როგორ გაუამხანაგდა ქართველი მეფის ერზრუმელი თანამეცხედრე რუსუდანის ქმრობას დახარბებულ ჯალალ ედ-დინს
მამუკა ნაცვალაძე
01.10.2016

 XIII ს-ის ათიანი წლები საქართველოს ისტორიის გამორჩეულად წინააღმდეგობრივ ეპიზოდებს მოიცავს - აქ არის ამაღლებაც და დაცემაც. ასეთი უცაბედი ფერისცვალება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფოს ძლიერების შენარჩუნება არანაკლებ დიდი ტვირთია, ვიდრე პოლიტიკური მწვერვალის დაპყრობა.

1125 წელს ჯვაროსნული მოძრაობის ახალი ტალღაა დაგეგმილი - პაპ ჰონორიუს |||-ის მოწოდებაზე საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ || ჰოფენშტაუფენი გეგმავს წმინდა მიწის დახსნას. პაპის დასახმარებლად მზადაა საქართველოც - რუსუდანი პაპს 40 ათასი მეომრის გაგზავნას სათვაზობს, ჯარს ივანე მხაგრძელმა უნდა უსარდლოს, თუმცა, მოვლენები ისე ვითარდება, რამდენიმე თვეც და რუსუდანს აღარც პაპი ეხსომება, არც ჯვაროსნები და არც ღვთითკურთხეული იერუსალიმის წმინდა მიწა.

სულ მალე ქართული სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის პირველი უმნიშვნელოვანესი გამოცდა ხვარაზმის სულთანის ჯალალ ედ-დინის შემოსევა გახდება.

შტრიხები ჯალალ ედ-დინის პორტრეტისათვის

ჩინგის ხანის სიკვდილის შემდეგ მონღოლებმა შეტევა აღმოსავლეთისაკენ განახორციელეს. ამით ისარგებლა ინდოეთს შეფარებულმა დამარცხებულმა ჯალალ ად-დინ მანგუბერტიმ - ქართული წყაროებით ჯალალ ედ-დინმა, ხორეზმის მმართველმა და ისევ მონღოლებს შეუჩნდა.

მან პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე ვერ გათვალა ბევრი რამ, ჯალალ ედ-დინს არც კი განუხილავს კოალიციური ლაშქრის შეგროვება, არადა, ბევრისთვის მიუღებელი იყო მონღოლების წინსვლა და აქედან გამომდინარე, მათ წინააღმდეგ ერთობლივ ლაშქრობაში ბევრი სერიოზული ძალა მიიღებდა მონაწილეობას.

ეს შანსი არც მაჰმადიანებმა გამოიყენეს და არც ქრისტიანებმა. საგულისმოა ისიც, რომ პოტენციურად ხვარაზმის მმართველს ყველაზე უკეთ შეეძლო ამ ისტორიული როლის შესრულება. ჯალალ ედ-დინმა ეს შანსი ისე გაუშვა ხელიდან, რომ იდეის დონეზეც კი არ განუხილავს.

უფრო მეტიც, ჯალალ ედ-დინი ებრძოდა ყველას და ყველაფერს, რის, ან ვის წინააღმდეგაც კი შეიძლებოდა ბრძოლა. დაუპირისპირდა აბასიანთა ხალიფას, ანატოლიაში მცხოვრებ თურქებს, ეგვიპტელებს, ქართველებს... ყველა შესაძლო მეკავშირე, ვინც კი შეიძლებოდა დახმარებოდა მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, გადაიმტერა, არადა, თავად ამ სახელმწიფოსებისთვის ხორეზმის ქვეყნის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც ის ერთგვარად ბუფერის როლს ასრულებდა და იცავდა ახალი დამპყრობლისაგან ევროპის ტერიტორიებს.

და ჯალალ ედ-დინის შეკოწიწებული იმპერიაც ხუხულასავით დაიმსხვრა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მონღოლებს გზა ხსნილი ჰქონდათ დასავლეთისკენ. მათაც არ დაახანეს და მალე უცნაური და ულმობელი რაზები გამოჩნდნენ რუსეთის, პოლონეთის, უნგრეთის მიდამოებში. მონღოლებმა ევროპის შუაგულამდე - ვენამდეც კი მიაღწიეს.

თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა... საქართველომ ჯერ კიდევ არ უწყის რა ძალაა მონღოლები. აშკარაა, რომ დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული მსტოვართა ინსტიტუტი აღარ მუშაობს, არადა, მსოფლიო დიდებას შეჭიდებული სახელმწიფოსთვის ეს მეტად უჩვეულო რეალობაა.

როგორ გაუმეზობლდნენ მონღოლები ხვარაზმელებს

1218 წლისთვის ჩინგის ყაენის მფლობელობაში მოექცა ჩრდილო აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ნაწილი. ამავე წელს მონღოლები აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ. პირველი ლახვარი ჩინეთის - ყარა-კიტაის სამეფომ იგემა, რომელსაც საკმაოდ მწვავედ შეუტია ჩინგის ყაენის მიერ მხედართმთავრად დაიშნულ ჯებე ნოინის ჯარმა. პირველივე ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდა, მონღოლებმა ხელთ იგდეს სირდარიის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია.

ამის შედეგად მონღოლები ხორეზმის თურქული წარმომავლობის სახელმწიფოს გაუმეზობლდნენ, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა ჩინგის ყაენის წარმატებები, ამიტომაც ხორეზმელებმა თავადვე სცადეს სიტუაციის გამწვავება.

როგორ უპასუხა ჩინგის ყაენმა ხვარაზმელთა გამოწვევას

ხორეზმელებმა საბაბად გამოიყენეს ის, რომ მონღოლთა ვაჭრებს მათ ტერიტორებზე უხდებოდათ გავლა, სწორედ აქ გაძარცვეს აღმოსავლეთიდან მომავალი ქარავანი, ესეც არ იკმარეს და 450 მონღოლი ვაჭარი მოკლეს. ეს ამბავი 1220 წელს მოხდა.

ჩინგის ყაენმა დაუყოვნებლივ შეკრიბა ჯარი, გადალახა სირდარია და ასე აღმოჩნდა მონღოლი შურისმაძიებელი ისლამური სახელმწიფოს ტერიტორაზე. მან ხელთ იგდო ცენტრალური აზიის უმნიშვნელოვანესი ქალაქები ბუხარა, სამარყანდი და მიმდებარე ვრცელი ტერიტორიები.

ისიც უნდა ითქვას, რომ მონღოლები აქ არ შეჩერებულან, მათ გადალახეს მდინარე ამუდარია და აღმოსავლეთ ირანში შეიჭრნენ.

მონღოლთა წარმატებული წინსვლა და დაპყრობები დროებით ჩინგის ყაენის გარაცვალებამ შეაფერხა. მონღოლთა სახელმწიფოს დამაარსებელი 1227 წელს აღესრულა.

მანამდე კი, 1225 წელს საქართველოს ჯალალ ედ-დინი შემოესია. მონღოლთა მიერ აოხრებული ხვარაზმის სახელმწიფოს მბრძანებელი ნაცვლად იმისა, რომ მამამისს დახმარებოდა და მედგრად დახვედროდა მომხდურს, საქართველოზე ლაშქრობით ცდილობს გაიქარვოს დარდი.

როგორ დააბრუნა ლომისის ხატმა სამშობლოში შვიდი ათასი არაგველი

საქართველოში ლაშქრობისას ჯალალ ედ-დინს არაგვის ხეობაც დაურბევია, სწორედ ამ სამხედრო ოპერაციის შემდეგ წაუყვანიათ ტყვედ 7000 არაგველი, რომელთაც მთიულეთის მთავარი სიწმინდე - ლომისის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ.

