პაატა ბურჭულაძის პარტიის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. აქტივისტებისა და ლიდერების შემდეგ საარჩევნო გაერთიანება პარტია "გირჩმაც" დატოვა, რის გამოც საპარლამენტო არჩევნებზე "სახელმწიფო ხალხისთვის" 16 მაჟორიტარი კანდიდატის გარეშე დარჩა.
"გუშინ "გირჩმა" დატოვა ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის". ბლოკი ასევე დატოვეს "გირჩის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმაც. 16 კანდიდატი იყო 16 მაჟორიტარულ ოლქში. ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ბლოკს "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" საქართველოს მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ ეყოლება", - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მას შესთავაზეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში დარჩენა, თუ ის მიიტანდა თანხას.
"შემოთავაზება იყო. ესწრებოდა 30 კაცი შეხვედრას და მე მითხრეს, რომ 1 საათის განმავლობაში უნდა მომეგვარებინა რაღაც პრობლემა და თუ ამ პრობლემას არ მოვაგვარებდი, "გირჩის" წევრებს სიიდან ამოიღებდნენ და მე დამტოვებდნენ. მე გამოვედი შეხვედრიდან და გავარკვიე, რა იყო ეს პრობლემა. მე უნდა მიმეტანა კონკრეტული ფული", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ბურჭულაძის პარტიის გარშემო მიმდინარე პროცესები არის თუ არა გარედან და ხელოვნურად მართული? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
გია ბუღაძე (მხატვარი): პოლიტიკა იმდენად ბინძური საქმეა, რომ სულაც არ გამიკვირდება, ეს ყველაფერი წინასაწარ იყოს დადგმული. იმიტომაც ვამბობ, არჩევნებში კენჭს რომ ვიყრიდე, ჩემს თავსაც კი არ მივცემდი ხმა.
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): როგორ გითხრათ, შესაძლოა არის, რადგან ძალიან დაეწყო მოვლენები ერთმანეთს. ზუსტად, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რადგან შესაბამისი კონკრეტული არგუმენტები არ გამაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ,ყველაფერი შესაძლებელია.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): დღეს ჩვენ მივიღეთ გახეთქილი მოძრაობა, რომელსაც მასობრივ ტოვებენ პარტიის წევრები.
ეს უკვე არის პარტიული ჯგუფი, რომელმაც თვითონ არ იცის, რისთვის იბრძვის. თუმცა, მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს პროცესები ხელოვნურად მოწყობილი იყოს.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე ადრეც ვთქვი, პაატა ბურჭულაძეს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მომღერალს, მაგრამ გაუჭირდება ამ პოლიტიკურ სივრცეში ადგილის დაკავება მეთქი და ზუსტად ასე მოხდა.
ეს ძალიან რთული პროცესია, როდესაც საქართველოში იქმნება პარტია, წინასწარ უნდა იყოს ძალიან ბევრი ფაქტორი გათვლილი, რაც არ იყო. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი გარედან მართული პროცესებია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე