საქართველოს ისტორიაში თამარის მეფობის ხანა დახუნძლულია მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული მოვლენებით. სწორედ XII ს-ის 80-იან წლებში ჩნდება პირველად საქართველოში სამეფო ხელისუფლების შეზუდვის იდეა. საქართველოს იმჟამინდელი მეჭურჭლეთუხუცესის, ყუთლუ-არსლანს მოთხოვნები მართლაც უპრეცედენტო გახლდათ მთელი მსოფლიო ისტორიის მასშტაბით.
საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ ჩვენს ქვეყანაში სამეფო კარი მუდმივად რჩება ერთ-ერთ იმ გამორჩეულ ფასეულობად, რომელსაც პატივს სცემდა და ეთაყვანებოდა მთელი ერი. სიმპტომატურია ისიც, რომ საქართველოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც მეფეს თავისი ხალხი არ აჯანყებია.
სწორედ ეს რეალობა ამძაფრებს ინტერესს - მაინც რა მოხდა, რამ აიძულა თამარის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვაზირი ასეთი რადიკალური მოთხოვნა წამოეყენებინა? რა გახდა ამ მოთხოვნის საფუძველი?
ამ კითხვაზე პასუხი იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სოციალური ვითარების ანალიზისას უნდა ვეძებოთ.
როგორ ჩაისახა ყუთლუ-არსლანის გამოსვლის იდეა
1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა, ტახტს თამარი იკავებს. ეს ფაქტი საფუძველი ხდება დიდი სახელმწიფო კრიზისისა, რამდენადაც იმ ფეოდალებისთვის, რომელთაც გიორგი III-მ ჩამოართვა პრივილეგიები, ხელსაყრელი დროა რევანშისათვის.
რევანშისტულ განწყობას კი საკმაოდ ღრმა საფუძველი აქვს - არ იყო ეს სიტუაცია იოლად დასაძლევი. ის გავლენიანი ფეოდალები აქტიურობენ, ორბელთა აჯანყებისას დემნას რომ დაუჭირეს მხარი და მეფეს დაუპირისპირდნენ.
გიორგიმ სისხლში ჩაახშო აჯანყება, თავისი ძმისშვილი დაასაჭურისა, რაც უფლისწულის სიკვდილის მიზეზი გახდა. სწორედ ასეთი ბინძური მეთოდით ჩამოიცილა გიორგიმ ტახტის კანონიერი მემკვიდრე და საკუთარ ქალიშვილს - იმ დროს 11 წლის თამარს გაუხსნა გზა მეფობისაკენ. არადა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, თამარისათვის მეფობა უფრო ტვირთი იყო, ვიდრე პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება.
გამარჯვებული გიორგი III სამეფო კარზე რადიკალურ ზომებს ატარებს - მან თანამდებობები ჩამოართვა დიდ ფეოდალებს და მათ ადგილას უგვარო, ერთგული ადამიანები დააწინაურა. დაწინაურებულთა შორის იყვნენ ყუბასარი და აფრიდონი. ყუბასარს გიორგიმ ორი თანამდებობა - ამირსპასალარობა და მანდატურთუხუცესობა უბოძა, აფრიდონს კი - მსახურთუხუცესობა.
თამარის აღსაყდრებისას დიდ ფეოდალთა აგრესიის პირველი ტალღა სწორედ ამ ორ ვაზირზე მოდის, მათი ჩამოცილების შემდეგ კი იწყება ფიქრი, როგორ შეიძლება მსგავსი თვითნებობის აცილება თავიდან. სწორედ ამ ფონზე ხდება საკმაოდ აქტუალური ყუთლუ-არსლანის იდეა.
ამბავი ყუთლუ-არსლანის დასისა
მას შემდეგ, რაც ამირსპასალარის, მსახურთუხუცესისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობები ვაკანტური გახდა, თამარის ოპოზიციამ ერთმანეთს დაუწყო ბრძოლა.
სწორედ ამ დროს ჩნდება ასპარეზზე ყუთლუ-არსლანი, საქართველოს იმჟამინდელი მეჭურჭლეთუხუცესი, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ამირპასალარის თანამდებობისადმი. თითქმის გადაწყვეტილიც იყო ეს საკითხი, როცა მან საკმაოდ უჩვეულო მოთხოვნები წაუყენა თამარს.
აი, რას ითვალისწინებდა ყუთულუ-არსლანის პროექტი: ისანში, იქ სადაც მეფის სასახლე იყო, უნდა დაარსებულიყო კარავი, სადაც შეიკრიბებოდნენ დიდებულები. სწორედ კარავს და არა მეფეს უნდა გადაეწყვიტა სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. კარავს გარდა უზენაესი მართლმსაჯულებისა, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მოხელეების დანიშვნა-გათავისუფლების უფლებაც უნდა ჰქონოდა.
