მამუკა ნაცვალაძე
13.10.2016

 მეცამეტე საუკუნე საქართველოსთვის უშფოთველად დაიწყო - დიდი მიზნები აქვს ჩვენს ქვეყანას - ბუფერული სახელმწიფოს კონცეფცია, ტრაპიზონის იმპერიის შექმნა, გეგმის ის ნაწილია, თამარის სამეფოს მსოფლიო რანგის ქვეყნებს რომ გაუტოლებს. ასეთ ფონზე წარმოუდგენელია ის სცენარი, ამ გეგმებს სულ მალე ხუხულასავით რომ ჩამოშლის.

არადა, თითქოს არაფერი მოასწავებს ისეთს, საფრთხეს რომ შეუქმნის დავითისა და თამარის ნაშენ ერთიან ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს, რომელსაც იმხანად უდიდესი საერთაშორისო გავლენა გააჩნია.

მაგრამ ფაქტია - თამარის მეფობისას მიღწეული სახელმწიფოებრივი ძლიერებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი როგორც საგარეო-პოლიტიკური ფაქტორით, ასევე სახელმწიფოსა და სამეფო კარზე არსებული პრობლემებით უნდა აიხსნას.

მაშინდელი აზროვნების პროვიდენციალურმა სტილმა თამარის ვაჟი ლაშა-გიორგი, რომელიც დედამისმა 1205 წელს, დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ, თანამოსაყდრედ აკურთხა, ცალსახად განტევების ვაცად აქცია.

რატომ თვლიდა ევროპა ლაშა-გიორგის მესიად

ლაშა "ქვეყნის განმანათლებელს" ნიშნავს, მის სახელშივე იყო ჩადებული ის ფუნქცია, "მესიანისტური" იდეა, რაც ქართველ უფლისწულს დაბადებისთანავე იმდროინდელმა მსოფლიომ დააკისრა. ევროპელ და აზიელ ქრისტიანებს ქართველი მეფე უფლის საფლავის გამომხსნელად ეიმედებათ, ამიტომაც მას "ქრისტიანობის ბურჯს", "ახალ ალექსანდრე მაკედონელს" უწოდებენ.

თურქ-სელჩუკებისგან გატანჯული ქრისტიანული სამყარო კარგად ხედავდა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც მაჰმადიანებს შეიძლებოდა დაპირისპირებოდა, საქართველო იყო. ტახტის მემკვიდრის დაბადებამ განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა მათ იმედებს. ის ევროპისათვის მესია იყო, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვა წერილი თურქ- სელჩუკთა თავნებობისათვის.

რა მემკვიდრეობა ერგო ლაშა-გიორგის

მეტად რთული მემკვიდრეობა ერგო ლაშა-გიორგის. 1213 წელს, მისი ტახტზე ასვლისთანავე გამოიკვეთა ერთი ტენდენცია - საკმაოდ გაძლიერებულან დიდგვაროვნები, განსაკუთრებულად მომძლავრებულან მხარგრძელები, რომელთაც დიდძალი ქონებაც დაუგროვებიათ და რამდენიმე უმაღლესი თანამდებობაც უპყრიათ ხელთ. მხარგრძელების თავნებობა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს. ეს კი სწორედ ის ბაცილაა, ქვეყნისთვის სასიკეთო რომ არაფერი მოაქვს.

ლაშა კარგად ხედავს ამ საშიშ ტენდენციას, ამიტომაც ცდილობს, ხელისუფლებაზე სრული კონტროლი მოიპოვოს. აშკარაა, რომ მისი ეს მცდელობა ფეოდალებთან მწვავე დაპირისპირების გარეშე არ ჩაივლის. ის იდეოლოგიური ფონი, რაც ქართულმა საისტორიო მწერლობამ შემოგვინახა, სწორედ ამ უშეღავათო დაპირისპირების ანარეკლია.

საისტორიო მწერლობა განსხვავებულად აფასებს ლაშა გიორგის. ყ|ქ ს-ის ავტორი ჟამთააღმწერელი ძალზე კატეგორიული და დაუნდობელია. ის პირუთვნელად მიანიშნებს მეფის როგორც ნაკლოვანებებს, ასევე დადებით თვისებებს, თუმცა ქვეყნის უბედურების მიზეზად მაინც ლაშა-გიორგის მიიჩნევს. შედარებით ლმობიერნი არიან ლაშა გიორგის მემატიანე, იოანე ბატონიშვილი და ფარსადან გორგიჯანიძე.

იყო თუ არა ლაშა-გიორგის თანამზრახველი შოთა რუსთაველი

ლაშას პიროვნების არაორაზნოვანი შეფასება შედეგია იმ პერიოდის შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელშიც ერთ მხარეს ერთიანი საქართველოს მოწინაღმდეგე ფეოდალები არიან, მეორე მხარეს კი - მომხრეები.

