აპენინის ნახევარკუნძულმა ერთ-ერთი გამორჩეული კვალი დაატყო მსოფლიო ისტორიის განვითრებას. ხმელთაშუა ზღვაში შეჭრილი ეს ნახევარკუნძული ჩექმის ფორმას გვაგონებს.
აქ უძველესი დროიდან ლათინები დამკვიდრდნენ, ძვ. წ-აღ-ის IX ს-დან ეტრუსკები მოდიან, ძვ. წ-აღ-ის VIII-VII სს-ში კი ბერძნები შემოიჭრნენ, რომელთაც აპენინის სამხრეთით ნეაპოლიდან სიცილიის ჩათვლით ბერძნული ქალაქები დააარსეს. სწორედ ამიტომ სამხრეთ აპენინებს დიდი ხნის განმავლობაში "დიდი საბერძნეთის" სახელითაც იხსენიებდნენ.
ძველი ბერძენი კოლონისტები, რომლებიც მწირ ნიადაგს იყვნენ მიჩვეულნი, აპენინებზე მისვლისას გაოცებულნი დარჩნენ საქონლის სიმრავლით და უხვმოსავლიანობით, ალბათ ამითაც იყო განპირობებული, რომ მათ აპენინების სამხრეთ ნაწილს "ხბორების ქვეყანა," - იტალია უწოდეს. ეს სახელი შემდეგ მთელ აპენინების ნახევარკუნძულზე გავრცელდა.
ალბა-ლონგას სამეფო კარის ინტრიგები
ძვ. წ-აღ-ის VIII ს-დან მდინარე ტიბრის მარცხენა ნაპირის შვიდ ბორცვზე მცხოვრები მოსახლეობა გაერთიანდა და ასე გაჩნდა პატარა ქალაქი რომი. ზღვის სიახლოვე და წყალუხვი მდინარეები ბორცვებთან ერთად საკმაოდ საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა, რაც რომის, როგორც ქალაქის განვითარებისა და სრულყოფის საშუალებას ქმნიდა.
რომის დაარსებაზე საკმაოდ საინტერესო ლეგენდას მოგვითხრობს ძვ წ-აღ-ის I საუკუნის ავტორი ტიტუს ლივიუსი. ლათინთა ერთ-ერთი პატარა ქალაქ ალბა-ლონგას მეფე მისსავე უმცროს ძმას მოუკლავს და ტახტზე ასულა. მოკლული მეფის ქალიშვილი კი სამუდამოდ ტაძრის მსახურად უქცევია. ქალი მარსისგან - ომის რომაული ღმერთისგან დაფეხმძიმებულა. ასე გაჩენილა ორი ტყუპი ძმა - რომულუსი და რემი.
მეფის ბრძანებით ახალშობილი ბავშვები ტიბრში უნდა გადაეყარათ. მეფეს შეშინებია - ბავშები გაიზრდებიან და მეფობას წამართმევენო. ტიბრი მაშინ ადიდებული ყოფილა, ამიტომაც გადაუწყვეტიათ - მდინარის ნაპირზე დაედოთ კალათა, რომელშიც ტყუპები იყვნენ, მდინარეს კალათა არ წაუღია, კალათა ხის ტოტს გამოსდებია და ტყუპებიც გადარჩენილან.
ისინი ძუ მგელს უპოვია, სწორედ მისი ძუძუთი იკვებებოდნენ თურმე პატარები, შემდეგ კი მწყემსსა და მის ცოლს შეუფარებიათ და გაუზრდიათ ისინი. ძმები ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. გაიგეს თავიანთი წარმომამვლობის ამბავი. მოაწყვეს აჯანყება საკუთარი ბიძის წინააღმდეგ და მოკლეს იგი.
როგორ მოკლა რომულუსმა რემი
რომულუსსა და რემის შორის უთანხმოება მას შემდეგ გაჩენილა, როცა გადაუწყვეტიათ ქალაქის დაარსება. რომულუსს ქალაქის ასაგებად ტიბრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბორცვი, ის ადგილი აურჩევია, სადაც ძუ მგელმა ტყუპები იპოვა.
ძმები შერჩეულ ადგილზე ვერ შეთანმებულან და წაჩხუბებულან, ვერც ის გაარკვიეს, თუ ვისი სახელი უნდა დარქმეოდა ქალაქს, ანდა, ვინ უნდა ყოფილიყო მმართველი.
რომულუსს რომის გალავნის თხრა დაუწყია, რემს კი მისთვის დაუცინია, ის გამომწვევად ხტებოდა თურმე გალავნის საძირკვლის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. გაგულისებულ რომულუსს არ დაუნდია საკუთარი სისხლი, ხორცი - განუგმირავს იგი და მიუძახებია - "ასე დაემართება ყველას, ვინც ჩემი ქალაქის გალავანს დაუკითხავად გადმოაბიჯებსო". ახალი ქალაქისთვის რომულუსს საკუთარი სახელი - რომი უწოდებია და ქალაქის მეფეც თავად გამხდარა.
საყურადღებოა, რომ რომაელები წელთაღრიცხვას სწორედ რომის დაარსების თარიღიდან, ძვ. წ-აღ-ის 753 წლის 21 აპრილიდან იწყებდნენ. რომის კაპიტოლიუმის ბორცვზე მგლის ქანდაკებაც დადგეს, რომელიც ამჟამად მუზეუმშია განთავსებული.
როგორ მართავდა ახლად დაარსებულ რომს რომულუსი
ქალაქს დაცვა სჭირდებოდა, ამისთვის სათანადოდ იზრუნა რომულუსმა. მან შეარჩია სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ხალხი და ისინი რაზმებად დაყო. ყოველ რაზშმი შედიოდა 3000 ქვეითი და 300 ცხენოსნი. ასეთ რაზმს ლეგიონი ეწოდებოდა. გარდა ამისა, მმართველობის პირველი სისტემაც შექმნა - მან ასი საუკეთესო მოქალაქისგან უხუცესთა საბჭო - სენატი დააარსა. სენატორებს ძველ რომში პატრიციუსებს ეძახდნენ. ეს სახელდება იმას უსვამდა ხაზს, რომ სენატორები კანონიერი შვილების მამები იყვნენ და მათ საკუთარი მამების დასახელება შეეძლოთ. საგულისხმოა ის, რომ ბევრმა, ვინც რომის დაარსებისას ჩამოვიდა ქალაქში, არაფერი იცოდა საკუთარი წარმომავლობის შესახებ.
რომულუსის მზაკვრული ფანდი
პირველი საფიქრალი რომულუსისთვის რომში მოსახლეობის მიზიდვა იყო. მართალია, ქალაქის დაარსებიდან ოთხი თვის შემდეგ ქალაქში ბევრი სახლობდა, თუმცა, მათ შორის ცოლიანები უმცირესობაში იყვნენ.
გამომდინარე ტრადიციული ადათ-წესებიდან, იმის გამო, რომ ბევრი ჩასახლებული საეჭვო, გაურკვეველი წარმომავლობის იყო, წესიერი ოჯახებიდან მათ ცოლად არავის ატანდნენ. ეს კი უდიდეს პრობლემას ქმნიდა არა მარტო მათთვის, არამედ ქალაქისათვის. საჭირო იყო ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება.
ბუნებრივია, რომულუსი ტრადიციულ ადათ-წესებს ვერ შეცვლიდა და ვერ დაიყოლიებდა ვერავის ცოლად გაჰყოლოდა ამ ხალხს. საჭირო იყო სხვა გზა მოენახათ. რომულუსმა მიზანში საბინელები ამოიღო და ფანდს მიმართა. მან ხმა დააგდო, თითქოს ღმერთ კონსუსის საკურთხეველი აღმოაჩინა.
ამ მოვლენის აღსანიშნავად დიდი მსხვერპლშეწირვა გაიმართა. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო, საპატიოთა შორის იყო რომულუსი, რომელსაც სენატორებიც ახლდნენ. მოვლენები მოულოდნელად განვითარდა - ისე რომ არავინ ელოდა, რომულუსის ნიშანზე რომაელებმა იშიშვლეს ხმლები და საბინელების ქალიშვილებს ეცნენ. არეულობამ დააბნია საბინელები, კაცები გაიქცნენ, რომაელებმა მათ ხელი არ შეუშალეს.
რაც შეეხება საბინელთა ქალიშვილებს, ისინი დაიტოვეს. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ არც ერთი გათხოვილი ქალისთვის ხელი არ უხლიათ.
როგორ ჩააგდეს თეთრი მანდილი ქალებმა დაპირისპირებულ რომაელებსა და საბინელებს შორის
საბინელებმა რომულუსისგან მოტაცებული ქალების დაბრუნება და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ამაზე რომულუსმა უარი განაცხადა და საბინელებს იქით მოუწოდა ეცნოთ ქორწინებები. საბინელთა მეფეს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა ის, რომ რომზე გაელაშქრა.
რომულუსმა დაამარცხა მოწინააღმდეგეთა მხედართმთავარი. შემდეგ აიღო საბინელთა ქალაქი და ბრძანება გასცა - ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ხელით დაენგრია სახლები და რომში გადასახლებულიყო.
ეს რომ საბინელებმა არ გააკეთეს, თავად რომულუსის მოლაშქრეებმა აღასრულეს ბრძანება და უსახლკარო მოსახლეობა აიძულეს რომში გადასახლებულიყვნენ. ამ დაპირისპირებაში საგულისხმოა, რომ რომაელებმა მიწები დაისაკუთრეს, მაგრამ მოტაცებული ქალების მამების ქონებას არ შეეხნენ.
საბინელებს რევანში სწყუროდათ, მათ ისევ ილაშქრეს რომზე. ბრძოლისას რომული დაჭრეს, ბრძოლა თანაბარი იყო, ორივე მხარემ დიდი მსხვერპლი განიცადა. სიტუაცია ისევ მოტაცებულმა საბინელმა ქალებმა განმუხტეს - მათ შერიგებისკენ მოუწოდეს ორივე მხარეს. ქალებმა დაარწმუნეს საბინელები, რომ რომაელი ქმრები მათ პატივით ეპყრობოდნენ, რომ ისინი ცოლები და დედები გახდნენ და გვიანი იყო მათი უკან დაბრუნება.
