მამუკა ნაცვალაძე
19.09.2016

ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტესტი გახლდათ ფეოდალური საქართველოსთვის. აშკარაა, რომ XII ს-ის 80-იანი წლების ქართული საზოგადოება განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა, ეს იმ ეკონომიკური აღმავლობის შედეგია, საქართველო რომ განიცდის დავით აღმაშენებლის მმართველობიდან მოყოლებული. აშკარაა ისიც, რომ  საზოგადოების წინსვლას სულ სხვა სივრცე და სამოქმედო არეალი სჭირდება, რასაც ფეოდალური მარწუხები უშლის ხელს. სწორედ ის ფეოდალური მარწუხები, მეფის ერთმმართველობა და შეუზღუდავი უფლებები რომ აქცია ჩვეულებრივ რეალობად.

 სამეფო კარზე დატრიალებულმა სისხლიანმა მოვლენებმა, რომელიც წინ უძღოდა გიორგი III-ის მიერ 11 წლის თამარის აღსაყდრებას, ახალი ბიძგი მისცა მეფის ერთმმართველობის შეზღუდვის იდეას. თუმცა, იდეა იდეად დარჩა. ვერ შედგა მეფის ძალაუფლების შეზღუდვის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი საკანონმდებლო უფლებებით.

არადა ყუთლუ-არსლანი სწორედ იმ კარვის დაარსებას ითხოვდა, რაც საუკუნეების შემდეგ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული მმართველობის ცივილური ფორმა გახდება - ყუთლუ-არსლანის კარავი არაფრით განსხვავდება თანამედროვე პარლამენტისგან. კარავს გადაწყვეტილებები მეფის გარეშე უნდა მიეღო, მეფეს კი მხოლოდ ამ გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება რჩებოდა.

რატომ არ გამოიღო შედეგი ყუთლუ-არსლანის იზოლაციამ

ყუთლუ-არსლანის თანაშეფიცულთა რიცხვი საკმაო დიდია. ეს დასი გარკვეული ორგანიზაციის პრინციპითაა შედგენილი, სადაც ყუთლუ-არსლანი გახლდათ "თავი იგი მოქმედი".

თამარმა კარგად გაიზარა, რომ დასის მოთხოვნებზე დათანხმება მის ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებდა, ამიტომაც სამეფო დარბაზთან მოთათბირების შედეგად გადაწყვიტა უკომპრომისო პოზიცია დაეკავებინა და ყუთლუ-არსლანი დაეპატიმრებინა.

თამარი ფიქრობდა, რომ ამ ინიციატივის ძირითადი მოთავის იზოლაცია სიტუაციას შეცვლიდა, თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.

შეფიცულებმა შეკრეს პირი და თამარს ყუთლუ-არსლანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვეს. საკმაოდ ბევრი გავლენიანი ადამიანი უჭერდა მხარს "შეფიცულებს". გაისმა კონკრეტული მუქარაც - თუკი მეფე არ შეასრულებდა მათ მოთხოვნას და არ გაათავისუფლებდა მეჭურჭლეთუხუცესს, ისინი შეიარღებული გამოსვლით იმუქრებოდნენ.

სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, არდათმობა სისხლის დაღვრას ნიშნავდა, დათმობა კი სამეფო ხელისუფლების გაწირვას.

ამბავი კრავაი ჯაყელისა და ხვაშაქ ცოქალისა

გამოსავალი თითქოს არ არსებობდა, სიტუაცია ერთი შეხედვით ჩიხში იყო მოქცეული, თუმცა თამარმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - ვითარების განსამუხტავად დასელებთან ორი ცნობილი და ყველასგან დაფასებული მანდილოსანი - სამძივართა დედა კრავაი ჯაყელი და ქართლის ერისთავთ-ერისთავის, რატის დედა ხვაშაქ ცოქალი გაგზავნა.

ყველასათვის პატივცემული ქალბატონების პირით თამარმა შეფიცულებს შეუთვალა, რომ თუკი ისინი დამობაზე წავიდოდნენ, ყუთლუ-არსლანის მეტი არავინ დაისჯებოდა.

მოლაპარაკებისას წარჩინებულ მანდილოსანთა ჩართვით სულ სხვა ხასიათი შეიძინა დასელების მოთხოვნებმაც - ეს იყო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება თამარის მხრიდან, რამდენადაც ქალის პატივისცემას არ შეიძლეოდა არ გაენელებინა ის უკიდურესი მღელვარება და დაძაბულობა, არ შეიძლებოდა არ დაეწმინდა ის ამღვრეული ფონი, რითაც ფეოდალები ცდილობნენ საკუთარი მიზნების აღსრულებას.

გაფიცულები დათანხმდნენ. პირობისამებრ არავინ დასჯილა მათგან, ჩანს დასჯას გადაურჩა ყუთლუ-არსლანიც. მიუხედავად ამისა, თამარი იძულებული იყო გარკვეულ დამობებზე წასულიყო.

