"არც ჩვენ პირადათ და არც ჩვენს მემკვიდრეებს უფლება არ გვაქვს ვისარგებლოთ აღნიშნულ მამულით ან იმის შემოსავლით"
ია აბულაშვილი
19.10.2016

 ლევილის ქართული მამულის ისტორიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ორი საყურადღებო დოკუმენტი, რომლებიც ეხება ლევილის ქართული მამულის შეძენის საქმეს, ეს დოკუმენტები აღმოჩნდა საქართველოში ჩამოტანილი ეროვნული არქივის პარიზულ ნაწილში.

ლევილი პარიზთან ახლომდებარე დაბაა, რომელიც ფრანგულ საისტორიო წყაროებში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დამლევიდან ლუნვილად იხსენიება. მე-15 საუკუნიდან იგი უკვე ლევილად იწოდება და ოლივიერთა სამარკიზოს წარმოადგენს. შემდეგ იგი მარკიზ როიომის ხელში გადავიდა, რომელმაც მამული მიჰყიდა ნოაის კომტს, ხოლო საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ კომუნა გახდა.

ლევილის ქართული მამულის ისტორია

მესამე რესპუბლიკის დროს, 1884 წლის 5 აპრილს გამოცემული კანონის ძალით ლევილის გამგებელი გახდა კომუნის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა განაგებდა ხმოსნების დახმარებითა და მონაწილეობით.

ლევილის ქართული მამულის ისტორია 1922 წლიდან იწყება. როგორც ცნობილია, 1921 წლის მარტში საფრანგეთს გაიხიზნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა.

როგორც ქართული მამულის ასოციაციის თავმჯდომარე მამია ბერიშვილი წერდა "დაბინავდა რა საფრანგეთში, პარიზში, საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით გადაწყვიტა ეყიდა პატარა მამული, რომელიც თავშესაფარი იქნებოდა ქართული პოლიტიკური ლტოლვილებისათვის და საქართველოს განთავისუფლების შემდეგ საქართველოს საკუთრებად დარჩებოდა.

ამ მიზნით, 1922 წლის 24 ივნისს ნიკოლოზ ჯაყელისა და ბენია ჩხიკვიშვილის სახელზე შეიძინეს ის პატარა მამული, რომელსაც დღეს ლევილის "ქართული კერა" ეწოდება.

ახლა გთავაზობთ ამონარიდს ამ დოკუმენტებიდან, რომელიც ლევილის მამულის შესყიდვის ისტორიას უკავშირდება. პირველი დოკუმენტი წარმოადგენს 1922 წლის 2 ივნისს შედგენილ ოქმს, რომელშიც მოთხრობილია ლევილის მამულის პირველი დათვალიერებისა და მისი შეძენის პირობებზე მოლაპარაკების შესახებ:

"ოქმი" "2 ივნისს, 1922 წ. ჩვენ ქვემორე ამის ხელის მომწერთ, დამფუნძნებელ კრების თავმჯდომარე ნ. ჩხეიძემ და თავმჯდ. ამხანაგმა ე.თაყაიშვილმა, წევრმა გრ.ვეშაპელმა და მთავრობის წევრებმა ნ.რამიშვილმა, კ.კანდელაკმა და კ.საბახტარაშვილმა, თანახმად მთავრობის და დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმის შეერთებულ სხდომის დადგენილებისა, ვინახულეთ რა მამული, ნაჩვენები ბატონ ბელფონის მიერ სოფელ მონვილში, ქალაქ რუანის ახლოს, შევადგინეთ შემდეგი ოქმი: მამული მდებარეობს კომუნა მონვილის შუაგულ ადგილას.

მამული შეიცავს დაახლოებით რვა ჰექტარ მიწას (პატრონის განცხადებით); უმთავრესი შენობა არის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ადგილობრივ ძველ "შატოს" ეძახიან. ეს სახლი წარმოადგენს ძველი ტიპის და ძველ ნაშენ ქვის ორსართულიან შენობას მანსარდით.

 სახლი შეიცავს: 14 კარგ ოთახს. აქვს ორი სამზარეულო, სახლი თბება ცენტრალური გასათბობით, სასმელი წყალი გამოყვანილია ადგილობრივ წყარო-ჭიდან. მამულში არის სხვა შენობებიც. მთელ მამულს პატრონი აფასებს 130 ათას ფრანკათ; შესაძლებლად სცნობს ფულის ნაწილ-ნაწილად გადახდას.

კომისიის საზოგადო აზრი იმის მიხედვით, თუ რაც მამული ერთად თუ ცალ-ცალკე კომისიის წევრებს დაუთვალიერებიათ საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში ისეთია, რომ მამული უსათუოდ ღირს ამ ფასად და ჩვენთვის გამოსადეგია. ყოველ შემთხვევაში კომისია ამ გზას ადგას, რომ საჭიროა კიდევ ვაჭრობა მამულის პარტონთა ფასის დასაკლებად.

ნ.ჩხეიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნ.რამიშვილი, კ.საბახტარაშვილი, ბენ. ჩხიკვიშვილი, გ.ვეშაპელი, კ.კანდელაკი."

მეორე დოკუმენტი: 1928 წელს შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის (სოციალ-დემოკრატთა, ეროვნულ-დემოკრატთან და სოციალისტ-ფედერალისტთა) წარმომადგენლების 7-წევრიანი კომისია, საქართველოს ეროვნული მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ეროვნულ-დემოკრატის, პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის, საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერის სამსონ ფირცხალავას და საქართველოს ფინანსთა მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის შემადგენლობით, რომელთაც 1928 წლის 30 აპრილს პარიზში დაწერეს ასეთი ერთობლივი ანდერძი:

"ოც და ათი აპრილი ათას ცხრაას ოცდარვა წელი. ქალაქი პარიზი. ჩვენ ქვემოთ ამისა ხელის მომწერნი: ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, სამსონ ფირცხალავა და კონსტანტინე კანდელაკი - ვაძლევთ ამ ხელწერილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას იმაში, რომ: 1.მამული, მდებარე, სოფელ ლევილში, საფრანგეთში, სენის და უაზის დეპარტამენტში და ცნობილი სახელწოდებით "ლევილის შატო", რომელიც შეძენილია საჯარო ვაჭრობაზე 10 თებერვალს, 1927წ. საზოგადოების "ქართული კერის" მიერ, რომლის წევრნი ვართ ჩვენ, ზემოთ აღნიშნულნი პირნი, ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს:

სახელდობრ, მიწა ზომით დაახლოებით ხუთი ჰექტარი, სადგომი სახლი, სამეურნეო შენობები, ავეჯი, ინვენტარი და სხვა ყოველივე, რაც აღნიშნულ მამულში იმყოფება, საკუთარი ხარჯით არის შეძენილი.

2. ყოველგვარი შემოსავალი აღნიშნული მამულიდან და ყოველგვარი განკარგულება მამულის შესახებ ეკუთვნის სავსებით საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას და ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილნოთ ყოველივე მის განკარგულებას მამულის შესახებ (ე.ი. მამულის ან რამე იმის ნაწილის ექსპლუატაციის შესახებ, გაქირავების, დაგირავების, გაყიდვის, გადაცემის შესახებ და სხვა).

3. არც ჩვენ პირადათ და არც ჩვენს მემკვიდრეებს უფლება არა გვაქვს ვისარგებლოთ აღნიშნულ მამულით ან იმის შემოსავლით. ამ ხელწერილის დადებიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ როგორც აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში აზრთა სხვადასხვაობა წარმოქმნილა მამულის იურიდიულ მესაკუთრეობაზე...

ლევილის საქართველოსთვის გადმოცემა

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 17:30 საათზე, საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს - ქართველ ხალხს, დაუბრუნდა.

"პარიზიდან 37 კილომეტრის დაშორებით მდებარე 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, ხოლო ფრანგული მხრიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების - ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავას, ევგენი გეგეჭკორის - შთამომავლები და წარმომადგენლები იყვნენ.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა ორი ფრანგი ნოტარიუსი, რომლებიც ემიგრანტთა ოჯახებსა და საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენდნენ.

ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ქ.ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლევილის აქტის ხელმოწერამდე ნოტარიუსებმა შეკრებილ საზოგადოებას დოკუმენტის ტექსტი გააცნეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონემ და ქართველი ემიგრანტების შთამომავლებმა.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც 23 სექტემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში, საზეიმოდ გაფორმდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევილის მამული საქართველოს კანონიერი მთავრობის წევრებმა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მას შემდეგ შეიძინეს, რაც თბილისში საბჭოთა რუსეთის ყ|-წითელი არმიის ნაწილების შემოსვლის შემდეგ, 1921 წლის 19 მარტს იძულებით ემიგრაციაში გაემგზავრნენ საფრანგეთში და ლევილის მამულში დასახლდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×