ლიკა გურაბანიძე
21.09.2016

"საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება უნდათ, მანიპულირებენ ძველი თემით და ამისთვის იყენებენ პროკურატურას," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილიპროკურატურის მიერ გუშინ ჩატარებული ბრიფინგის საპასუხოდ, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გამოძიებას ეხებოდა.

"მანიპულირებენ დაპირისპირებით, უნდათ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება, მანიპულირებენ ძველი თემით და ამისთვის იყენებენ პროკურატურას. არავის სჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ოპერატორის გადაღებული მასალა დღეს, 7 წლის შემდეგ აღმოაჩინა პროკურატურამ," - განაცხადა გაბაშვილმა.

მთავარი პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აქამდე უცნობ ვიდეომასალას აქვეყნებს. როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ვიდეოკადრები აქამდე უცნობია და ის უწყებამ გამოძიების პროცესში მოიპოვა.

მათივე განმარტებით, ვიდეოში ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას, სანაცვლოდ კი შესაბამის პირებს მაღალ პრემიებს ჰპირდება.

თქვენი აზრით, ეს ძველი თემით მანიპულირებაა თუ სამართლიანობის აღდგენის ნაწილი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გელა ნიკოლაიშვილი (იურისტი): ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს ერთიც და მეორეც. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში რომელი მოსაზრების წილია უფრო მეტი, იმაზეა დამოკიდებული თუ რას დავიჯერებთ რეალურად.

თუ ეს ჩანაწერი ახლა აღმოაჩინეს, მეტი წილია სამართლიანობის აღდგენის, ხოლო თუ ადრეც ჰქონდათ და ახლა გვაჩვენეს, მეტი წილი, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო მანიპულირებისაა.

 

 ნინო ჩხობაძე (ეკოლოგი): ძალიან რთულ თემას შევეხეთ. ზოგადად ამ კადრებზე თავიდან ითქვა, რომ უნდა გამქრალიყო. ჩემი პოზიციაც ეს არის იმიტომ, რომ ფაქტობრივად ისევ შანტაჟის თემაა, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის არჩევნების წინ ტრიალებს. ამ ნაწილით მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურად მოქმედებენ, რაც, ჩემი აზრით, სამართლიანი არ არის.

აქედან გამომდინარე, გავრცელებული მასალა სამართლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული ვერ იქნება. სამართლიანობა პროკურატურის მეშვეობით უნდა აღდგეს, მაგრამ არა კადრების გავრცელებით. ეს უფრო მანიპულირებაა, ვიდრე სამართლიანობის აღდგენა.

 ია ანთაძე (მედია ექსპერტი): ეს შესაძლოა ორივენაირად გავიგოთ, მთავარია ადამიანი როგორ არის განწყობილი. აქ ინტერპრეტაციაზე მნიშვნელოვანია ის თუ რა ვიცით ჩვენ ამ პროცესების შესახებ. ჩვენ მაშინ შეგვიძლია ეჭვის მანიპულაციაზე მიტანა თუ ვიდეოს დოკუმენტური მასალით დასაბუთების გარეშე გვთავაზობენ, ან კადრების ნამდვილობაში ეჭვი გვეპარება. მთავარი ამ კადრებში ისაა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ 26 მაისის სისასტიკე დავინახეთ.

 ნატო გელაშვილი (მომღერალი): სამართლიანობის აღდგენა ოთხი წლის წინაც შეიძლებოდა. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ეს კადრები აქამდეც მათ ხელში იყო და აქ ახალი არაფერი არ არის. უბრალოდ, ახლა იყო საჭირო მომენტი და სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენეს ეს. ჩემთვის მისაღები იყო, რომ ეს თავის დროზე გამჟღავნებულიყო და არა არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, მანიპულირება მგონია.

 

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): კადრების დადება არც სამართლიანობის აღდგენაა და არ სხვა რამ, ეს საზოგადოების ინფორმირებაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ქვეყანაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×