თელავის, წყალტუბოსა და ხონის მთის სკოლებში 1-3 ბავშვი რეგისტრირდება
მარიამ აფციაური
21.09.2016

მთიანი რეგიონები დემოგრაფიული პრობლემების ზღვარზე. წლევანდელ სასწავლო წელს თელავისა და წყალტუბოს რაიონების მთიან სოფლებში მხოლოდ ორი პირველკლასელი დარეგისტრირდა, გარდაბანში - ოთხი, ხონში კი - მხოლოდ ერთი. უფრო მძიმე ვითარება იყო შარშან. ხონის მთიან სკოლებს პირველკლასელი საერთოდ არ ჰყოლია. შარშანწინ კი მათი რაოდენობა ორს არ აღემატებოდა.

"განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დარეგისტრირებულ პირველკლასელთა რაოდენობამ იკლო ისეთ რაიონებში, როგორებიცაა ჩოხატაური, დმანისი და საგარეჯო. დემოგრაფები ამის მიზეზად ჩვილთა, ასევე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდასა და მიგრაციულ პროცესს ასახელებენ.

 სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2014-15 წლებში გურიაში, კერძოდ ჩოხატაურში, პირველკლასელთა რაოდენობა 13 იყო. 10-მდე შემცირდა მათი რიცხვი 2015-2016 წლებში. წელს კი სკოლას 9 მოსწავლე შეუერთდა. კლებისკენ არის დინამიკა საგარეჯოს შემთხვევაშიც. მონაცემები ასე გამოიყურება: 2014-15 წლებში მთიან სოფლებში დარეგისტრირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს, შემდეგ წელს დაიკლო 28-მდე, ხოლო წელს პირველკლასელთა რაოდენობა კიდევ 7 ბავშვით შემცირდა.

იმერეთში, წყალტუბოში არსებული მთიანი რეგიონის სკოლები სასწავლო წელს მხოლოდ ორი პირველკლასელით შეხვდნენ. იგივე მოხდა თელავის შემთხვევაშიც.

რაც შეეხება ხონს, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ამ რაიონში არსებული მთის სკოლები მოსწავლეების რაოდენობით არც არასდროს გამოირჩეოდა. მათ სამი წლის წინათ - ორი, წელს კი მხოლოდ ერთი ბავშვი მიიღეს. შარშან პირველკლასელი საერთოდ არ ჰყოლიათ.

მიგრაციის პროცესი შეუქცევადია ქვემო ქართლის რეგიონშიც. "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" სტატისტიკური მონაცემებით, დმანისში მდებარე სკოლებში 2014-15 წლებში 139 პირველკლასელი დარეგისტრირდა, ეს ციფრი მომდევნო წელს 98-მდე ჩამოვიდა, ახლა კი 91-მდეა შემცირებული.

სპეციალისტების აზრით, პროცესი შეუქცევადია და პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სახლობენ.

"რა თქმა უნდა, მთიან რაიონებში დაბალია შობადობა. 2011 წელს ამ მხრივ ვითარება გამოსწორდა, მაგრამ ჩვილთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა მოკვდავობა მაღალია საქართველოში. ამან თავისთავად შეამცირა სასწავლო კონტინგენტი პირველ კლასში.

მაგალითად, დმანისში კლების ტენდენცია გამოწვეულია იმით, რომ ბევრია ჩასახლებული. მაგალითად, ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები. ნაწილი წავიდა თავის სამშობლოში ან საზღვარგარეთ და ამის შედეგად პირველკლასელთა კონტინგენტი შემცირდა. გარდა ამისა, აღარ არის იქ იმ რაოდენობის სომხური, აზერბაიჯანული სკოლები, რამდენიც ადრე იყო. ამანაც შეუწყო ხელი გადინების პროცესს", - განუცხადა "რეზონანსს" დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ.

სპეციალისტების მოსაზრებით, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიგრაციის პროცესის შეჩერება ძალიან რთულია.

"საქართველოში არსებულ სოციალურ პირობებში ძალიან რთულია, რამე შემაკავებელი მექანიზმი აამოქმედო. ეს ვერ მოხერხდება, განსაკუთრებით, დმანისის რაიონში და სხვა მაღალმთიან სოფლებში.

იქ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ბევრს ურჩევნია დაბრუნდეს თავის ეთნიკურ სამშობლოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები, ფაქტობრივად, ახალგაზრდები არიან, რომლებსაც აქვთ უნარი წავიდნენ უცხოეთში და ეძებონ სამუშაო", - აღნიშნა სულაბერიძემ.

დემოგრაფ გია წულაძის მოსაზრებაც წინა რესპონდენტის ანალოგიურია. მისი თქმით, მართალია, ტენდენცია შემცირებისკენაა, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, მიგრაციული პროცესების ტემპი იმდენად კატასტროფული აღარ არის.

"მოსახლეობის დაბერება, მიგრაციის უარყოფითი სალდო, ურბანიზაციის პროცესი - ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. სამწუხაროდ, საყოველთაო მოვლენაა და წინ ვერ აღვუდგებით. ქალაქის მოსახლეობის ზრდასაც ვერ შევაჩერებთ. ამას ემატება ისიც, რომ არსებობს გარე მიგრაციის პრობლემაც", - განუცხდა "რეზონანსს" გია წულაძემ.

სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გარკვეულ რაიონებში, პირველკლასელთა რაოდენობის ზრდაც შეინიშნება. მაგალითად, 2014-15 სასწავლო წელს ჭიათურაში მათი რიცხვი 26-ს შეადგენდა, იგივე რაოდენობა დაფიქსირდა 2015-16 წელსაც. 2016-17 სასწავლო წელს კი პირველკლასელების რაოდენობამ იმატა და 34-ს მიაღწია.

მართალია, ზოგიერთ მთიან რეგიონში წლეულს უფრო მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა, თუმცა რამდენად შეძლებენ სკოლები ამ ნაკადის შენარჩუნებას, ეს აქედანვე საეჭვოა. წლიდან წლამდე ვერ გვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები, თუნდაც უგზოობა. ბავშვებს სამარშრუტო ტაქსამდე მისასვლელად (რომელსაც შემდგომ სკოლაში მიჰყავს მოსწავლეები) ტყის გავლა უწევთ.  არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოზარდები გზაში გარეულ ცხოველებს გადაეყარონ. ამიტომ მომავალში რისკის ფასად განათლების მიღებას რამდენი მოსწავლე ისურვებს, უცნობია.

პრობლემა აქ არ მთავრდება. ჭიათურის სოფლების, მეჩხეთურისა და ქბილარის მოსწავლეები მესამე წელია, ნაქირავებ სახლში სწავლობენ. მათი თქმით, კედლები, მოაჯირები, ხის კიბე და იატაკი იმდენად ძველია, რომ შეიძლება, მალე ბავშვების გადაადგილებასაც ვეღარ გაუძლოს.

"ძალიან ძველი შენობაა. მეშინია, ბავშვები რომ წავლენ, არ ვიცი, უკან როგორ მოვლენ. ვეუბნები შვილიშვილებს, რომ კედელ-კედელ იარონ", - აღნიშნა ჭიათურის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ქბილარის მოსწავლეები, მათ შორის მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ბაჩუკი ნეფარიძეც განათლების სამინისტროსგან გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

"ყველაზე მთავარი არის გზა. გადაადგილება ჭირს, სკოლამდე კილომეტრ-ნახევარი მაინც იქნება, ნახევარი საათი მაინც მინდა, რომ მიკროავტობუსამდე მივიდე", - ამბობს ბაჩუკი ნეფარიძე.

რას ფიქრობს ხალხი

ნინო ალავიძე, 47 წლის: "მართალია, მთის კანონი მიგრაციის საწინააღმდეგოა, თუმცა ეს არ მოქმედებს, როცა სოფელს ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ აქვს მოწესრიგებული. ძალიან ბევრი სკოლა ვიცი, სადაც ზამთარში სამარშრუტო ტაქსები ვერ ადიან და იძულებულნი არიან, ბავშვები რამდენიმე თვე სწავლას მოწყდნენ.  კანონის შემუშავებამდე მთავრობამ ელემენტარული პირობების შექმნაზე უნდა იფიქროს და იზრუნოს".

დავით ებანოიძე, 38 წლის: "უნდა შეიქმნას პირობები, რომ ხალხი მთას დაუბრუნდეს, გაკეთდეს გზები, სკოლები. აბა, ნახეთ რა საშინელ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა? იცლება მთა ხალხისგან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისგან. იმიტომაც არის, რომ პირველკლასელთა რაოდენობა თანდათან იკლებს. მომავალში ხონის მსგავსად, სხვა სოფლებსაც საერთოდ არ ეყოლებათ მოსწავლე".

თამაზ ილურიძე, 33 წლის: "მთავრობა ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ტენდენცია შეიცვალოს. მახსოვს, თვითონ პრემიერი ამბობდა, თითქოს მზად არიან, რომ რაიონებში მატერიალური დოვლათი შექმნან და პირობები მაქსიმალურად მოარგონ ადგილობრივებს, რაც ძალზე კარგია. ამას ემატება შეღავათები, რაც თუნდაც განათლების სფეროში არსებობს. იდგმება ნაბიჯები და ვფიქრობ, მიგრაციული პროცესი მომავალში შეიცვლება დადებითისკენ".

თეკლა მჟავანაძე, 29 წლის: "არ ვიცი რა გითხრათ, ფაქტია, რომ ყველა თბილისშია ჩამოსული. ის, რომ რაიონიდან ქალაქში ჩამოდიან, ერთი შეხედვითაც ჩანს, შესაბამისად, სტატისტიკა, რომელიც კლებისკენ არის მიმართული, არ მაკვირვებს. გარდა ამისა, სახეზეა გარე მიგრაციაც. მაგალითად, დუშეთში ახლობლები მყავს და უკვე წლებია, საზღვარგარეთ არიან - ზოგი იტალიაშია, ნაწილი საბერძნეთში ან გერმანიაში. ჯერ თვითონ იმკვიდრებენ თავს და მერე შვილებიც მიჰყავთ. ამიტომ შემოელია სოფელს ბავშვები".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×