სარეცეპტო ქაღალდზე მითითებული კოდის მიხედვით ხდება ექიმის იდენტიფიცირება და მას ბონუსებს ურიცხავენ
ელზა წიკლაური
13.09.2016

საქართველოში ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ბევრი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან. სპეციალისტების თქმით, პრობლემა იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია ერთი ჯგუფის ხელში იქნება.

ბოლო წლებში საქართველოში წამლების ჭარბად მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. ექიმთან ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე სხვადასხვა მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის და თანაც წამლების საკმაოდ გრძელ სიას ატანს.

სპეციალისტების თქმით, ეს არა მხოლოდ ადამიანების ჯიბეს "არტყამს", არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა ზოგადად ექიმების იმიჯზეც მოქმედებს, რადგან მათ არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ. ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე. ფარმაცევტულ კომპანიასთან გარიგებული ექიმის გამოწერილ სარეცეპტო ქაღალდზე მითითებულია კოდი, რომლის მიხედვითაც კომპანიები ექიმის იდენტიფიცირებას ახდენენ და გაყიდული წამლების მიხედვით ბონუსებს ურიცხავენ.

ფარმაცევტული ორგანიზაციების კარნახითა და მოტივირებით, ხშირ შემთხვევაში, ექიმები პაციენტს იმაზე მეტ და ძვირ წამლებს უწერენ, ვიდრე საჭიროა. გარიგებული ექიმები პაციენტებს სწორედ იმ წამლებს უნიშნავენ, რომლებიც გარიგებაში მყოფი კომპანიის წარმოებული ან შემოტანილია. ამ დროს კი პაციენტი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ათიდან ცხრა შემთხვევაში ექიმს უჯერებს და იმ ძვირად ღირებულ წამალს ყიდულობს, რომელიც მკურნალმა ურჩია მაშინ, როცა ამ წამლის ბევრად იაფი და, შესაძლოა, უფრო ეფექტური ანალოგი არსებობს.

ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი, ეკა ბექაური ამტკიცებს, რომ არა მეგობარი ფარმაცევტის რჩევა, ექიმების "მსხვერპლი" გახდებოდა.

"სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბევრი წამალი არ უნდა დავლიო, რადგან ჯანმრთელობას არათუ შველის, პირიქით, ვნებს კიდეც. რამდენიმე კვირის წინ პატარა ოპერაცია ჩავიტარე. როდესაც საავადმყოფოდან გამოვეწერე, ექიმმა ერთ ფურცელზე წამლების უშველებელი სია ჩამომიწერა, თანაც მითხრა, რომ იქვე იყო აფთიაქი და აუცილებლად იმ აფთიაქში მეყიდა, რადგან კარგი ხარისხის წამლები იყიდებოდა. შევედი აფთიაქში და აღმოჩნდა, რომ შენაძენის მთლიანმა ღირებულებამ 300 ლარი შეადგინა. არ ვიყიდე და წავედი სხვა აფთიაქში, სადაც ჩემი მეგობარი მუშაობს. გამოწერილი მქონდა 6 სახეობის წამალი, 2 ერთნაირი ჯგუფის. 3 წამალი შევიძინე და 300 ლარის ნაცვლად, 120 ლარი გადავიხადე. რომ არა ჩემი მეგობარი, მომიწევდა 300 ლარის მედიკამენტების ყიდვა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ეკა ბექაურმა.

