ლიკა გურაბანიძე
08.09.2016

"მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მე როგორც ამომრჩეველი, როგორც პენსიონერი მშობლების შვილი, ვარ შეურაცხყოფილი იმ ტიპის საარჩევნო კამპანიებით, როდესაც პოლიტიკური პარტიები პენსიონერებს ჰპირდებიან მორიგი 5 ლარის მომატებას, მორიგი 10 ან 15 ლარის მომატებას. ეს არის სირცხვილი და ასე ჩვენ ვერასოდეს უზრუნველვყოფთ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი აზრით, ქვეყანა დაგროვებით პენსიაზე უნდა გადავიდეს.

არის თუ არა პენსიის მომატებაზე ზოგიერთი პარტიის დაპირება შეურაცხმყოფელი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): წინასაარჩევნო დაპირება უმეტეს შემთხვევაში ტყუილია. პოლიტიკოსებმა თუ არ მოგვატყუეს, სხვანაირად არ გამოვა. ფაქტია, რომ პენსიონერები უმძიმეს მგომარეობაში იმყოფებიან და მართლა შეურაცხყოფილები არიან.

 

 

 

 თამარ ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ხალხის ხარჯზე იმხელა ჰონორარები რომ აქვთ პოლიტიკოსებს, რამხელაც არ უნდა ჰქონდეთ, ის რეალურია და პენსიონერს 300 ლარი რომ ჰქონდეს, არარეალური? ამას თავხედობა ჰქვია. ადამიანებს შიმშილისგან გსული მისდით. შეურაცხმყოფელი კი არა, ნეტა ვინმემ მოახერხოს და ეკონომიკა ისე დაალაგოს, რომ აბსოლუტურად რეალურად შესაძლებელი იყოს ამ თანხის გაცემა.

 

 

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): შეურაცხმყოფელი კი არა სიცილის მომგვრელია იმიტომ, რომ პენსიების მიმართ ზოგიერთი პარტიის დამოკიდებულება იაფასიანი პოპულიზმია. ამას ირონიულად უფრო აღვიქვამ და სიცილის ხასიათზე მაყენებს. სამწუხაროა ის, რომ უსუფაშვილმა დღეს აღმოაჩინა ის, რომ პენსიონერები შეურაცხყოფილ მდგომარეობაში არიან.

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მე შეიძლება მართლაც არ მომწონდეს 5 და 10 ლარის მომატება. მგონია, რომ სახელმწიფო ხალხს იმდენს უნდა დაჰპირდეს, რამდენის თავიც აქვს. 

ცოტა თანხის დაპირება შეურაცხმყოფელია, ხოლო დიდი თანხის დაპირება ტყუილი.

 

 

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ასეთ დაპირებებს ისეთი პარტიები იძლევიან, რომლებსაც პარლამენტში მნიშვნელოვანი ძალით მოსვლის შანსი არ აქვთ. 

ზოგადად თუ პენსიას უმატებ, მაშინ პენსიონერებისთვის ეს საგრძნობი უნდა იყოს. პენსიონერისთვის მცირე თანხა რეალურად არაფერი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×