იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა იმართება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის შესახებ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს შეეხება.
შეგახსნებთ, რომ ინტერნეტიით გავრცელდა ჩანაწერი, სადაც საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს.
ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს "სავარჯიშო ბალიშად" მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი "კატასტროფას" უწოდებს.
"სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება," - ამბობს მამუკა ახვლედიანი, რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს: "რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული."
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება უკვე დაიწყო.
გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
საჭიროა თუ არა ამ ჩანაწერზე გამოძიების ჩატარება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): ეს ხელისუფლება ფარული ჩანაწერებითა და შანტაჟით მართავს ქვეყანას. გამოძიების დაწყება საჭირო იყო მაშინვე, როდესაც პირველი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, რადგან უკვე სახეზე იყო ნიშნები, რომ ამ ტიპის ტერორს ხელისუფლების მხრიდან ექნებოდა ადგილი. წესით და რიგით, ყველა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ეს უნდა გამოიძიოს. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ მსგავს შემთხვევაზე პასუხი არ გვაქვს, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას და ეს იქამდე არ იქნება გამოძიებული, სანამ ისინი ხელისუფლებიდან არ წავლენ. საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთადერთი გამსავალი, რომელსაც საზოგადოება მიიღებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება პროცესების წინ წაწევა და პასუხების გაცემა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): ყველა ყველას უსმენს, ქვეყანა არის არეული. გამოძიება ყველა კადრზე და ჩანწერზე უნდა დაიწყოს. მსგავსი ჩამაწერები ყოველთვის არჩვნების წინ ვრცელდება და ხალხზე ზემოქმედება უნდათ. მე საერთოდ არ მაინტერესებს, რა ხდება და რა ჩანაწერებს დებენ. შესაბამისი უწყებები არსებობს და მათ უნდა მიხედონ.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): შეიძლება ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ საყურადღებო რომ არის, ფაქტია. წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და მოუხედავად აშშ-ის მითითებისა მიხეილ სააკაშვილისადმი, რომ ზედმეტად არ აურიოს სიტუაცია (სულაც არ სჭირდებათ, რომ მათი დასმული კაცი გახდეს ამრევი), "ნაცმოძრაობა" მაინც შეეცდება რამე დისონანსის შემოტანას ქვეყანაში. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საუბრებსა და გეგმებს. არჩვნებამდე 3 დღით ადრე ამ საქმეზე გამოძიების დაწყება რამდენად აუცილებელია, ეს სხვა საკითხია. ამან შეიძლება მოიცადოს და არჩევნების შემდეგ მიეხედოს საქმეს.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ზოგადად, რაც ქვეყნდება ყველა ჩანაწერზე საჭიროა გამოძიების დაწყება. თუმცა, ვიცით, რომ ბევრი ჩანაწერი გამოქვეყნდა, მაგრამ გამოძიება ბოლომდე არ მისულა. ვფიქრობ, ობიექტური გამოძიება და მისი დეტალურად ახსნა, უცილებელია.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): თუ არსებობს საფუძველი, მე ვფიქრობ, ყველაფერზე უნდა დაიწყოს გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე