ნინო ჩხენკელი
16.09.2016

23 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება. კანდიდატთა შორისაა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე. წლების განმავლობაში სკოლაში მასწავლებლადაც მუშაობდა და უნივერსიტეტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლადაც, არასამთავრობო ორგანიზაციებშიც იყო წამყვან თანამდებობებზე, საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს და განათლების მინისტრის მოადგილეც სამჯერ იყო. გარკვეული პერიოდი, მინისტრის მოადგილის რანგში, უმაღლეს განათლებას კურირებდა. მოკლედ, განათლების სფეროს, რომ იტყვიან, ხუთი თითივით იცნობს. ამბობს, რომ ზედმიწევნით იცის უნივერსიტეტში არსებული პრობლემებიც და ისიც კარგად აქვს გააზრებული, მათ გადაჭრას როგორ შეძლებს. გიორგი შარვაშიძე გულახდილად საუბრობს იმაზე, რა გეგმები აქვს უნივერსიტეტთან დაკავშირებით, როგორ აპირებს მისთვის პრესტიჟის დაბრუნებას, შეილახება თუ არა მინისტრის ექსმოადგილის გარექტორებით სასწავლებლის ავტონომია და ზოგადად, რატომ გადაწყვიტა ამ თანამდებობისთვის ბრძოლა:

"საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც დავრწმუნდი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში კრიზისული ვითარებაა, რასაც ნამდვილად არ იმსახურებს. მოხდა ძალიან ბევრი ინსტიტუტის დელეგიმიტაცია და რაც ყველაზე ცუდია, სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს დაუშვებელია! იმიჯის როგორი ვარდნაც უნდა ჰქონდეს ჩვენს უნივერსიტეტს, ის მაინც არის და იქნება  ყველაზე წარმატებული, პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელი და პირველი უნივერსიტეტი რეგიონში. ეს მისია და  უნივერსიტეტს პრესტიჟი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს".

- პრესტიჟისთვის აუცილებელია ავტონომიის შენარჩუნებაც. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის რექტორობას აპირებთ, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ სასწავლებელში განათლების მინისტრის მოადგილის პორტირება მოხდება და მისი ავტონომია შეილახება.

- მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ავტონომია არის უპირობო. უსაფუძვლოა განცდა, თითქოს ჩემი არჩევით, ამ მიმართულებით, პრობლემა შეიქმნება. პირიქით, ვაპირებ, უნივერსიტეტს რეალურად დავუბრუნო ისეთი ხარისხის ავტონომია, რომელიც არც არასოდეს ჰქონია. ამას უნივერსიტეტში არსებული რესურსით, იქ დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან ერთად, გუნდური მმართველობით შევძლებთ.

- ის განცდაც უსაფუძვლოა, რომ მინისტრის მოადგილეობის შემდეგ რექტორობა გარკვეულწილად "ჩამოლაბორანტებას" ნიშნავს?

- რა თქმა უნდა. ცივი წყალი უნდა გადავასხა მათ, ვინც ამას "ჩამოლაბორანტებას" ან "ჩამორექტორებას" უწოდებს. ცხოვრებაში ძალიან ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვყოფილვარ. ვფიქრობ, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორობა ყველაზე საპატიო თანამდებობაა.

