მამუკა ნაცვალაძე
26.09.2016

 ეპირის მეფის, ლეგენდარული პიროსის სახელი უცნაურად შემორჩა ისტორიას - მეფე, რომელიც რომს დაუპირისპირდა და დაამარცხა კიდეც, იმავე ბრძოლაში დამარცხებული თავად აღმოჩნდა. "კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჯარი აღარ მეყოლება", - ეს ფრაზა სასოწარკვეთილ პიროსს ეკუთვნის. იმ მეფეს, რომლის ისტორიის გათვალისწინება ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება შემდგომი პერიოდის პოლიტიკურ სივრცეში.

ქრისტეშობამდე |ქ ს-ის 20-იან წლებში ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ დაიწყო ბრძოლა მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისთვის. პირველობაზე პრეტენზიას არაერთი პატარა სახელმწიფო აცხადებდა - ეს ის პერიოდია, როცა წარსულმა მიიბარა აქემენიდური ირანი, მის ნანგრევებზე აღმოცენებული პართია ვერ არის ჯერჯერობით მყარად, შესაბამისად აღმოსავლური საფრთხე ევროპას ამ ეტაპზე არ ემუქრება, ამიტომაც ძირითადი ბრძოლები და დაპირისპირებები "ბებერი კონტინენტის" პატარა სახელმწიფოებს შორის ხდება.

გაივლის რამდენიმე ათეული წელი და რომი მსოფლიო დონის სახელმწიფოს მანტიას მოირგებს. ახლა კი, ქრისტეშობამდე ||| ს-ის დასაწყისში მას სულ სხვა ამოცანები და ამბიციები აქვს - ჯერ აპენინებზე უნდა მოიპოვოს უძლიერესის სახელი.

პირველობისთვის ბრძოლა და სწრაფვა დიდ ვნებათაღელვას იტევს. არაერთი საგულისხმო ისტორიაა ამ მხრივ საინტერესო. პიროსის სევდიანი ამბავიც ამ ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.

რატომ ამოიღო მიზანში რომმა "დიდი საბერძნეთი"

ძვ. წ. ||| საუკუნის დასაწყისისთვის რომაელებმა ნაწილობრივ შეძლეს ჰეგემონიის მოპოვება აპენინის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე. როგორც სამნიტური ომებისას, ისე ეტრუსკებთან დაპირისპირებისას არაერთხელ დაამარცხეს რომის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ეტრუსკები და სამნიტები და გაავცელეს კიდეც მათზე ძალაუფლება. იტალიაში აღარ რჩება მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც რომის პირველობას აპენინებზე დაუპირისპირდება.

იტალიის უკიდურეს ჩრდილეთით ცხოვრობდნენ გალები, რომელთანაც რომაელებს ტრადიციული ქიშპობა აკავშირებთ, გალებმა ამ ომში არაერთხელ იწვნიეს მწარე მარცხი, ამ ეტაპზე მათ არ სურთ რომაელებთან ახალი დაპირისპირება. სულ სხვა სიტუაციაა ნახევარკუნძულის სამხრეთით - აქ არსებულ "დიდ საბერძნეთად" ხმობილ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები რომთან ჯერ არ უომიათ.

ერთი სიტყვით, რომმა, სანამ მსოფლიო ბატონობისთვის დაიწყებს მზადებას, ჯერ აპენინებზე უნდა გაინაღდოს თავისი პირველობა. ის ომებიც, რომელიც პიროსის ომების სახელითაა ცნობილი, ამ საკითხის გადაჭრას ემსახურება.

ამბავი პიროსის პოლიტიკური ამბიციებისა

ეპირის მეფე პიროსი ალექსანდრე მაკედონელის ნათესავი იყო. ამდენად, ბუნებრივია, თუნდაც ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მას აპენინებზე და არა მარტო მასზე, ბატონობის ამბიციები გააჩნია. ის ცნობილი იყო თავისი ძლევამოსილი გამარჯვებებითა და პოლიტიკური ავანტურებით. პიროსი იყო ადამიანი, რომელიც ბრძოლებისთვის იყო დაბადებული, პოლიტიკა კი მისი საქმე არ გახლდათ. მან ორგზის ჩაიგდო ხელში მაკედონიის სამეფო ტახტი და ორჯერვე დაკარგა მონაპოვარი.

ძვ. წ-აღ-ის 280-275 ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ რომაელები, "დიდი საბერძნეთის" ქალაქები, სამნიტები, ეტრუსკები და კართაგენი.

ომი რომსა და ბერძნულ ქალაქ ტარენტუმის დაპირისპირებით იწყება. ტარენტუმი დახმარებისთვის სწორედ ეპირის მეფე პიროსს მიმართავს - პიროსი იმ პერიოდის ყველაზე გამოჩეული ბერძენი მხედართმთავარია და იმიტომ.

