"დედაქალაქის მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს სტუდენტების წინაშე"
მარიამ აფციაური
09.09.2016

თბილისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას სხვადადსხვა შეფასება მოჰყვა.  რესპონდენტების ნაწილი "რეზონანსთან" საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ტიპის დახმარება გრძელვადიანი პერიოდში ეფექტს არ იძლევა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ხელმოკლე ოჯახებისთვის ეს დიდი შვებაა.

 თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დააფინანსებს. საბუთების შეტანა დაწყებულია, განაცხადები 20 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.

"ვაფინანსებთ 50%, 70% და თუ მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს სტუდენტს სრულად, ანუ 100%-ითაც. რაც შეეხება მოთხოვნას, მაღალია, რადგან დიდია სოციალურად დაუცველ სტუდენტთა რაოდენობა", - აცხადებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში.

სტუდენტების ნაწილი პროგრამის დეტალებს იხილავს და ამბობს, რომ პროცედურები, რასაც დაფინანსების მოპოვება მოითხოვს, საკმაოდ რთულია.

"ვადა ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული, უამრავი განცხადება და დოკუმენტია მისატანი: ნიშნების ფურცლები, რეკომენდაცია, ცნობა სტატუსის შესახებ და ა.შ. ამ ყველაფრის გადამოწმება ყოველთვის შეიძლება ონლაინ სისტემით", - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ.

იგი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს და ერთხელ უკვე სცადა მერიის მიერ დაწესებული შეღავათით სარგებლობა, თუმცა მკაცრი პირობებიდან გამომდინარე, ვერ შეძლო.

"ადრეც მიცდია თბილისის მერიის შეღავათით მესარგება, მაგალითად, წინა სემესტრში, მაგრამ დროში ვერ ჩავეტიე. თურმე ვადას გადავაცილე, გამონაკლისის დაშვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ვერ მოვახერხე დაფინანსების მიღება", - განმარტა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა.

მას არ ესმის, რა საჭიროა დაფინანსებისთვის, ყველა სხვა მოთხოვნასთან ერთად, ფაკულტეტის დეკანატის რეკომენდაციის გაწევა.

"ერთადერთი არ მესმის, რა კავშირშია დახასიათება დეკანატიდან და დეკანის მხრიდან, როცა საუბარია სწავლის დაფინანსებაზე. შეიძლება არ იყოს სტუდენტი ახლო ნაცნობობაში ხელმძღვანელობასთან და ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მაგრამ იყოს წარჩინებული სტუდენტი. შესაბამისად, კავშირს ვერ ვხედავ დაფინანსებასა და დეკანის რეკომენდაციას შორის", - აღნიშნა "რეზონანსთან" ირაკლი კუპრაძემ.

ანა კამლაძე თსუ-ში სწავლობდა, მაგისტრატურას კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს. მისი აზრით, მერიის მხრიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება სწავლის მსურველთა წახალისებას შეუწყობს ხელს.

"მისასალმებელია, რომ დედაქალაქის მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს სტუდენტების წინაშე, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. ეს სტუდენტთა გარკვეული რაოდენობისთვის მაინც არის შანსი, რომ განათლება მიიღონ და სწავლის საფასური დამატებით ტვირთად არ დააწვეთ.  მნიშვნელოვანია, რომ განათლება ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და საჭირო აღარ იყოს მსგავსი ტიპის სოციალური დახმარებები, რომლებიც ხანგრძლივვადიან პერიოდში ეფექტს არ იძლევა", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა.

"რეზონანსი" თბილისის მერიის მიერ 2015 წელს გავრცელებულ მონაცემებს გაეცნო, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2016 წლის ბიუჯეტში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილი თანხა 95,1 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2 მლნ 500 ათასი ლარით მეტია.

სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა გუკა რჩეულიშვილმა სწორედ წინა წლებში წამოწყებული პროექტები გაიხსენა და დადებითად შეაფასა.

"სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს, ნებისმიერი დახმარება გამოგვადგება სტუდენტებს. მართალია, ეს საერთო ფონს ვერ შეცვლის, თუმცა ცოტათი მაინც შეამსუბუქებს მდგომარეობას.  კარგია ამ ქვეყანაში ვიღაც მაინც რომ ზრუნავს სტუდენტებზე.  როგორც ვიცი, მერიის მხრიდან ასეთი სახის აქტივობა პირველი არ არის. მათ განათლებული ხალხის დასახმარებლად თანხა ბიუჯეტიდან შარშანაც გამოყვეს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. ასევე ზრუნავენ მაღალი მოსწრების მქონე მაგისტრებზეც. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მერიამ მათ გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწია", - ამბობს გუკა რამიშვილი.

როგორც ჩანს, სოციალური პროგრამები, რასაც მთავრობა ახალგაზრდებს სთავაზობს, არ არის საკმარისი. სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლას ვერ აგრძელებს. რესპონდენტების მტკიცებით, ხშირად ამის მიზეზი უსახსრობაა.

"ჩემი არაერთი თანაკურსელი სწავლის საფასურის გადასახდელად იძულებულია იმუშაოს ან კრედიტი გამოიტანოს. არ არსებობს არანაირი სოციალური გარანტია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ იხდიან გადასახადს. სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება უნივერსიტეტის ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ის უნდა გაათავისუფლოს სამურვეო ხარჯისგან. ეს მოგვცემს საშუალებას, ის თანხები გადავისროლოთ ისეთ სფეროებში, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს დაფინანსებაში", - აცხადებს თსუ-ს მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახაძე.

"სტატუსშეჩერებული სტუდენტის" ცნება საქართველოში აქტუალობას არ კარგავს. აქედან გამომდინარე, მაღალია მერიის სოციალური დახმარების მოპოვების მსურველთა რაოდენობაც.

მარტო თსუ-ში, სადაც 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, გაზაფხულის სემესტრში სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტატუსი შეჩერებული 7743 სტუდენტს ჰქონდა. აქედან 2015-16 სასწავლო წლისთვის სტატუსი შეიჩერა 1200 სტუდენტმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ასევე განგვიმარტეს, რომ ზემოთაღნიშნული მონაცემები სრული არ არის.

"სტატუსის შეჩერებასთან, ასევე სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები ახალი სასწავლო წლისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", - აღნიშნავენ თსუ-ს ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება მიზეზებს: "მიზეზთა შორის, შესაძლოა, იყოს ოჯახური მდგომარეობა, უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დასაქმება, ასევე სწავლის საფასურის გადაუხდელობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სარგებლობენ სწავლის საფასურის შეღავათიანი, ეტაპობრივი გადახდის სისტემით, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია მათთვის", - განაცხადეს თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

რას ფიქრობს ხალხი

ქეთევან ჭანტურია, 43 წლის: "ასეთი პროექტი პირველად არ შეუთავაზებია მერიას. შვილი სტუდენტი მყავს და ვიცი. მათ გაჭირვებულ ახალგაზრდებს შარშანაც მისცეს შანსი და გადასახადის ნაწილი დაუფარეს. ჩვენ არ ვართ სოციალურად დაუცველნი და შესაბამისად, იმ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ, რაც არის მითითებული. ასე რომ, საბუთები არ შეგვიტანია".

თიკო მჟავანაძე, 28 წლის: "ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი სტუდენტია და ვფიქრობ, ყველას დაკმაყოფილება თბილისის მერიას გაუჭირდება. მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა. მე პირადად უნივერსიტეტი 7 წლის წინ დავამთავრე.  მაშინ არ მახსოვს, ყოფილიყო ასეთი წახალისება, შეღავათები. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე ჩემმა ჯგუფელმა, უსახსრობის გამო სწავლაც კი შეწყვიტა, სოციალურად დაუცველები იყვნენ, არ ჰქონდათ შესაძლებლობა. ახლა თუ მიხედავენ ასეთ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება".

თემურ რაზმაძე, 36 წლის: "მეტი ინფორმაცია რომ მოგვაწოდონ, არ იქნება ურიგო. ახლა პირველად თქვენგან გავიგე, რომ მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის თანხას გამოყოფს.  დაფინანსების შანსი თუ იყო, ესეც არ ვიცოდი. მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ხალხმა ასეთი სასიკეთო წამოწყების შესახებ რომ შეიტყოს და ისარგებლოს. ახალ ავტობუსების შემოყვანის თაობზე კი მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს არანაკლება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შვილი, შვილიშვილი სტუდენტი ჰყავს".

თეკლა გულდამაშვილი, 25 წლის: "ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია და აბსოლუტურ უმრავლესობა სწავლის საფასურის დაფარვა უჭირს. ჩემი მეობრებიდან რამდენიმემ უფულობის გამო სწავლა შეაჩერა. ახლა მუშაობენ და ფულს აგროვებენ, მომავალი წლიდან დაუბრუნდებიან უნივერსიტეტს, სწავლას გააგრძელებენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×