ბათუმში ქაოსური მშენებლობები გრძელდება. მართალია, სამომავლოდ მშენებლობამ ზღვისპირა ზოლიდან შეიძლება, გარეუბნებში გადაინაცვლოს, მაგრამ უკვე დამტკიცებული პროექტების შეჩერება ვეღარ მოხერხდება. ამ დროს ბათუმი პატარა კურორტიდან ლამის ინდუსტრიულ ქალაქად გადაიქცა.
ასაშენებელი ადგილი ბათუმის ცენტრში თითქმის არსად მოიძებნება. როგორც მერიაში განმარტავენ, ქალაქი ახალი გამოწვევის წინაშეა, რაც დიდწილად დაგეგმარებას უკავშირდება და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში სერიოზული ცვლილება იგეგმება.
ბათუმის მთავარი არქიტექტორის ირაკლი ახალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქალაქის ცენტრალური ნაწილი გაჯერებულია მაღალი შენობებით, რჩება მცირე რესურსი, რის გამოყენებასაც დეველოპერები შეეცდებიან. ამ პროცესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ბათუმის მერია მკაცრად გააკონტროლებს.
"ბათუმში მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის #57 დადგენილების შესაბამისად. ის შეეხება შენობა-ნაგებობის სიმაღლეს და რეგულაციებს, რომელიც ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით ხორციელდება. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ნორმა, რომელიც შენობა-ნაგებობის სიმაღლეს განსაზღვრავს. არა მარტო საქართველოს მსხვილ ქალაქებში, მჭიდრო დასახლების პრობლემაა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში", - აცხადებს ახალაძე.
მისი ინფორმაციით, ბათუმის მერია იწყებს მასშტაბურ პროექტს, რომლის შესაბამისადაც მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება და მშენებლობის სფეროში არსებულ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს.
"2009 წელს დამტკიცდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და ქალაქი ფუნქციურ ზონებად დაიყო. ამ დროიდან მოყოლებული, პროექტში 6-7 ცვლილება შევიდა. ახლა ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს.
2017 წლიდან შეიქმნება ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების პროექტი, გამოვაცხადებთ ტენდერს, რაც სამშენებლო სფეროს პერსპექტივას უფრო გამოკვეთს. ამჟამად ბათუმის ცენტრალური ნაწილი გაჯერებულია მაღალი შენობებით, ასათვისებლად რჩება ძალიან მცირე რესურსი. ვფიქრობთ, მშენებლობის მასშტაბი გაიზარდოს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მიმართულებით. ამით დეველოპერული პროექტები ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს.
მესმის, რომ მჭიდრო დასახლება მოსახლეობისთვის სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ ქალაქისთვის იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დიდია დაინტერესება უცხო ქვეყნების მხრიდანაც, შემოდის ახალი ინვესტიციები, ქალაქი ვითარდება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს", - აცხადებს ირაკლი ახალაძე.
ურბანისტების შეფასებით, გარდა იმისა, რომ ბათუმის იერსახე შეიცვალა, გაუარესდა მიკროკლიმატი და არ ხდება ჰაერის ნაკადის ცირკულაცია, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით იმ მობინადრეებს უჭირთ, რომლებიც მაღლივი შენობების დაბალ სართულებზე ცხოვრობენ.
ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის შეფასებით, ბათუმი მიეკუთვნება არა ბუნებრივად განვითარებულ, არამედ დაგეგმილ ქალაქებს და მისი განაშენიანების გადარჩენა მნიშვნელოვანია.
"დღეს ენერგიულად შემოიჭრა ქალაქის ბრენდის თემა, რაც ტურიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ასეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს, არ პასუხობს ქალაქის ბუნებას, ბათუმის შემთხვევაში კი - განსაკუთრებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სიახლე დამკვიდრდეს ისე, რომ ქალაქის იერსახე შენარჩუნდეს, მით უმეტეს, როცა საქმე ძველ ქალაქს ეხება.
ზოგიერთი შენობა არ მომწონს და ამაზე ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობ. ჩემი აზრით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაგებობა ერთ-ერთი ყველაზე კურიოზულია, რაც კი ბათუმში ბოლო წლებში აშენდა.
რაც შეეხება ქალაქის ზრდას სიმაღლეში, ამ ტენდენციას ვერც ერთი ქალაქი ვერ გაექცევა. "მანჰეტენიზაცია" მთელ მსოფლიოს მოედო, მაგრამ მას თავისი წესები აქვს. არ შეიძლება, შენობები ლურსმნებივით დაარჭო მთელი ქალაქის ტერიტორიაზე", - აცხადებს ურბანისტი.