ლაშა-გიორგის თანამზრახველებსა და მომხრეებს შორის საკმაოდ საინტერესო სახელებია: სარგის თმოგველი, შალვა და ივანე ახალციხელები, ბოცო ჯაყელი და მისი ძმა მემნა, ბექა ჯაყელი, ინა ბოცოს ძე, მესხი ფეოდალი ბიბილა გურკელი, მესტუმრე შალვა ხუტურის ძე, მწიგნობარი მიქაელ კატარაწის ძე, ქართლის ერისთავი სულა სურამელი, ჩუხჩერი, სავარაუდოდ მათი თანამზრახველი უნდა იყოს შოთა რუსთველიც...

ლაშა-გიორგის ძირითადი მოწინააღმდეგენი მხარგრძელები არიან, სწორედ მათ უპირისპირებს ის ახალციხელთა გვარს. ლაშას მეფობისას შიდა პოლიტიკური პროცესები სწორედ ამ ორი გვარის დაპირისპირების ფონზე ვითარდება.

ვინ იყვნენ რინდები

შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჟამთააღმწერელი. ის გვამცნობს, რომ ლაშა გიორგიმ მოიშორა ის ადამიანები, რომლებიც მასთან იყვნენ დაახლოებული ჯერ კიდევ დედამისის დროიდან. სამაგიეროდ დაიახლოვა ახალგაზრები, ისინი, ვინც მის პოზიციას იზიარებდენ. მემატიანე ამ ადამიანებს რინდებად მოიხსენიებს.

მეცნიერები ერთნაირად არ განმარტავენ რინდებს, არ არის ერთი აზრი მათი ვინაობის შესახებ. სპარსულად სიტყვა "რინდი" ლოთსა და შფოთისთავს ნიშნავს. არის მოსაზრება, რომ რინდები აღმოსავლეთში გავცელებული ერთ-ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობაა.

ლაშა-გიორგი მამა-პაპათა ტრადიციას მისდევდა და შემწყნარებლობით გამოირჩეოდა. მას კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გააჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მაჰმადიანებისადმი. ლაშა მათ თავის სასახლეშიც იწვევს, საკმაოდ საინტერესო თეოლოგიური დისკუსიებიც იმართება. ასეთი პოლემიკა და ინტელექტუალური საუბრები კი ქრისტიანული ქვეყნისთვის მიუღებლად ითვლება. ეს ცალსახად უკეთურებაა და ქრისტიანული დოგმების მიხედვით უკეთურებას, როგორც წესი, ღმერთი სჯის. სწორედ ამ ლოგიკით ხსნის ჟამთააღმწერელი მონღოლთა გამოჩენას, რისხვად რომ დაატყდა ჩვენს ქვეყანას.

 როგორ დაუზიანეს თვალი ლაშას რინდებმა

იოანე ბაგრატიონი თავის "კალმასობაში" საკმაოდ საინტერესო ამბავს გვამცნობს ლაშა-გიორგიზე. რინდებს ქართველი მეფისთვის მარჯვენა თვალი გამოუთხრიათ. ჩოგანბურთის თამაშისას მეფეს თვალში მოხვედრია მეტოქის ჩოგანი. ტკივილი გაუსაძლისი ყოფილა, თუმცა, ლაშა-გიორგის მეტოქისათვის ურიგო არაფერი უკადრებია. კარგად ჩანს ლაშას დამოკიდებულება - ის აცნობიერებს, რომ ეს ინციდენტი შემთხვევითობის ბრალია და მეტოქის მიმართ კორექტულობას ინარჩუნებს.

ჟამთააღმწერელი გვამცნობს, რომ დიდებულებს კატეგორიულად მოუთხოვიათ ლაშასთვის, ჩამოცილებოდა ბოროტ ადამიანებს და მათ სიახლოვეს აღარ გაევლო. თუმცა, მარტო ეს არ იყო ის, რაზეც იმავე დიდებულებს კიდევ უფრო დიდი თავსატეხი გასჩენოდათ.

რატომ უპირისპირდებოდნენ ლაშას ფეოდალები

საკითხავია - მაინც რატომ უპირისპირდებიან ლაშა-გიორგის ფეოდალები? მიზეზი მარტივია - ბევრი მათგანი თავდაპირველად იმედით შეჰყურებს მეფეს, როგორც სასურველ სასიძოს. მეფისთვის ქალიშვილის მითხოვება ხომ სამეფო კართან დაახლოებისა და პრივილეგიების მოპოვების საუკეთესო გზაა. როცა მოლოდინი გაუმტყუნდათ, პოზიციასაც იცვლიან. ეს დაპირისპირების სუბიექტური ფაქტორია.

არის ამ დაპირისპირებისას ობიექტური ფაქტორიც - ფეოდალი, რომელიც ხედავს, რომ ძველებურად ვეღარაა მყარი ერთიანი საქართველო, თუნდაც ზნეობრივი თვალსაზრისით, ადვილად დასაძლევ ბარიერად თვლის მას და თავისი კლასობრვი სურვილის გამჟღავნებასაც არ ერიდება. ამ ფონზე სამეფო კარის ერთიანობას წინააღმდეგობას მედგრად უწევს.

განძაში მომხდარი ინციდენტი პირველი დაპირისპირება გახლდათ მეფესა და დიდებულებს შორის, ეს დაპირისპირება შემდგომში უფრო გაღრმავდა. მიზეზი კი ის იყო, რომ ლაშა განხვავებულად აზროვნებდა.

თავისუფალი აზროვნება, ბუნებრივია, დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, როცა უბრალო ადამიანთან გვაქვს საქმე, თუმცა, თუკი ასეთი პიროვნება მეფეა, რომელმაც სახელმწიფო უნდა მართოს, იმ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ იზიარებს ამ თავისუფალ ქცევებს, სიტუაცია მეტად დაძაბული ხდება. მეფე შორდება მოსახლეობას, არადა, სწორედ სამეფო კარისა და დაბალი სოციალური ფენის ერთობლიობა გახლდათ ის კოზირი, რამაც საქართველო ურთულესი სიტუაციებიდან არაერთხელ იხსნა და დღემდე მოიყვანა.

გიორგის, დავით აღმაშენებლის მსგავსად, სურდა ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა და გაეთვალისწინებინა დიდებულების მოსაზრებები.

ამბავი ველისციხელი სუსანასი

ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რასც ქართული საისტორიო მწერლობა ლაშა-გიორგის უყენებს, უგვანო ქალთან ქორწინებაა. ლაშას ველისციხეში ყოფნისას ერთი გათხოვილი ქალი შეჰყვარებია, ქმრისთვის წაურთმევია იგი და ცოლად მოუყვანია.

დიდებულები აბობოქრებულან - მათთვის მიუღებელი იყო ლაშას ქცევა, რამდენადაც, სამეფო ტრადიციის მიხედვით, მეფეს სხვა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მაღალი წრიდან უნდა მოეყვანა ცოლი, პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ ამ კავშირის შედეგად დაბადებული ლაშა-გიორგის ძე დავითი, ქართული ტრადიციის თანახმად, უკანონოდ ითვლებოდა და არ ჰქონდა უფლება, ტახტი დაეკავებინა.

რამდენიმე წლის შემდეგ ეს ველისციხელი ქალი დიდებულებმა ლაშას გააშორეს და თავის პირველ ქმარს დაუბრუნეს. მეფეს ისე განუცდია მომხდარი, რომ ცოლი აღარ მოუყვანია. მისი ერთადერთი მემკვიდრე სწორედ დავითი გახლდათ, რომელიც მომავალში საქართველოს ისტორიაში დავით ულუს სახელით დამკვიდრდება.

საგულისხმოა, რომ იოანე ბატონიშვილი, ყ|ყ ს-ის ავტორი, ამ ქალის სახელსაც გვამცნობს - სუსანა, წარმოშობით ის ფშავ-მთიულეთიდან ყოფილა.

შექმნა თუ არა რუსუდანმა ლაშას მიმართ უარყოფითი განწყობა

ლაშა თავისი პირმშოსადმი კეთილგანწყობითა და მზრუნველობით გამოირჩევა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული თავის დას, რუსუდანს სთხოვს დავითი მეფედ აღზარდოს და როცა სრულწლოვანი გახდება, სამეფო ტახტი დაუთმოს.

რუსუდანი ვერ აღმოჩნდა კარგი და. არად ჩააგდო ლაშას ანდერძი, პირიქით, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ძმისშვილი თავიდან მოეშორებინა და სამეფო ტახტზე თავისი შვილი, დავით ნარინი აეყვანა.

არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ ლაშასადმი საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებაც რუსუდანის დაკვეთა იყოს. მოვლენათა განვითარება და არსებული ურთულესი სიტუაციები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საქართველოს დაქცევა და მონღოლთა თარეში ცალსახად ლაშას დაბრალებოდა.

შესაძლოა, ამ საზოგადოებრივი განწყობიდან იღებდეს სათავეს ლაშა-გიორგის მიმართ ჟამთააღმწერელის ტენდენციურობა.

მემატიანე საქართველოს სამეფოს დაქვეითებისას ყველაზე მარტივ ახსნას გვთავაზობს. ის შუა საუკუნეებში გავრცელებულ თეოლოგიურ კონცეფციას ეყრდნობა და ყოველგვარ უბედურებას, ღვთის მიერ დაწესებულ სასჯელს ხალხის უსჯულოებისა და უზნეობის შედეგად მიიჩნევს. ჟამთააღმწერლის ლოგიკით, უფალს ქართველთა, უპირველესად კი ლაშა-გიორგის ცოდვების გამო სასჯელად მონღოლები მოუვლენია თურმე.

ასე აქცია ქართულმა საისტორიო მწერლობამ ლაშა-გიორგი განტევების ვაცად, არადა, მოვლენათა დეტალური ანალიზისას კარგად გამოჩნდება, რომ საქართველოს დაცემის მიზეზები ჯერ კიდევ თამარის "ოქროს ხანაში" ისახებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×