ლიკა გურაბანიძე
07.09.2016

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზოგადოებაში დაძაბულობის შემოსატანად სპეციალური ორგანიზაცია შექმნა.

"დაარსებულია, თუ არ ვცდები, რაღაც ორგანიზაცია, რომლითაც აპირებენ გარკვეული არეულობის შემოტანას. ამის მაგალითები არის უკვე, თუნდაც, აჭარაში საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში, მივარდნები და ასე შემდეგ," - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადება "ქართული ოცნების" სახელით მანამდე თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციები.

ჩუგოშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს აგებს და ერთადერთ შანსს არეულობის ინსპირირებაში ხედავს.

ამავე შინაარსის განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების ჩაშლას ცდილობს.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რევოლუცია რამდენჯერმე დაგეგმა, თუმცა არ გამოუვიდა, "ამ პარტიის გათვლა ახლაც მხოლოდ რევოლუციას უკავშირდება". 

ბრალდებებს საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქით უპასუხა.

"ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას. როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს. არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს," - აღნიშნა სააკაშვილმა.

რამდენად მოსალოდნელია არეულობები საარჩევნოდ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): აქ ახალი არაფერია, "ნაციონალური მოძრაობა", მას შემდეგ, რაც ოპოზიციაშია, მუდმივად პროვოკაციული განცხადებებითაა დაკავებული და ემზადება სხვადასხვა პროვოკაციისთვის, ამის დიდოსტატები არიან. ეს ყველამ ვიცით, აქ გასაკვირი არაფერია. გასაკვირია "ქართული ოცნების" პოზიცია, რომელმაც ეს ყველაფერი იცის წლების განმავლობაში და ხმა ახლა ამოიღო. "ოცნება" არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზოგიერთ მაპროვოცირებელ პროცესზე გავლენა მოახდინოს.

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): თუ გავიხსენებთ იმას, რა მოხდა ცოტა ხნის წინ კორცხელში, ხელისუფლებამ რა გააკეთა და რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, ადვილი მისახვედრი იქნება, რას შეიძლება გეგმავდეს წინასაარჩევნოდ ხელისუფლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ძალადობრივი სცენარისათვის ემზადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს. 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ეს მოსალოდნელი კი არა, გარდაუვალია, რაც აუცილებლად მოხდება. ბუნებრივია, რომ ამ არჩევნებით ისინი პოლიტიკური სივრციდან ან გაქრებიან, ან გადარჩებიან. უამრავი პროვოკაცია უკვე სახეზეა, მაგალითად ორგანიზებული საპროტესტო აქციები. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს პროცესის სრული დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ჯერჯერობით ეს ვერ გამოსდით.

 

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში სიტუაციის ასარევად ემზადება და ამისათვის საბაბად მათ არჩევნები სჭირდებათ. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი, რომ მათ საკუთარი პრივილეგიები დაიბრუნონ, მაგრამ, ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს. რვა ოქტომბერს ხალხი იმ დესტრუქციულ ძალას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, პოლიტიკურ სამარეში გაუშვებს.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): სანამ "ნაციონალური მოძარაობა", როგორც დამნაშავე ორგანიზაცია არ გასამართლდება, მანამ ყველაფერია მათგან მოსალოდნელი. "ქართული ოცნების" დანაშაული არის ის, რომ არ გაასამართლა და გადაარჩინა "ნაციონალური მოძრაობა", ამიტომ ორივე დამნაშავე პარტიაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×