თამარ კოპაძე კი იმაზე ჩივის, რომ ექიმმა ისეთი პრეპარატი გამოუწერა, რომელიც 3-ჯერ ძვირი ღირდა ანალოგთან შედარებით: "ვთხოვე, რომ მიჭირდა და თუ შეეძლო ისეთი წამალი დაენიშნა, რომელიც ძვირი არ ღირდა, მაგრამ მაინც ძვირად ღირებული დამინიშნა. ამ შემთხვევაში დამეხმარა ფარმაცევტი, რომელმაც სხვა პრეპარატი მირჩია, რომელიც ანალოგიური ჯგუფის იყო და იგივე შედეგი ექნებოდა, რაც ძვირად ღირებულს", - აღნიშნა თამარ კოპაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ" გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქართველი ექიმები ფინანსური დაინტერესების გამო, პაციენტებს ჭარბ მედიკამენტებს უნიშნავდნენ. ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე ამბობდა, რომ კვლევის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექიმმა პაციენტს დღეში მისაღებად 13 აბი და დამატებით მალამო გამოუწერა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ექიმმა 7-დან 11-მდე მედიკამენტი შეაძენინა ავადმყოფს. 

კვლევისას ისიც გაირკვა, რომ ზოგჯერ ექიმს პაციენტისთვის ერთი და იმავე ჯგუფის რამდენიმე მედიკამენტიც კი დაუნიშნავს.  კიდევ ერთი პარადოქსია, რომ საქართველოში არაერთი "ჯენერიკი" ორიგინალ წამალზე ძვირი ღირს.

კვლევის შედეგების საფუძველზე, ასოციაციამ ექიმებს მისცა რეკომენდაცია, როდესაც ნიშნავენ ანალოგს, მიაქციონ ყურადღება ფასს, რადგან, ქართული ფარმაცევტული ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ანალოგი ორიგინალზე ძვირი ღირს. მორჩილაძე ამბობდა, რომ კონტროლის ერთადერთი მექანიზმია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და წამლის გამოწერის მკაფიო სტანდარტის განსაზღვრა, რის შემდეგაც ისინი მედიკამენტების დანიშვნაში საკუთარ ინტერესს ვეღარ ჩადებენ.

ექიმების მხრიდან ჭარბი მედიკამენტების გამოწერის პრობლემას აღიარებს ჯანდაცვის მინისტრიც. როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, შემთხვევების აღმოფხვრა სხვადასხვა რეფორმითაა შესაძლებელი.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭარბი რაოდენობით წამლების გამოწერის პრობლემა დღემდე არსებობს.  ამის მიზეზად კი კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობას ასახელებს.

"დღეს რომ ექიმები პაციენტებს ბევრ წამლებს უწერენ, ეს კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობის ბრალია. საქართველოში არ არის აკრძალული, რომ ერთი და იმავე სუბიექტის ხელში იყოს ფარმაცევტული ბიზნესიც, სადაზღვევო კომპანიაც და კლინიკებიც.  კლინიკებში მომუშავე ექიმები დამოკიდებულნი არიან მათ პატრონებზე. როდესაც ფარმაცევტული კომპანია ფლობს კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას, ის არის მოტივირებული, რაც შეიძლება მეტი წამალი გაასაღოს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი კარტერული გარიგებები და რამდენიმე მსხვილი კომპანიაც ამ მეთოდით არეგულირებს ფასს.

დღეს ექიმების ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. გამოწერილი მედიკამენტების მიხედვით კი ხდება მათი ბონუსებით "დაჯილდოება".  თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა არ მოგვარდა და საფუძველშივე არ მოხდა მისი აღმოფხვრა, მაშინ პაციენტებისთვის ჭარბი რაოდენობით წამლების გამოწერის პროცესი ჩვეულებრივი ამბავი გახდება", - განაცხადა ბერაძემ.

მედიკოსები ორიენტირებულნი უნდა იყვნენ, რომ არასასურველი წამლის გამოწერა არ მოხდეს. ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების ურთიერთკავშირი ჯანსაღი რომ იყოს, ამისთვისაც ჯანდაცვის სისტემის კონტროლის არსებობა საჭიროა. 

"როდესაც ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ერთ მხარეს იყოს ორივე მოთამაშე, მეორე მხარეს კი - პაციენტი, რა თქმა უნდა, დაზარალებული გამოვა პაციენტი. დღევანდელი ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ჯერ კიდევ არ არის პაციენტი. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლება და ამას ყურადღების მიქცევა სჭირდება", - დასძინა ბერაძემ.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×