ამ ხატს უკავშირდება საინტერესო თქმულება - ლომისის ხატს ხვარაზმელები "შეურისხავს", მისი მიბრძანების შემდეგ აქ არც მოსავალი მოსულა და ხორეზის მცხოვრებნიც გაბერწებულან, არც საქონელი იგებდა თურმე...

აშკარა იყო რაღაც მისტიური ძალა მოქმედებდა, სულთანსაც მისნებისთვის მიუმართავს. სწორედ მათ უთქვამთ, რომ, უბედურების სათავე ქართველთა ხატიაო, სულთანის ბრძანებით ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ ცეცხლიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მდგარი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა.

გაშეშებულა ხატდადგმული ხარი, მანამდე ყოფილან ასეთ მდგომარეობაში, სანამ ჯალალ ედ-დინს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მოუსაკლისებიათ რომელიღაც ხორეზმელთან მოახლედ მდგარი კოჭლი დედაკაცი, ქალი სასწრაფოდ მოუძებნიათ და მომხდარა სასწაული - ხატიანი ხარი 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ყველგან ნიშა დაუდგამთ. ბოლოს მლეთას მთაზე მისულან და ხატიც იქ დაუბრძანებიათ, სადაც ახლა მოქმედი სალოცავია.

სასწაულმოქმედი ლომისის ხატი შიშიანობის დროს დეკანოზებს გადაუმალავთ, სამაგიეროდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ და აქ დაუბრძანებიათ. გადამალული ხატისთვის დღემდე ვერ მიუგნიათ, მისი ასლი ამჟამად მლეთას ეკლესიაშია დაბრძანებული.

როგორ ჩაუვარდა ჯალალ ედ-დინს რუსუდანი გულში

ჯალალ ედ-დინის მორიგი ქართული თავგადასავალი მეფე რუსუდანისადმი ტრფობას უკავშირდება. ძნელია იმის თქმა, სად ჩაუვარდა გულში ხორეზმ შაჰის ძეს ჯალალ-ად-დინს მეფე რუსუდანი, როგორც ჩანს ქართველთა მეფის სილამაზის ამბავი მისთვისაც გამხდარა ცნობილი, ამიტომაც შეუთვლია რუსუდანისთვის - ცოლად თუ გამომყვები, შენ სამეფოზე არ ვილაშქრებ, თუ არ დამთანხმდები და ქვეყანას ავაწიოკებო.

ეს ის დროა, რუსუდანს რომ ქმარი ჰყავს არზრუმის ამირა თოღრულ ბეგის ძე, სწორედ მისი შვილები არიან დავითი / შემდგომში საქართველოს მეფე დავით ნარინი და სელჩუკთა უშრეტი მუზა თამარი - რუმის ქვეყანაში გურჯი ხათუნის სახელით ცნობილი. ბუნებრივია რუსუდანს ჯალალ ედ-დინის წინადადება შორს დაუჭერია, თუმცა, საცნაური ისაა, რომ სულ მალე, როცა რუსუდანი ქუთაისს გაიხიზნება, ხორასნის სულთანი კი თბილისს შეუტევს, ქართველი მეფის ერზრუმელი თანამეცხედრე, გაქრისტიანებული მოღის ედ-დინი, რუსუდანის ქმრობის მოსურნე ჯალალ ედ-დინის მხარეზე გადავა და კვლავ ისლამის რჯულზე მოექცევა.

კიდევ ერთი საცნაური დეტალი - მართალია ჯალალ ედ-დინი ვერ შესწვდა რუსუდანს, ქართველთა მეფეს, თუმცა, ზოგიერთი ცნობის თანახმად, ქართველი მხედართმთავრის ივანე მხარგრძელის ასული თამთა შეურთავს ცოლად ხლათის აღების შემდეგ.