- გუნდური მმართველობით უნივერსიტეტისთვის პრესტიჟის დაბრუნებას როგორ აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენი უნივერსიტეტი უნდა გახდეს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი არა მხოლოდ ქვეყნის და რეგიონის, არამედ მსოფლიო მასშტაბით. მის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ ქვეყანაში დასაქმების შანსი, მათი დიპლომი, ცოდნა და კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს ყველგან. უნივერსიტეტს ამის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჰყავს პროფესიონალი მეცნიერები და საუკეთესო სტუდენტები. ბოლო სემესტრში უნივერსიტეტში მაგისტრანტებისთვის ვკითხულობდი კურსს "უმაღლესი განათლების პოლიტიკა". აღფრთოვანებული ვარ სტუდენტებით. არ მგონია, რომ მათ, როგორც პროფესორი და ლექტორი არ მოვწონდი. ალბათ, უფრო პირიქით. სხვადასხვა ფორმატში ვცდილობდი დამენერგა  შრომის ბაზარზე, რეალურ დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება. ჩვენი ლექციები იშვიათად ტარდებოდა უნივერსიტეტის კედლებში. ვცდილობდი გამეყვანა სტუდენტები იქ, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. მაგალითად, ლექციები ჩავატარეთ განათლების სამინისტროში, რუსთაველის ფონდში, ხარისხის ეროვნულ ცენტრში... ყველგან ნახეს როგორ მუშაობს, რა კომპონენტებისგან  შედგება განათლების სისტემა. მათთვის თვალნათელი ხდებოდა, რა სეგმენტში ხედავენ საკუთარ თავს. იმედია, ბევრი ამ სფეროში დასაქმდება.

- ანუ, სტუდენტების ნდობის მოპოვების პროცესი დაწყებული გაქვთ.

- გარკვეულწილად. სტუდენტებს ყოველთვის სიამოვნებით ვხვდები და ეს იციან. დიალოგი აუცილებელია. ნდობა უნდა აღდგეს. კარგად მესმის, რომ ყველასთვის მოსაწონი ვერ ვიქნები და ისიც ვიცი, რომ ყველას არც ის მოეწონება, რომ უნივერსიტეტში ვითარება უნდა შეიცვალოს. სტუდენტური ცხოვრებაც უნდა გადახალისდეს, რაც ჩემი გეგმების ერთ-ერთი ნაწილია. ყველა სტუდენტს თუ სტუდენტთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის საშუალება. ყველასთვის თანაბარი პირობები უნდა იყოს და ეს ვინმესთვის ექსკლუზივს არ უნდა წარმოადგენდეს. სტუდენტები ჩართული უნდა იყვნენ ბიუჯეტის დაგეგმვა-განკარგვაშიც და ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.

- ეს მოხსნის კითხვებს უნივერსიტეტის მართვასთან და თვითმმართველობის გადაჭარბებულ ფუნქციებთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ყველა კითხვა მოიხსნება. სხვათა შორის, მართვასთან და არჩევნებთან დაკავშირებული რიგი საკითხები უკვე გადაჭრილია და სტუდენტთა მოთხოვნების გარკვეული ნაწილიც - დაკმაყოფილებული. მაგალითად, აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობა 37-მდეა გაზრდილი, რაც მის ლეგიტიმაციას ზრდის. გაცილებით წარმომადგენლობითია სენატიც, სადაც სტუდენტთა კვოტაც გაზრდილია. ეს ტენდენცია მისასალმებელია. მაქსიმალურად ვეცდებით, უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას. მაგალითად, სტუდენტურ სერვისებთან დაკავშირებით. უნდა გადავჭრათ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის პრობლემა, მოსაწესრიგებელია კვების საკითხი. ასევე, უნდა გადახალისდეს წიგნადი ფონდი, მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საჭირო ლიტერატურა. გასაუმჯობესებელია კომპიუტერული ბაზების მუშაობაც. ვაპირებთ, უნივერსიტეტში "ერთი ფანჯრის" პრინციპი შემოვიღოთ, სადაც სტუდენტი ყველა სერსვისს მიიღებს. და რაც ყველაზე მთავარია  გეგმაში გვაქვს გრანტების მრავალდონიანი სისტემის შემოღებაც სამეცნიერო კვლევების წასახალისებლად. ჩვენი სუპერამოცანაა, კვლევა დაბრუნდეს სწავლებაში, ბაკალავრიატის დონეზეც კი.

- უნივერსიტეტში ამის რესურსი არის?

