სალომე სარიშვილი
31.10.2016

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარტია დატოვა და განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, დამფუძნებლებსა და სხვა ლიდერებს შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები აქვთ, რასაც იგი არ იზიარებს, თუმცა მის რეალიზებასაც ხელს არ შეუშლის.

"ამ ხედვებს არ ვიზიარებ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამ გზით კიდევ უფრო შესუსტდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. პარტიის მიერ მათ რეალიზებას კი ხელს არ შევუშლი იმიტომ, რომ პატივს ვცემ პარტიის დამფუძნებლების სრულიად გამორჩეულ ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში და ვაღიარებ მათი ხედვების პრიმატს რესპუბლიკური პარტიის მომავლის განსაზღვრაში," - განაცხადა უსუფაშვილმა და იქვე დასძინა, რომ პოლიტიკურ ველზე აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ინდივიდუალურ რეჟიმში განაგრძობს.

მოგვიანებით მის ამ განცხადებას უსუფაშვილის ყოფილი თანაგუნდელები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ იგი პარტიისთვის დიდი დანაკლისი იქნება. "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, შედეგებმა და პარტიის წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის, მთავარი მრჩევლის პოლიტიკა იყო მცდარი გზა. სამნიძემ ისიც თქვა, რომ ახლა პარტიაში იდელოგიასა და ღირებულებებზე ანალიზი მიმდინარეობს, რასაც მისი განცხადებით, დავით უსუფაშვილი არ იზიარებდა.

"ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს დავენახეთ ოპოზიციაში. ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნამდე, ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში და მიმდინარეობს ანალიზი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, უნდა ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებული იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა პარტია. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი პარტიაში. დავით უსუფაშვილი არის პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის ისე ქვეყნისთვის", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის" დატოვება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა):  "ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, რადგან "რესპუბლიკური პარტიისთვის" მარცხი პირველი არ ყოფილა. ხოლო, ისეთ პოლიტიკოსს, როგორიც დავით უსუფშვილი გახლავთ, ქვეყნის დასავლური კურსის განსაზღვრაში საკუთარი წვლილის შეტანა პარლამენტის გარეთაც შეეძლო. ამ დროს კი მოცარიელებულ პოლიტიკურ ველს ვიღებთ და ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები საკუთარ პარტიებს ემშვიდობებიან.

"ჩანს, რომ ჩვენ ვეღარ დავინახავთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დასავლური კურსის უალტერნატივობას საკუთარი პარტიებიდან გვიმტკიცებდნენ. ჩემი აზრით, უსუფაშვილის არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი იყო და შესაბამისად, ნაკლებად გამართლებულიც."

 მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): "მეჩვენება, რომ უსუფაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა საკუთარი თავი უკვე ამოწურა. ხოლო ის ნაბიჯი, რაც მან პარტიიდან წამოსვლით გადადგა, უკვე განწირულ ნაბიჯზე მიუთითებს. ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ის აზრი, რომ უსუფაშვილი მოქმედი პოლიტიკოსის სტატუსს ინდივიდუალურ რეჟიმშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ გაუჭირდება. ვფიქრობ, მისი გადაწვეტილება გამართლებული იყო, რადგან მოგახსენეთ, რომ მან ჩემი აზრით, საკუთარი თავი ამოწურა."

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  "ვფიქრობ, მას "რესპუბლიკური პარტია" უფრო ადრეც უნდა დაეტოვებინა. მართალია, დავით უსუფაშვილის პარტიაში მისვლა მათთვის შენაძენი იყო, მაგრამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს "რესპუბლიკელებს" დიდად არ წაადგათ. მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკელები" 30-წლიან არსებობას ირწმუნებიან, ამ პარტიამ ვერ მოახერხა და ვერ შეძლო საზოგადოების მოთხოვნებზე აპელირება. ვერ მოახერხა ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი პრინციპების შეთავაზება, რაც მათ ღირებულს გახდიდათ.

"უფრო მეტიც, "რესპუბლიკური პარტია" იმ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავდა, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იყო. აქედან გამომდინარე ქართველ ხალხს მათი დანარჩენი კონცეფციები არ აინტერესებდა, ხოლო უსუფაშვილის იქ ყოფნა მისთვის ზიანი იყო. ვფიქრობ, იგი ცალკე აქტიურობით დასავლურ პარტიებს ვერ ჩაანაცვლებს, რადაგან მას ამის ქარიზმა არ გააჩნია."

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი): "ნათქვამია - "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო", ჰოდა, უსუფაშვილმაც ზუსტად ეს გააკეთა და სწორადაც მოიქცა. მას არც ჭკუა აკლია, არც გონება და არც სხვა რამ. ალბათ რაღაც კიდევ ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით, თუმცა მას ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვუწონებ, რადგან ნიჭიერი კაცია და არც მარტო გაუჭირდება თავის დამკვიდრება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×