სხვადასხვა უწყებები ამ სამართლებრივ გაუგებრობაში, რომელმაც მასობრივი სახე მიიღო, ერთმანეთს ადანაშაულებენ
რეზონანსი
24.09.2016

წინასაარჩევნოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, საარჩევნო ბარათები მიიღეს, რამაც მათი მშობლების განაწყენება გამოიწვია.

18 წლის ნიკა ჯანაშიას, რომელიც 8 წლიდან შშმ პირის სტატუსით სარგებლობს და სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იქნა აღიარებული, საარჩევნო ბარათთან ერთად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყებაც მოუვიდა. როგორც ნიკას დედა, ლელა ჯანაშია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ნიკას, ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში, სასამართლომ ქმედუუნარობის სტატუსი მიანიჭა და ის, როგორც დედა, დროებით მხრდამჭერად დაინიშნა.

ლელა ჯანაშია: "ძალიან გულნატკენი ვარ, როგორც დედა, რომლის შვილიც ვერასდროს წავა ჯარში და ვერც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯერ კიდევ აპრილის თვეში ყველა ეტაპი გავიარე, ასევე ნიკამაც და მეგონა, რომ ამ თემით არავინ შემოიჭრებოდა ჩემს ცხოვრებაში. 

 ეს არის ქვეყნის პრობლემა, სამინისტროებს არა აქვთ ერთმანეთთან კოორდინაცია, არ შეუძლიათ მუშაობა."

"რეზონანსი": მიმართეთ თუ არა კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც აგიხსნიდათ, რატომ მოუვიდა ქმედუუნაროდ აღიარებულ ადამიანს საარჩევნო ბარათი ან ჯარში გაწვევის უწყება?

ლ.ჯ.: "მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, იქ მითხრეს, რომ ჯარში გაწვევას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს. ვერაფერი გავიგე, რა შუაშია ინფრასტრუქტურა ჩემს შვილთან, სამშენებლო მასალაა?

"დავიბენი, მართლა არ ვიცი, ვის მივმართო. როგორც ვიცი, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

"მე არ ვარ გამონაკლისი, არაერთ შშმ პირს მოუვიდა საარჩევნო ბარათი და ჯარში გაწვევის უწყისიც."

"რეზონანსი" დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იუსტიციის სამინისტროს. როგორც ჯანდაცვის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტატა გამყრელიძემ განგვიმარტა, ჯანდაცვის სამინისტრო არ ახდენს პირის პერსონალური მონაცემის გასაჯაროვებას.

ტატა გამყრელიძე: "ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ნებისმიერი პირის პერსონალური ინფორმაცია. ამიტომ არ ვაგზავნით მსგავს მონაცემებს სხვა სამინისტროებში. გვესმის, რომ ეს მშობლისთვის მძიმე და არაკომფორტულია, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლების საგულდაგულოდ მალავენ შვილების დიაგნოზს. ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ყველას უფლება.

"რაც შეეხება ჯარში გაწვევას, ამას ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ქალბატონ ლელას შეუძლია მიმართოს მათ და დამერწმუნეთ არავინ წაიყვანს შშმ პირს ჯარში."

ცესკოს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ სიებსა და ყველანაირ ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ იუსტიციის სახლიდან და დევნილთა და განსახლების სამინისტროდან იღებენ.

ცესკო: "ჩვენთან არ შემოდის პირდაპირი მონაცემები ამა თუ იმ პირზე, ჩვენ მხოლოდ ორ სუბიექტთან ვთანამშრომლობთ, ესენია იუსტიციის სახლი და დევნილთა სამინისტრო. ამ ბაზის საფუძველზე მუშავდება საარჩევნო სიები და ამ სიების გასწორების კომპეტენცია აქვს იუსტიციის სახლს."

"რეზონანსი" იუსტიციის სახლსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მიიღებს თუ არა ესა თუ ის პირი არჩევნებში მონაწილეობას, ამას წყვეტს ცესკო და ეს არ წარმოადგენს იუსტიციის სახლის პრეროგატივას. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტის, თინათინ ავალიანის განმარტებით, "შშმ პირს, რომელსაც ჰყავს მხარდამჭერი, მხარდაჭერის მიღების შედეგად შეუძლია განახორციელოს უფლებამოვალეობები. სასამართლო, რომელიც გამოიტანს გადაწყვეტილებას პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი და განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლებში მხარდამჭერის უფლებამოვალეობები.

"მხარდამჭერის ყოლის შემთხვევაში, მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის დახმარებით შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, ის ჩვეულებრივად ირიცხება საარჩევნო სიაში. "რაც შეეხება ქმედუუნარობის სტატუსს, ამ შემთხვევაში ამ პირს უნდა ჰყავდეს მეურვე, რომელიც ვერ გადაწყვეტს, ვის მისცეს ქმედუუნარო პირმა ხმა", - განაცხადა თინათინ ავალიანმა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის დეპარტამენტს, იქ აცხადებენ, რომ მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობებს, საიდანაც ინფორმაცია ავტომატურად იგზავნება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×