მამუკა ნაცვალაძე
08.09.2016

V საუკუნე გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ვახტანგ გორგასლის პოლიტიკურმა ალღომ და გამჭრიახობამ სულ სხვა რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა - ფილიგრანულმა პოლიტიკამ შეაძლებინა ქართლს არა მარტო საკუთარი ინტერესები დაეცვა ურთულესი საერთაშორისო ვითარებისას, არამედ თავად ეკარნახა სასურველი პოლიტიკა ირანისა და ბიზანტიისთვის.

 ეს ის პერიოდია, როცა განსაკუთრებულად გაძლიერდა სასანური ირანი. ამ სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ტერიტორიები შემოიერთა. ის გადაჭიმული იყო ინდოეთიდან სირია-პალესტინამდე და სამხრეთ კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე. ირანის პარალელურად ძლიერდება ბიზანტია, რომელიც აკონტროლებდა მთელ ბალკანეთსა და ეგვიპტეს, მცირე აზიასა და პალესტინას. ორივე იმპერიას კავკასიის ხელში ჩაგდება სურს. სწორედ აქ იკვეთება მათი ინტერესები.

და რაოდენ საცნაურია, რომ ამ ჩახლართულ და საკმაოდ რთულ რეალობაში ვახტანგ გორგასალი უარს აცხადებს ისეთი ეფექტური კოზირის გამოყენებაზე, როგორიც ჰუნებთან და გოთებთან მოკავშირეობაა. ეს მომთაბარე ტომები ხომ შიშის ზარს სცემენ იმჟამინდელ ცივილურ სამყაროს.

მაინც რა არის ვახტანგ გორგასლის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი? რატომ არ ჩათვალა ქართველმა მეფემ მომთაბარე ტომების ფაქტორის გამოყენება საჭიროდ? ამ კითხვებზე პასუხს იმჟამინდელი პოლიტიკური მოვლენების ანალიზი გვიკარნახებს.

რატომ იხმო თავის კარზე იეზდიგერდმა ქართველი დიდებულები

V ს-ნის პირველი ნახევრისათვის აშკარად იკვეთება ირანის აგრესიული პოლიტიკა რელიგიურ სფეროში. შაჰმა იეზდიგერდ II-მ აქცენტი ცალსახად აიღო კავკასიის გამაზდიანებაზე. განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, ეს უკვე ირანის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მთავარი სტრატეგიაა, რამდენადაც თავად სასანიანებმა გამოაცხადეს მაზდეანობა სახელმწიფო რელიგიად.

სწორედ მაზდეანობის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად ის ღონისძიებები, რასაც იეზიგერდი ანხორციელებდა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის მიმართ. უპირველესი ნიშანი ვითარების არცთუ სასიკეთოდ შემოტრიალებისა იყო ის, რომ იეზიგერდმა  კავკასიელი დიდებულები თავის კარზე იხმო. ქართლიდან, სომხეთსა და ალბანეთიდან იეზდიგერდს ეახლნენ ბადეშხი არშუშა და სხვა ტანუტერები - იგივე მამასახლისები, ფეოდალური სახლის, გვარის უფროსები. სამივე ქვეყნის დიდებულებს კატეგორიულად მოთხოვეს უარეყოთ ქრისტიანობა და მაზდეანობა მიეღოთ.

რატომ დაიტოვეს მძევლად ირანელებმა არშუშა პიტიახში

ვითარება ურთულესი გახლდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს კავკასიელმა დიდებულებმა შაჰს მოჩვენებით დათანხმებოდნენ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისევ  ქრისტიანობაზე მოქცეულიყვნენ. თუმცა, იეზდიგერდს სხვა შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა და მარტო დიდგვაროვანთა გამაზდიანებაზე არ იყო ყაბულს.