როგორ გაყარეს რომაელი ელჩები ტარენტინელებმა

ყველა კონფლიქტს თავისი საბაბი აქვს, ტარენტინელებთან ომის საბაბიც შემოგვინახა ისტორიამ - ქრისტეშობამდე 282 წელს ტარენტინელები თავს დასხმიან რომაულ ფლოტს. აშკარაა, რომ თითქოს ტარანტინელები არიან დამნაშავენი, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი განრისხება გამოუწვევია ადრე დადებული შეთანხმების დარღვევას, რომელიც რომაელთა ფლოტს ტარანტის ყურეში შესვლას უკრძალავდა.

ტარენტინელებს რომაელთა რამდენიმე ხომალდი ჩაუძირავთ, დანარჩენები კი გაუდევნიათ თავიანთი ტერიტორიიდან. რომაელებს მათთან ელჩები გაუგზავნიათ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა, ტარენტინელებს მათთვის არ მოუსმენიათ და ისინიც გაუგდიათ თავიანთი ქალაქიდან.

საპასუხოდ რომს სხვა არა რჩება რა, გარდა იმისა, რომ ტარენტინელებს ომი გამოუცხადოს.

როგორ შეატოვეს ტარანტინელებმა რომის არმიას პიროსი

ტარენტინელები კარგად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, ისინი ხვდებიან, რომ საკუთარი ძალით ვერაფერს გააწყობენ რომთან. სამნიტებისა და ეტრუსკების თანადგომა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ იძლევა რომის დამარცხების გარანტს, ამიტომაც იმ დროისთვის საუკეთესო ბერძენ მხედართმთავარს, პიროსს უხმობენ.

საგულისხმოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ტარენტელებში მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ, თუმცა ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

მათ ჰქონდათ იმედი, რომ პიროსი უარს არ ეტყობა, საქმე ის გახლდათ, რომ თავის დროზე სწორედ ტარენტინელებმა აღმოუჩინეს ეპირის მეფეს დახმარება კერკირის წინააღმდეგ, ახლა კი საპასუხოდ ითხოვდნენ შველას.

ეპირში მივლინებულმა ელჩებმა ვითარება აუხსნეს პიროსს და იტალიაში მიიწვიეს. მეფე ამ გამოწვევას დიდი სიხარულით შეხვდა. მან ტარენტუმში გააგზავნა ჯერ 3 000 ჯარისკაცი, შემდეგ გემებზე აიყვანა 20 სპილო, 3 000 მხედარი, 20 000 ქვეითი, 2 000 მშვილდოსანი და 500 შუბოსანი.

პირველი წინააღმდეგობა პიროსს მაშინვე ხვდება - ძლიერმა შტორმმა მისი გემების უმეტესობა ჩაძირა. სტიქიას გადაურჩა მხოლოდ რამდენიმე ათეული მხედარი, 2 000ზე ნაკლები ქვეითი და 2 სპილო. თავად პიროსმა მცველებთან ერთად იტალიის ნაპირს ცურვით მიაღწია. ეს იყო პირველი საკრალური ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა, პიროსს რომ სურდა. ტარენტუმში ჩასვლისას ეპირის მეფეს საოცარი განწყობა ხვდება - აღმოჩნდა, რომ ტარენტუმელებს სულაც არ სურთ ომი და პიროსსაც იმიტომ უხმეს, რომ მათ მაგივრად იომოს, მათი საქმე გააკეთოს.

გამოსავალი მხოლოდ ის იყო, რომ ეპირის მეფემ კატეგორიულად მოითხოვა ტარენტუმელების ჯარში გაწვევა. ქალაქი ჯერ კიდევ არ იყო საომრად მზად, ამასობაში მოვიდა ცნობა, რომ რომაელები აპირებდნენ ტარენტუმისკენ დაძვრას.

პიროსი შეეცადა დიპლომატიურად მოეგვარებინა საკითხი - რომაელებს ელჩი გაუგზავნა და შესთავაზა არსებული კონფლიქტი ომის გარეშე მოეგვარებინათ, მედიატორად კი საკუთარ თავს სთავაზობდა. რომაელებმა არ მიიღეს ეს წინადადება. შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუვალი იყო.

როგორ დააახლოვა რომი და კართაგენი პიროსმა

სამხედრო კონფლიქტმა მასშტაბური სახე მიიღო, მას შემდეგ რაც სხვა ბერძნული ქალაქებიც ჩაერთვნენ რომაელთა წინააღმდეგ. აშკარაა, ყველა გრძნობს ინტუიტიურად რომის სიძლიერეს და პოტენციას, ამიტომაც არ აწყობთ მისი კიდევ უფრო გაძლიერება და აპენინებზე გაბატონება. ეს სიტუაცია კარგად გამოიყენეს სამნიტებმა და ეტრუსკებმა, რომელთაც არაერთხელ აწვნია დამარცხება რომმა და თავიანთ მარადიულ მეტოქეს დაუპირისპირდნენ.

რა თქმა უნდა, პიროსს თავისი გათვლები ჰქონდა - მარტო ტარენტუმის მხარდაჭერა მისთვის არ გახლდათ იდეა-ფიქსი. პიროსი მდიდარ სიცილიას უმიზნებს. სიცილია კი კართაგენის კოლონიაა და ეპირის მეფეს სწორედ კართთაგენს არ ეპუება, მისი კოლონიის დაპყრობა სურს. ბუნებრივია, კართაგენში იციან ამის შესახებ და ისინიც ვერ დარჩებიან გულგრილნი რომისა და პიროსის დაპირისპირებებას.