როგორ მიიღო ყუთლუ-არსლანმა პროგრამა მაქსიმუმის მოთხოვნით პროგრამა მინიმუმი

გარდა დიდაზნაურებისა, ქვეყანაში იყო საშუალო და მცირე აზნაურთა მრავალრიცხოვანი ფენა, რომელიც დაინტერესებული იყო იმით, რომ  მათი პოზიცია ასახულიყო ქვეყნის მმართველობაში.

როგორც ჩანს, ეს გახლდათ ის პროგრამა მინიმუმი, რასაც მიზნად ისახავდა ყუთულ-არსლანის დასი. სწორედ ამიტომაც არ გამოუდვიათ თავი კარავის იდეაზე "შეფიცულებს", როცა სამეფო კარმა სამეფო დარბაზში მათი პოზიციების უფრო ფართოდ გათვალისწინება შესთავაზა.

სამეფო კარის შეთავაზება სხვა არაფერი იყო, თუ არა სწორედ ამ პოზიციების გათვალისწინება, გამომდინარე იქიდან, რომ სამეფო დარბაზი გამომხატველი უნდა ყოფილიყო საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებისა.

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ საშუალო და მცირე აზნაურთა ფენა თავისი არსით ცენტრალური ხელისუფლების პოზიციის დამცველია. განსაკუთრებულად ერთგულებენ სამეფო ხელისუფლებას ქალაქები, რომელთაც სახელმწიფო მფარველობს და სწორედ ამის შედეგია მათი სტაბილურობა და განვითარება.

საგულისხმო იყო ისიც, რომ ქალაქებში ეთნიკური თვალსაზრისით ჭრელი მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელთა გაერთიანების, ერთი იდეით დამუხტვის უნარიც და საკმაოდ დიდი რესურსიც სამეფო ხელისუფლებას გააჩნდა.

რა როლს ასრულებდა სამეფო დარბაზი თამარის მეფობისას

ყუთლუ-არსლანის დასის წევრებთან მოლაპარაკებები დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. დიდებულებმა უარი თქვეს კარვის დაარსების იდეაზე, სამაგიეროდ მათთვის მისაღები აღმოჩნდა სამეფო დარბაზის უფლებების გაფართოება.

აშკარა გახლდათ, რომ ხისტი პოლიტიკით ვერ მოხერხდებოდა პრობლემის მოგვარება. საჭირო იყო გარკვეული ცვლილებების შეტანა მმართველობაში, რაც ორმხრივი კომპრომისით უნდა ყოფილიყო გაჯერებული.

სწორედ სამეფო დარბაზის ერთიანობთა და თანადგომით უნდა ყოფილიყო მიღებული მეფის ნებისმიერი გადაწყვეტილება. ამ დროიდან მოყოლებული უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებში გაჩნდა მინაწერი, რომ ის მიღებული იყო დიდებულებთან ერთად და მათი თანხმობით - "თანადგომითა და ერთნებაობით".

ასეთი სახით გადაწყდა, მაგალითად, შამქორისა და ბასიანის ომის დაწყება, ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და სარგის მხარგრძელისათვის თანამდებობების მიცემა.

უნდა ითქვას, რომ სამეფო დარბაზის თანხმობით ჩვეულებისამებრ ადრეც იღებდა მეფე გადაწყვეტილებებს, თავად გიორგი III და შემდგომ თამარიც ეთათბირებოდა სამეფო დარბაზს და გადაწყვეტილებებსაც მათი რჩევით იღებენ. რთულია იმის თქმა, რა შეიცვალა სამეფო დარბაზის მოქმედებაში ყუთლუ-არსლანის დასის შემდეგ, რამდენადაც ადრეც დარბაზის წევრები აძლევდნენ უმნიშვნელოვანესი საქმეებისას თანმობას მეფეს.

თუმცა არის ერთი გარემოება, რასაც უდავოდ უნდა მიექცეს ყურადღება - მაშინ, როცა სამეფო ხელისუფლება ძლიერი იყო და მას ერთმმართველი განაგებდა, ბუნებრივია, ასეთი თანხმობა მხოლოდ ფორმალობა და ფიქცია იყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სამეფო ხელისუფლება დასუსტდებოდა, დარბაზის გადაწყვეტილებებს და მის პოზიციას რეალური ძალა გააჩნდა.

როგორც ჩანს, თამარის მეფობის პირველ წლებში სწორედ ასეთი რეალური ფუნქცია შეუძენია სამეფო დარბაზს, რამდენადაც ისეთი  უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიცაა მეფისთვის თანამეცხედრის შერჩევა, წყვეტს არა სამეფო კარი უშუალოდ, ანდა თამარი ერთპიროვნულად, არამედ სამეფო დარბაზი. სწორედ  დარბაზის ინიციატივა გახლდათ გიორგი რუსის საქართველოში ჩამოყვანა.