უკან დაბრუნებულებს შაჰმა უმარავი მოგვი გამოაყოლა. მარტო სომხებს შვიდასი მოგვი მოსდევდა თან. სწორედ მოგვებს უნდა დაეწყოთ ქადაგება, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეკლესიების დახურვა და ირანული სარწმუნოების თანდათანობით დამკვიდრება.

იმისათვის, რომ ეს პოლიტიკა წარმატებული ყოფილიყო და კავკასიაში დაბრუნებულებს რაიმე გაუთვალისწინებელი რამ არ მოემოქმედათ, იეზდიგერდმა მძევლები დაიტოვა. ერთ-ერთი მძევალთაგანი იყო არშუშა პიტიახში.

აშკარა იყო, რომ ქრისტიანობას დიდი განსაცდელი ელოდა, ირანის პოლიტიკა და კავკასიური ქვეყნების გამაზდეანება მიანიშნებდა, რომ სულ მალე ქართლი, სომხეთი და ალბანეთი ირანის პროვინციებად იქცეოდნენ. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ მოგვები განსაკუთრებული გულმოდგინებით ასრულებდნენ იეზდიგერდის დავალებას.

როგორ ააფორიაქეს ბარბაროსებმა ევროპა

ეს ის პერიოდია, მთელი ევროპა მომთაბარე ტომებმა რომ ააფიორიაქეს. მთავარ როლს ჰუნები, გოთები და ალანები ასრულებენ.

თურქუნელოვანი ჰუნები, რომელთა ერთიანი ეთნიკური ჯგუფის ფორმირება ხდება II-IV სს-ში, ევროპისაკენ დაიძრნენ. მანამადე ისინი ერწყმიან ვოლგისა და ურალის მოსახლეობას და IV ს-ის 30-იან წლებში ამარცხებენ ალანებს.

საგულისხმოა ისიც, რომ ალანებმა და ჰუნებმა ბრძოლის შემდეგ გამონახეს საერთო ენა - ალანთა ერთი ნაწილი ჰუნებს მიჰყვება ევროპაში და ვანდალებთან ერთად ქმნის სამეფოს ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე ნაწილი კი ჩრდილოეთ კავკასიას აფარებს თავს. შემდეგ ისინი სხვადასხვა ხალხებში ითქვიფებიან.

საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ხვდება დასავლეთი ევროპა ჰუნთა და გოთთა მოძალებას. 395 წელს რომის იმპერია ორ ნაწილად გაიყო. მისი აღმოსავლეთი ნაწილი, ბიზანტია, აქტიურად იცავს საკუთარ ტერიტორიას. ეს არ არის იოლი საქმე, რამდენადაც მათი უმთავრესი მოწინააღმდეგენი ბარბაროსები არიან, რომელთა ქმედება არანაირ პროგნოზს არ ექვემდებარება. ჰუნები ატილას მეთაურობით კონსტანტინოპოლს მისდგომიან, თუმცა ვერ ახერხებენ ქალაქის აღებას.

უფრო მძიმე ვითარებაში იყო დასავლეთ რომის იმპერია. რომის ზნეობრივი დეგრადაცია აშკარაა, ამიტომაც ფიზიკურად და მორალურად დაუძლურებული მარადიული ქალაქი ვერ უმკლავდება მომთაბარეთა შემოსევებს.

410 წელს ალარიხის მეთაურობით ვესტგოთები იღებენ რომს, ამას 455 წელს ვანდალების მიერ მარადიული ქალაქის მეორედ აღება მოსდევს. V ს-ნის 50-იანი წლებისთვის რომის იმპერიასთან ჩნდება ატილა, 476 წელს რომს მესამედ იღებს გერმანული ტომის ბელადი ოდოაკრი, რის შემდეგაც დასავლეთ რომის იმპერია, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, არსებობას წყვეტს.

საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბარბაროსული ტომები არა მარტო დასავლეთ ევროპაში მკვიდრდებიან, ისინი კავკასიის ქედის სამხრეთითაც სახლდებიან, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ქართული ცივილიზაციისათვის.

