ლიკა გურაბანიძე
14.09.2016

"ასეთი თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო არჩევნების კუთხით არ გვახსოვს," - ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"ძალიან საინტერესო პერიოდი გველის წინ - საინტერესო აღმავლობის, სწრაფი განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის რეალურად თანამედროვე განვითარებულ ქვეყნად გარდაქმნის... მოვახდინეთ მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები გათავისუფლდნენ, ბიზნესი გათავისუფლდა, წინასაარჩვენო გარემო უპრეცედენტოდ თავისუფალია. ასეთი წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო არჩევნების კუთხით არ გვახსოვს. დღეს არ არის მედიაზე ზეწოლა, ისმის ხშირად მთავრობის კრიტიკა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ცუდები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანები არიან თავისუფლები. ადამიანი არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო არჩევნების კუთხით არის თუ არა თავისუფალი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): ჯერ პროცესები ისე მიდის, საარჩევნო პროგრამის გაცნობის საშუალება ყველას აქვს. სარეკლამო დროის თვალსაზრისით მასმედია ყველას თანაბარი ყურადღებით ეკიდება. თავისუფლება ჯერჯერობით ამაში გამოიხატება. ყოველ შემთხვევაში, გარედან ყველაფერი ასე ჩანს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინასაარჩევნო პროცესია, უშუალოდ არჩევნების დროს რა მოხდება, ჯერ არ ვიცით.

თავისუფლება როგორ გვესმის, ეს უნდა დაკონკრეტდეს. ზოგს თავისუფლება ყველაფრის უფლება ჰგონია. თავისუფლება პასუხისმგებლობის პირდაპირპროპორციულია, რაც უფრო მეტად ხარ თავისუფალი, შენი პასუხისმგებლობა მით უფრო იზრდება.

 მარიანა ოკლეი (ხელოვნებათმცოდნე): ალბათ არის. თითქოს ყველაფერი უფრო თავისუფალია, მაგრამ შიდა დაპირისპირება მაინც ძალიან მკაფიოდ ჩანს, იგივე პარტიების მხრიდან ერთმანეთზე აუგის თქმა - ეს მოსაწონი არ არის.

გარემო შესაძლოა თავისუფალია, მაგრამ ზევით ამოდის ერთმანეთის საქმეში ქექვა, თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ზოგადად საარჩევნო სიტუაციისთვისაა დამახასიათებელი. სიტუაცია მომავალში აუცილებლად დაიძაბება და ასე მშვიდად ბოლომდე არ იქნება.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): კვირიკაშვილს შეიძლება არ ახსოვდეს წინა საარჩევნო პერიოდები, იგი მაშინ პრემიერი არ იყო. თუ მისი მახსოვრობა არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერობის შემდეგ იწყება, ეს მისი პრობლემაა.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მე ყველა საარჩევნო გარემო მახსოვს და მინახავს. ისეთი მღელვარე და პოლიტიკურად ანგაჟირებული ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ახლა ნამდვილად ნორმალური საარჩევნო გარმეოა. ასე რომ, მე ეს გარემო მომწონს.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): გააჩნია, თავისუფალ საარჩევნო პერიოდს რას ვუწოდებთ. მე ასეთი კომპრომატების ენა არ მახსოვს. ფიზიკური შეხება, სიძულვილის ენა და პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთის ლანძღვა ყველანაირ ზღვარს სცდება.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ჯერჯრეობით ჩვენთან პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალია. არ მგონია, ამ მარაგის დახარჯვით რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ უპირატესობა მოიპოვოს.

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): პრემიერმა სხვანაირად არც უნდა ილაპარაკოს. პროვოკაციების მოწყობაზე ის ვერ ილაპარაკებს, რადგან პირველი კაცია. ვიცით, რომ პოლიტიკურად დაძაბული მდგომარეობაა და, პირიქით, მისი გამონათქვამი სიტუაციას აწყნარებს. როგორც პრემიერს ეკუთვნის, ზუსტად ისეთ სუბორდინაციას იცავს.

წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან თავისუფალი იყო და ჩემთვის ყოველთვის ასეა. ოპოზიცია ძლიერია და არის იმის საშიშროება, რომ რაიმე სახის დაპირისპირება არ მოხდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×