მეფეს არ ჰქონდა უფლება დასწრებოდა კარვის სხდომას. გადაწყვეტილება, რასაც კარავი მიიღებდა, მეფისთვის უნდა წარედგინათ. მეფის მოვალეობად მიიჩნეოდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების აღსრულება და მეტი არაფერი.
ეს ბუნებრივია, სამეფო ხელისუფლებას ზღუდავდა, რასაც თამარი არ დაუშვებდა, ამიტომაც ყუთლუ-არსლანის რეფორმა მისთვის მიუღებელი იყო.
ყუთლუ-არსლანის კონცეფციას გარკვეული იდეოლოგიური სიახლოვე აქვს ნიზამ ალ-მულქის (ეს ის ნიზამ ალ-მულქია 1092 წელს ასასინების პირველ ტერორისტულ აქტს რომ ემსხვერპლა) "სიასათ ნამესთან". სწორედ ირანელი მოაზროვნე ნიზამ ალ მულქი გვიხატავს იდეალური მეფის სახეს თავის თხზულებაში. მისი თქმით, იდეალური მეფე ვალდებულია ეთათბიროს გადაწყვეტილების მიღებამდე მეცნიერებს და ბრძენ ხალხს, აქვე ხაზგასმულია, რომ არ არის კარგი სამეფო გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება.
როგორ უქმნიდა უკონტროლო მეფე ქვეყანას საფრთხეს
მაინც რა ხდება ამ პერიოდის საქართველოში, როგორი განწყობები კვებავს იმ უნიკალურ გარემოს, დღემდე "ოქროს ხანად" რომ შემორჩა ქართველთა მეხსიერებას? ყუთლუ-არსლანის იდეაც ხომ ამ "ოქროს ხანის" პროდუქტია...
თამარის ეპოქის ეკონომიკა დიდი აღმავლობას განიცდის, საკმაოდ ამაღლდა ცხოვრების დონე, გლეხთა მდგომარეობა შესაბამისად, სოციალური თვალსაზრისით ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ XII ს-ის 80-იანი წლების ქართული საზოგადოების დაკვეთაა ევოლუცია, სტაბილურობა და რევოლუციებსა და მსგავს კოლაფსებს არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ.
სწორედ ამიტომაც გამოდის ყუთლუ-არსლანი თავისი მოთხოვნით - ის რაც გიორგი III-ის მეფობისას მოხდა - სისხლისმღვრელი და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დასჯა უფლისწულისა, სწორედაც რომ სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იყო, ამის ინიციატორი კი თავად მეფე გახლდათ. მისი ერთპიროვნული მმართველობა ქმნიდა საფრთხეს, მსგავსი რეციდივები კვლავაც გაგრძელებულიყო, ამიტომაც გაჩნდა იდეა, შეზღუდულიყო მეფის ხელისუფლება.
ეს ცნობილი გამოსვლა სწორედაც რომ ცალსახა დატურია იმისა, რომ საქართველოს ისტორია რევოლუციებს ვერ ეგუება...
როგორ აღმოჩნდა ნიზამ-ალ მულქი ყუთლუ-არსლანის თანამოაზრე
ბუნებრივია, ფეოდალთა სასურველი ცალკეული პიროვნებების დაწინაურება გარკვეულწილად დიდებულებისათვის მისაღები პოლიტიკის გატარების საშუალება იყო, თუმცა, ფეოდალებმა უფრო მასშტაბური რეფორმა მოინდომეს, მათ შეიმუშავეს პროექტი, რომლითაც მეფის უფლებები შეიზღუდებოდა, საცნაურია, რომ, ისინი, ვინც ამას ითხოვდნენ, არ იყვნენ ერთგვაროვანნი წარმომავლობის თვალსაზრისით.
ასე რომ, ვინც კარვის დაარსებას ითხოვდნენ, სრულიად განსხვავდებოდნენ თავიანთი მრავალფეროვანი სოციალური წარმომავლობით იმათგან, ვინც ყუბასარისა და აფრიდონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
როგორც თვისებრივად განსხვავდება ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთისგან, ასევე თვისებრივად არიან განსხვავებულნი ისინი, ვინც ამას ითხოვენ. უგვანო ვაზირთა გადაყენება დიდგვაროვან აზნაურებს სურსთ, ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნები კი სხვადასხვა სოციალური ფენის - დიდგვაროვანი არისტოკრატიის, მოქალაქეთა ზედაფენებისა და რაინდობის ერთობლივ პოზიციას ასახავს.