როგორ აღმოჩნდა გორგასალი მარტო ურთულესი პრობლემების წინაშე

ბარბაროსები დარიალს იქით არიან, კავკასიონის უღელტეხილი საიმედოდაა ჩაკეტილი, არადა, კავკასიაშიც ურთულესი სიტუაციაა - ირანი აშკარა აგრესიაზეა გადასული, არც ბიზანტიაა გულხელდაკრეფილი.

შიდაპოლიტიკური ვითარება, არეული სიტუაცია, კარგ საფუძველს უქმნის ორივე ძალას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ქართლის სამეფოში არსებული შიდა დაპირისპირებები. ფეოდალები ისწრაფვიან საკუთარი უფლებების განმტკიცებისთვის, ისინი ცდილობენ მამულები სამემკვიდრეო პრინციპით მოიპოვონ, რაც ქართლის მეფის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ დროს კი ირანელები ფეოდალებს სთავაზობენ მათი მორჩილებაში შესვლის სანაცვლოდ  მამულების სამემკვიდრეო პრინციპით დამტკიცებას.

უაღრესად დიდია ცდუნება - ფეოდალთა დიდი ნაწილი ვახტანგის წინააღმდეგია - საკუთარ კეთილდღეობას ამჯობინებს ქვეყნის კეთილდღეობას.

ამ ურთულეს პროცესებთან ვახტანგ გორგასალი ფაქტობრივად მარტო რჩება, ის ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარი ძალებით მოაგვაროს პრობლემები. ეს ცდა უშედეგო სრულიადაც არაა - 482 წელს მისი დავალებით კლავენ ქვემო ქართლის პიტიახშს ვარსქენს, რომელიც კავკასიაში ირანული პოლიტიკის მთავარი დასაყრდენი იყო.

რატომ თქვა უარი გორგასალმა ქართველ მეფეთა ტრადიციულ კოზირზე 

აშკარაა, რომ ამ ნაბიჯს ვახტანგს ირანი არ აპატიებს. ასეც ხდება, მარტო დარჩენილ ვახტანგს სასანიდები ამარცხებენ. ეს მაშინ, როცა გორგასალს გააჩნდა იარაღი ირანელთა წინააღმდეგობის იოლად დასაძლევად.

ეს კოზირი არაერთხელ გამოუყენებიათ ვახტანგის მეფობამდეც და მის შემდეგაც ქართველ მეფეებს - დარიალის კარიდან შემოშვებული ჩრდილოკავკასიელთა ურდოები არაერთხელ ყოფილან აქემენიდთა ირანის, პართიის, რომის იმპერიის წინააღმდეგობის დაძლევის მთავარი საშუალება. ამ მხრივ მართლაც კარგი მაგალითი ჰქონდა ვახტანგს თავისი წინაპრებისგან, თუმცა...

გორგასალი შეგნებულად არ მიდის ამ გზით. ის უარს აცხადებს წინაპრების მიერ აპრობირებულ მეთოდზე. არადა, ფაქტია ამჯერადაც მსგავსი ნაბიჯი საკმაოდ იოლად მოუტანდა ვახტანგს შედეგს.

დარიალის კართან ალანებს გარდა, გუთები, ჰუნები და სარმატები არიან დაბანაკებულნი, რომელთაც ხელეწიფებათ ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა ვახტანგი ჯიუტად არ მიდის ამ ნაბიჯზე, რაც ცალსახად საკუთარი ტახტის გაწირვაა და სხვა არაფერი.

თუ გავიხსენებთ, რომ ვახტანგს ალან-ოსებთან გართულებული ურთიერთობა აქვს, ეს სიჯიუტე ერთგვარად ლოგიკურ სახეს იძენს. ათი წლისაც არ იყო ვახტანგი, პატარა და რომ მოსტაცეს ოსებმა. ექვსი წელი ემზადებოდა გორგასალი იმისთვის, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი ტყვეობიდან დაეხსნა. მოახერხა კიდეც. აშკარაა, რომ მას პირადი წყენა აქვს ჩრდილოკავკასიელების მიმართ, შესაძლოა მისი ადამიანური სისუსტეცაა მათთან ურთიერთობაზე უარის თქმა, თუმცა, ვახტანგი არ გახლავთ ის პოლიტიკოსი, რომელმაც პირადი წყენა ვერ დასძლიოს და ქვეყნის სასიკეთოდ რეალური კოზირი არ გამოიყენოს.

მაშ რაშია საქმე? რატომ ამბობს ქართველი მეფე უარს იმ გზაზე, რაც როგორც ირანელებთან, ისე ბიზანტიელებთან ცალსახად მისი გამარჯვების გარანტიაა?

რა შედეგი მოჰყვებოდა დარიალის გახსნას

საქმე ისაა, რომ დარიალის კარის გახსნას ჩრდილოეთ კავკასიიდან ალანთა, სარმატთა, ჰუნებისა და გუთების შემოსევა მოჰყვებოდა. მართალია ალანები ტრადიციულად ადვილად სამართვნი არიან და მასობრივად ჯერ კიდევ არ დაძრულან კავკასიონის ქედს აქეთ, თუმცა, მათგან განსხვავებით სარმატები, გუთები და ჰუნები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და ვახტანგმა რომ დარიალის კარი გახსნას და ეს ტომები თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს, ბარბაროსები სამუდამოდ დამკვიდრდებიან კავკასიაში, ასეთ შემთხვევაში გადარჩებოდა ვახტანგის ტახტი, თუმცა, მთლანად მოიშლებოდა ის კულტურულ-სტრატეგიული გეზი, საქართველოს განვითარების მთავარი გარანტი რომ გახლდათ.

მოხდებოდა ის, რაც მოხდა დასავლეთ ევროპაში ვანდალებისა და სხვა ბარბაროსების გამეფების შემთხვევაში. მოხდებოდა ის, რასაც ვერ ასცდა საქართველო 1080 წელს დაწყებული დიდი თურქობის სახით, სადაც ფეოდალური საქართველო, მისი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით უძლური აღმოჩნდა მომთაბარე სელჩუკთა ურდოების წინააღმდეგ.

ამბავი ეროვნულ ინტერესებს შეწირული სამეფო ტახტისა

აი, ამიტომ განაცხადა უარი გორგასალმა მეფობის პირველივე წელს ბარბაროსების თავის სასარგებლოდ გამოყენებაზე. ისინი კავკასიონის მთებს იქით გადევნა და თავისი ზეობის პერიოდში აღარც გაუხსნია დარიალის კარი.

ძნელია იმის თქმა, ვახტანგი ინტუიტიურად მოქმედებს, თუ აქვს ინფორმაცია ევროპაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ფაქტია, რომ ევროპაში ბარბაროსთა ფეოდალიზაციის პროცესმა მთლიანდ დაანგრია დასავლურ ევროპული კულტურა, სწორედ ამგვარი რეალობა აარიდა თავის ქვეყანას ვახტანგმა, მან საქართველოს ინტერესებს თავისი ტახტი შეწირა.

მართალია 532 წელს ირანელებმა მეფობა გააუქმეს ქართლში, თუმცა, ეს დროებითი დათმობა იყო, ქართული კულტურის განვითარება ამ დათმობით მხოლოდ დროებით შეფერხდა, რაც მთავარია, გადარჩა ქართული წიგნიერება, გადარჩა ის კულტუროლოგიური ხაზი, რაც ქრისტიანული ყოფა-ცხოვრებისა და სარწმუნოების ძირითადი ქვაკუთხედი იყო და რომელმაც განსაზღვრა კიდეც ქართველი ერის სტრატეგიულ განვითარება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×