როგორ დაარღვია ჰატშეპსუტმა ძველეგვიპტური ტრადიციები
მამუკა ნაცვალაძე
31.10.2016

 ძველი ეგვიპტე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების ცენტრში უძველესი დროიდან მოექცა. ის უნიკალური არქიტექტურა, მშენებლობის ამოუხსნელი ხერხები, დღესაც ვერავის ტოვებს გულგრილს. საცნაური კი ისაა, რომ ამ გრადიოზული შენობებისა და პირამიდების მიღმა საოცრად საინტერესო და თავშესაქცევი ისტორიები იმალება.

ჟამთასვლის ერთ-ერთი ასეთი ფურცელი ფარაონ ჰატშეფსუტს ეხება. ქალს, რომელიც ახალი სამეფოს პერიოდში ცხოვრობდა და რომელმაც ხელისუფლება გამორჩეული ინტრიგების წყალობით იგდო ხელთ, ფარაონს, რომლის დროსაც განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ძველი ეგვიპტე.

რა სარგებელი მოუტანა ეგვიპტეს ჰიქსოსთა დაპყრობებმა

ეგვიპტური ცივილიზაციის აღმავლობა კი იმით იწყება, რომ ქრისტეშობამდე ყქ| ს-ში ნილოსის დაბლობის ბინადრები ახერხებენ დამპყრობელი ჰიქსოსების განდევნას, მომთაბარე ჰიქსოსები აქ შუა სამეფოს მმართველობის ბოლო პერიოდში, ძვ. წ-აღ-ის ყქ|| ს-ში მოდიან და იპყრობენ ეგვიპტეს. მათი მთავარი ცენტრი ნილოსის დელტასთანაა, სადაც მდინარე უერთდება ხმელთაშუა ზღვას.

ეს იყო ორი განსხვავებული კულტურის შეხვედრა - მომთაბარე მესაქონლე ჰიქსოსები ბუნებრივია ვერ ეწყობოდნენ მიწათმოქმედ ეგვიპტელებს, კულტურათა კონფლიქტი ქაოსში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ეგვიპტური კულტურის დაღმასვლა, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჰიქსოსებთან ურთიერთობამ ეგვიპტელებს მაინც სარგებელი მოუტანა - სწორედ დამპყრობელთაგან შეითვისეს საომარი მოქმედებისათვის საჭირო ისეთი ატრიბუტები, როგორიც იყო საბრძოლო ცხენშებმული ეტლი, ჯაჭვის პერანგი, შორს მსროლელი მშვილდი.

ეს ის ატრიბუტებია, რომლის გათავისების შედეგად ეგვიპტე შესძლებს წარმატებულ შორეულ ლაშქრობებს და მსოფლიო რანგის სახელმწიფო გახდება.

დამპყრობლისგან გათავისუფლებით იწყება ახალი ერა ეგვიპტური ცივილიზაციის განვითარების თვალსაზრისით. ჰიქსოსებისგან ეგვიპტის განმათავისუფლებელის ფუნქცია ფარაონმა იაჰმუს |-მა შეასრულა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ეგვიპტე მსოფლიო რანგის სახელმწიფოა. სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდება ნილოსის მცხოვრებთა შორის განწყობა, რომ ისინი მსოფლიოში ყველასგან აღმატებულნი, გამორჩეულები, ძლიერები არიან. ისიც სათქმელია, რომ იმდროინდელი მსოფლიო არ იყო დიდი - ძველი ეგვიპტელებისათვის არ იყო ცნობილი მსოფლიოს გრანდიოზული მასშტაბების შესახებ.

რატომ გამოარჩევდნენ ფარაონის პირველი ცოლისგან შობილ ქალიშვილს

ქრისტეშობამდე ყქ ს-ის 70-50-იან წლებში ეგვიპტეს მართავს ჰატშეფსუტი, ყქ||| დინასტიის რიგით ქ ფარაონი, ის ქვეყნის სათავეში 21 წელი იქნება. მის დროს აშენდა და აღდგა მნიშვნელოვანი ტაძრები, მათ შორის კარნაკისა და ლუქსორის გრანდიოზული ტაძარები.

ჰატშეფსუტი იყო პირველი, ვინც ეგვიპტის საუკუნოვან, ათასწლოვანი ტრადიციებს არღვევს. არღვევს ინტრიგების მეშვეობით, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის.

"ფარაონი" ძველი ეგვიპტელებისათვის უპირველესად მზის ვაჟია. მას გამოსახავდნენ ჰორის, შევარდენის სახით. ჰორი საიქიოს უზენაესი ღმერთის, ოსირისის ვაჟიშვილია, რომელიც მას ქალღმერთ ისიდასაგან შეეძინა. ჰორს კონკრეტული მისია გააჩნია - მან შური უნდა იძიოს მამის მკვლელ ბიძაზე, სეთზე, რომელიც ბოროტების ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგიაში. ეს მისია კი ცალსახად ვაჟმა და არა ქალმა უნდა აღასრულოს. ასეთი იდეოლოგიური დატვირთვისას საკმაოდ უჩვეულოა ის ფაქტი, რომ ფარაონის ტახტს ძვ.წ. 1473 წელს ქალი იკავებს.

რატომ ითვლებოდა ეგვიპტეში ახლო ნათესავებს შორის ქორწინება ჩვეულებრივ მოვლენად

საგულისხმოა, რომ ფარაონის ტიტული მემკვიდრეობით გადადის მამაკაცებზე დედის ხაზით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფარაონის ქალიშვილზე დაქორწინება იყო გზა ტახტის დაუფლებისა. საცნაურია ისიც, რომ ტახტის მემკვიდრე შეიძლებოდა დაბადებულიყო მხოლოდ იმ ქალიშვილისგან, რომელიც ფარაონს პირველი ცოლისგან ჰყავდა.

ეგვიპტური ტრადიციის მიხედვით, ახლო ნათესავებს, მათ შორის და ძმის შორის ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამას თავისი ახსნა გააჩნდა. სწორედ ასეთი ქორწინებების გზით ცდილობდა განემტკიცებინა მმართველ ელიტას თავისი მდგომარეობა.

ბუნებრივია, ეგვიპტელებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გააჩნდეს ასეთ კავშირებს, არ იციან გენეტიკის შესახებ. ამიტომაც ეგვიპტის ისტორიაში ფარაონთა შორის ხშირად გვხვდება უამრავი დაავადებები, ფიზიკური სისუსტე, რაც არაერთხელ ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ყოფილა.

როგორ დაირღვა ჰატშეფსუტის იდილიური საოჯახო ცხოვრება

ამ რეალობაში ისახება ბევრი საინტერესო და გამორჩეული ისტორია, რომელთაგანაც ჰატშეპსუტის მმართველობის ამბავმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ჰატშეპსუტი თუტმოს |-ის (იახმუს |-ის შვილიშვილის) ქალიშვილია. დედამისი ატარებს დიდი მეფის მეუღლის ტიტულს.

მაშინ ფარაონებს მხოლოდ ერთი ცოლი არ ჰყავდათ, მათი ცოლების რაოდენობა ათეულობით იყო, თუმცა, მათგან ყოველთვის იყო გამორჩეული ერთი, რომელიც "დიდი მეფის მეუღლის" ტიტულს ატარებდა. ის იყო პირველი პირი, ოფიციალური პირი, რომელიც აუცილებლად სამეფო წარმომავლობის უნდა ყოფილიყო.

ჰატშეფსუტი, ტრადიციის თანახმად, დააქორწინეს თავის ნახევარძმაზე თუტმოს ||-ზე, რომელიც მამისის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის. ის წარმატებული მხედართმთავარია. ჰატშეფსუტს ფარაონის მეუღლის, ანუ დედოფლის სტატუსი აქვს. არის ბედნიერი მეუღლე, თუმცა, ეს იდილია მას შემდეგ ირღვევა, რაც თუტმოს || გარდაიცვალა.

