომ, რომ მასში არის სიტყვები "ქართველო" და "საქართველო" (| და ქ||| სტრიქონები)? - იქნებ იმიტომ, რომ იგი შეიცავს მოწოდებას ქართველისადმი (| სტრიქონი) და აცხადებს ქართველი ერის სულიერ კავშირს ღმერთთან (|| სტრიქონი)? - იქნებ იმიტომ, რომ ლაკონურად, უზოგადესი ფორმით გამოხატავს სამშობლოსთან პიროვნების მიმართების არსს - გარკვევით მოუწოდებს სამშობლოს მსახურებისკენ (||| და |ქ სტრიქონები)? - ან იქნებ იმიტომ, რომ თავისუფლება და ერთობა გამოცხადებულია როგორც ღირებულება, როგორც ერის ძალა და ღირსება (ქ და ქ| სტრიქონები), როგორც ჩვენი გამარჯვებების გზამკვლევი (ქ| სტრიქონი)? - შესაძლოა სულაც იმიტომ, რომ ადიდებს მხოლოდ საქართველოს (ქ||| სტრიქონი) და არ აკონკრეტებს(!) რეგიონულ და მსოფლიო ინტერესებს? - შეიძლება იმიტომ, რომ ლექსის ყოველი აზრი ნათლადაა გამოხატული, მასში არაა, ინსტრუქციას რომ საჭიროებენ, ისეთი მეტაფორები?
დარწმუნებული ვარ, ანალოგიური (და უფრო მეტად არგუმენტირებული) პრეტენზიები აქვთ სხვა დამარცხებული ტექსტების ავტორებსაც.
ზ.თ. ეროვნული ცნობიერება განუყოფელია სახელმწიფოებრიობის მოპოვების, შენარჩუნებისა და განმტკიცების იდეისაგან. ერის, ეროვნული იდეის განვითარების უმაღლესი, სრულყოფილი ორგანიზაციული ფორმა სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა. ამიტომ როცა ეროვნულ ღირებულებებზე, ეროვნულ ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთიანობის პრინციპი, რაც გულისხმობს პრობლემის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ხედვების თავსებადობას.
ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების, ეროვნული და სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის ერთიანობის პრინციპი ეროვნული იდეოლოგიის ქვაკუთხედია, ეროვნულობის განცდის, ეროვნულობის პოლიტიკური და ორგანიზაციული გამოხატვისა და აღსრულების უმთავრესი ფორმაა.
და რევერსულად - როგორც უცხო ენებიდან ნასესხები სიტყვების (ხშირად ქართული ენის უგულებელყოფის ხარჯზე, მაგრამ ეს ცალკე თემაა) შეთვისება მშობლიური ენის მიერ, მათი "გაქართულება" ხდება საკუთარ გრამატიკულ ფორმებში ამ სიტყვების მოქცევის გზით, ასევე ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ის სასინჯი ქვა - ის პრიზმა, რომელმაც უნდა გარდატეხოს, სახე უცვალოს ან არ უცვალოს ნებისმიერ გარედან შემოთავაზებულ ინიციატივას, აქტივობას თუ თეზას და საერთოდ აირეკლოს ის, რაც მიუღებელია ეროვნული კულტურული წყობისთვის, ეროვნული ფსიქიკისთვის.
წმინდა ეროვნული პრობლემების მოსაგვარებლად უცხოური დონორი ორგანიზაციები გრანტებს არ იძლევიან. ჰიმნი, რომელშიც არაა ნახსენები "საქართველო", გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება უფრო მისაღებიცაა მავანთათვის, როგორც კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ეროვნული მეხსიერებაგამორეცხილი, ეროვნული თვითიდენტიფიკაციის მოთხოვნილებას მოკლებული საქართველოს მოსარგებად საერთაშორისო პროკრუსტეს მტკივნეულ სტანდარტებთან.
ეროვნული ინტერესების დაცვისთვის საჭირო გრანტი - საჭირო მუხტი ჩვენშივე უნდა მოვიძიოთ - ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობაში, ეროვნულ სიამაყეში, ჩვენს გულებსა და გონებაში, მოქალაქეობრივ ცნობიერებაში, ჩვენს კანონმდებლობაში, სახელმწიფო იდეოლოგიაში. დაპყრობილ ქვეყანაში ეროვნული ინტერესების დამცველად ცალკეული პიროვნებები გვევლინებიან.
ამიტომაც ამბობენ, რომ უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირი სჭირდება. დამოუკიდებელ საქართველოში ილია ჭავჭავაძის ფუნქცია თავად სახელმწიფომ, მისმა ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა შეასრულონ.