XIX-ის დასაწყისიდან რუსეთის საიმპერატორო კარის მცდელობითა და დიდი რუდუნებით საქართველო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. ამ მოვლენას წინ საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება უძღოდა - 1802 წლის ცნობილ მანიფესტამდე რუსეთი იმ ინტრიგების ხლართვით მიდის, რომლის ქრონოლოგიური საწყისი 1768-74 წლების მოვლენებზე - რუსეთ-თურქეთის ომზე გადის. ამ ომში რუსეთის მხარეს ქართველთა მონაწილეობით თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში. ეტაპი რომელმაც თავდაყირა დააყენა ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი.
1768 წლიდან რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ბალკანეთზე იბრძვის, თუმცა, კავკასიიდანაც ცდილობს შეუტიოს მოწინააღმდეგეს. დასავლეთ საქართველო ამ დროს ოსმალეთის ვასალია. ბუნებრივია, იმერეთის მეფე სოლომონ | ოსმალეთის წინააღმდეგ ომში რუსეთის უპირობო მეკავშირე იქნება.
რაც შეეხება ერეკლეს, აქ მთლად გარკვეული არაა ვითარება. სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი არაა დარწმუნებული, მიიღებს თუ არა ერეკლე მონაწილეობას ამ ომში. და მიუხედავად ამისა, პატარა კახი რუსეთის მეკავშირე ხდება.
რა რისკებს შეიცავდა ერეკლესათვის თურქეთის ომში რუსეთის მოკავშირეობა
ბუნებრივია, ერეკლეს კარგად ესმოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ვითარების გამწვავება დაღესტნელებსა და ჩეჩნებთან. მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ბიზანტიის დაცემის შემდეგ პირველად გამოუჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი მოკავშირე, ერეკლეს სჯეროდა რომ რუსეთი ისეთივე მოკავშირე გახდებოდა საქართველოსთვის, როგორც თავის დროზე იყვნენ ბიზანტია და რომი. სწორედ ასე ერთიანი ძალით შესძლებდა ქრისტიანული სამყარო ახლო აღმოსავლეთში გამარჯვებას და დამკვიდრებას.
ამ რეალობისას ერეკლე და სოლომონი საკმაოდ დიდ რისკზე წავიდნენ. რისკს აძლიერებდა ის, რომ რუსებთან ურთიერთობა მხოლოდ ნდობის ფაქტორზე იყო დამყარებული.
არადა, მანამდე აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ ერეკლემ კარგად აუღო ალღო არსებულ რეალობას და 30 წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს მაჰმადიანურ ქვეყნებთან. ის მეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებს საქართველოს ორივე ტრადიციულ მტერთან ირანთანაც და ოსმალეთთანაც. ეს ის ოქროს შუალედია, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი უშიშროების მთავარი გარანტია. რუსეთის ავანტიურამ სწორედ ეს ოქროს შუალედი მოუსპო საქართველოს.
როგორ აღმოჩნდა საფრთხეში ერეკლეს პოლიტიკის "ოქროს შუალედი"
ერეკლესა და სოლომონის გადაწყვეტილება რუსეთის მხარეზე ჩართულიყვნენ თურქეთთან საომარ მოქმედებაში ქართველ დიდებულთაგან ბევრს სახიფათოდ და საეჭვოდ ეჩვენა. ბევრი რამ იყო დასაკარგი და ამიტომაც გაჩნდა ასეთი განწყობა. ერეკლე || გარდა ქართლისა და კახეთისა, ფლობდა ერევნის, განჯის სახანოებს და გააჩნდა ძლიერი რეგიონალური მართველის რეპუტაცია. მის სამეფოს არაფერი ემუქრებოდა, მას არ ჰქონია სპარსეთთან - საქართველოს ძირძველ მტერთან პრობლემა, რამდენადაც სპარსეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო, 1749 წლიდან უკვე აღარ არსებობს, უფრო მეტიც - 1755 წელს სპარსელმა ხანებმა ერეკლე ||-ის მამას თეიმურაზ ||-ს შეთავაზეს სპარსეთის შაჰის ტახტი, რაზეც თეიმურაზმა უარი განაცხადა, თუმცა, შეინარჩუნა გავლენა სპარსულ პოლიტიკაზე. ბევრი სპარსი ხანი ქართლ-კახეთის მეფეებს ხარკს უხდიდა.
თურქეთთან ერეკლეს ასევე სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. სულთან მუსტაფას დიდი ვეზირი ერეკლეს აფრთხილებდა რუსეთთან დაკავშირებით, აი, რას წერდა ნამან ფაშა: "რუსების ყოფნა თქვენს სამეფოში, როგორც ჩვენთან, ისე სპარსეთში ერთგვარ ეჭვს და არცთუ სასიკეთო აზრს გვიყალიბებს, თუკი ასე გაგრძელდა, ის კეთილგანწყობა ჩვენს მუსულმანებსა და თქვენს ქართველებს შორის შესაძლოა არათუ ეჭვქვეშ დადგეს, არამედ შეიცვალოს კიდეც."
როგორ შეეცადა რუსეთი ერეკლესა და სოლომონის დაპირისპირებას
არადა, როგორც სოლომონი, ისე ერეკლე სანამ საექსპედიციო არმია შემოვა საქართველოში, რუსებს ენდობიან. მათ ჯერ კიდევ არაფერი უწყიან იმის შესახებ, რომ კავკასიაში შემოსული რუსთა საექსპედიციო ჯარის მეთაური საქსონიელი ტოტლებენი ცნობილი ავანტიურისტი და თაღლითია და სწორედ ამ თაღლითს აძლევს რუსეთის საიმპერატორო კარი საიდუმლო დავალებას, რომელიც ერეკლეს მკვლელობასა და ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობას ითვალისწინებს.
ტოტლებენი ინტრიგათა ქსელის დახლართვას შეუდგა. თავის განზრახვას კი იმით იწყებს, რომ ცდილობს ერეკლესა და სოლომონს შორის უთანხმოება ჩამოაგდოს, ამისთვის აკეთებს ყველაფერს. ერთ-ერთი ფანდი, რაც აღნიშნული მიზნის განხორციელებას ისახავდა მიზნად, გახლდათ ქართველ მეფეთა პატივმოყვარეობაზე აქცენტის აღება - ტოტლებენს ანდრია პირველწოდებულის ორდენი გამოატანეს რუსეთიდან ერეკლე ||-ისთვის, სოლომონისთვის კი არაფერი გაიმეტეს, თითქოს დაავიწყდათ. იფიქრეს, ქართველ მეფეთა შორის ეს ფაქტი უთანხმოებას და ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევდა, თუმცა, შეცდნენ - როგორც ერეკლესათვის, ისე სოლომონისთვის რუსთა ჯინჯილბზე მაღლა სამშობლოს ინტერესები იდგა.
როგორ გაიმეტა თურქეთის წინააღმდეგ ომისთვის რუსეთმა მხოლოდ 480 ჯარისკაცი
რუსეთის მიმართ ეჭვი ტოტლებენის არმიის შემოსვლისთანავე გაჩნდა - ერეკლე აღშფოთებული იყო იმით, რომ რუსეთის საექსპედიციო კორპუსში სულ 480 კაცი იყო, რომელსაც 4 ქვემეხი ჰქონდა. ერეკლე რუსეთის იმპერატორს ამასთან დაკავშირებით წერდა - "თუკი თქვენ არ გამოგზავნით სულ მცირე ხუთი ათასიან ჯარს, რა სარგებელს ვნახავთ თქვენგან თურქეთთან ბრძოლისას?"
მოგვიანებით საექსპედიციო კორპუსის რაოდენობა 1500 კაცამდე გაიზარდა, რაც ასევე ზღვაში წვეთი იყო იმ მიზნების განსახორციელებლად, რუსეთი რომ ისახავდა კავკასიის ფრონტზე.
ერკლემ ცხდად მიანიშნა ტოტლებენს - თუკი მას უნდოდა სოლომონის დახმარება, ერთად გაეთავისუფლებინათ მესხეთი თურქებისაგან, ამის მერე თურქები თავისით დატოვებდნენ ფოთსაც და შორაპანსაც. მაგრამ ტოტლებენმა არ დაუჯერა ერეკლეს, გადავიდა იმერეთში და შორაპანს შემოარტყა ალყა. თურქებმა როცა დანახეს, რომ საქმეში რუსები ჩაერთვნენ, გამოგზავნეს ცხრაათასიანი სადამსჯელო რაზმი.
როგორ ცდილობდა რუსეთი საკუთარი მიზნების აღსრულებას თურქების ხელით
ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს ტოტლებენი? ბუნებრივია სოლომონის თანადგომაა ერთადერთი გამართლებული ნაბიჯი, მან კი მიატოვა შორაპანიც, სოლომონიც და ქართლში გადავიდა.
აშკარაა რუსული ავანტიურა - ტოტლებენი საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს ნაკლებადსტრატეგიულ ადგილებში, ამით გარკვეულ მინიშნებას აძლევს თურქეთს, რომ ძალების მობილიზება შეძლოს და სოლომონის წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვიდეს. ასეც ხდება - სოლომონმა მარტო მოიგერია თურქთა სადამსჯელო რაზმის შეტევა.
არადა ტოტლებენის გათვლით ჩიხში უნდა მოქცეულიყო სოლომონი, სადაც მის ფიზიკურ ლიკვიდაციას აღარაფერი დაუდგებოდა. ერთი სიტყვით, რუსი საკუთარი ბინძური გეგმების განხორციელებას თურქეთის ხელით გეგმავს. თუმცა, მოვლენები რუსეთისთვის არასასურველი სცენარით განვითრადა - სოლომონმა იმარჯვა.
როგორ შეატოვა ტოტლებენმა ერეკლე თურქებს
ამის მერე რუსებს ქართველები ალმაცერად უყურებდნენ, საჭირო იყო სიტუაციის გამოსწორება, სწორედ ამიტომაც შესთავაზა ტოტლებენმა ერეკლეს ახალციხეზე შეტევა, ერეკლე 5 ათასიანი ჯარით და ტოტლებენი თავისი ათასხუთასიანი კორპუსით ახალციხისკენ დაიძრნენ, კონფლიქტი ტოტლებენსა და ერეკლეს შორის მაშინვე დაიწყო. ტოტლებენს სურდა, რომ სწორედ ის ყოფილიყო გაერთიანებული არმიის სარდალი, ასპინძასთან თურქეთის ლაშქარი ელოდა ქართველებს. სწორედ ასპინძასთან განუცხადა ტოტლებენმა ერეკლეს, რომ ის არ დაიწყებდა ბრძოლას, თუკი არ იქნებოდა ამ სამხედრო ოპერაციის მეთაური. ერეკლემ არ დაუთმო, ტოტლებენი უკან გამობრუნდა და ბრძოლა მიატოვა. ასე დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ თურქები და ქართველები.
ასპინძიდან გამობრუნებული ტოტლებენი სურამში დაბანაკდა. ის მოვლენათა სასურველი სცენარით განვითარებას კიდევ ერთხელ ელის - მისი გათვლით, მრავალრიცხოვანი თურქები რუსთაგან მიტოვებულ ერეკლეს დაამარცხებენ, მეფესაც მოკლავენ და ქართულ ლაშქრასაც გაანადგურებენ.
ამ ამბის მოლოდინში კი საქსონიელი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის გეგმებს პედანტურად ასრულებს და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცით ადგილობრივი მოსახლეობის დაყოლიებას ცდილობს.
ეს აშკარა კონფრონტაციაა - ტოტლებენი ერეკლეს წინააღმდეგ ამბოხს იწყებს, თუმცა, მის გეგმებს თავდაყირა აყენებს ერეკლეს მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება ასპინძაში, ეს კი საქსონიელისთვის იმის ნიშანია, რომ უკან დაიხიოს, შეშინებული ტოტლებენი იმერეთში გადადის.