როგორ ემზადებიან ქართველები ხვარაზმელებთან დაპირისპირებისათვის

მანამდე კი საინტერესოა, როგორ ხვდებიან ქართველები ჯალალ ედ-დინის მუქარას. ჩვენიანები არათუ შეეპუვნენ, მასხარად აიგდეს ხორეზმის სულთანი - შენ მამაშენისთვის ვერ მიგიხედია და ჩვენ რა უნდა დაგვაკლოო. ეს ის პერიოდია, ჯერ კიდევ საკუთარი ძალის ილუზია რომ აქვთ ქართველთ - ამ ილუზიას კი მონღოლთა დასაზვერად შემოსული ჯარი ქმნის, რომელიც ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით მალევე გაეცალა საქართველოს.

ერთი სიტყვით, არ ემზადებიან ქართველები მოსალოდნელი დაპირისპირებისათვის სერიოზულად, ჰგონიათ ახლაც იოლად დაამარცხებენ მომხდურს.

სულ ცოტა დრო გავა და ხორეზმის მბრძანებელი მუქარას აღასრულებს - ქართველებს ჯერ გარნისთან ამარცხებს, შემდეგ კი თბილისსაც იღებს.

როგორ მიატოვა რუსუდანმა თბილისი განსაცდელის ჟამს

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წლის წინ არცთუ უსაფუძლოდ მსოფლიო ბატონობის პრეტენზია გააჩნდა, თავს ვერ იცავს იმ პიროვნებისგან, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ვერ მოუარა, მონღოლებს უბრძოლველად შეატოვა და საპასუხოდ ქართველთა ქვეყნის დალაშქვრა გადაწყვიტა.

რუსუდანმა თავს უშველა და ქუთაისში გაიხიზნა. თბილისი კი განთქმული მეომრებს - ბოცოსა და მემნა ბოცოს ძეს ჩააბარა. თბილისის დაცვისას მემნა მოუკლავთ, ბოცო კი მედგრად იცავდა მეფის პალატებს.

ისევ ღალატმა დასცა თბილისი - სპარსი მოსახლეობა ჯალალ ედ-დინის მხარეს გადასულა და ხორეზმის მბრძანებელი დედაქალაქში შეუშვია.

დევნილმა ხორეზმის პრინცმა თბილისში გააკეთა ის, რაც ადამიანური ლოგიკით რთული ასახსნელია - არ დაინდო არც ჩვილი, არც ქალი, არც სასულიერო პირები.

სულით სახიჩარმა ბრძანა, ქრისტიანებს შეურაცხყოფა მიეყენებინათ მათთვის სათაყვანებელი ხატებისთვის, ვინც უარს თქვა, სიკვდილით დასაჯა. ძნელად სათქმელია, ვინმე თუ შეუშინდა ჯალალ ედ- დინის მუქარას, 100 ათასი ქრისტიანი ერთგულად დადგა ქრისტიანობის დამცველად.

ასე ჩაეწერა საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სისხლიან ფურცლად 100 ათასი მოწამის ამბავი.

როგორ შეეწირა ჯალალ ედ-დინი ძვირფას სარტყელსა და უნაგირს

მოხდა ის, რაც ასეთი პოლიტიკას შედეგად ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა. 1231 წელს ჯალალ ედ-დინი დაიღუპა. ყველასგან მიტოვებული ხორეზმის მბრძანებელს ერთმა ქურთმა მოუსწრაფა სიცოცხლე - ძვირფას სარტყელსა და უნაგირს დახარბებულა ქურთი, არც ჯალალ ედ-დინს დაუთმია და ამ ძიძგილაობას შეეწირა კიდეც სულით სახიჩარი.

ეს ამბავი საქართველოს სამეფო კარზეც შეუტყვიათ. დიდი იყო სიხარული, ტრადიციული ნადიმიც გამართულა, ეს იდილიური ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა - მონღოლთა გამოჩენამ კარდინალურად შეცვალა ქართველთა ყოფა...

გაივლის რამდენიმე წელი და მონღოლებთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი დაღმართი გამოჩნდება...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×