ამბავი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ფეხქვეშ გათელილი საქართველოს სუვერენიტეტისა
მამუკა ნაცვალაძე
03.10.2016

 მეცხრამეტე საუკუნე ცუდად დაებედა საქართველოს - რუსულ პოლიტიკურ თამაშებს ისე შეეწირა ქართლ-კახეთის სამეფო, რომ იმ პერიოდის თანამედროვეთაგან ბევრმა გვიან გაიაზრა, რა ხდებოდა მათ თავს. ქართველთა დიდი ნაწილი რუსის ჯინჯილებსა და აპელატებს დახარბდა, სამეფო კარის უმეტესობამაც პენსიებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე გაყიდა სამშობლო. ასე დარჩა ეულად ჩვენი ქვეყანა თითო-ოროლა პატრიოტის ამარა.

გაივლის სულ რაღაც 30 წელი და სოლომონ დოდაშვილს, ქართული ფილოსოფიური აზრის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, აღმოხდება რიტორიკული გოდება - "დარჩით კი სადმე ქართველნი?!"

როგორ აღმოჩნდა რუსული იმპერიული პოლიტიკა ლოგიკასთან მწყრალად

მოვლენათა მთელი ცინიზმი კი ის გახლდათ, რომ გადარჩენის ერთადერთ გზად მიჩნეული ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობაში ყოფნა, ჩრდილოელი იმპერიისთვისთვის რატომღაც სასურველი ნიშანი აღმოჩნდა ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვით თვისებრივად ახალ პოლიტიკურ ორიენტირზე გასულიყო - მისი ოცნება კავკასიიდან იოლად უნდა შესწვდენოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რომელთა დაპყრობაც მსოფლიო ბატონობის ტოლფასი გახლდათ.

რუსთა ამ უზენაესი მიზნის აღსრულება საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობით უფრო იოლი უნდა ყოფილიყო. ეს იყო ერთადერთი ლოგიკა, რომელსაც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე || გაჰყვა და ჩრდილოელი ერთმორწმუნე მიიჩნია იმ მომენტისათვის უალტერნატივო გამოსავლად, მაგრამ იმ ხანად მცირემ თუ უწყოდა რუსული პოლიტიკური აზროვნება ნებისმიერ ლოგიკასთან მწყრალად რომ იყო.

რუსეთმა სულ სხვა გზა აირჩია - საქართველოს მოკავშირეობას ჩვენი ქვეყნის სრული განადგურება და მტრობა დაისახა მიზნად. არადა, ის ენერგია რაც რუსული პოლიტიკური ძალების მიერ საქართველოს დაპყრობასა და გარუსებას მოხმარდა, თავისუფლად ეყოფოდა რუსთა მსოფლიო ბატონობის იდეის პრაქტიკულ რეალიზებას. ამისათვის მხოლოდ ერთი რამ იყო საჭირო - რუსეთს საქართველო მოკავშირედ უნდა მიეჩნია და არა მტრად. ერთიანი გლობალური ქრიატიანული სახელმწიფოს შექმნის იდეა "ბერძნული პროექტის" სახელით რომ გახლავთ ცნობილი, სწორედ მოკავშირეობას გულისხმობდა და არა მტრობას.

როგორ გააუქმა საიდუმლო მანიფესტით რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო

1800 წლის 22 დეკემბერს იმპერატორი პავლე | ხელს აწერს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს, ისე რომ ამის შესახებ არც საქართველოში და არც სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარზე ელჩის სტატუსით მყოფმა ქართველებმა არაფერი იციან.

მანიფესტში ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო თავისი ვასალური სამფლობელოებით - გაჯის, ერევნის და ნახჭევანის სახანოებით ხდებოდა რუსეთის შემადგენელი ნაწილი.

ამ მოვლენის კიდევ ერთი ცინიზმი ის არის, რომ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული მეფე გიორგი ყ|| ჯერ კიდევ ცოცხალია. ის მხოლოდ 6 დღის შემდეგ - 1800 წლის 28 დეკემბერს აღესრულება.

რუსეთის საიმპერატორო კარი მკაცრად ასაიდუმლოებს ამ მანიფესტს და ხელსაყრელ მომენტს უცდის. გიორგის გარდაცვალება სწორედაც რომ სასურველ ვითარებად უნდა მიჩნეულიყო, მაგრამ რუსეთი ისევ ფრთხილობს. როგორი საქმეა - დაირღვა ის კანონი, რომელიც რუსეთისა და ქართლ-კახეთის ურთიერთობას არეგულირებს. გეორგიევსკის ტრაქტატი არაერთხელ დარღვეულა, თუმცა, მის მთავარ პუნქტს, ქართული სამეფოს სუვერენიტეტს, რუსეთი მანამდე არასდროს შეხებია.

იდეა, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენა შეეძლო

სიტუაცია ერთობ ბუნდოვანია - მართალია ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი ყ||-ის მემკვიდრედ მისი შვილი დავითი გამოცხადდა, თუმცა, ის სამეფო გვირგვინს სანქტ-პეტერბურგიდან ელის. დრო გადის, რუსეთიდან კი ჩამი-ჩუმიც არ ისმის.

ასეთი სიჩუმე საქართველოში ყველას აოცებს, თუმცა, გარკვეულ ახსნასაც უძებნიან - რუსთ იმპერატორს ალბათ არა აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს უპირატესობა - დავითს, თუ მის ბიძას იულონსო - ერეკლეს ანდერძის თანახმად ხომ გიორგის გარდაცვალების შემდეგ სწორედ იულონს უნდა დაეკავებინა სამეფო ტახტი.

სოლომონ ლიონიძე დავითს სთავაზობდა ტახტზე თავისი ინციტივით ასულიყო როგორც მირონცხებული მეფე. ამით ის შექმნიდა სახელმწიფოს შემდგომი არსებობის წინაპირობებსაც. ლიონიძის აზრით, რუსეთის იმპერატორისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა მირონცხებული მეფის გადაყენება, თუმცა, სოლომონს დავითმა არ დაუჯერა, უფლისწულს სწამდა, რომ რუსეთის იმპერატორი მას მიანიჭებდა უპირატესობას და ინიციატივის გამოჩენას არ ჩქარობდა.

როგორ დატოვა რუსეთმა უფლისწული დავითი პოლიტიკურ თამაშებს მიღმა

დავითის სიდინჯეს იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის წარმომადგენლები არწმუნებდნენ მას - იმპერატორი მალე დაგამტკიცებს მეფედ და სამეფო რეგალიებსაც გამოგიგზავნისო. დავითიც ელოდა - ეს პროცედურები ხომ გეორგიევსკის ტრაქტატით იყო გაწერილი.

საგულისხმო კი სწორედ ისაა, რომ რუსი ელჩები ფარულად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი სრული ანექსიისთვის ემზადებიან. ისინი მანიფესტის ოფიციალურ გამოქვეყნებას უცდიან.

სოლომონ ლიონიძის იდეა, რომელსაც შეეძლო საქართველოს სუვერენიტეტი დაეცვა, იდეად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ დავითს რუსების ერთმორწმუნეობისა უფრო სწამდა, ვიდრე უნიჭიერესი ქართველი დიპლომატის...

არადა, რუსეთის საიმპერატორო კარს დავითთან მიმართებაში სულ სხვა გეგმები გააჩნდა - 1801 წლის 24 მარტს უფლისწული ჩამოაშორეს ხელისუფლებას, შემდეგ კი დააკავეს და სანქტ-პეტერბურგში გადაასახლეს. ქართლ-კახეთის დროებით მმართველად რუსეთმა გენერალი ლაზარევი დანიშნა.

საცნაური კი სწორედ ისაა, რომ დავითის ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე თორმეტი დღით ადრე სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარზე მოკლეს იმპერატორი პავლე |. ამ შეთქმულების ინიციატორი კი პავლეს შვილი, მომავალი ხელმწიფე ალექსანდრეა.

ამბავი რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური ფარსისა

ახალმა იმპერატორმა გამოსცა სპეციალური ბრძანება "საქართველოს მართვის შესახებ". სწორედ აქ იქნა დეკლარირებული იმპერიის გეგმები საქართველოსა და კავკასიის მიმართებაში. რუსეთი მიზნად ისახავდა "თვითმპყრობლობის განმტკიცებას საქართველოში, მისი ინტერესის სფერო იყო საქართველოს ბუნებრივი წიაღისეულის ათვისება, გადასახადების აკრეფა, წესრიგის დაცვა და სამხრეთ კავკასიის სხვა სამეფოების და სამთავროების დაპყრობა."

ამ მიზნების აღსრულებას რომ დიდი ჯაფა და ენერგია სჭირდებოდა, ეს მაშინაც ცხადი გახლდათ, თუმცა, მანამდე უნდა გათამაშდეს კიდევ ერთი ფარსი, რომელიც გაამართლებს ქართლ-კახეთის ანექსიას. 1801 წელს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე |-ის ინიციატივით მოწვეულ საგანგებო კომისიას უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ბედი - რა გზით უნდა წასულიყო რუსეთი - თავის დაპყრობილ ტერიტორიებისთვის მიეთვალა კავკასიის ულამაზესი მხარე, თუ ისევ სუვერენული საქართველოს არსებობას შეგუებოდა. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხს სწორედ ეს კომისია წყვეტდა.