და აქ ხდება უცნაური რამ - რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, კართაგენელები რომაელთა მოკავშირეები ხდებიან, ახლა უახლოეს მომავალში ამ ორი დაუძინებელი მტრის სტრატეგია ერთნაირია - პიროსი უნდა ჩამოიცილონ, თუმცა საცნაურია ისიც, რომ მეტოქეები მაინც უფრთხიან ერთმანეთს, ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს თავს არიდებენ და პიროსს სხვადასხვა ფრონტზე ერკინებიან.

საგულისხმოა, რომ პიროსმა რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლები მოიგო, მაგრამ ისეთი დიდი იყო დანაკარგი, ეს მოგება წაგების ტოლფასი აღმოჩნდა.

როგორ შეაშინეს რომაელებმა პიროსის სპილოები

ის ცნობილი ამბავი, რის წყალობითაც პიროსი ისტორიას ორიგინალურად შემორჩა, ბენევენტუმთან ბრძოლაში მოხდა, ქრისტეშობამდე 275 წელს.

პიროსს 20 000-ანი ლაშქარით ჰყავს. სამნიუმში, ქალაქ ბენევენტუმთან რომაელები იყვნენ დაბანაკებულნი. სამნიტები რომაელებმა არაერთხელ დაამარცხეს, ამიტომაც მნიშნელოვანი იყო ამ ფრონტზე აქცენტის გადატანა.

რომაელელთა დასახმარებლად მეორე კონსული კორნელიუს ლენტულუს კაუდინუსი მოდის, პიროსი ჯარს ორად ყოფს და სწორ სტრატეგიას ირჩევს - რომის ლეგიონების შემოერთება მას იმ უპირატესობას წაართმევს, რაც ამჟამად გააჩნია. ამიტომაც მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს, რომ ბენევენტუმთან მდგარმა რომაელებმა არ მიიღონ სამხედრო დახმარება.

პიროსი თადარიგს იჭერს და გადაწყვეტილებას იღებს თავს დაესხას რომაელებს, სანამ მათ საშველად დამატებითი ჯარები მოვიდოდნენ, ამიტომაც საუკეთესო მეომრებითა და ავი სპილოებით ის ღამით შეესია რომაელთა ბანაკს.

სპილოებზე ამხედრებული პიროსის მეომრები შეიჭრნენ რომაელთა რიგებში. ისინი რომაელებს ისრებსა და ხელშუბებს ესროდნენ, პიროსის ჯარის უპირატესობა აშკარაა, თუმცა, ბრძოლის შემდეგ ეპირის მეფემ ისეთი ზარალი ნახა, რომ სიმწრისგან აღმოხდა - კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჯარის გარეშე დავრჩებიო.

საქმე ის გახლდათ, რომ რომაელებმა აუღეს ალღო სპილოებს და ხერხს მიმართებს - ისინი სპილოებს ფეხქვეშ უგებდნენ ლურსმნებიან ფიცრებს და თან აშინებდნენ ჭოკებით და ცეცხლით, შეშინებული ცხოველები უკან მიბრუნდნენ და გაიქცნენ, ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ პიროსის გამარჯვებული ჯარი თავისივე სპილოებმა გადათელა.

სწორედ აქედან მოდის გამოთქმა - "პიროსის გამარჯვება", რაც ნიშნავს ისეთ გამარჯვებას, რომელიც დამარცხების ტოლფასია.

პუნიკური ომების სათავეებთან

პიროსის ამ უცნაური გამარჯვებით, დამარცხების ტოლფასი რომ აღმოჩნდა, წერტილი დაესვა მის ამბიციებს ყოფილიყო პირველი აპენინებზე. ეპირის მეფეს ილუზიაც კი აღარ შერჩა იმისა, რომ იტალიას თავის გავლენის ქვეშ მოაქცევდა, ამიტომაც საბერძნეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

პიროსის ომებს არ მოჰყოლია შედეგად იტალიაში ტერიტორიების გადანაწილება, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა. ამ ომებმა ცხადყო, რომ ძველ საბერძნეთს აღარ შესწევდა უნარი დაეცვა თავისი კოლონიები, რომაელ ლეგიონებს კი, რომელნიც ელინისტურ სახელმწიფოებს უწევდნენ კონკურენციას, რეალური ძალა გააჩნდათ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გაბატონებისათვის.

საბოლოოდ სწორედ პიროსის ომებით სრულდება რომაელთა მიერ იტალიის დაპყრობა. ამის შემდეგ რომაელები იოლად იმორჩილებენ "დიდი საბერძნეთს" და სიცილიაზეც უჩნდებათ პრეტენზია.

ეს კი მოგვიანებით ისეთ მასშტაბურ მოვლენებს დაუდებს სათავეს, როგორიც სიმდიდრით განთქმულ კართაგენთან პუნიკური ომებია...

სულ მალე მსოფლიო ასპარეზზე რომის კიდევ ერთ დაუძინებელ მტერს, ჰანიბალს იხილავს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×