ვფიქრობთ, უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რომ მეფე თამარის წინააღმდეგ გამოდიან ერთობლივად, არამედ ის რომ იმ მოთხოვნებს, რასაც თამარს უყენებენ მანამდე პრეცედენტი არა აქვს მსოფლიო ისტორიაში.
როგორც ვთქვით, მსგავსი განწყობებია ნიზამ ალ-მულქის "სიასიათ ნამეში", მაგრამ ეს პოლიტიკური ტრაქტატია და თეორიის ფარგლებს არ სცდება, ყუთლუ-არსლანი კი მსგავსი იდეოლოგიის დანერგვას ცდილობს სამეფოს მმართველობის მოდელად.
ჰქონდა თუ არა პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში ყუთლუ-არსლანის დასს
სულ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ინგლისი იამაყებს პარლამენტით, საფრანგეთი - გენერალური შტატებით, არადა მანამდე მეფის ერთპიროვნული მმართველობის შეზღუდვის მოდელი საქართველოში ყურთლუ-არსლანმა შექმნა.
ყურთლუ-არსლანმა დაინახა პირველად ის პრობლემა, რაც ერთპიროვნულ მმართველობას, როგორც მართვის მოდელს გააჩნდა. ამიტომაც სახელმწიფოს მმართველობაში რეფორმის გატარება მიიჩნია აუცილებლად.
არ შეიძლებოდა იმ ადამიანებს, ვისაც თავიანთი ქონებრივი ცენზით რეალური გავლენა გააჩნდათ, არ ჰქონოდათ საშუალება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოში თავიანთი უფლებები დაეცვათ. ეს საკითხი უცილობლად ითხოვდა გადაჭრას.
ყუთლუ-არსლანის დასის პროექტი იმიტომაც იყო მანამდე უპრეცედენტო ფაქტი მსოფლიო ისტორიაში, რამდენადაც ადრე ყველგან სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა სამიზნე მეფობის ერთიანი პოლიტიკური ინსტიტუტი გახლდათ და სწორედ მის წინააღმდეგ ხდებოდა გამოსვლა, ყუთლუ-არსლანის შემთხვევაში კი განდგომილები სამეფო ხელისუფლების მხოლოდ ერთი რგოლის - საკანონმდებლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.
მაინც ვინ იყო ყუთლუ-არსლანი?
მაინც ვინ იყო ყუთლუ-არსლანი? რა ცნობები შემოინახა ისტორიამ მის შესახებ? ცალსახად უნდა ითქვას - ერთობ მწირი ინფორმაციაა დაცული. დადასტურებულად მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყუთლუ-არსლანი თამარის სამეფო კარზე მეჭურჭლეთუხუცესის საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს. ეს კი იმას უნდა გულისხმობდეს, რომ გიორგი III-ისა და ორბელთა დაპირისპირებისას, მას მეფის მხარე უნდა დაეჭირა, თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ სხვა უგვანო აღზევებულებისგან განსხვავებით, ყუთლუ-არსლანი დიდი საგვარეულოს, სავარაუდოდ თორელთა საგვარეულოს წარმომადგენელია.
ცნობილი მოვლენების შემდეგ მისი კვალი იკარგება, მის შესახებ აღარაფერია ცნობილი - ეს ფაქტი საკმაოდ ბევრი ვარაუდის საფუძველს ქმნის - არის ვერსია, რომ ყუთლუ-არსლანი და შოთა რუსთაველი ერთი და იგივე პიროვნებაა. ძნელია რაიმე თქვა გადაჭრით, თუმცა ფაქტია, რომ ამგვარად მასშტაბურად მოაზროვნე პიროვნება უკვალოდ არ უნდა გამქრალიყო ისტორიიდან.
რა თქმა უნდა, ლოგიკურია ის, რომ ყუთლუ-არსლანს ვერ ჰგუობს კონსერვატორი ფეოდალური სამეფო კარი, თუმცა, ეს არ უნდა გამხდარიყო ისტორიიდან მისი სახელის შეგნებულად ამოშლის მიზეზი (მსგავსი ფაქტები საკმაოდ ბევრია მსოფლიო ისტორიაში).
ყუთლუ-არსლანის მსგავსად, დღემდე რუსთველიც ხომ მისტიკურ პერსონადაა წარმოდგენილი - მის შესახებაც მატიანე ბევრს არაფერს გვეუბნება. იქნებ სწორედ ამ ცნობილი აჯანყების შემდეგ დატოვა აქტიური პოლიტიკა ყუთლუ-არსლანმა და "ვეფხისტყაოსნის" შექმნას მოახმარა დარჩენილი დრო-ჟამი?
ვინ იცის... ისტორია ხომ სწორედ იმითაც არის საინტერესო, რომ დასმულ კითხვას ზოგჯერ ცალსახა პასუხი არ გააჩნია...