ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ევროპას დაუდო სათავე, თანამედროვეთა გადმოცემით, ახირებული და თავნება იყო, სადილზე არ სვამდა სამ ბოთლ ღვინოზე მეტს, ყველაზე მეტად უყვარდა შემწვარი ხორცი, "ნავერტელე", დესერტად კი ვაშლს მიირთმევდა. სადილის შემდეგ ორი-სამი საათი ეძინა.
კარლოს დიდი მას სიცოცხლისას უწოდეს. მისმა საქმიანობამ ფაქტობრივად განსაზღვრა ევროპის შემდგომი ცხოვრება მრავალი საუკუნის განმავლობაში.
საგულისხმოა, რომ კარლოსის, ისევე როგორც ავგუსტუსისა და კეისრის სახელი, შემდგომში ტიტულად იქცა. სიტყვა "კაროლი", რაც ბევრ ენაზე მეფეს ნიშნავს, სწორედ კარლოს დიდიდან იღებს სათავეს.
როგორ ყალიბდებოდა ფრანკთა სახელმწიფო
ფრანკები, რომლებიც თანამედროვე საფრანგეთს იკავებენ, გერმანული ტომები არიან, ისინი ჩვენი წ-აღ-ით ||| ს-ში ჩნდებიან მდინარე რეინის ქვედა წელზე. ეს დიდი გადასახლების ეპოქის ერთგვარი ეთნოპოლიტიკური საზოგადოებაა, რომელიც რომის იმპერიის პროვინციაში, გალიაში იდებს ბინას და შემდგომ სამხრეთისაკენ გადაადგილდება.
ფრანკთა სამეფოს ჩამოყალიბება ორმა მნიშვნელოვანმა მომენტმა განსაზღვრა - პირველი ისაა, რომ ფრანკებმა საკმაოდ მალე და უმტკივნეულოდ მიიღეს ქრისტიანობა, მიიღეს ქრისტიანობის კათოლიკური ვერსია, განსახვავებით სხვა ბარბაროსებისგან, რომელთაც ქრიატიანობის არიანული მიმდინარეობა აღიარეს (გოთები, ვანდალები). ფრანკები გაქრისტიანდნენ ხლოდვიგის დროს, სწორედ ხლოდვიგია ფრანკთა სამეფოს ფუძემდებელი. ამ ფაქტორმა განსაზღვრა კიდეც ფრანკების მჭიდრო თანამშრომლობა რომთან.
ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ხლოდვიგმა საგანგებოდ აირჩია ქრისტიანობის კათოლიკური მიმდინარეობა იმისთვის, რომ ეპისკოპოსთა მხადაჭერა მოეპოვებინა დაპყრობითი პოლიტიკის თვალსაზრისით. თუმცა საქმე უფრო მარტივად გახლდათ - ხლოდვიგს უბრალოდ სხვა არჩევანი არ გააჩნდა, რამდენადაც იქ გარდა კათოლიკე ეპისკოპოსებისა, სხვა არავინ ყოფილა.
რა სარგებელი მოუტანა ფრანკებს რომანიზაციის პროცესმა
თავად ის ფაქტი, რომ ფრანკებმა მიიღეს ქრისტიანობა, იმის დასტურია, რომ გერმანული ცხოვრების წესი წარსულს ბარდება და ხდება სხვა განსხვავებულ სივრცესთან მათი ადაპტირება. ეს ფაქტობრივად განსხვავებული ფასეულობების აღიარებასაც იტევს თავისი შინაარსით.
სწორედ ეს გახლდათ მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც განსაზღვრა ფრანკთა იმპერიის შემდგომი განვითარება. ფრანკთა ელიტაში საკმაოდ იოლი ფორმებით ხორციელდება რომანიზაციის პროცესი, ის ითვისებს რომის პოლიტიკური სისტემის ნიუანსებს, რომანულ ფასეულობებს. ხლოდვიგი, ფრანკთა სამეფოს დამაარსებელი, თავის თავს რომის კონსულად, რომის მოხელედ მოიაზრებს, ის ატარებს შესაბამის ნიშნებს, თანაც საკუთარც სტატუსს საკმაოდ სერიოზულად უდგება - ფულს ჭრის, სადაც თავადაა გამოსახული რომაული ტიტულატურით.
როგორ გავიდა პიპინ || რომის იმპერიის ფარგლებს მიღმა
ხლოდვიგისა და მისი შვილების დროს ხდება სამხრეთ საფრანგეთის დამორჩილება. ეს დასტურია იმისა, რომ ხლოდვიგი გალიის პროვინციაში რომის ოდინდელი მმართველობის აღდგენას ცდილობს.
მეროვინგები ცდილობენ რომაული მმართველობის აღდგენას ერთიანი რომის იმპერიის ფარგლებში. პიპინიდები და კაროლინგები ამ ჩარჩოს სცილდებიან, ძნელია იმის თქმა, იდეოლოგიურად როდის ხდება ერთიანი რომაული სივრციდან გასვლის შემზადება ც ფაქტი კი ისაა, რომ პიპინ || 695 წელს პირველად აარსებს ეპარქიას რომის იმპერიის ტერიტორიის მიღმა. ეს ახალი ეპარქია უტრეხტია. ძნელია იმის თქმა, ეს მიზანმიმართული პოლიტიკური აქტი იყო, თუ პიპინს მიზნად ჰქონდა აქ მცხოვრები ფრიზების დაშოშმინება, რომელნიც მუდმივად არბევდნენ მოსახლეობას.
საგულისხმოა ისიც, რომ პიპინ ||-ის შვილი კარლოს მარტელი აქტიურად უჭერს მხარს პაპ ბონიფაციუსს გერმანელთა გაქრისტიანების საქმისას, სწორედ ბონიფაციუსმა მოაქცია გერმანია ქრისტეს რჯულზე. იმ შემთხვევაში თუკი მას რაიმე წინააღმდეგობა ხვდებოდა, სწორედ ფრანკები უგზავნიდნენ მძიმე შეიარაღებულ მხედრობას და სამხედრო მხარდაჭერით თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე ქრისტიანიზაციის პროცესს აჩქარებდნენ.
ფაქტია, რომ ქრისტიანობის გავრცელება რომის იმპერიის საზღვრებს მიღმა პიპინიდებისა და კაროლინგების მთავარი საზრუნავი ხდება. ბუნებრივია, ეს არის ის მექანიზმი, რომლითაც ფრანკთა მეფეები პარალელურად საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებაზე ზრუნავენ. ისიც სათქმელია, რომ ეს ორი მომენტი ერთმანეთისგან არაა გამიჯნული.
როგორ გახდა აახენი კარლოს დიდის "ღვთის ქალაქი"
კაროლინგები ფრანკთა სამეფოს 771 წლიდან მართავდნენ, როცა კარლოს დიდის მამამ პიპინ მოკლემ ტახტიდან ჩამოაგდო მეროვინგების უკანასკნელი წარმომადგენელი ფრედერიკ |||. პიპინი მეფედ ეკურთხა სენ დენის ბაზილიკაში, პარიზის მახლობლად, მისმა მემკვიდრე კარლოსმა სატახტო ქალაქი აახენში, თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე გადაიტანა.
კარლოს დიდის საყვარელი წიგნი იყო ნეტარე ავგუსტინეს თხზულება "ღვთის ქალაქის შესახებ". კარლოსმა არ იცოდა წერა-კითხვა, თუმცა მას სხვები უკითხავდნენ ამ ნაწარმოებს, უკითხავდნენ მრავალჯერ. სწორედ ამ ნაწარმოებმა განსაზღვრა მისი დამოკიდებულებები აახენთან, რომელსაც კარლოსისათვის სწორედაც რომ "ღვთის ქალაქის" დატვირთვა ჰქონდა.
ეს იმ საზოგადოებაში ხდება, რომელიც მუდმივად შიშშია, რომ ქვეყნიერებას ღვთის რისხვა დაატყდება და აახენიც სწორედ ის "ღვთის ქალაქია", ის კუნძულია, სადაც შესძლებდნენ მორწმუნენი თავის გადარჩენას.
