პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი "რესპუბლიკელებთანაც" არაერთხელ ჰქონია. თავის დროზე, როცა საკონსტიტუციო კომისია ყალიბდებოდა, უსუფაშვილი ამ კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს, თუმცა არც მას და არც ხმალაძეს არაფერი არ გაუკეთებიათ ამ კომისიაში.
"გარდა იმისა, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერია, ის არის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. როცა მკითხა, საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება და ჩემ თავმჯდომარეობაზე რას იტყვიო, - არც მიფიქრია, რომ სხვა კაცი იქნებოდა ამ ადგილზე, ასე რომ, ის ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს.
"თითი თითზე არ დაუდიათ იმ კომისიაში. ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ. კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით და "რესპუბლიკელებთანაც" რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, რომ საერთო, საჯაროდ არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი შეკვეცილი უფლებებით პრეზიდენტის არჩევა დაბნეულობას იწვევს და თავად გიორგი მარგველაშვილიც დაბნეულია.
"საპარლამენტო რესპუბლიკელების კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი, ასე უნდა ყოფილიყო, რამეთუ ეს აბნევს ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, ნახეთ, როგორი დაბნეულია ეს კაცი. ეს არ მოუხდებოდა "რესპუბლიკური პარტიის" იმიჯს, რადგან ისინი ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს", - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის მოსაზრებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ უნდა ხდებოდეს და ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცლილებებია განსახორციელებელი.
"ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს - პარლამენტი თუ საზოგადოება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): არ ვიცი, ალბათ საზოგადოებამ და პარლამენტმა ერთობლივად უნდა აირჩიონ პრეზიდენტი. სავარაუდოდ 70% ხალხმა უნდა აირჩიოს და 30% - პარლამენტმა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): აუცილებლად საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. პრეზიდენტი არის მთელი ქვეყნის და არა პარლამენტის. ხშირად პარლამენტის არჩევისას შეცდომას ვუშვებთ და ამ შეცდომით არჩეული პარლამენტის მიერ პრეზიდენტის დანიშვნა, უფრო დიდი შეცდომა იქნება, ამიტომ სჯობს, ხალხმა აირჩიოს.
იგორ კვესელავა(პოლიტოლოგი): საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, თუ ჩვენ საპარლამეტო მოდელი გვაქვს და ასე უნდა ვიყოთ, მაშინ, პრეზიდენტს მხოლოდ პარლამენტი უნდა ირჩევდეს და არა ხალხი.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცვლელი): რასაკვირველია, ხალხი უნდა ირჩევდეს. პრეზიდენტი ქვეყანას წარმოადგენს და მას საზოგადოება პირდაპირი არჩევნებით უნდა ირჩევდეს.
გიგა ნასარიძე (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს მოსახლეობა ირჩევს. დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. მით უმეტეს ისეთი ფართო უფლებების მქონე პირს, როგორიც ის კანონით არის, პარლამენტი არ უნდა ირჩევდეს. მათ უნდათ აკონტროლონ ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართული დემოკრატიისთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე