"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა ლიდერებმა, დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ ხმა "ქართულ ოცნებას" მისცენ.
"პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებთ, არც პოლიტიკური თანამდებობების დაკავებას. მალე მეორე ტური იქნება და ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატებს დაუჭირონ, რადგან 2012 წელს ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი ოპოზიციაში გადასულიყვნენ და იქნებ პოლიტიკიდანაც წასულიყვნენ.
"ხელისუფლების მხრიდან არანაირი შემოთავაზება არ მიმდინარეობს. საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად იყო გამოყენებული "ნაციონალური მოძრაობის" დროს და იმედს გამოვთქვამთ, რომ კვირიკაშვილის მთავრობის ხელში ეს ასე არ იქნება", - განაცხადეს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობდა. ტელეკომპანია "იმედმა" 24 ოქტომბერს, გია ვოლკის, ვიქტორ დოლიძის, გია ცაგარეიშვილისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის ვიდეოკადრები და კომენტარები გაავრცელა.
"ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ, მე არ ვითანამშრომლებ "ნაციონალურ მოძრაობასთან", მომავალი გვიჩვენებს, სად ვიქნებით, როგორ ვიქნებით. ერთ რამეს გეტყვით პირდაპირ, რომ ვიქნები სახელმწიფოს სამსახურში. ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ. დრო გვიჩვენებს, დღეს რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია",- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
როგორ აფასებთ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერების გადაწყვეტილებას "ოცნებასთან" თანამშრომლობის შესახებ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიამრთა.
ირმა სოხაძე (მუსიკოსი): "ყველა, ვინც არ არის "ნაციონალების" უპირებო მომხრე და ჭკუიდან გადაცდენილი, "ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს. ძალიან ცუდია საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია "ნაციონალების" დიდი რაოდენობით პარლამენტში მოხვედრა. "როდესაც ორი ცუდია, უარესი არ უნდა ავირჩიოთ. ამიტომ "ოცნების" მხარდაჭერისკენ მოწოდება ჩემთვის გასაგებია, თუმცა, თუკი ამის გამო ელოდები რაღაც თანამდებობას, ეს სხვაა. "მე ყველას მინდა ვურჩიო, ახალგაზრდებსაც და ჩემი ასაკის ადამიანებსაც, რომ მოიძიონ და წაიკითხონ აკაკი წერეთლის "კორინთელი". ამით ბევრ რამეს გაიგებენ და მიხვდებიან."...
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ "ოცნების" კანდიდატურას დაუჭირონ მხარი და მათ თქვეს, რომ ჩვენ არც შემოთავაზება გვქვს რაიმე და არც არაფერი და ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნებაა და მაშინ ეს სამოქლაქო პოზიციაა."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "ძალიან სასაცილოები არიან. ჯერ მარტო ყველაზე ღირსეულ ადამიანზე, ნინო გოგუაძეზე როგორ ილაპარაკეს. დიდი წარმოდგენა მათზე არც მანამდე მქონდა და ამის შემდეგ საერთოდ. ასეთი ქმედებებით მათ საკუთარი ავტორიტეტი დამარხეს, მეტი არაფერი."
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "მე მოველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. როდესაც პარტია მარცხდება და პოლიტიკაში დარჩენის სხვა არავითარი შანსი აღარ გაქვს, ასეთი გადაწყვეტილება პრაგმატულია და ამ მხრივ მათ მოქმედებას დადებითად ვაფასებ. არ ვიცი, მათი ურთიერთობები ხელისუფლებასთან როგორ დალაგდება, თუმცა, ჩემი აზრით, მათ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე