მსოფლიო ცივილიზაცია შუმერებიდან იწყება. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღ-ის IV-III ათასწლეულში ცხოვრობდა ხალხი, რომელიც დღემდე დიდ თავსატეხს უჩენს სამეცნიერო საზოგადოებას. შუმერები სწორედ ის ხალხია, რომელთაც კაცობრიობას დამწერლობა აჩუქეს, მათვე დაყვეს დრო სამოც ერთეულად, შუმერებს უკავშირდება ზოდიაქური სისტემის გამოყენება. აქ გაიხსნა პირველი სკოლები, წიგნთსაცავები. პირველად შუმერებმა გამოიყენეს ბორბალი.
ეს უნიკალური ცივილიზაცია ორი ათასი წლის განმავლობაში არსებობდა, საცნაური კი ისაა, რომ არავინ უწყის, საიდან მოვიდნენ მესოპოტამიაში ამ კულტურის შემქმნელნი და სად წავიდნენ. არსებობს უამრავი ვერსია, რომელთა შორის ერთ-ერთი თეორია საქართველოს ტერიტორიაზე მათ შემოღწევას მიანიშნებს.
რას მოგვითხრობენ უნიკალური შუმერული არტეფაქტები
სტამბულში, აღმოსავლეთის მუზეუმში, დაცულია საკმაოდ საინტერესო არტეფაქტი - შუმერთა ჩვენამდე მოღწეული უძველესი კანონთა კრებული, რომლის შემდგენელია ურის III დინასტიის დამაარსებელი ურ-ნამუ. ეს უნიკალური სამართლებრივი ძეგლი, დაახლოებით, 300 წლით უსწრებს ჰამურაბის ცნობილ კანონებს, რომელიც ბაბილონში ქრისტესშობამდე 1750 წელს შეიქმნა.
ჰამურაბიმდე შუმერებს კიდევ ერთი კანონთა კრებული ჰქონიათ - რომელიც ძვ. წ-აღ-ის 1900 წლისთვის ლიფით-იშთარს შეუდგენია. ეს კანონები ამოკვეთილია თიხის ფირფიტაზე და შემდეგ მზეზეა გამომწვარი. მისი დამწერლობაც ლურსმულია. საგულისხმო კი ისაა, რომ ჰამურაბის კანონებისგან განსხვავებით, აქ შუმერული ენაა გამოყენებული და არა სემიტური.
მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში გაფანტულია ათასობით შუმერული თიხის ფირფიტა, რომელიც ფასდაუდებელი წყაროა უძველესი ცივილიზაციების შესწავლის თვალსაზრისით.
მსოფლიოში პირველი ღია საზოგადოება
შუამდინარეთი, გამორჩეული გეოსტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა ყველა რჯულისა და მოდგმის ხალხისთვის. ალბათ იშვიათია ადგილი, სადაც ამდენი განსხვავებული კულტურა დაფუძნებულიყოს, თანაც ისე, რომ ამ კულტურის მატარებელთ ეს ადგილი თავის სამშობლოდ ექციოთ.
აქ ვხვდებით ბუდუინებს, სემიტური მოდგმის ხალხებს, არაბებს... სწორედ ასეთ ურთულეს სიტუაციაში მოახერხეს შუმერებმა თავიანთი თვითმყოფადი კულტურის შექმნა, რომელმაც სამყაროს ცივილიზაციას უდიდესი კვალი დააჩნია.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ეგვიპტურისგან სრულიად განსხვავებული კულტურა, რომელიც არა ჩაკეტილ, არამედ ღია სივრცეში ჩამოყალიბდა. სწორედ ღია სივრცე და არასათანადო ბუნებრივი საფორტიფიკაციო პირობები იქცა იმის მიზეზად, რომ შუმერთა კვალი II ათასწლეულიდან უკვალოდ ქრება.
როგორ დაარსდა პირველი ქალაქ-სახელმწფოები
უძველესი ცივილიზაცია, ისევე როგორც ქალაქები, პირველად შუამდინარეთში ჩნდება. მდინარე ევფრატის ქვემო წელზე, ძვ-წ-აღ-ის ქ ათასწლეულიდან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაკადი ეშვება მთისწინა ბორცვებიდან მდინარის სანაპიროებზე. ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და საბოლოოდ მთავრდება იმით, რომ ამ მიდამოებში 3500-2800 წლებს შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს სოფელი - მცირე დასახლებები გადაქცეულია ქალაქებად, რომელთაც თავიანთი საფორტიფიკაციო სიტემა - გალავნები არტყია გარს. სოფლის მოსახლეობა მასობრივად ქალაქების გარშემო ჩამოდის, მოსახლეობას უჩნდება ერთად ცხოვრების სურვილი.
მაინც რა ხდება? რატომ ისწრაფვის მოსახლეობა ქალაქური ცხოვრებისაკენ? ეს რეალობა ორი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული - ჯერ ერთი, არაა გამორიცხული, რომ წვრილ სოფლებს თავდაცვის ნაკლები საშუალება გააჩნდათ, ამიტომაც ძარცვა-აწიოკებისათვის რომ დაეღწიათ თავი, მცირე დასახლებების მაგივრად გალავნიანი ქალაქები ჩნდება. გალავანი უკვე იმის მანიშნებელია, რომ აქ მოსახლე ადამიანები ვიღაცისგან იცავენ თავს, სხვაგვარად ამ საფორტიფიკაციო ნაგებობის აშენებას არანაირი აზრი არ ექნებოდა.
ამის პარალელურად, ქალაქი გარკვეულწილად მუშახელსაც ითხოვს. საჭიროა არხების გაყვანა, მიწის დამუშავება, რომლიდანაც მიღებული მოსავლით უნდა გამოიკვებოს ქალაქი, მარტო ვაჭრობითა და ხელოსნობით ვერ მოხდება სასურველი პირობების შექმნა. ასეთ ვითარებაში ხდება შრომის ელემენტარული დანაწილება, რამაც გარკვეული სიმდიდრე დააგროვა, უფრო ნაყოფიერი და მიმზიდველი გახადა ქალაქი, რაც სოფლიდან ქალაქად ჩამოსვლის ცდუნებასაც იწვევს.
რატომ მოიაზრებოდა შუმერთა ქალაქი დედის სინონიმად
განსაკუთრებული სტატუსი გააჩნდა შუმერული ქალაქების მცხოვრებთ. ქალაქ-სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქე უბრალო ბინადარი არ გახლდათ. მას ქალაქი მფარველობდა და თავის მხრივ მოქალაქესაც გააჩნდა ქალაქისადმი მოვალეობების მთელი ნუსხა. ქალაქ შუმერის მოქალაქეები ქალაქის ქალ ღვთაების შვილებად ითვლებოდნენ, თუკი მოქალაქე სადმე ჩავარდებოდა ტყვედ, გათავისუფლებულად არ ითვლებოდა მანამ, სანამ თავის ქალაქს არ დაუბრუნდებოდა. ამ პროცესს დედასთან დაბრუნება ეწოდებოდა. ქალაქი დედის სინონიმად მოიაზრებოდა. შუმერული გამონათქვამია - "შეპყრობილი ჩიტი თავის ბუდისკენ გაფრინდეს, შეპყრობილი მოყმე თავის დედის კალთას დაუბრუნდეს."
მოქალაქე ქალაქის შვილად აღიქმებოდა. მას ჰქონდა უფლება თავისი პოზიცია გამოეხატა, ამისთვის იმართებოდა ქალაქის ცენტრში კრებები განსაკუთრებული საკითხების მოგვარების მიზნით. სამაგიეროდ, ქალაქის შვილის მოვალეობა იყო, გადაეხადა გადასახადი, გასულიყო არხის გაწმენდაზე სამუშაოდ და მონაწილეობა მიეღო ლაშქრობებში.
შემორჩენილია ძვ. წ-აღ-ის XVIII ს-ის ერთი შუმერული კანონი, რომლის მიხედვითაც რეგულირდება საკითხი, თუ როგორ შეიძლება დაიხსნან ქალაქის შვილი ტყვეობისგან და ვის ეკისრება ამისთვის ხარჯები. თუკი ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქე ვაჭარმა დაიხსნა, მოქალაქე ვალდებულია, ვაჭარს გადაუხადოს ის გამოსასყიდი, რაც მან მისი თავისუფლებისათვის გადაიხადა. თუკი არა აქვს საშუალება ქალაქის შვილს ამ თანხის გადახდის, მაშინ თანხის გადახდა ეკისრება ქალაქის ტაძარს, თუკი ტაძარსაც არ შეუძლია თანხის გაღება, მაშინ ვაჭარს ქალაქის მეფემ უნდა გადაუხადოს მოქალაქის გათავისუფლებისათვის გაღებული თანხა.
ერთი სიტყვით, ეს რეალობა მიანიშნებს, რომ ვაჭარს ზნეობა და კანონი ავალდებულებს, თუკი საშუალება აქვს დაიხსნას ტყვეობისაგან ქალაქის შვილი, ასეთ დროს ის გარანტირებულია, რომ გადახდილი გამოსასყიდი უკან დაუბრუნდება და არ დაეკარგება.
როგორ გახდა დედოფალი შაგშაგი ბაბას ტაძრის მთავარი ქურუმი
ქალების უფლებები შუმერებთან შეზღუდული იყო, ქალები სრულუფლებიან მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ, ისინი არ იღებდნენ მონაწილეობას ქალაქის კრებასა და საბჭოში, თუმცა, მათ გარკვეული უფლებები მაინც გააჩნდათ. ქალებს შეეძლოთ ევაჭრათ ქალაქის მოედანზე, შეიძლებოდა სცოდნოდათ წერა-კითხვა.
შუმერებთან არის შემთხვევა, როცა ქალი მაღალ თანამდებობას აღწევს - ვხვდებით ქალაქის მმართველსა და ქურუმს. მაგალითად ძვ.წ-აღ-ის 2350 წელს ღმერთქალ ბაბას ტაძრის მთავრი ქურუმი დედოფალი შაგშაგი იყო, სწორედ შაგშაგი განაგებდა ტაძრის მთელ ქონებას, რომელიც იმდენად დიდი ყოფილა, რომ მის სრულფასოვან მოვლა-პატრონობას ათასამდე დაქირავებული პირის გარჯა სჭირდებოდა.
როგორ აირჩიეს ღმერთებმა მარდუქი მეფედ
ბევრი შუმერული ფირფიტა მითებს გადმოგვცემს. ღმერთების ამბები, მიუხედავად მათი მითურობისა, შესაძლოა გარკვეულწილად შუმერული საზოგადოების შესასწავლადაც გამოდგეს.
აი, ერთ-ერთი შუმერული მითი - როგორ ირჩევენ ღმერთები მეფეს: "როცა ღმერთებს გველეშაპისგან დაემუქრათ საფრთხე ახალგაზრდა ღმერთმა მარდუქმა მიმართა ღმერთებს: თუ გსურთ გველეშაპი დავამარცხო, და გადაგარჩინოთ, როცა დარბაზში დასხდებით და ქვეყნის ბედზე დაიწყებთ მსჯელობას, უზენაესად მე გამომაცხადეთ.
"შეიკრიბნენ ღმერთები, დიდებული ტახტი დაუდგეს, თან დალოცეს ამიერიდან შენ ჩაგაბარეთ სამყაროს მეფობაო. შენი სიტყვა გადამწყვეტი იქნებაო. წინ მოსასხამი დაუფინეს. ბრძანა მარდრუქმა და მოსასხამი გაქრა, ბრძანა და ისევ აღდგა. ასეთი სასწაულის ხილვის შემდეგ ღმერთებმა აღიარეს მარდუქის უზენაესობა - მეფეა მარდუქი! - შესძახეს მათ. თავზე სამეფო გვრიგვინი დაადგეს, მისცეს ხელს სამეფო კვერთხი და მოსასხამიც მოახურეს. ჩააბარეს მახვილი და ასე დამოძღვრეს: წადი და ამოხადე სული ღმერთების მტერს."
როგორ იქცნენ შუმერი მეფეები ღმერთების ნების აღმასრულებლებად
მეფის უფლებებს თავიდან სახალხო კრება განსაზღვრავდა, თუმცა, დროთა ვითარებაში სიტუაცია შეიცვალა და ეს უფლებები განუსაზღვრელი გახდა. მეფობა აღარ იყო არჩევითი და მან მემკვიდრეობითი ხასიათი შეიძინა. მეფობა გადადიოდა მამიდან შვილზე და ასე წარმოიშვა სამეფო დინასტია.
შუმერთა წარმოდგენა მეფობის ინსტიტუტზე კარგად არის ასახული ერთ ლექსში:
"რა არის ხალხი, რომელსაც მეფე არ ჰყავს?
მხოლოდ ცხვარის ფარაა უმწყემსოდ დარჩენილი.
რა არის ხალხი რომელსაც წინამძღოლი არ ჰყავს?
ყანაა გუთნისდედის გარეშე დარჩენილი..."
შუამდინარელ მეფეებს განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნდათ, თუმცა თვითნებობისაგან მაინც იყვნენ დაცულნი. საქმე ისაა, რომ მეფეები ღმერთების მუდმივი მზრუნველობის ქვეშ იყვნენ და ეს ყველაფერი გამოიხატებოდა თავად ხალხისადმი დამოკიდებულებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში. მეფე ღმერთის წინაზე იყო ვალდებული და ეს რეალობა ქმნიდა ბარიერს, თავი დაეღწია თვითნებობის ცდუნებისაგან. მეფე შუმერული წარმოდგენით, ცალსახად ღმერთის ნების აღმსრულებელია.
შემორჩენილია შუმერული მითი, თუ როგორ გამოარჩია ქალღმერთმა ინანამ ურნინურთა ადამიანების მწყემსად, ანუ მეფედ.
ქვეყნის მეფობა რომ გაეწია, ქალღმეთმა ინანამ ჭაბუკი ურნინურთა გამოარჩია ადამიანთა მწყემსად, მისი გამორჩეულობის არგუმენტი ცალსახაა - ურინურთამ იცის, როგორ აღასრულოს ღმერთების ნება. იცის, როგორ ააშენოს ქალაქები და როგორ დაასახლოს ხალხი. მისი იარაღი ურჩ ქვეყნებს დააჩოქებს.
აი, როგორ მიმართავს ინანა ურინურთას: "ურნინურთავ, შუმერთა ქვეყანა შენს ჩრდილქვეშ ძრწოდეს, შენ იყავი ქვეყნის ნამდვილი მწყემსი, შენი განაჩენი მზის ღმერთის განაჩენივით მიიღონ..."
საგულისხმო კი სწორედ ისაა, რომ მზის ღმერთი სამართლიანობის მფარველი იყო, ამდენად, ინანას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მეფისადმი სამართლიანობა.
სწორედ სამართლიანობა და ადამიანის პატივისცემა გასდევს წითელ ზოლად შუმერულ კულტურასა და ყოფა-ცხოვრებას. სავარაუდოდ, ამიტომაც იქცა ეს უნიკალური ცივილიზაცია განათლებული საზოგადოების გამორჩეულ სამიზნედ.