მოსაზრება
09.09.2016

გიორგი ლაბაძე

 საქართველოში სულ რაღაც 1 თვეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და საინტერესოა ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე თემას შევეხოთ. 

აღნიშნულ წერილს ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი - გვიჩვენოს რეალურად რა უფლებამოსილებები აქვს და რა ევალება პარლამენტის წევრს და მეორე, რამდენ საფეხურიანია საჯარო ადმინისტრირება და ზოგადად, სახელმწიფოს მართვის სტრუქტურა საქართველოში. 

ზენიტში შესული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ხშირად გაიგებთ პარლამენტის წევრობის კანდიდატებისაგან ისეთ დაპირებებს, როგორებიცაა სახლებისთვის სახურავების გამოცვლა, გზების შეკეთება, საცხოვრებელი სახლების პრივატიზაცია და სხვ.  სინამდვილეში, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტის სტატუსს განსაზღვრავს შემდეგნაირად - "საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარლგებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებემოსილებებს." 

ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრს სულ სხვა მიზნები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ეს წინა აბზაცში ჩამოთვლილია. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა დაპირება ავტომატურად ნიშნავს პოპულიზმს.  

ახლა გადავიდეთ იმის განხილვაზე, თუ ვის ევალება ზემოთ დასახელებული სერვისებით მოსახლეობის დაკმაყოფილება...  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართბელობის კოდექსის მიხედვით, ამგვარ უფლებამოსილებებს ახორციელებს გამგებელი - მერი. 

კოდექსი განმარტავს "გამგებელი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას." თითოეული მოქალაქის სერვისით დაკმაყოფილება და მისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობის შექმნაზე ზრუნვა არათუ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრისთვის, არამედ თემის - ქალაქის ხელმძღვანელისთვისაც კი რთულია. 

შესაბამისად, გამგებელს - მერს ჰყავს მივლენილი თავისი წარმომადგენელი ტერიტორიულ ერთეულში, რომლებიც, ქართულ რეალობაში დიდი საქმიანობით არ გამოირჩევიან და განსაკუთრებულად არ იტვირთავენ თავს მოსახლეობის პრობლემების გამგებლისთვის გადაცემით.  

კიდევ ერთი "პატრონი", რომელიც ტერიტორიულ ერთეულს ჩვენს ქვეყანაში ჰყავს, არის საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც ადმინისტრაციული ერთეულებში ირჩევენ და ამის შედეგად, კომპლექტდება თემის - ქალაქის საკრებულო. 

საკრებულოს ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა გაწეროს ბიუჯეტი და ადეკვატურად შეადგინოს მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე.  

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად საკრებულოს დეპუტატები ფინანსებს საკუთარი თანამდებობრივი სარგოების მომატებისთვის მიმართავენ-ხოლმე და ნაკლებად მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის (მაგალითისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობისთვის გამოყოფილია მთლიანი წლიური ბიუჯეტის 50%-ზე მეტი).  

საქართველოში სახელმწიფოს მართვის საფეხურები ამით არ ამოწურულა, ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და იგი მივლენილია 12 მხარეში.  

სახელმწიფო რწმუნებული ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში. ასევე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შესახებ.  

გამოდის, რომ ცენტრალური ხელისუფლების, პარლამენტის, თვითმმართველი ერთეულის გამგებლის და თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს გარდა ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მთავრობასთან შეთანხმებით უნდა ზრუნავდეს ასევე სახელმწიფო რწმუნებულიც.  

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმას, თუ რამდენს უხდის საქართველოს მოსახლეობა ჩამოთვლილი თანამდებობის პირებს.  საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება დანამატის ჩათვლით, შეადგენს 3750 ლარს, თვითმმართველი ერთეულის გამგებლის - მერის ანაზღაურებაა 2650 ლარი, საკრებულოს დეპურატის - 1500 ლარი, ხოლო რწმუნებულ-გუბერნატორის - 2950 ლარი. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ჰყავს თავისი ადმინისტრაცია და პერსონალი, რომლის შენახვაც საერთო ჯამში ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

ჩემი მოსაზრებით, მთავრობის ასეთი სიდიდე ამდენად პატარა ქვეყნისთვის საჭირო ნამდვილად არ არის, მაგრამ კრიტიკა აღარ იქნება საჭირო, თუკი ისინი მხოლოდ უფლებებს კი არ გამოიყენებენ, მოვალეობებსაც შეასრულებენ. 

ქვეყანაში დიდი ხანია მიმდინარეობს "სავარძლებით თამაში" და ამ მანკიერი მხარეების ჩამორეცხვა ქვეყანამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ შეძლო.  

და ბოლოს, პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ის, რაც პირველ რიგში წინასაარჩევნოდ უნდა მოსთხოვოთ პარლამენტის წევრობის კანდიდატს, უნდა იყოს სწორედ ის, თუ რატომ არის მთავრობა ასეთი დიდი და რატომ მაინც არავინ ზრუნავს ქართველ ხალხზე?!  

ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა განსაკუთრებით იმ პარტიებს, რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, ძალიან გაუჭირდებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×