კლიმატოლოგების შეფასებით, ქალაქში ახალი კორპუსების განაშენიანების სიმჭიდროვე განიავების პრობლემას ქმნის.
"რამდენადაც უფრო მჭიდროდ და ახლოა ეს მაღლივი შენობები ერთმანეთთან, მით უფრო ძლიერია მიკროკლიმატზე ზემოქმედება და ტემპერატურა მატულობს. 2010 წლის ზაფხულში ტემპერატურამ ბათუმში იმ მაჩვენებელს მიაღწია, რაც მთელი 100-120 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. გრძელვადიანი პროგნოზით, 2021 წლამდე ტემპერატურა მოიმატებს და ბათუმს ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა შეექმნება, რადგან ბოლო წლებში ზღვა გათბა იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე იყო", - აცხადებს გიორგი მეტრეველი, კლიმატოლოგი.
"აიჯიეს ჯგუფი" ბათუმში ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც მრავალფუნქციური ქალაქის ცენტრში მრავალფუნქციური ობიექტი ააშენა. კომპანიის ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ დღესდღეობით ბათუმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი იერსახის შენარჩუნებაა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი ინდუსტრიულ ქალაქად არ გადაიქცეს.
"ჩვენ ბათუმში კონსტრუქციული ნაგებობის მშენებლობა 2007-08 წლებში დავიწყეთ. პროექტი 2012 წელს დასრულდა. ფაქტობრივად, ეს იყო სიახლე ქალაქისთვის, რომელმაც იმხანად ჩვენი პროექტი დადებითად მიიღო და იქ განხორციელებული მშენებლობით დღესაც შეგვიძლია მოვიწონოთ თავი. იმ პერიოდში ბათუმი არ იყო ახალი მშენებლობებით ინტენსიურად დატვირთული და თავისი რეალური სახე შემონახული ჰქონდა, თუმცა, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ქალაქში ბევრი პრობლემა იყო. ელემენტარულად, მოუწესრიგებელი იყო სადრენაჟე-საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც მოსახლეობას ძალიან უჭირდა.
თანდათან ახალი მშენებლებიც გამოჩნდნენ. პირველ ეტაპზე, ბათუმი ინარჩუნებდა ძველი, ზღვისპირა ქალაქის სახეს. ზოგიერთი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კურორტი გამოცოცხლდა და ბევრი ახალი ფუნქცია დაემატა", - აცხადებს გუჯაბიძე.
იგი განმარტავს, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ თბილისის ანალოგი არ განმეორდეს და ზღვისპირა კურორტი ბეტონის უსახური კონსტრუქციებით არ დაიფაროს.
"სახლს, დიდია თუ პატარა, ზღვისპირა ხედები ყოველთვის უხდება. ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, რომ ბათუმში რომელიღაც ისტორიული შენობა დაანგრიეს და გაიცა სამშენებლო ნებართვა. განვითარება და მშენებლობის ჩქარი ტემპი კარგია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ისე, რომ ქალაქი არ დაზარალდეს. ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება. ჩვენ თავის დროზე მრავალფუნქციური კომპლექსი ავაშენეთ ისე, რომ მაქსიმალურად ჩავეტიეთ მასშტაბებში და გადაცდომა არ გვქონია, ფაქტობრივად, არც ერთი ადამიანისგან არ შეგვხვედრია წინააღმდეგობა.
ქალაქში სამშენებლო დარგი უნდა განვითარდეს ისე, რომ დაჩრდილული ხედები, დამახინჯებულო, ბეტონად ქცეული კონსტრუქციები არ მივიღოთ, როგორც ეს თბილისის რამდენიმე ცენტრალური უბნის შემთხვევაში მოხდა", - განმარტა გუჯაბიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
წინა თვეში უცხოური გამოცემა "ნიუ ოირკ თაიმსმა" ბათუმის შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით "ქაოსური განაშენიანება საქართველოს ზღვისპირა ქალაქში ხანდახან შეცბუნებას იწვევს". სტატიის ავტორი წერს, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ქალაქისთვის უფრო თანამედროვე იერსახე მიეცა.
"უცნაური არქიტექტურა მოიცავს როგორც თანამედროვე ტიპის სახლებს, ასევე მეცხრამეტე საუკუნის აივნებს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ბათუმის ნაწილი უცვლელი დარჩა, ათობით შენობა იქნა შეცვლილი ინვესტორების მოსაზიდად, სადაც შემდგომ სამორინეები და სასტუმროები განთავსდა. მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტის მიუხედავად, მცირე ზომის სახლების უმეტესობა დაინგრა", - აღნიშნულია სტატიაში.