- არის. ხშირად ამბობენ, რომ უნივერსიტეტი არის სტუდენტი და პროფესორი. მესამე კომპონენტი გვავიწყდება - ტრადიცია. ჩვენს უნივერსიტეტში ეს დაცულია და აქ ნამდვილადაა შესაძლებელია, მაღალი დონის კვლევითი საქმიაობა აღორძინდეს. ზოგადად, სამეცნიერო სფერო წლების განმავლობაში მივიწყებული იყო. 2010 წელს კვლევითი ინსტიტუტები უმაღლეს სასწავლებლებს შეუერთდა, მაგრამ ეს ხელოვნური და არაურთიერთმომგებიანი შეთანხმება იყო. შესაბამისად, შედეგი არ დადგა. ბოლო 2 წლის განმავლობაში დიდი მეცადინეობა დაგვჭირდა ამ ყინულის გასალღობად - 2015 წლის 1 იანვრიდან, სამჯერ გაიზარდა სამეცნიერო სფეროს დაფინანსება. 2,5-ჯერ გაიზარდა დასაქმებული პერსონალის ხელფასები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, უნივერსიტეტში დაიწყო არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი - შენდება მორფოლოგიის ინსტიტუტი, მთავრდება მესამე კორპუსის სრული რეაბილიტაცია, ფიზიკის ინსტიტუტს ნაწილობრივ ჩაუტარდა რეაბლიტაცია, ქიმიის ინსტიტუტის ბაზა მოწესრიგდა... ეს არ არის საკმარისი, თუმცა კარგი ტენდენციაა, რომ ხელისუფლებამ მეცნიერების მიმართ სათანადო ყურადღება გამოიჩინა. სწორედ მეცნიერება და განათლებაა ჩვენი სწრაფი, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ქვეკუთხედი და ესაა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს რესურსი, 2018 წელს, 100 წლის იუბილეს ღირსეულად შეხვდეს და რეალურად იქცეს წამყვან სამეცნიერო-კვლევით სასწავლებლად.

- დღეს იმის შესაძლებლობა რამდენადაა, უნივერსიტეტი პოლიტიზებული არ იყოს?

- უნივერსიტეტი პოლიტიზებული არ უნდა იყოს! ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ სტუდენტს არ აქვს უფლება რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ან აქტივისტი იყოს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინმემ  სტუდენტური მოძრაობებით მანიპულირება მოახდინოს. ყოველთვის, როცა დაპირისპირების ტემპერატურა მატულობს, მაქვს განცდა, რომ პროცესის უკან რაღაც ძალა დგას. შეიძლება ეჭვიანი ვარ, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მაგალითი გვინახავს, სტუდენტური აზრით მანიპულირებას რა შეიძლება მოჰყვეს. აქტივიზმი მისასალმებელია, მაგრამ ჩემთვის სტუდენტური აქტივიზმის გარდა, უმთავრესი მაინც კარგი სწავლა და კვლევაში მონაწილეობაა. პირადად მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს, არც დღეს ვარ და არც მომავალში ვაპირებ. ილიაობისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, ერთმა ინტელექტუალმა განათლების ყოფილმა მინისტრმა თქვა - საქართევლოში ერთადერთი პარტია უნდა იყოს "ილიელობა", მე "ილიელი" ვარო. ვეთანხმები. ჩვენი, ყველას ზეამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდეს. პოლიტიკური კინკლაობისა და დაპირისპირების ადგილი უნივერსიტეტში არ არის.

- რამდენიმე წელი უცხოეთში მოღვაწეობდით. არჩევის შემთხვევაში, თქვენი საერთაშორისო გამოცდილება და კავშირები როგორ აისახება უნივერსიტეტზე და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით რაიმე სიახლეებს თუ გეგმავთ?