რატომ იხსენიებს ყუთლუ-არსლანს თამარის ისტორიკოსი "ჯორად და ბიჭად"

ყურთლუ-არსლანი ისეთ პროექტს სთავაზობს საზოგადოებას, სადაც დაცულია როგორც ფეოდალთა, ისე მესამე წოდების ინტერესები. აზროვნების იმ მასშტაბებსა და სივრცეს, რაც კარვის დაარსების იდეაში აისახა, სათანადო განათლება სჭირდებოდა, რაც მხოლოდ ფეოდალებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ასე რომ ყუთლუ-არსლანის მხოლოდ ფეოდალური გვარის წარმომადგენელი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც არ აღმოჩნდა მისთვის ბარიერი მესამე წოდების პრიზმიდანაც შეეხედა მოვლენებისათვის და შესაბამისი დასკვნებიც გამოეტანა.

ყუთლუ-არსლანის მომხრეები სიმდიდრით აღზევებულნი იყვნენ და ძირითადად მესამე წოდებას წარმოადგენდნენ. მათი უმთავრესი მოთხოვნაც სწორედ ამიტომ იყო ის, რომ თავიანთი სიმდიდრის შესაბამის პოლიტიკური უფლებებიც მოეპოვებინათ და თავიანთი გავლენა საკანონმდებლო ხელისუფლებაზე გაევრცელებინა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მათი წინამძღოლი და მოთავე ყუთლუ-არსლანი ფეოდალთა საგვარეულოს წარმომადგენელი ყოფილიყო.

თამარის ისტორიკოსი, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი არ იშურებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყუთლუ-არსლანის მიმართ. აი რას ამბობს იგი: "ყუთლუ-არსლან ცხოვარმან ჯორის სახედ ორ ბუნებისა მყოფელმან ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკავრება...  ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისნისასა".

საკითავია რა აგულიანებს თამარის ისტორიკოსს ამგვარი შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიოს საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი? ყუთლუ-არსლანი უჩინო და უგვანობა? ძნელი დასაჯერებელია, რადგანაც ნებისმიერ იდეას, პოზიციას, რაც მეფისთვის მიუღებელია, როგორც წესი, სწორედ ასეთი უკომპრომისო ფორმითა და სტილით უპირისპირდებიან სამეფო კარის ისტორიკოსები.

აქ სამეფო კარის ოფიციალური პოზიციაა აღნუსხული, სადაც შეფასებები იმის მიხედვით არ ხდება, ვინ მდაბიოა და ვინ წარჩინებული. მაგალითისთვის გამოდგება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ანალოგიური დამოკიდებულება ლიპარიტ ბაღვაშისადმი. ბაღვაშის წარჩინებული წარმომავლობა არ არის ბარიერი მისი შეურაცხყოფილი ფორმებით მოხსენიებისა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თამარის ისტორიკოსი ყურთლუ-არსლანს ჯორს და ბიჭს უწოდებს (ბიჭი უკანონოდ შობილი ადამიანის აღმნიშვნელოად იხმარებოდა) აქ კარგად უნდა ჩანდეს ყუთლუ-არსლანის იდეისადმი სამეფო კარის ის უკომპრომისო და ემოციური დამოკიდებულება, რამაც სწორედ ამ ფრაზით გამოჟონა ოფიციალურ ვერსიაში.

რა შედეგი მოიტანა თამარის   კომპრომისის ხელოვნებამ

"განდგომილებთან" კომპრომისული გადაწყვეტილების შედეგია ის რომ ყუთლუ-არსლანის გამოსვლის შემდეგ ვაზირის თანამდებობაზე ისევ წინაურდებიან უგვანონი - მაგალითად აბულასანი, რომელიც მესამე წოდების მდიდარი მოქალაქების წრიდანაა გამოსული და რომელიც სულ მალე ისევ დაუპირისპირდება თამარს.

ამრიგად, თამარმა მეფობის პირველივე წლებისას უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური რეალობა შემოატრიალა თავის სასარგებლოდ. გონივრული, მშვიდობიანი, პოლიტიკით, რომელიც უმეტესად ბეწვის ხიდზე გადიოდა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეფემ შესძლო თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაეყვანა დიდგვაროვნებთან დაპირისპირების პროცესი, შემდეგ კი როგორც ერთპიროვნულ მმართველს სრული გამარჯვება ეზეიმა.

უსისხლო, მშვიდობიანი, კომპრომისული და ზოგჯერ უკომპრომისო გადაწყვეტილები საქართველოს, როგორც სამეფოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზისთვის ამზადებს.

სწორედ ასეთი შინაგანი განწყობით ხვდება საქართველო თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ეპოქას, შამქორისა და ბასიანის ჟამს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×