თბილისის ცენტრში, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულია 4 მოქალაქე. ეს ტერაქტი ერთნაირად დაგმო როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა. თუმცა "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" დანაშაულს ერთმანეთს აბრალებენ.
"ამ ხელისუფლების დამთავრება აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების მომავალი უსაფრთხოების საკითხი. გულწრფელად ვუსურვებ დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები ხიფათში ჩააგდო დღევანდელი ხელისუფლების მიერ შექმნილმა გარემომ. მე არ ვამბობ, კონკრეტულად ვინ დგას ამ აფეთქების უკან, მაგრამ ქვეყანაში არის შექმნილი კლიმატი, სადაც ადამიანებს აფეთქებენ მანქანებში, სადაც ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს ესროლეს სამი ტყვია საარჩევნო შეხვედრაზე," - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ლიდერი დავით ბაქრაძე მისი თანაგუნდელის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხდა, რომ არ უნდა იფიქროს, თითქოს "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ წარმოსახულ სცენართან აქვს საქმე.
"მინდა იმედი დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული ამ ფაქტს არ მოჰყვება და არ იქნება მცდელობა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული სცენარის შექმნა, რადგან ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა, გაირბინა და გვახსოვს ხურჩაში დადგმული სცენარი. უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოდით, გამოძიებას მივანდოთ ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები," - განაცხადა ბესელიამ.
ვის ინტერესში შედიოდა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): როცა საქმე ასეთ შემთხვევასთან გვაქვს, ჩემი პოზიცია შემდეგია, რომ ვარაუდებისგან თავი შევიკავოთ და გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. რადგან შესაძლოა, ვისაც ეს აწყობდა, მასვე სურს, რომ ამ ვარაუდებში გავიხლართოთ, დავიბნეთ და შეცდომაში შევიდეთ. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გამოძიების დასრულებას დაველოდოთ.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ძალიან ძნელია ამის თქმა. მე შემიძლია გითხრათ, ვის არ აწყობს და ეს დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს. ვინ ჩაიდინა და ვინ გააკეთა ეს ტერორიტული აქტი, ძნელი სათქმელია და ამის გარკვევა გამოძიების საქმეა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): არჩევნების წინ ვერ ვხედავ, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს. ვის შეიძლება აწყობდეს, ამის თქმაც ერთმნიშვნელოვნად არ შემიძლია. შეიძლება, აწყობდეს მიხეილ სააკაშვილს ან რუსეთს, თუმცა გადაწყვეტით ამის თქმა ნამდვილად მიჭირს.
გია ბუღაძე (ფერმწერი): ეს საქართველოს მტრებს აწყობთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების გაკეთებულია, რომლებიც დღეს აქტიურად მუშაობენ.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ერთადერთი, ვისაც არეულობის შეტანა აწყობს და ვინც წაგების პირზეა, ეს "ნაციონალური მოძრაობაა". მე მახსოვს აფხაზეთის საზღვარზე არჩევნების წინ როგორ ააფეთქეს ავტობუსი. ეს მათთვის გამოცდილი მეთოდია. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა ვერ ვიგებ - ადამიანი მანქანაში იჯდა და არ აფეთქდა, ასეთი რამ პირველად გავიგონე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე