ია აბულაშვილი
12.09.2016

ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის მცდელობა ჯერ კიდე მე-12 საუკუნეში იყო, როდესაც ინგლისში "თავისუფლების დიდი ქარტიის" მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველ დიდგვაროვნებს შორის სამეფო მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ-არსლანის თაოსნობით შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვის და პარლამენტის ტიპის ორგანოს - კარავის შექმნის იდეა. მაშინ დაპირისპირაბაში საბოლოოდ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს, თუმცა მეფე იძულებული გახდა თავისი სათაბირო ორგანოს - დარბაზის როლი და ფუნქცია გაეზარდა.

 პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოში ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1919 წლებში და მას ეწოდებოდა ეროვნული საბჭო. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა, რაც განისაზღვრა კრების მიერვე მიღებული საქართველოს კონსტიტუციით.

პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში

საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები ჩატარადა 1919 წლის 14-16 თებერვალს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრება. მას უნდა განესაზღვრა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები და შეემუშავებინა კონსტიტუცია.

1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა დაამტკიცა დამფუძნებელი კრების დებულება. იგი ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორ, პირდაპირ და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით არჩევნების ჩატარება ევალებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 

საარჩევნო უფლება 20 წლის ასაკიდან განისაზღვრა. პარლამენტს ირჩევდნენ 3 წლის ვადით.

არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა. ძირითადი არჩევნები 13 მაზრასა და 17 ქალაქში ჩატარდა. 

არჩევნებში სულ 15 პარტია იყო დარეგისტრირებული. უამინდობის, სამხედრო ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ზემო სვანეთში, ბორჩალოს მაზრაში, დუშეთის მაზრის რამდენიმე უბანზე, სოხუმის ოლქში, ახალქალაქსა და ახალციხეში არჩევნები ვერ გაიმართა, თუმცა, მცირე ხანში აქ დამატებითი არჩევნები ჩატარდა.

საკანონმდებლო ორგანო კი ასე დაკომპლექტდა: 

არჩევნებზე #1-ით მონაწილე "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიამ" 102 მანდატი მოიპოვა; 

#5 ნომერის მქონე - "საქართველოს სოციალ-ფედერალისტა პარტიამ" - 9 მანდატი; 

#2-ის მქონე "საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" - 8 მანდატი; 

"საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ" (#3) - 6 მანდატი; 

პარტია "დაშნაკცუთიუნმა" (#4) - 3 მანდატი; 

"საქართველოს ეროვნულმა პარტიამ" (#8) - 2 მანდატი.  

საბოლოო ოქმში საარჩევნო კომისიამ მიუხედავად გამოვლენილი მცირედი დარღვევებისა არჩევნები დემოკრატიულად მიიჩნია და შედეგები დაამტკიცა.

პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები

130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო, ხუთივე "სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის" წევრი: 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა;

ანა სოლოღაშვილი - დახვრიტეს 1937 წელს; 

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე - 1918 წლიდან "გურიის ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარე. ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება 1921 წლიდან. დახვრიტეს 1937 წელს კონტრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით; 

ქრისტინე შარაშიძე - პარტიის წევრი 1905 წლიდან. მონაწილეობდა ტფილისის 1905-06 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. ამზადებდა საგაზეთო მასალებს. საქართველოს გასაბჭოებამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს;

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე - სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მუშაობდა "წითელ ჯვარში" და ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ მოძრაობებს. 1924 წელს იძულებით გადაასახლეს მოსკოვში.

შემდეგი პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილი გამოაცხადა დამფუძნებელი კრება. 1921-1938 წლებში წარმომადგენლობით ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 

1938-1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადჟგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად ეკუთვნოდა, სინამდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტიურად არ არსებობდა.

1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევიდან სამოცდაათი წლის შემდეგ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად ჩატარდა დემოკრატიული მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც 14 პარტია მონაწილეობდა. 

არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით. არჩეული იქნა უზენაესი საბჭო 250 დეპუტატი (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) 5 წლის ვადით. 

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 67%-მა. 4%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით მანდატები მიიღო მხოლოდ 2 პარტიამ - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" - 81 დეპუტატით. 17 ადგილი მოიპოვა კომპარტიამ. 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად შერჩეული უნდა ყოფილიყო მოქალაქე რომელიც უკვე იყო 23 წლის და რომელსაც საქართველოში არანაკლებ 10 წელი უცხოვრია.

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

ეს არჩევნებიც შერეული სისტემით გაიმართა. მისი ჩატარების წესი განსხვავდებოდა სხვა არჩევნებისაგან. მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე აირჩიეს 75 დეპუტატი, პროპორციული სისტემით კი - 150 დეპუტატი. საარჩევნო ბარიერი 2% იყო. 

არჩევნებში მონაწილეობდა 36 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი. ბარიერი გადალახა 24-მა: "დემოკრატიულმა პარტიამ" - მიიღო 10 მანდატი; "ქარტია 91" - 9 მანდატი; "ეროვნულ - დემოკრტიულმა პარტიამ" - 12 მანდატი; "ქართველ ტრადიციონალისტა კავშირმა" - 1 მანდატი; ბლოკი "ერთობა" - 14 მანდატი; "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" - 7 მანდატი; "საქართველოს მწვანეთა პარტიამ" - 11 მანდატი და ა.შ.

ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი, რომლის არჩევაში მონაწილოება მიიღო 2 575 197 ამომრჩეველმა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო მერაბ ალექსიძე.

1995 წლის 5 ნოემბრის საპრალმენტო არჩევნები

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის გარდამავლი დებულებით განისაზღვრა 5 ნოემბრის არჩევნების ჩატარების პირობები. მასში მონაწილოების მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც წარმადგენდნენ 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას. 

პროპორციული სისტემით არჩევნები ტარდებოდა ერთიანი პარტიული სიით. პოლიტიკურ გაერთიანებებს უფლება ჰქონდათ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარედგინა დეპუტატობის ის კანდიდატებიც, რომელიც მის პარტიულ სიაშიც იყო. 

აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის გამო არ დანიშნულა არჩევნები, ამიტომ აფხაზეთის 12 დეპუტატს უფლებამოსილება გაუგრძელდა. 

პარლამენტში უნდა ყოფილიყო 235 დეპუტატი. 150 ირჩეოდა პროპორციული სიით, 85 კი - მაჟორიტარული წესით. 

5%-იანი ბარიერი გადალახეს: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა", რომელმაც მოიპოვა 90 მანდატი; "ეროვნულ-დემოკრატულმა პარტიამ" მიიღო - 31 მანდატი; "აღორძინების კავშირმა" - 25 მანდატი. 

პირველ ტურში გამარჯვებულად გამოვლინდა მხოლოდ 32 მაჟორიტარი, 42 ოლქში კი, მათ შორის თბილისის ოლქშიც, მეორე ტური გაიმართა.

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 236 დეპუტატით. 150 აირჩეოდა პროპორციული, 85 კი - მაჟორიტარული წესით. პირველ ტურში აირჩიეს 199 დეპუტატი, 49 მაჟორიტარი. 

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 45-მა პარტიამ. 7%-იანი ბარიერი გადალახა "საქართველოს მოლაქალაქეთა კავშირმა" და მიიღო 85 მანდატი; ბლოკი "საქართველოს აღორძინება" - 51 მანდატი; ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 14 მანდატი.  

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 133 878 ამომრჩეველმა. კომისიის თავმჯდომარე იყო ჯუმბერ ლომინაძე.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები (გაუქმებული)

პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 235 დეპუტატით. 150 აირჩეოდა პროპორციული, 86 კი - მაჟორიტარული წესით. 

არჩევნებში მონაწილეობდა 18 პარტია. ბარიერი გადალახეს: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" - 38 მანდატი; ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" - 32 მანდატი. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 20 მანდატი; ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" - 15 მანდატი. ბლოკი "ახალი მემარჯვენეები" - 12 მანდატი. 

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები არ გაუქმებულა. კომისიის თავმჯდომარე იყო ნანა დევდარიანი.

2004 წლის 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები

ჩატარდა პროპორციული სისტემით. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 17 პარტიამ და 7%-იანი ბარიერი გადალახეს: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 135 მანდატი და მემარჯვენე ოპოზიციამ - 15 მანდატი. 

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 498 012 ამომრჩეველმა. კომისიის თავმჯდომარე იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი.

2008 წლის 21 მაისის არჩევნები

პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 150 დეპუტატით. თავდაპირველად უნდა არჩეულიყო 100 დეპუტატი პროპორციული, 50 მაჟორიტარული წესით. 2008 წლის მარტში კონსტიუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც პარლამენტის წევრად აირჩეოდა 75 დეპუტატი პროპორციული და 75 მაჟორიტარული წესით. საარჩევნო ბარიერი იყო 5%. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა იმ პარტიებს, ვინც 30 ათასი მხარდამჭერის ხელმლწერას წარმოადგენდა.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 პარტიამ. ბარიერი გადალახეს: "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 48 მანდატი; "გაერთიანებული ოპოზიცია" - 15 მანდატი; "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები" - 6 მანდატი; "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია" - 6 მანდატი. 

მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა სამმა პარტიამ: "ნაციონალური მოძრაობა" - 71 მანდატი; "გაერთიანებული ოპოზიცია" - 2 მანდატი და  "რესპულიკური პარტია" - 2 მანდატი.  

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 859 407 ამომრჩეველმა. კომისიის თავმჯდომარე იყო ლევან თარხნიშვილი.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები

ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა. არჩევნების შედეგები აღიარა ყველა მონაწილე მხარემ; საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი დამარცხდა და ოპოზიციაში გადადის. არჩევნები აღიარეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

2011 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილოება მიიღეს:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ", რომელშიც გაერთიანებული იყო 6 პარტია და მისი სლოგანი იყო "ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება";

"ლეიბორისტულმა პარტიამ" - მისი სლოგანი იყო "მდიდარს წავართმევ, ღარიბს დავუბრუნებ"; 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" - სლოგანი "მეტი სარგებელი ხალხს!" 

"გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - სლოგანი "სამართლიანი ტარიფები ხალხს".

ამ არჩევნებში სულ დარეგისტრირებული იყო 18 პარტია. 

მერვე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით კოალიცია "ქართული ოცნება" მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×