- თითქმის 11 წელი დავყავი ევროპაში. ვხელმძღვანელობდი აკადემიური მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, სტიპენდიური პროგრამებით უცხოეთში განათლებამიღებულ კურსდამთავრებულებს სამშობლოში დაბრუნებასა და სწავლებაში ვეხმარებოდით. ვთანამშრომლობდით უნივერსიტეტთანაც, სადაც ამ წლების განმავლობაში, 50-ზე მეტი ახალგაზრდა დავაბრუნეთ. მათ კათედრებს კი  აღმოვუჩენდით პარტნიორებს უცხოეთში, საიდანაც სასწავლო პროგრამების გამართვაში ეხმარებოდნენ. პროგრამის ფარგლებში, ბევრი წარჩინებული, ცნობილი ლექტორი ჩამოდიოდა აქ და ბევრი მათგანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც გახდა. ისინი დღემდე ინარჩუნებენ კონტაქტს. მართლაც, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და არაერთი საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებთან ჩამომიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ამ კონტაქტებს გამოვიყენებ, რომ უნივერსიტეტის პარტნიორ სასწავლებელთა რიცხვი გაიზარდოს. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, ამ მხრივ უნივერსიტეტში ძალიან კარგი ვითარებაა, თუმცა ყველა შესაძლებლობა, ცხადია, ამოწურული არაა. ვაპირებთ სხვადასხვა უმაღლეს უცხოურ სასწავლებელთან ურთიერთობა გავააქტიუროთ. ოღონდ ეს ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მემორანდუმების ხელმოწერით. ეს უნდა იყოს რეალური, სასარგებლო საქმიანობა. ვაპირებთ, უნივერსიტეტში შეიქმნას ცენტრი, რომელსაც საერთაშორისო ცენტრებთან ექნება კავშირი. საქართველო გახდა "ჰორაიზონ 20/20"-ის წევრი. ეს უზარმაზარი პროგრამაა და ვგეგმავთ, მასში უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთოს.

- ბატონო გიორგი, თქვენს გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ?

- მძიმედ... იცოდნენ, რა კამპანია შეიძლებოდა გაჩაღებულიყო. ეს კამპანია უკვე გაცხარდა და ჩემი ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ ნინო ჭელიძემ, ასევე ჩემმა ნათესავებმა, ჩემ შესახებ ბევრი ისეთი რამ შეიტყვეს, რაც აქამდე არ იცოდნენ (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, წლების შემდეგ თქვენს შვილს თამამად ურჩევთ, უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღოს?

- ჩემი შვილი კონსტანტინე-ქაიხოსრო შარვაშიძე 7 წლისაა. კარგად სწავლობს და მშობლიური ენის გარდა, კიდევ ოთხ ენაზე ლაპარაკობს - უნგრეთში დაიბადა, შესაბამისად უნგრული ისწავლა. შემდეგ ბრიტანულ ბაღში ინგლისურს დაეუფლა და ახლა გერმანულ სკოლაში გერმანულს სწავლობს. რექტორობა სწორედ იმიტომაც გადავწყვიტე, ჩემს, ჩვენს შვილებს დავუტოვო ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც ნებისმიერ წარმატებულ ევროპულ უმაღლეს სასწავლებელზე არანაკლები იქნება. სხვათა შორის, თავის დროზე, უცხოეთიდან წამოსვლა სწორედ კონსტანტინეს გამო გადავწყვიტეთ. იქ ბრიტანულ სკოლაში უნდა მიგვეყვანა. ჩვენ კი გვინდა, კარგი ქართველი გაიზარდოს. ამ ფონზე, საკუთარი გამოცდილებიდან, ჩვენს თანამემამულეებს, წარმატებულ პროფესორებს, მეცნიერებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ, მოვუწოდებ, იფიქრონ დაბრუნებაზე. ბევრი რამ კეთდება საქართველოში. მაგალითად, ახლახან ქუთაისში გახლდით, სადაც კიდევ ერთი დიდი მასშტაბური იცინიატივა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაანონსდა. ეს ბრწყინვალე საშუალებაა ბევრი ქართველი მეცნიერისთვის, დაუბრუნდეს სამშობლოს და ქვეყანა ერთად ვაშენოთ!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×