კანონპროექტი, რომელსაც სამომავლოდ აღსრულება არ უწერია - ასეთი კრიტიკული შეფასება ერგო ხმაურთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისში მცხოვრებლებს გარედან შემომავალი პიროტექნიკის, მუსიკის, მანქანებისა და მოტოციკლეტების გამაყრუებელი ხმა დღემდე აწუხებთ. ამას თან ერთვის რესტორნებიდან გამოსული ხალხის ორომტრიალი. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი უფლების დაცვასა და წლების წინ ხმაურთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის სისრულეში მოყვანას ითხოვს.
ჯერ კიდევ 2014 წელს, საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურზე რეგულაციის შემოღების ინიციატივით საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოვიდა, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში, რესტორნებში, კლუბებსა და ბარებში, ღამის 11 საათის შემდეგ, ხმამაღალი მუსიკისა და ხმაურზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვდა. მაშინ აღნიშნული ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ მომხდარა.
ხმაურის შეზღუდვასთან დაკავშირებით საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ ახალი კანონპროექტი პარლამენტში შეიტანა.
კანონპროექტის შინაარსი ამგვარი გახლდათ: "კანონდარღვევაა ყველა ტიპის ხმაური, რომელიც განგრძობადი ხასიათის იქნება (საუბარია არა მხოლოდ ხმამაღალ მუსიკაზე, არამედ სხვადასხვა საწარმოებიდან, დანადგარებისგან გამოწვეულ ხმაურზე, რომელიც დასახლებულ პუნქტებში ვრცელდება). პირველ გამოვლენაზე ჯერ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, შემდეგ დააჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირზე 150-300 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500-დან 1000 ლარამდე იქნება".
ასევე ცნობილი იყო ისიც, რომ ხმაური არ უნდა გადასცილებოდა სამუშაო პერიოდს, კერძოდ, დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე 40 დეციბალს, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე - 30 დეციბალს.
ჯერჯერობით ის შეზღუდვები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებდა, არ ამოქმედებულა. შესაბამისად, ყველაფერი ძველებურად გრძელდება. განსაკუთრებით ღამის საათებში ხმაური ზღვრულ ოდენობას ცდება.
"ვიცი, რომ კანონი შეიმუშავეს, მაგრამ ფაქტია, რომ არ ამოქმედებულა. პიროტექნიკით გამოწვეული ხმაური მე პირადად დისკომფორტს მიქმნის, ფანჯარა ღია ვეღარ დამიტოვებია. შარტავას ქუჩაზე ვცხოვრობ და ღამის 2-3 საათზე ისეთი ბათქა-ბუთქი ისმის ხოლმე, რომ თვალს ვერ მოხუჭავ", - ამბობს თბილისელი მეგი ცაგურიშვილი.
წინა რესპონდენტის მსგავსად, ლალი გირგვლიანიც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ხმაურისთვის არავინ დაუჯარიმებიათ. ფიზიკური თუ იურიდიული პირები დღემდე თავის ნებაზე არიან მიშვებული.
"გაიარეთ სკვერებში, ზაფხულობით იქ საშინელება ხდება. განსაკუთრებით ღამით ნახავთ მთვრალ ახალგაზრდებს, რომლებიც ხმამაღლა არჩევენ საქმეებს. საღამოს ბავშვი სასეირნოდ ვეღარ გამიყვანია. ნეტავ ეს მთავრობა რისთვის ხარჯავს ფულს, რესურსს და დროს, თუკი კანონპროექტებს თაროზე შემოაწყობენ და საქმეს სისრულეში ვერ მოიყვანენ? მე პირადად ადრეც და ახლაც ვემხრობი ხმაურზე შეზღუდვის შემოღებას", - განაცხადა ლალი გირგვლიანმა.
რიმა ჯობავას ყველაზე მეტად მატარებლის ხმა აწუხებს. მას დღემდე არ ესმის, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, როგორ მოახერხებენ დეციბალების დათვლას და კანონის რეალობასთან მორგებას.
"მოსკოვის გამზირზე ვცხოვრობ, ჩემი სახლის უკან ლიანდაგები გადის და ღამით მატარებელი რომ გაივლის, სასწაული ხმა შემოდის. მივეჩვიე, უკვე წლებია ასე ვცხოვრობ. ბარ-რესტორნები ჩვენს სიახლოვეს არ არსებობს, ამიტომ ამ კუთხით მშვიდად ვართ. მთვრალი მეზობლების გაწევ-გამოწევას კი რა დალევს, ასეთი შემთხვევები კორპუსთან ახლოს ხშირად ხდება.
შუაღამით ასევე შემაწუხებელია მანქანების, მოტოციკლეტების ხმა. აუცილებელია, რომ რეგულაცია დაწესდეს, მაგრამ ვერ აბამენ თავს", - ამბობს რიმა ჯობავა.
საღამოს საათებში დასაშვები ხმაურის ზღვრის კანონმდებლობით დარეგულირება ყველაზე მეტად ტაბიძის, ქიაჩელის, ახვლედიანის ქუჩების მობინადრეებს სურდათ და დღემდე მცდელობას არ აკლებენ, რომ როგორმე მშვიდად იცხოვრონ. ისინი მერიის ზედამხედველობის სამსახურს დახმარების თხოვნით ჯერ კიდევ 2011-12 წლებში მიმართავდნენ.
"ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს ეს პრობლემა კიდევ გვაწუხებს. არ მესმის, რატომ არ აამოქმედეს კანონი. კერძო სექტორი ვალდებულია, იზრუნოს და მოახდინოს ობიექტის იზოლირება", - აღნიშნა ირაკლი გასვიანმა.
ანალოგიური იყო მოსახლეობის დამოკიდებულება ერთი წლის წინაც. ისინი 2015 წლიდან მოყოლებული მედიასა და კვლევით ორგანიზაციებთან კანონპროექტის ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მაშინაც უმეტესობა ამტკიცებდა, რომ კანონს აღსრულება არ ეწერა. როგორც ჩანს, ჩატარებული კვლევის შედეგი გამართლდა.
"ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია) ქუჩაზე ვცხოვრობ და ღამის საათებში ხმაური ძალიან მაწუხებს. ხდება ისეც, რომ 12 საათის ნაცვლად დილის 4 საათამდე უკრავენ. განსაკუთრებით რთულდება ვითარება ზაფხულში, როცა ფანჯრის გაღების აუცილებლობა დგება. ამას თან ერთვის ავტომობილების გადაადგილება. მუსიკისგან გამოწვეული ხმაური და მანქანების მიმოსვლა ძლიერი ვიბრაციის გამომწვევია და შეიძლება, სახლებიც დააზიანოს. ამიტომაა, რომ ტაბიძის ქუჩაზე სახლები ავარიულია. სიძველის გარდა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ესეცაა.
ასე რომ, ღამის საათებში ხმაურის აკრძალვის ინიციატივას დადებითად ვაფასებ. კარგი იქნება, დასახლებული ადგილებიდან ბარები გადაიტანონ. მაგალითად, ყველასთვის მისაღები ადგილია რიყე. იქნებ ე.წ. დოქის ფორმის თეატრი გამოიყენონ ღამის ბარებისთვის", - ასეთი კომენტარი გააკეთა მარინა ჭუმბურიძემ.
საინტერესოა ერთი წლის წინ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა 416 თბილისელმა მიიღო. "ეისითის" ანალიზმა აჩვენა, რომ დედაქალაქის მობინადრეების ერთ მესამედს (31%) აწუხებდა საღამოს საათებში გარედან შემომავალი ხმაური. მათთვის ყველაზე მეტად (16%) შემაწუხებელი იყო ავტომობილების გადაადგილება. თბილისელებს ასევე დისკომფორტს უქმნიდათ ღამის საათებში ქუჩიდან შემომავალი ხალხის (10%) და ფეიერვერკების ხმა (7%).
"რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ დაადასტურა, რომ ხალხის განწყობა ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა შარშანდელის ანალოგიურია. იგივეა შეფასებები და მოლოდინიც.
რას ფიქრობს ხალხი
გიორგი ჩიმჩიური, 27 წლის: "მიყვარს მანქანაში მაღალ ხმაზე სიმღერების ჩართვა, თუმცა ამაზე არავის დავუჯარიმებივარ ან რატომ უნდა დამიწესონ შეზღუდვა, არ მესმის. ეს კანონპროექტი თავიდანვე განწირული იყო კრახისთვის. არც მქონდა ეჭვი, რომ ამოქმედდებოდა. არ ჰქონდათ განსაზღვრული დეტალები, ისიც არ იცოდნენ, როგორ უნდა ემოქმედათ".
ნინო გაბრიჩიძე, 36 წლის:"ფაქტია, რომ კანონპროექტი არ მუშაობს. მოუგვარებელია ყველაფერი. აგერ, გუშინ ღამის პირველ საათზე პიროტექნიკის ხმამ წამომახტუნა საწოლიდან. რამე რეგულაცია რომ არსებობდეს, ასე გვიან ბათქა-ბუთქს ხომ ვერ გაბედავდნენ? ძალიან მინდა ამოქმედდეს კანონი, რომელიც ხმაურს დაარეგულირებს, თუმცა უკვე ეჭვი მეპარება, რომ რამე მოახერხონ".
როლანდ ნაცვლიშვილი, 33 წლის: "მშენებლობებიდან მომდინარე ხმაური ძალიან მაწუხებს.მარრთალია, ეს დღისით ხდება, მაგრამ მაინც. ღამით სიწყნარეა. რესტორნებთან ახლოს არ ვცხოვრობ და ის ვითარება, რაც ამ მიმართულებით არსებობს, მე პირადად დიდად არც მაწუხებს".
მაცაცო მჟავანაძე, 39 წლის: ვერ გეტყვით, რა ხდება ამ კუთხით. მახსოვს, აქტიურად მიდიოდა საუბარი ადრე. ახლა ყველა გაჩერდა. მიღების შემთხვევაში კანონს ისევე არ უწერია აღსრულება, როგორც კანონს ნაგვის დაყრაზე. არ იციან, როგორ უნდა განსაზღვრონ თუნდაც ის დეციბალები. ნაგავზეც ასეა, ვინ დაადგენს ოდენობას, აწონიან თუ რა? ჯარიმა როგორ უნდა გამოწერონ, ამაზე თავის დროზე არგუმენტირებული პასუხი ვერ მივიღე. პატრულს გამოიძახებო, ამბობდნენ. თუკი პიროტექნიკის ხმამ შემაწუხა, სანამ პატრული მოვა, კი მორჩება სროლა და მერე როგორ ვამტკიცო ჩემი სიმართლე?"