1629 წელი საქართველოს კულტურული სივრცისთვის მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა - რომში გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - იტალიურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც სტეფანე პაოლინიმ შეადგინა თეიმურაზ |-ის ელჩის, ნიკიფორე ირბახის დახმარებით. ლექსიკონი 3086 სიტყვისაგან შედგება.
იტალიელთა ინტერესი ქართული კულტურისადმი შემდგომშიც გრძელდება - 1643 და 1670 წლებში მისიონერი მარიო მაჯიო ორჯერ ბეჭდავს "ქართული ენის გრამატიკას", რომელიც აწყობილი იყო როგორც ნუსხური, ასევე მხედრული შრიფტით.
კიდევ ერთი ქართული წიგნი რომში ოდნავ მოგვიანებით, 1681 წელს გამოიცა. ეს გახლდათ "საქრისტიანო მოძღვრება სიმბოლოებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა, კაპუჩინი, მქადაგებელი და მღვთისმეტყველი, იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართულითა ენითა."
წიგნის სათაურში მოხსენიებული მთარგმნელი ბერნარდო მარიამ ნეპოლელი ერთ-ერთი იმ მისიონერთაგანია, რომელსაც შეუსწავლია ქართული ენა და წიგნების თარგმნისთვის მიუყვია ხელი.
საგულისხმოა, რომ იტალიაში, ტორე-დელ-გრეკოში მდებარე კაპუცინთა ძველ ეკლესიაში ბერნარდო ნეაპოლელის ხელით გადაწერილი 14 ქართული ხელნაწერი ყოფილა დაცული.
საკითხავია, რატომ იწყებს ასე ინტენსიურად ქართული ენის შესწავლას კათოლიკური სამყარო? რა პოლიტიკური ფონი ჰქონდა ამგვარ ინტერესს?
როგორ მიიღეს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ესპანეთსა და რომში
ეს ის პერიოდია შაჰ-აბასი რომ ზეობს და საქართველოს რომ მოსვენება არა აქვს მისგან. სიტუაცია ურთულესია, ამიტომაც ირანის მბრძანებელის დაუღალავი მეტოქე თეიმურაზი 1626 წელს ევროპაში საიდუმლო დიპლომატიური მისიას გზავნის. დახმარებას დასავლეთ იბერიელებიდან ელის.
ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს თეიმურაზ |-ის წერილები უნდა გადაეცა რომის პაპ ურბან ქ|||-სა და ესპანეთის მეფე ფილიპე |ქ-ისათვის. ის მესინაში შემთხვევით ხვდება თეატინელთა ორდენის კათოლიკე მისიონერებს, დონ პიეტრო ავიტაბილეს მეთაურობით. ეს მისიონერები სულ მალე საქართველოში საგანგებო დავალებით ჩამოვლენ.
ნიკოლოზის ესპანური აუდიენცია ფილიპე |ქ-სთან წარმატებულია, ესპანეთის მონარქი თეიმურაზის წერილს გულისხმიერად მოეპყრო, სახელმწიფო საბჭომ რამდენჯერმე განიხილა ქართველი მეფის თხოვნა. ერთ-ერთ სხდომას თავად ნიკოლოზ ჩოლოყაშვილიც დასწრებია.
სწორედ სახელმწიფო საბჭოს რეკომენდაციებით შეუდგენიათ ესპანელებს ფილიპე |ქ-ის წერილი თეიმურაზ |-სადმი, სადაც ესპანელი მონარქი კმაყოფილებას ვერ მალავს და თანახმაა ესპანეთსა და საქართველოს შორის დამყარდეს მეგობრული ურთიერთობა.
1628 წლის იანვარში ნიკოლოზი უკვე რომშია პაპ ურბან ქ|||-სთან აუდენციაზე. მისთვის თეიმურაზ |-ისა და კათოლიკოს-პატრიარქ ზაქარიას წერილები ჩააქვს, რომლითაც ქართველები სთავაზობენ პაპს ერთობლივი ძალით დაამარცხონ ურჯულოები.
ურბან ქ||| საპასუხო წერილს სწერს თეიმურაზს, პირდება, რომ ლოცვა-კურთხევას არ დაიშურებს საქართველოს მშვიდობისათვის, რომ საქართველოს დააკავშირებს ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებთან.
ამ იმედით იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი საქართველოში ბრუნდება.
ვინ იყო ნიკიფორე ირბახი
უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მისიისას ნიკოლოზ ჩოლოყაშვილზე არჩევანი შემთხვევით არ ყოფილა / ის რვა წლის ასაკში გაუგზავნიათ მშობლებს განათლების მისაღებად რომში, სადაც კარგი განათლება მიუღია და უცხო ენები შეუსწავლია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კახეთის მეფის, თეიმურაზ |-ის კარის მოძღვარი გამხდარა.
მიხეილ თამარაშვილი თავის "კათოლიკობის ისტორიაში" ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ცნობებს გვაწვდის. აირ ას წერს მეცნიერი: "იგი იყო წმინდა ბასილის წესის მონაზონი ნიკიფორე ერბახი ანუ ერბაჩო (საქართველოში ნიკოლოზ ბერად წოდებული) და ახლდა თან მცირეოდენი მხევალი (ცხადია ქართველები) და ერთიც მოენე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წარმომადგენელი არ ჰყავდა, მისი ღირსეული ქცევა ცხადყოფდა მის დიდებულებას, განკრძალულებას და პატიოსნებას. იგი თავისი მონაზონებრივი ცხოვრებით ყველს თავს აყვარებდა. თავის მამაზე ის ამბობდა, რომ იყო ერთ-ერთი უპირველესთაგანი თავადთა შორის და საქართველოს ჯარის უფროსი. ასევე ნიკიფორეს თქმით, მას ბევრჯერ გაულაშქრავს სპარსელთა წინააღმდეგ და სხვათა შორის, ერთხელ 20 000 ქართველით ამოუხოციათ 90 000 სპარსელი კაცი. სამწუხაროდ მამამისის სახელი არსად არის მოხსენიებული მხოლოდ ის ვიცით, რომ ნიკიფორეს ძმისწულს თუ დისწულს რქმევია ზურაბ ერისთავი ყარაყალხანისა." (ყარაყალხანს სპარსელები არაგვის მხარეს ეძახდნენ.)
როგორ აღმოჩნდა ესპანეთისთვის კონსტანტინოპოლის დაცემა პოლიტიკური აღმავლობის სათავე
საინტერესოა, რას ელის თეიმურაზ | ირბახის ელჩობისგან? ცხადია ქართლის მეფეს სურს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის არსებული პოლიტიკური რეალობა გამოიყენოს. ორი იბერიული სახელმწიფოს ინტერესთა თანხვედრა რომ საკმაოდ რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო, ესეც აშკარაა.
ესპანეთი იმ პერიოდის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა, ის რამაც 1453 წელს საქართველოს ისტორია თავდაყირა დააყენა, ესპანეთისთვის მსოფლიო ბატონობის მოპოვებისა საფუძველი გახდა.
1453 წლის სისხლიანი ბატალიების შედეგად დაეცა კონსტანტინოპოლი, რომლის შემდეგაც დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზა საქართველოზე რომ გადიოდა, უფუნქციოდ დარჩა. უფუნქციოდ დარჩა საქართველოც... ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ესპანეთის სამეფო კარს გამორჩეული პერსპექტივები დაუსახა.
1492 წლიდან ინდოეთის აღმოსაჩენად დასავლეთ იბერიელების მიერ დაფინანსებულმა კოლუმბის ექსპედიციამ ძირეულად შეცვალა მსოფლიო. გაივლის რამდენიმე ათეული წელი და ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად გამდიდრებული ესპანეთი ისეთი მასშტაბის იმპერიას შექმნის, სადაც "მზე არასოდეს ჩავა".
ამ რანგის სახელმწიფოსთვის კი თეიმურაზ |-ის გათვლით საინტერესო უნდა ყოფილიყო წინა აზია - ეს ხომ ტრადიციულად ის პლაცდარმია, მსოფლიოს რეალური ბატონობა რომ იწყება.
რა პოლიტიკური გათვლები ჰქონდა ქართლის სამეფო კარს
სწორედ ამიტომ აგზავნის ქართლის მეფე თეიმურაზ | საგანგებო მიისიით ესპანეთსა და რომში გამორჩეულ ქართველ თავადს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს, სამეცნიერო სამყარო ნიკიფორე ირბახის სახელით რომ იცნობს.
თეიმურაზ |-ს ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს ჩართვა სურს მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ ორომტრიალში. გათვლა საკმაოდ მარტივია - საქართველომ ესპანეთი უნდა დაუპირისპიროს მაჰმადიანურ ირანსა და ოსმალეთს. ეს უპრინციპულესი საკითხია საქართველოსთვის, ძლიერი ქრისტიანი მეკავშირის გამოჩენა ახლო აღმოსავლეთში მას როგორც ფუნქციადაკარგულ ქვეყანას ერთგვარ შვებას მოუტანს.
ქართული პოლიტიკური ელიტა იმაზეც თანახმაა, რომ მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის ტრადიციულ უმწვავეს მოქიშპეობაზე დახუჭოს თვალი და მთავარი ყურადღება პოლიტიკურ ასპექტზე გადაიტანოს.
თეიმურაზის მიზანი ერთიანი ქრისტიანული გლობალური სივრცის შექმნაა, რომელიც სავაჭრო სივრცედაც უნდა იქცეს - ეს სწორედ ის სანუკვარი ოცნებაა, საქართველოს რომ დააბრუნებს კონსტანტინოპოლის დაცემამდე არსებულ რეალობაში.
ერთიანი მართლმადიდებლური გლობალური სივრცის შექმნის მიზნით საქართველო მზადაა ესპანეთის მფარველობა მიიღოს, სწორედ ამ მიზნით სჭირდება მას რომის პაპის პროტექცია დასავლეთიბერიელთა სამეფო კარზე.
რა ვერ გათვალა თეიმურაზმა
მთავარი, რაც თეიმურაზის გათვლებში მცდარი გამოდგა, გახლდათ ის, რომ ყქ|| ს-ის 20-30-იან წლებში ირანის, ოსმალეთისა და ესპანეთის სახელმწიფო ინტერესები მახლობელ აღმოსავლეთში მძლავრად არ იკვეთებოდა. ესპანეთის სამეფო კარის მთავარი აქცენტები დასავლეთი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გარკვევაზე და ახალი გეოგრაფიულ აღმოჩენებზეა აღებული.
ესპანეთისთვის წინა აზია ფაქტობრივად ახალი, სრულიად უცხო რეგიონი იყო, ამიტომაც ისინი არც მენტალურად და არც არსებული რესურსების თვალსაზრისით არ იყვნენ მზად, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა გაეჩაღებინათ.
როგორ გადაწყდა იტალიურ-ქართული ლექსიკონის დაბეჭდვა
პაპის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მისიონერები პოლიტიკურ პროცესებში ვერ ერთვებიან, მათ სარწმუნოებრივი მხარე აინტერესებთ - საკმაოდ მიმზიდველია კათოლიკური სამყაროსათვის სარწმუნოებრივი არეალის გაფართოება, საქართველო ძირძველი მართლმადიდებლური ქვეყანაა და ამ გზით ისინი ტრადიციულ უძლიერეს კონფესიურ ოპონენტსაც იცილებენ თავიდან.
ახლა კომუნიკაციის ფორმები და მეთოდებია მოსაძებნი. საკითხავია - რა ფორმით უნდა დაამყარონ ურთიერთობა სრულიად უცხო სამყაროსთან კათოლიკე მისიონერებმა? რა თქმა უნდა, კომუნიკაციისას ქართული ენა უალტერნატივოა. სწორედ მშობლიურ ენაზე უნდა ესაუბრონ მისიონერები ქართველებს, მათთვის გასაგებად უნდა აუხსნან კათოლიციზმის უპირატესობა. ამისთვის კი იტალიურ-ქართული ლექსიკონია საჭირო.
სწორედ ასე, პრაქტიკული რეალობის გათვალისწინებით გადაწყდა იმდროინდელი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით იტალიურ-ქართული ლექსიკონის დაბეჭდვა.
საგულისხმოა, რომ ურთულესი პოლიტიკური რეალობა საქართველოს კულტურულ სურათზე ადექვატურად აისახა, სწორედ ამის გამო ყქ ს-ის შუა ხნებისას გუტენბერგის მიერ გამოგონებული წიგნის საბეჭდი მანქანის სიკეთეს თითქმის ორი საუკუნის შემდეგ ეზიარა ჩვენი ქვეყანა მხოლოდ.
იბეჭდებოდა თუ არა საქართველოში წიგნები ვახტანგის სტამბის დაარსებამდე
რომში პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემის შემდეგ ბუნებრივია გაჩნდებოდა აზრი, რომ საქართველოშიც დაეარსებინათ სტამბა. არის მასალები, რაც გვაფიქრებინებს რომ ეს ტექნოლოგიური სიახლე ქართველებმა ჯერ კიდევ თბილისში ვახტანგ ქ|-ის მიერ ქართული სტამბის დაარსებამდე აითვისეს. ამ მხრივ საგულისხმოა არჩილ მეფის 1703 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გოლოვინთან მიწერილი წერილი, სადაც ის ჩივის, რომ საქართველოში წიგნების ბეჭდვა ძალიან ნაკლებია ასოების და მცოდნე კაცების ნაკლებობის გამოო.
გაივლის სულ ექვსიოდე წელი და ვახტანგ ქ| 1709 წელს სრულიად ახალ ორბიტაზე გაიყვანს ქართულ კულტურას. სტამბის დაარსებამ ხომ გამორჩეული პერსპექტივა დაუსახა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და გავრცელებას.
საცნაური კი სწორედ ისაა, რომ ეს მოვლენა ნახევარი საუკუნით უსწრებს ფრანგ ენციკლოპედისტთა ანალოგიურ მოძრაობას, თვისებრივად ახალ მსოფლიოს რომ შეუმზადა საფუძველი...