ისევ ქალებმა იძალეს - მათ დაჭრილებს უპატრონეს და ანახეს თავიანთ თანაქალაქელებს, რომ ქმრებს მათ მიმართ პატივისცემა და სიყვარულით გააჩნდათ. ასე დაესვა წერტილი პირველ იძულებით მიგრაციას, რამაც რომს საშუალება მისცა, მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვნად გაეზარდა. შეთანხმება კი იმით დასრულდა, რომ რომულუსთან ერთად უნდა ემეფა საბინელ მეფესაც.
რატომ არ გამოდგა კომფორტული ორმეფობა რომში
ორმეფობა არ გამოდგა კომფორტული. სიტუაცია დაძაბა საბინიელი ტატიუსის მმართველობის მეხუთე წელს ერთმა შემთხვევამ - საბინელებს შეუნიშნავთ ლავრენტიუმიდან მომავალი ელჩები და უცდიათ მათთვის ფულის წართმევა. ელჩები არ შეეპუვნენ თავდამსხმელებს, ამ შეტაკებისას ისინი დახოცეს.
რომულუსი განარისხა ამ ამბავმა და დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა ბრძანა. ტატიუსი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და რომულუსის გადაწყვეტილების შეცვლას. ტატიუსმა თავისი გაიტანა, მისი მიზეზით სამართალი არ აღსრულდა, რამაც განარისხა მოკლული ელჩების ნათესავები, საპასუხოდ ისინი თავს დაესხნენ ტატიუსს და მოკლეს, აქვე რომულუსს თაყვანი სცეს და სამართლიანობა მოუწონეს. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რომულუსმა ტატიუსი პატივით დაკრძალა, თუმცა, სიტუაციის დაძაბვას მოერიდა და მკვლელების დასჯა საჭიროდ არ ჩათვალა.
ამბავი უკვალოდ გამქრალი რომულუსისა
რომის სიძლიერე განსაკუთრებულად აფრთხობდათ ეტრუსკებს, სწორედ ეტრუსკთა ქალაქი ვიი იყო პირველი, რომელმაც გამოუცხადა ომი რომს. ბრძოლაში რომაელებმა იძალეს და მტრის ჯარი დაამარცხეს. ვიის მოქალაქეებმა სამშვიდობო ზავი შესთავაზეს რომაელებს. მათ გადასცეს ტერიტორიები და მძევლები - 50 ყველაზე პატივცემული მოქალაქე. ეს რომულუსის უკანასკნელი ომი იყო.
ეს ის დროა, რომულუსმა რომ ერთპიროვნულად იგდო ხელთ ხელისუფლება. ამ დროს სენატს აღარაფერი ეკითხება - რომულუსი პატრიციებს მხოლოდ ფორმალურად კრებდა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ რომულუსმა ვიიდან წამოყვანილი მძევლები ისე დააბრუნა ეტრუსკების ქალაქში, რომ სენატისთვის თანხმობა კი არა, აზრის გამოთქმაც არ უთხოვია. რომულუსის ასეთმა თვითნებომამ სენატორები აღაშფოთა. ამ მოვლენებს ემთხვევა ის ფაქტი, რომ რომულუსი გაქრა - არავინ უწყის, რომის დამაარსებელი ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ. ამ ამბის შესახებ არანაირი სარწმუნო ცნობა არ არსებობს. არის ვერსია, რომ სენატორები რომულუსს ვულკანის ტაძარში დაესხნენ თავს და მოკლეს, მისი სხეული აკუწეს და გადამალეს.
არის კიდევ ერთი ვერსია - თითქოს რომულუსმა ფორუმზე შეკრიბა ხალხი, ამ დროს მზე დაბნელებულა, ამტყდარა ქარიშხალი. როდესაც გამოუდარია, ვერსად უნახავთ მეფე. რამდენიმე დღის შემდეგ კი სენატორებს გამოუცხადებიათ, რომ რომულუსი ღმერთებთან ავიდა და აუკრძალავთ მასზე ცნობების მოგროვება და სხვა ვერსიების განხილვა. ასე გაქრა უკვალოდ მეფობის 38-ე წელს 54 წლის რომულუსი.
როგორ იქცა რომულუსის იდეა საერთო რომაულ იდეად
რომულუსმა მმართველობის საკმაოდ საინტერესო იდეური მემკვიდრეობა დაუტოვა რომს - როდესაც მისი ბაბუა ნუმიტორი გარდაიცვალა, რომის დამაარსებელი უნდა გამხდარიყო ალბა-ლონგას მეფე, თუმცა, რომულუსმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რამაც განსაკუთრებით დააფიქრა რომაელები - მეფობაზე უარი განაცხადა და ალბას მოქალაქეებს უფლება მისცა, თვითონ ემართათ ქალაქი.
სწორედ აქედან იღებს დასაბამს იდეა, რომ რომაელებს შეექმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც არ იქნებოდა მეფე...