მოსაზრება
21.10.2016

მერაბ მიქელაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას. იურიდიულად დამკვიდრებული ეს აზრი აღიარებს მეწარმეობის სასიცოცხლო როლს ეკონომიკის განვითარების, სოციალური პასუხისმგებლობისა და დასაქმების საქმეში.

"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციით აღიარებულ სახელმწიფოს ფუნქციას და ადგენს მეწარმეობის განხორციელების, მართვისა და კონტროლის წესებს.

ანალიზი თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდახუთწლიან ისტორიაში სწორედ უკანასკნელ წლებში ექცევა გამორჩეული ყურადღება მეწარმეობის განვითარებასა და ბიზნესის გარემოს სრულყოფას.

ამ მიმართულებით შექმნილი საკანონმდებლო ბაზის უბრალო ჩამონათვალიც კი საკმაოდ შთამბეჭდავია:

- საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილება "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვალის #100 დადგენილება

- საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-20 წლებისთვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის #206 დადგენილება

- დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის #173 დადგენილება

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის #172 დადგენილება

- საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ

ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის პრაქტიკულმა განხორციელებამ კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა-სახეზეა რამდენიმე ათეული წარმატებული ბიზნესიდეების განხორციელების ხელშესახები შედეგები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს ბიზნესი ხელისუფლების წნეხისაგან თავისუფალია, ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესზე ზეწოლის პრეცედენტები საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა. უახლოეს მომავალში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო ადმინისტრირების პროცედურების გამარტივებას, ბიზნეს ინკუბატორების შექმნას, საგადასახადო სტიმულირებას, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნას, "სილიკონ ველი თბილისი", - პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის ფუნქციონირებას და ა.შ. იმედისმომცემია 630 ათასამდე რეგისტრირებული ბიზნესსაქმიანობის სუბიექტისათვის.

ქართული საზოგადოებისთვის და მათ შორის მეწარმეებისთვის კარგადაა ცნობილი ქართველი მეწარმე და ფილანთროფი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი დავით სარაჯიშვილი, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა საქართველოს და გარდაცვალების შემდეგაც მისი მთელი ქონება ქვეყანას მოხმარდა. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის ივნისში, ბერლინში სამკურნალოდ მიმავალმა დავით სარაჯიშვილმა, ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მისი სურვილით მისი ქონება (3 მილიონი მანეთი) შემედეგნაირად გადანაწილდა:

- 500 ათასი მანეთი - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

- 150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად;

- 200 ათასი მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას;

- 25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას;

- 50 ათასი მანეთი - თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად;

- 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);

- 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად;

- 100 ათასი მანეთი - თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას;

- 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას;

- 171 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;

- 5 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

- 20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას - ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად;

- 50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად;

- 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას;

- 10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს;

- 5 ათასი მანეთი - რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში;

- 200 ათასი მანეთი - ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში;

დავით სარაჯიშვილი 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, იმ პანთეონში, რომლის გახსნისთვის თავის დროზე 4200 მანეთი ჰქონდა შეწირული. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუკი ქართველ მეწარმეებს თავისი პროფესიული დღე-მეწარმის დღე ექნებათ. რადგან საქართველოს ისტორიაში არ მოიძებნება დავით სარაჯიშვილზე უფრო წარმატებული მეწარმე და ქველმოქმედი, მიზანშეწონილი იქნება, დავით სარაჯიშვილის დაბადების დღე - 28 ოქტომბერი - საქართველოში მეწარმის დღედ გამოცხადება. დარწმუნებული ვართ, ასეთი დღის არსებობა ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის პრესტიჟის ამაღლებას, მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს ფორმირებას და ბევრი დამწყები მეწარმისთვის სტიმულად იქცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×