როგორ მოაქცია კარლს დიდმა დასავლეთ ევროპა ერთ ჭერ ქვეშ
კარლოსს მიაჩნდა, რომ იმპერატორს იმპერიის მცხოვრებთა მარტო ფიზიკური გადარჩენისთვის კი არ უნდა ეზრუნა, არამედ მათ სულიერებაზეც იყო პასუხისმგებელი. ეს კარლოსისთვის უწმინდესი მიზანია და ამ მიზნის აღსრულებისთვის მას უწევს ომიც, ძალის გამოყენებაც, იძულებით გაქრისტიანებაც.
ჰქონდა თუ არა ამ პროცესებს სოციალური და ეკონომიკური ასპექტები? ამ მხრივ ისტორიოგრაფიაში განსხვავებული მოსაზრეებია. ამ დროს ევროპა საკმაოდ მრავალფეროვანია - ჯერ კიდევ არ ჩანს ეთნიკური საზღვრები, სხვადასხვა მოსახლე ტომები განვითარების სხვადასხვა დონესა და საფეხურზე არიან, მათი სოციალური სტრუქტურებიც საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან.
ერთი მხრივ იყო რომის იმპერია, რომლიც უკიდეგანობის განცდას ტოვებდა, მეორე მხრივ იყვნენ საქსები, რომელთაც შეხებაც კი არ ჰქონდათ რომაულ სამყაროსან. ეს წარმართული ტომებია ცხოვრების საკმაოდ ქაოტური სოციალური სისტემით.
რა თქმა უნდა, ამ რეალობისას ძნელი იყო ევროპის უნიფიცირებაზე ფიქრი, თუმცა ის რაც მივიღეთ კარლოს დიდი მმართველობის შედეგად, შეიძლება შეფასდეს ცალსახად, როგორც ნაბიჯი უნიფიცირებისკენ. მისი მმართველობის დასასრულისას ევროპა თვისებრივად განსხვავებულია, უკვე კონსოლიდირებულია.
ბუნებრივია, ეს შედეგია თავისთავად საგულისხმო - სულ სხვა საკითხია, რით ხელმძღვანელობდა კარლოს დიდი, რა იყო მისი მოტივაცია - ქრისტიანიზაცია, სულის გადარჩენა თუ სხვა მოტივები, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მან მთელი იმჟამინდელი ევროპა ერთ ჭერქვეშ მოაქცია.
კარლოსის სამხედრო ლაშქრობებს დიდი ალბათობით ყველაზე ნაკლებად გააჩნდა ეკონომიკური წანამძღვარი, უმთავრესი გახლდათ იდეა - რაღაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განკითხვის დღეს მომზადებული შეხვდეს თავად მეფეც და მოსახლეობაც.
ამ დროს, კაროლინგების მმართველობისას იმპერია ნაკლებად მოიაზრება როგორც ტერიტორიული ერთობად, იმ მიწებად, რომელთაც საზღვრები აქვს, ანდა რაიმე მმართველობის ფორმად. ეს ის დროა, როცა, თუ არ ჩავთვლით რომაულ ლიმესებს, საზღვრის ცნება დასავლეთ ევროპისათვის არ არსებობს ის უპირველესად მოიაზრება როგორც მენტალური კატეგორია.
იმპერია ეს არის ის სივრცე, სადაც გაბატონებულია ქრისტიანობა, იმპერია ეს ხალხია, რომელნიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას მისდევენ და სადაც ცხოვრობს ეკლესიის მრევლი. იმპერია ის სამყაროა, რომელიც გადარჩება განკითხვის დროს. სწორედ ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ კარლოს დიდის ლაშქრობები რომის იმპერიის საზღვრებს მიღმა გააჩნდათ უპირველესად იდეოლოგიური საფუძვლები.