რატომ მიაჩნდა პაველ ციციანოვს საქართველო უფუნქციო სახელმწიფოდ

ალექსანდრე |-ის მიერ შექმნილი კომიიის წევრთა შეხედულები განსხვავებული იყო - ერთნი თვლიდნენ, რომ უნდა გაეუქმებინათ ქართლ-კახეთის სამეფო და ის რუსეთის გუბერნიად უნდა გადაექციათ, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამ აზრს არ იზიარებდნენ, ისინი მომხრენი იყვნენ დაეცვათ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები. მათი აზრით, უნდა შენარჩუნებულიყო ქართლ-კახეთის სამეფო დამოუკიდებლობა და მიანიშნებდნენ იმასაც, რომ ქართლ-კახეთის საშინაო პოლიტიკა არ იყო რუსეთის საქმე. სამწუხაროდ ეს უკანასკნელნი რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

რუსეთში დაბადებული და აღზრდილი პავლე ციციანოვი, ტომით ქართველი, ეკატერინას ერთ-ერთი გამოჩეული ფავორიტი, რომელიც მას საქვეყნოდ ჩემო გენერალოთი მიმართავდა, საკმაოდ ორიგინალურად უყურებდა საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობას...

"საქართველო ახლა აღარ თამაშობს არანაირ როლს არათუ საერთაშორისო, არამედ რეგიონალური თვალსაზრსათაც კი, - წერს ციციანოვი, - საჭიროა თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს, მისი წარსული დიდება ისტორიის საკუთრება გახდა, რა ინტერესებზეა საუბარი, გაუგებარია - რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, გალიციას, პოლონეთს, ლიტვიას? მთავარ ბრძოლას ხომ ქრისტეს მიმდევარი რუსეთის იმპერია აწარმოებს და მას უპირისპირდება ანტიქრისტეს მოციქულები ბრიტანელები, ესპანელები და თურქები?! სწორედ ამიტომაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ერთიანი რწმენით უნდა გაერთიანდეს, ერთი დროშის, რუსეთის დროშის ქვეშ. რუსეთი მესამე რომია და მეოთხე აღარ იქნება."

რატომ დასჭირდა რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს გასაუქმებლად მეორე მანიფესტის გამოცემა

ალექსანდრემ რატომღაც საჭიროდ ჩათვალა, გადაეხედა მამის, პავლეს მანიფესტისათვის. დასკვნა ადეკვატური იყო - იმპერატორი მიანიშნებდა, რომ პავლე ქართლ-კახეთის საკითხს სამართლიანად წყვეტდა და აღნიშნავდა იმასაც, რომ ის ამაყობდა იმით, რომ რუსეთის მიწების შემგროვებელთა ტრადიციებს აგრძელებდა. ეს მეორე მანიფესტი 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა.

ქართლ-კახეთის საელჩომ ოფიციალური პროტესტი განაცხადა და საპროტესტო ნოტა რუსეთის ხელისუფლებას გადასცა. ქართლ-კახეთის ანექსია გააპროტესტეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც, თუმცა, რუსეთს რა პროტესტი შეაშინებს, ის ხომ ერთადერთ ანგარიშგასაწევ ფაქტორად მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას მიიჩნევს დღემდე.

როგორ აღმოჩნდა საქართველო, პოლონეთის შემდეგ, რუსეთის მთავარი სამიზნე

ამ მოვლენებამდე ჯერ კიდევ 18 წლის წინ, 1783 წელს ერეკლე ||-მ მოაწერა ხელი რუსეთ-საქართველოს ტრაქტატს, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის პროტექტორატის აღიარებას საქართველოზე სამხედრო უსაფრთხოების სანაცვლოდ. ეს უსაფრთხოება ქართლ-კახეთისთვის ისევე სანატრელი იყო ტრაქტატის შემდეგ, როგორც ტრაქტატის დადებამდე.

რუსეთმა არანაირი პირობა არ შეასრულა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ 1795 წელს აღა-მაჰმად ხანმა გადაწვა და გაანადგურა საქართველოს დედაქალაქი თბილისი. საკულტო ნაგებობათა გარდა ქალაქის ერთადერთი ნაგებობა გადაურჩა ყაჯართა დინასტიის ფუძემდებელს - მხოლოდ დარეჯანის სასახლის დანგრევა ვერ მოახერხეს ირანელებმა.

ამ დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ რუსთა დაუპყრობელი ტერიტორიაა - ჩრდილოეთი კავკასია. არც შირვანი ჰქონდათ დაპყრობილი რუსებს, ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია. აი, პოლონეთი კი იმ პერიოდში უკვე რუსეთის შემადგენლობაშია. 1795 წელს რუსეთმა პოლონეთს დაიპყრობა არ აკმარა და საქვეყნო შეურაცხყოფა მიაყენა - იმპერატრიცა ეკატერინამ პოლონეთის სამეფო ტახტი საპირფარეშოში დაიდგა და ასე დაამცირა მოძმე სლავი ერი.

ახლა ერთმორწმუნე საქართველოს ჯერი დამდგარიყო...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×