რუსეთის საიმპერატორო კარის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ასპინძის ბრძოლაში ერეკლემ დაამარცხა თურქეთის ჯარი, რომელიც საგრძნობლად აღემატებოდა რიცხობრივად მის ჯარებს, აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა ერკლეს გონიერება, მამაცობა და მისი მხედართმთავრული ნიჭი,
ერეკლე ტოტლებენის საქციელს მხოლოდ პირად ინიციატივად თვლიდა, არადა, ის მართლაც გაკვირვებული იყო რატომ გამოაგზავნა რუსეთმა ასეთი უღირსი ადამიანი კავკასიაში ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მოსაგვარებლად.
მაშინ ერკლეს აზრადაც კი არ მოსვლია ეჭვი შეეტანა ერთმორწმუნე იმპერატრიცას ღალატში, ერთი სიტყვით, ერეკლემ ყველა უბდებურების სათავედ ტოტლებენი მიიჩნია და რუსეთს სთხოვა საქმეში ჩარევა.
არადა, ტოტლებენი პედანტურად ასრულებდა რუსეთის დავალებას და არ შეიძლებოდა რუსეთი მისით უკმაყოფილო ყოფილიყო, თუმცა, ერთია ის ქვედინებები და მეორეა სახელმწიფოს ოფიციალური პოზცია.
რატომ შეაჩერა რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ქართველთა წარმატებული ლაშქრობა
ერთი სიტყვით, ერეკლემ მოიგო ბრძოლა ასპინძასთან, სოლომონმა გაათავისუფლა შორაპანი, ბაღდადი და ქუთაისი, ამას მოჰყვა ის, რომ ერეკლემ ჯავახეთიდან, არტაანიდან და ყარსიდანაც განდევნა თურქები, მას მიეცა შესანიშნავი შანსი ანატოლიისკენ გაეგრძელებინა სამხედრო ოპერაცია, თუმცა, თავადი ლვოვის დაჟინებული მოთხოვნით ეს შეტევა შეჩერებულ იქნა, ლვოვი საქმეში დროულად ჩაერია და აღკვეთა მოვლენათა განვითარება რუსეთის საიმპერატორო კარისთვის არასასურველი სცენარით.
საქმე ის იყო, რუსები საერთაშორისო მასშტაბით შერცხვენას და თავის მოჭრას მოერიდნენ. მათ არ უნდოდათ ევროპაში გაეგოთ, რომ ქართველებმა რუსების დაუხმარებლად სასტიკ ოტომანთა იმპერია დაამარცხეს, და ისინი არათუ საკუთარი ტერიტორიიდან დევნიან თურქებს, არამედ იმპერიის შიგნითაც მიიწევენ. რუსეთს არ შეეძლო იმის დაშვება, რომ ამ ოპერაციებისას მას მხოლოდ მეთვალყურის როლი გააჩნდა, და ასე უმოქმედოდ უყურებდა თუ როგორ ამარცხებენ ქართველები თურქეთს.
როგორ დააჯილდოვეს ტოტლებენი კავკასიური "სანიმუშო ინტრიგებისთვის"
1770 წლის ბოლოს ეკატერინამ ტოტლებენი სანქტ-პეტერბურგში გაიწვია, საცნაურია, რომ ტოტლებენს დაუბრუნეს ყველა ის რეგალია რომელიც მას 1763 წელს ჩამოართვეს, დივიზიის უფროსად დანიშნეს და ახალი დავალების აღსასრულებლად ვარშავაში მიავლინეს, ეკატერინამ ტოტლებენის მაგივრად სუხოტინი გამოაგზავნა კავკასიაში, ორი წლის შემდეგ კი 1772 წელს ექსპედიცონთა კორპუსი მთლიანად გაიწვიეს საქართველოდან.
1774 წელს რუსეთმა თურქებთან ქუჩუკ-კაინარჯის ზავი დადო, რომელმაც დიდი სარგებელი მოუტანა რუსეთს. საქართველო კი სრულიად ეულად დარჩა, ეულად გავეშებული მაჰმადიანი მეზობლების პირისპირ.