რატომ მიაჩნდათ ქრისტიანებს წარმართთა მკვლელობა სასარგებლო საქმედ
საკმაოდ საინტერესო გახლდათ ის სამწყობრო განლაგება, რომელსაც კარლოს დიდი იყენებდა. ჯარს წინ მიუძღოდა მისიონერი, რომელიც ფაქტობრივად განწირული იყო სიკვდილისათვის. ბრძოლაში დაცემულ მისიონერს შემდგომში წმინდა საქმისთვის თავგანწირულად, წამებულად აღიარებდნენ. მის უკან მეომრები იდგნენ, მეომრებს უკან კი ქრისტიანი მღვდლები.
ამ ბრძოლაში ისევ იდეოლოგია თამაშობდა მთავარ როლს - წარმართის მკვლელობა სრულიად მისაღები იყო - მოქმედებდა ფორმულა - რაც უფრო მალე მოვკლავთ წარმართს, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს იგი, მით უფრო დავეხმარებით მას განკითხვის დროს ნაკლებად ცოდვიანი წარსდგეს სამსჯავროს წინაშე.
ამ ფონზე ქრისტიანობის ძალადობრივ გავრცელებასაც თავის გამართლებას უძებნიან - არა აქვს მნიშვნელობა წარმართთა სურვილს, მათი ქრისტიანულ არეალში მოქცევა და ქრისტიანებად კურთხევა, კარლოსის აზრით, უპირველესად წარმართთა ინტერესებს შეესაბამება. ეს არის გზა წარმართთა სულიერი გადარჩენისა. ეს არის იდეა, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვნი გავლენა იქონია კაროლინგების პოლიტიკურ ორიენტირებზე, სხვათაშორის, კარლოს დიდის მმართველობამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე.
ამის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო მაგალითია კარლოს მარტელის მიერ პუატიესთან 732 წელს არაბების დამარცხება. სწორედ აქ შეაჩერეს არაბული აგრესია ჩრდილოეთის მიმართულებით. პუატიეს ბრძოლასთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივი მოსაზრებებია ისტორიოგრაფიაში, თუმცა ცალსახაა, რომ კაცობრიობის მეხსიერებას კარლოს მარტელი შემორჩა იმ პიროვნებად, რომელიც დასავლეთ ევროპაში ერთადერთი გახლდათ არაბულ აგრესიას რომ დაუპირისპირდა და ქრისტიანული სარწმუნოების დამცველად რომ გამოვიდა.
საგულისხმოა, რომ პუატიეს ბრძოლიდან იღებს სათავეს ფრანგებში ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი - ფრანგული კულინარიის ერთ-ერთი მახასიეთებელი კრუასანია, ფრანგული საუზმის განუყოფელი არტიბუტი, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს. მას ყოველდღიურად დიდი სიამოვნებით შეექცევიან ფრანგები.
ეს ის სიმბოლური დეტალია, რითაც ქრისტიანულმა ფრანკებმა კულინარიულ ასპარეზზე წირვა გამოუყვანეს მაჰმადიანურ სიმბოლოს. სწორედ ამ განწყობებითაა გაჟღენთილი ის იდეა, რომ ფრანკთა მისიონერულ საქმიანობას საყოველთაო სარგებლელი მოაქვს სამყაროსთვის.
როგორ იწყებოდა კაროლინგური "მენტალური რევოლუცია"
ნიშანდობლივია, რომ კაროლინგები ძალიან ადრე მიხვდნენ - ჭეშმარიტი გამარჯვება არ შეიძლება მოიპოვო მხოლოდ ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე შეიძლება ფიზიკურად დაამარცხო მტერი, მაგრამ ამით ვერანაირი სარგებელი ვერ ნახო.
კაროლინგებისათვის მთავარი გამარჯვება მენტალობის ცვლილებაა. ეს ეხება როგორც საკუთრივ კაროლინგების ელიტას, ასევე დაპყრობილ ხალხებს. სწორედ ამიტომაც მათ შექმნეს მთელი სისტემა, რომელიც სულ მალე გავლენას მოახდენს ევროპის საზოგადოებრივ აზროვნებაზე.