ჰატშეფსუტს მეუღლისგან ვაჟი არ დარჩენია. ტრადიციის მიხედვით, ფარაონის მემკვიდრედ თუტმოს ||| ითვლება, რომელიც თუთმოს ||-ს მეორე ცოლისაგან, ისიდასაგან ჰყავს.

ეს ის თუთმოს |||-ეა ეგვიპტის სამეფოს გამორჩეული ფარაონი რომ გახდება, რომელიც სახელს დიდი დაპყრობებით გაითქვამს, ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მსოფლიო რანგის ქვეყნის მბრძანებელად მოიაზრებს თავს, თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მანამდე ის, როგორც არასრულწლოვანი, საკუთარი ნახევარდის, ჰატშეფსუტის მეუღლე უნდა გახდეს.

როგორ მიისაკუთრა ჰატშეპსუტმა "ღმერთის მეუღლის" ტიტული

ჰატშეპსუტი წლოვანებით გაცილებით დიდი გახლდათ თავის ნახევარძმასა და ამადროულად მეუღლეზე, ამიტომაც სანამ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი გახდება, მას მცირეწლობანი ბიჭის მეურვის ფუნქცია დაეკისრა. გავა წლები და ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილი იყო - ჰატშეფსუტი არ მოისურვებს თუტმოსისათვის ხელისუფლების გადაცემას.

თავდაპირველად ჰატშეპსუტი, როგორც მეურვე, თავის ნახევარძმასთან ერთად მართავს სამეფოს, თუმცა, ერთობლივი მმართველობის მეშვიდე წელს ჰატშეპსუტმა მიისაკუთრა "ღმერთის მეუღლის" ტიტული და თავი ამონის მეუღლედ გამოაცხადა. (უზენაეს ღმერთად ეგვიპტურ პანთეონში ამონი ითვლება).

რატომ ატარებდა ჰატშეპსუტი წვერს

სწორედ ამ პერიოდიდან რელიეფურ გამოსახულებებზე ჩნდება ჰატშეფსუტი მამაკაცის ტანსაცმლით, უფრო მეტიც - ის თავის მომხიბვლელ სახეზე წვერს იმაგრებს. ის ამ დროს 20 წლისაა და კიდევ 20 წელი მართავს სამეფოს. ბუნებრივია, იბადება კითხვა - რაში სჭირდება ჰატშეფსუტს წვერი?

საქმე ისაა, რომ ძველ ეგვიპტეში ფარაონი დანარჩენი ადამიანებისგან სწორედ წვერით გამოირჩევა. მხოლოდ ფარაონს ჰქონდა წვერის ტარების უფლება.

ძველ ეგვიპტური ცივილიზაციისათვის ნიშანდობლივია ტრადიციებისა და კანონების პატივისცემა. ეს დამახასიათებელია ნებისმიერი პატრიარქალური საზოგადოებისთვის - მკაცრი კანონები, პროცესები, ტრადიციები, ჟესტები. თუმცა, ეგვიპტეში ყველაფერი ეს ყველაზე დახვეწილი ფორმებითაა წარმოდგენილი.

ამიტომაც, ბუნებრივია, ჰატშეპსუტის სურვილი - იმისათვის რომ არ ამოვარდეს ამ ტრადიციული კონტექსტიდან, იღებს გადაწყვეტილებას მიიმაგროს წვერი. მას არ შეუძლია ორიგინალური იყოს. წვერი სწორედ ის ჟესტია, იმის გამოხატულებაა, რომ მან ხელისუფლება განიმტკიცა.

ამბავი ჰატშეპსუტის ქალური ამბიციებისა

ამის მერე ჰატშეფსუტი ეგვიპტის სათავეში კიდევ 13 წლის განმავლობაში იქნება. რა თქმა უნდა, მას აღელვებს, რომ გვერდით მზარდი ჭაბუკია, რომელსაც ფიქტიურად მისი ქმრის ფუნქცია აკისრია, ის ღელავს როგორც მმართველი და როგორც ქალი. ამიტომაც ცდილობს როგორმე თავიდან ჩამოიცილოს ჭაბუკი. გადაწყვეტილება საკმაოდ ორიგინალურია - ჰატშეფსუტი ორჯერ აქორწინებს თუთმოსს თავის ქალიშვილებზე, იმისათვის რომ ეს ოჯახური კავშირი განამტკიცოს.

მაგრამ ეს არაა საკმარისი, ეგვიპტური ტრადიციები ვერ შეეგუებიან ქალის ამბიციებს, ვერ გააცნობიერებს პატრიარქალური საზოგადოება ქალს ფარაონის ტახტზე. არადა, ჰატშეპსუტს, როგორც ქალს და როგორც მმართველს, დიდი ამბიციები აქვს. არ ეთმობა ტახტი - გამოსავალი უნდა მოძებნოს და მონახა კიდეც - სწორედ მისი დაკვეთით შეიქმნა ლეგენდა, სადაც ჰატშეფსუტი სულ სხვა რანგშია წარმოდგენილი, ეს ლეგენდა ცალსახად მის ღვთაებრიობას მიანიშნებს, რაც ფარაონის ტახტზე მისი ლეგიტიმაციის მთავარი გზაა.

როგორ იქცა ჰატშეპსუტი ამონის შვილად

ეგვიპტური საზოგადოებისთვის ფარაონი ყოველთვის ცოცხალი ღმერთია, მაგრამ ეს ცოცხალი ღმერთი აუცილებლად კაცი უნდა იყოს. ჰატშეპსუტი კი ქალია და ის არსებული დოგმატის თვალსაზრისით ვერ იმკვიდრებს ადგილს. ამიტომაც საჭიროა უფრო განსხვავებული, უფრო არგუმენტირებული იდეა, რომელიც ამ ტრადიციულ პოსტულატებს დაარღვევს. ის ლეგენდა, რაც მაშინ იქმნება ხატშეფსუტის დაკვეთით, ერთადერთი გზაა, მისი როგორც ფარაონის კანონიერებისა.

აი, როგორია ამ ლეგენდის შინაარსი: ღმერთები შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დედოფალმა იაჰმუსმა, ჰატშეპსუტის დედამ, უნდა გააჩინოს შვილი თავად ღმერთ ამონისგან. უნდა გააჩინოს გოგონა, ამონი დაადგინეს ღმერთებმა იაჰმუსის ქმრად, იაჰმუსი გრძნობს, რომ მისი მეუღლე ღმერთია, გრძნობს მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული კეთილსურნელებით, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სრულიად უცხოა. ეს იყო ღვთიური კეთილსურნელება და ლეგენდის მიხედვით, ამ კეთილსურნელებით ჩნდება ულამაზესი ჰატშეფსუტი.

ამ ლეგენდით სხვა რანგში წარსდგება ჰატშეფსუტი - სრულადაა დაცული ეგვიპტური ტრადიციები, დაკმაყოფილებულია ქალური პატივმოყვარეობაც, რომლითაც ხაზგასმულია მისი ღვთიური წარმომავლობა, გამორჩეულობა, სილამაზე. ეგვიპტე ხომ სწორედ ის სამყაროა, სადაც განსაკუთრებულად აღიქვამდნენ სილამაზეს, ხვავრიელად იყენებდნენ კოსმეტიკას, ნელსაცხებლებს.

არსებული რეალობა საკმაოდ კარგადაა გადაჯაჭვული ამ ლეგენდასთან. იგრძნობა, რომ ძირითადი აქცენტები და ინტონაციები სწორადაა დასმული.

ამონის შვილის რანგში ჰატშეპსუტს ახალი პოლიტიკური ასპარეზი და სასიყვარულო თავგადასავალები ელის ხუროთმოძღვარ სენმუთთან. ეს ცოცხალი ისტორიები გამორჩეულ ხიბლს შემატებს ეგვიპტის პირქუშ პირამიდებს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×