1879 წელს ბაბილონის გათხრებისას აღმოჩნდა უნიკალური არტეფაქტი - 23 - სანტიმეტრიანი თიხის ცილინდრი, სადაც წერია, თუ როგორ დაიპყრო აქემენიდთა მეფემ კიროს ||-მ ბაბილონი და როგორ გაათავისუფლა ტყვეები, მათ შორის იუდეველები.
ეს არის ჩვენამდე მოღწეული პირველი არტეფაქტი, სადაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე. დოკუმენტს პროპაგანდისტული ხასიათი აქვს. თუმცა, იდეა, რომ არ უნდა შეებღალათ ადამიანური ღირსებები, აშკარაა მაშინაც პოპულარული ყოფილა. ამ დოკუმენტმა "კიროსის მანიფესტის" სახელით დაიმკვიდრა ადგილი სამეცნიერო საზოგადოებაში.
რითი აჯობა აქემენიდმა კიროსმა ბერძენ ევრიპიდეს
"მე გავათავისუფლე ბაბილონი, ჩემს მეომრებს ვუბრძანე არ გაეძარცვათ ქალაქი, არ ეწყენინებინათ ადგილობრივ მცხოვრებთათვის. ბაბილონში ტყვედ მყოფთ ნებას ვრთავ დაუბრუნდნენ თავიანთ ადრინდელ საცხოვრისებს, ვბრძანებ - ყველა ღმერთი დაუბრუნდეს იმ ადგილს, საიდანაც ისინი ბაბილონში მოიყვანეს", - ეს არის ამონარიდები "კიროსის მანიფესტიდან".
ამგვარი პათოსითაა გამსჭვალული ეს დოკუმენტი, რომელიც აქემენიდთა მბრძანებელს შეუდგენია ქრისტეშობამდე 539 წელს ბაბილონის აღების აღსანიშნავად.
საცნაური კი სწორედ ისაა, რომ კიროსმა თითქმის საუკუნით გაუსწრო ცნობილ ბერძენ დრამატურგ ევრიპიდეს, რომელმაც ევროპელთაგან პირველმა სახალხოდ დაგმო მონობა.
კიროსის მანიფესტის ორიგინალი ამჟამად ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, ასლი კი გაეროს შტაბბინაში ინახება.
რა დატვირთვა გააჩნდა აქემენიდების მიერ ბაბილონის აღების ფაქტს
აქემენიდურ ირანს კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. სამი საუკუნის განმავლობაში - ძველი წელთაღრიცხვის ქ| ს-ის შუახნებიდან |ქ ს-ის 30-იან წლებამდე სწორედ ისინი არიან ცივილიზებულ სამყაროში გამორჩეულნი, მოდის კანონმდებელნი და პოლიტიკური პროცესების წარმმართველნი. ბუნებრივია, ამ ყველაფრის მიღწევა ძალადობრივი გზით მოხდა, თუმცა, გარდა ძალისა, შესაშური დიპლომატიითაც იყო ხელდასხმული სხვადასხვა ხალხებთან მათი პოლიტიკური ურთიერთობები.
ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რამაც აქემენიდების იმპერიის ხასიათი სრულად წარმოაჩინა და ამასთან გამორჩეული მასშტაბები შესძინა, იმჟამინდელი მსოფლიოს მთავარი ქალაქის, ბაბილონის დაპყრობა გახლდათ.
როგორ აიღო კიროსმა ბაბილონი
ქრისტეშობამდე 539 წლის 5 ოქტომბრის ღამეს დაემხო ბაბილონის, იმდროინდელი მსოფლიოს დედაქალაქის უძლეველობის მითი. მიდიისა და სპარსეთის ჯარებმა შეძლეს შეუძლებელი და აიღეს მდინარე ევფრატის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელსაც მასიური კედლების გარდა წყლით სავსე თხრილები იცავდა.
ეს იყო ის ბარიერი, რაც ფაქტობრივად ბაბილონს ნებისმიერი დამპყრობლისთვის აუღებელს ხდიდა. ეს კარგად იცის კიროსმა, ამიტომაც ცდილობს რაღაც იღონოს. აქემენიდთა მბრძანებელი თავსატეხს იოლად მოერია, როცა გაიხსენა, თუ როგორ შეძლო ევფრატზე ხიდის მშენებლობა ბაბილონის დედოფალმა ნიტოკრისმა. ხიდის ბურჯები რომ აეშენებინა, დედოფალმა არხები გააყვანინა და ასე შეამცირა ევფრატის წყლის მოცულობა. ხიდის აშენების შემდეგ კი ამოავსებინა თხრილები და წყალიც თავის კალაპოტს დაუბრუნა.
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გადმოგვცემს, რომ კიროსს სწორედ ანალოგიური ხერხი უხმარია - მეომრებისთვის მდინარე ევფრატის ზედაწელზე მრავალრიცხოვანი არხები გაუთხრევინებია, რასაც წყლის დონის მნიშვნელოვნად შემცირება მოჰყოლია.
სწორედ ამის საშუალებით აქემენიდებსა და მიდიელებს ევფრატში წყალი მუხლებამდე სწვდებოდათ. მათ ფეხით იოლად გადაუკვეთავთ მდინარე და ქალაქის კარიბჭემდე მიუღწევიათ.
ამბავი ბაბილონის სამეფო სასახლის კედელზე გამოსახული უცნაური წარწერისა
ნადიმობაში გართულ უდარდელ ბაბილონელებს, რომელნიც თავს დაცულად გრძნობდნენ, იშთარის ჭიშკარი ღია დარჩენოდათ, ამიტომაც აქემენიდებს ბაბილონში შესვლისას არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.
მონადიმეთა შორის მეფე ნაბოდინიც ყოფილა. როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სწორედ მაშინ მომხდარა ერთი საინტერესო ამბავი - ზეცაში უჩინარი კაცის ხელი აღმართულა და ყველას თვალწინ დაუწერია სასახლის კედელზე: "მენე, მენე, თეკელ და ფარსინ".
მონადიმეებს უგრძვნიათ, რომ რაღაც ხდებოდა მათ თავს, წინასწარმეტყველ დანიელისთვის უკითხავთ ამ ფრაზის მნიშვნელობა. სწორედ წინასწარმეტყველს უთქვამს მათთვის, რომ ღმერთმა "ბოლო მოუღო" ნაბოდინის სამეფოს, თავად მეფე "სასწორზე აიწონა და მსუბუქი აღმოჩნდა", ხოლო ბაბილონი "მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა".
ზოგიერთ ენაში გამოთქმა "წარწერა კედელზე" გარდაუვალ უბედურებას ნიშნავს. სავარაუდოდ, ბაბილონის აღების ეს ეპიზოდი უნდა ხსნიდეს ამ გამოთქმის ზუსტ მნიშვნელობას.
როგორ გამოიყენეს აქემენიდებმა ბაბილონელთა შიდა პოლიტიკური ინტრიგები
საგულისხმოა, რომ კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა შეამზადა ადგილობრივ წარჩინებულთა და ქურუმთა პროტესტმა. მეფე ნაბოდინის მიმართ ასეთი განწყობა განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ ქურუმებსა და დიდებულებს სურდათ ძლიერი მხარდამჭერი ჰყოლოდათ აქემენიდების სახით, რითაც ისინი თავიანთ ძალაუფლებას განამტკიცებდნენ.
ქურუმებს კონკრეტული პრეტენზია ჰქონდათ ბაბილონის იმჟამინდელი მმართველისადმი, რომელმაც დაპყრობილი ქვეყნებიდან ღმერთების ქანდაკებები ბაბილონში წამოიღო და აქ გამოკეტა, რითაც ბაბილონს, გარდა პოლიტიკური ცენტრისა, სარწმუნოებრივი ცენტრის ფუნქციასაც მიანიჭებდა. ნაბოდინს მიაჩნდა, რომ ამ მოქმედებით ძალაუფლებას უფრო განიმტკიცებდა.
თუმცა ამით არ დასრულებულა ნაბოდინის სარწმუნოებრივი რეფორმა. ქურუმთა უკმაყოფილობის საგანი იყო ისიც, რომ ბაბილონის მეფემ მადრუქის თაყვანისცემა დაივიწყა და სხვა ღმერთის - უძველესი ქალაქ ურის ღვთაების თაყვანისცემა ბრძანა.
ასეთი რეალობის ფონზე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბაბილონელი ქურუმებისთვის კიროსის მხარდაჭერას. როგორც ჩანს, იმდროინდელი მწირი კომუნიკაციის პირობებში მოხერხდა იმ მასშტაბური დაპყრობებისა და დაპყრობილი ქვეყნებისადმი მანამდე უპრეცედენტო დამოკიდებულების აფიშირება. სწორედ ამიტომაც გამოუჩნდა კიროსს მომხრეები ბაბილონში.
როგორ მოიგო კიროსმა ბაბილონელთა გული
საცნაურია, რომ კიროსს დიდი წინააღმდეგობა მესოპოტამიაში შესვლისას არ შეხვედრია. მან მშვიდობით გაიარა მთელი შუმერი და აქადი, მშვიდობიანი იყო გზა სამეფო ქალაქამდე, სადაც დიდებულთა სასახლეში თავისი ტახტი დადგა. ადგილობრივი ქურუმებისა და მოსახლეობის გული კი იმით მოიგო, რომ მარდუქს სცა თაყვანი და სხვათათვის ეს ყოველდღიურ აუცილებლობად დაამკვიდრა.
გარდა ამისა, არცთუ უმნიშვნელო იყო ბაბილონელთათვის ის გარემოება, რომ კიროსმა უმძიმეს ხარკზე თქვა უარი და ისინი გადასახადებისგან გაათავისუფლა.
რატომ გახდა აქემენიდთა შემდეგი სამიზნე ეგვიპტე
კიროსის შორსმჭვრეტელობა კარგად გამოჩნდა იმითაც, რომ ბაბილონის აღებისთანავე დაიწყო მზადება იმ პერიოდის ცივილიზებული სამყაროს მეორე უმთავრესი ბასტიონის ასაღებად. აქემენიდთა მეფემ თავიდანვე იცოდა - ეგვიპტის დაპყობა მას საკმაოდ დიდ ძალასა და ავტორიტეტს შესძენდა, ამისთვის საგანგებოდ დაიჭირა თადარიგი.
კიროსი კარგად გრძნობდა, რომ ამ მიზნის აღსრულებისთვის საკმარისი არ იქნებოდა მარტო ფიზიკური ძალა. საჭირო იყო სხვა, უფრო მაღალი - იდეოლოგიზირებული სახე მიეცა საკუთარი განზრახვისთვის, ამიტომაც კიროსი ქალაქის აღებისთანავე იღებს ბაბილონის მეფისა და მეფეთ-მეფის ტიტულს, რითაც საგანგებოდ მიანიშნებს, რომ ის ბაბილონის მემკვიდრე და რაც მთავარია, მისი პოლიტიკის გამგრძელებელი გახლავთ. ამით კიროსი მიანიშნებს ეგვიპტელებს, რომ მათ მიმართაც ანალოგიური განწყობები და დამოკიდებულებები ექნება.
თუმცა კიროსმა ვერ აღასრულა ეს სტრატეგიული ამოცანა. მას განგებამ არ დააცალა ეგვიპტის ფარაონის ტიტულის მიღება.
რატომ გახდა კიროსი ყველაზე პოპულარული არაებრაელი ებრაელთა შორის
ერთია, იდეოლოგიური ფონის შექმნა და, მეორეა, ამ ფონის პრაქტიკული გამოყენება. ამიტომაც საჭირო იყო ეს გადაწყვეტილება კიროსს პრაქტიკულად თავისი საქმიანობით დაედასტურებინა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მთელი რიგი აღმშენებლობითი პოლიტიკა - კიროსი აშენებს ტაძრებს, პირვილეგიებს ანიჭებს ქურუმებს, ვაჭრებს და მევახშეებს, ყველას, ვინც ბრძოლაში მის მხარეს იყო.
სწორედ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების კონტექსტშია მოაზრებული 40 ათასი იუდეველი ლტოლვილის დაბრუნება პალესტინაში - საკუთარ მიწაზე, იმ იუდეველებისა, რომლებიც თავის დროზე ბაბილონელებმა ქრისტეშობამდე 607 წელს ნაბუქოდონოსორის დროს აყარეს საკუთარი მიწიდან და გადაასახლეს. ძვ. წ-აღ-ის 537 წელს მიიღო კიროს მეორემ ებრაელთა საკუთარ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დამოკიდებულება ღირსეულად დაუფასეს ებრაელებმა კიროს ||-ს. არაებრაელთაგან არავის რგებია ისეთი პატივი, როგორც აქემენიდთა პირველ გამორჩეულ მეფეს კიროსს.
კიროსის ბრძანებით, აქემენიდებმა აღადგინეს იერუსალიმის ტაძარი საკუთარი სახსრებით. გარდა ამისა მან თავად ბაბილონიდან გამოიტანა უფლის ტაძრის ჭურჭელი და იუდეველებს დაუბრუნა. იერუსალიმი კი მთავარ სატაძრო ქალაქად გამოაცხადა. ასეთი პრაქტიკა ადრეც არსებობდა ბაბილონის სამეფოში. ბაბილონში მთავარი სატაძრო ქალაქები იყო თავად ბაბილონი, სიფარი (მზის ღვთაება შამაშის ცენტრი), ნიფური (შუმერთა უმაღლესი ღვთაების, ენლილის საკულტო ცენტრი).
კიროსმა ის რეალობაც გათვალა, რომ იუდეველთაგან გარკვეული ნაწილი არ დაბრუნდებოდა საკუთარ სამშობლოში. ასეთი პიროვნებების მიმართ გამოიცა ბრძანება, რომლითაც ისინი ვალდებულნი იყვნენ ოქროთი და ვერცხლით, მთელი თავიანთი ქონებით ხელი შეეწყოთ იერუსალიმში უფლის ტაძრის აღდგენისათვის.
კიროსის სევდიანი ეპიტაფია
სანამ სამიზნედ ეგვიპტეს აირჩევს, კიროსი ჩვ. წ-აღ-მდე 530 წელს მასაგეტებს უტევს. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის ეს ბრძოლა, სადაც დაიღუპა კიდეც. აქემენიდთა გამორჩეული მბრძანებელი ქალაქ პასაგრადში საგანგებოდ აგებულ მავზოლეუმში დაკრძალეს.
მეტად ემოციური და სევდიანი წარწერა ამშვენებს კიროს დიდის საფლავს: "ადამიანო, ვინც არ უნდა იყო შენ და როცა არ უნდა მოხვიდე აქ, - ვიცი ოდესღაც უსათუოდ მოხვალ - იცოდე ერთი - მე ვარ კიროსი, რომელმაც სპარსელებს იმპერია დავუმკვიდრე. ნუ შეგშურდება ჩემი და ნუ დამამადლი მიწის ამ პატარა ნაფლეთს, ჩემს ნეშტს რომ ფარავს".