არჩილ თავაძე
31.10.2016

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქალაქ ნინგბოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინიციატივით, საერთაშორისო სემინარი გაიმართა საზღვაო ნავსადგურების ეფექტური მართვის საკითხებზე. სხვა მონაწილეებთან ერთად, სემინარს საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს კი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის მონდომებით მოხერხდა.

მასპინძლებმა ვიზიტისას ჩინეთის უმსხვილესი საპორტო ქალაქები და ნავსადგურები დაგვათვალიერებინეს და მათი მართვის სისტემა გაგვაცნეს.

ნინგბო თანამედროვე, ლამაზი, სუფთა ქალაქია უძველესი ტაძრებითა და ვიწრო ქუჩებით. მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც "მშვიდი ტალღა". ნინგბო ჩინური მასშტაბის შესაბამისად, საკმაოდ დიდ ქალაქად ითვლება - დაახლოებით 7 მილიონი მცხოვრებით (2010 წლის მონაცემები).

ქალაქში ტურისტებს ნაკლებად ნახავთ, თუმცა აქ საკმაოდ ბევრი უცხოელია, ძირითადად ევროპელები, რომლებიც ნინგბოში მუშაობენ და ცხოვრობენ.

 ნინგბოს მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი უზარმაზარი ღრმაწყლიანი პორტია, რომელიც ქალაქის განაპირას, ბეილუნის რაიონში მდებარეობს.

თავდაპირველად ბეილუნი მეთევზეთა პატარა სოფელი იყო. შემდეგ კი მისი მოხერხებული მდებარეობისა და იმის გამო, რომ აქ ნაპირთან წყლის სიღრმე 17 მეტრს აღწევდა, ხელისუფლებამ პორტის აშენება გადაწყვიტა. შედეგად, დღეს ეს პორტი ერთ-ერთია ჩინეთის 5 უმსხვილეს ნავსადგურს შორის. რაც მთავარია, პორტი თავისუფალ სავაჭრო ზონაში მდებარეობს, რაც ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

გარდა ამისა, ნინგბოში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ამზადებს. უნივერსიტეტი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა განთავსებული საერთო საცხოვრებლებით, მაღაზიებით, სპორტული კომპლექსებით, სამედიცინო დაწესებულებებითა და ა.შ.

 ქალაქში შენობების დიდი ნაწილი ცათამბჯენია. იშვიათად შეხვდებით დაბალი სიმაღლის შენობას.

ზოგან საფეხმავლო ქუჩებში რიყის ქვებით მოწყობილი ქვაფენილია. გამვლელები ამ ქვაფენილთან ფეხზე იხდიან. ითვლება, რომ რიყის ქვებზე ფეხშიშველა სიარული ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

გარდა ამისა, ნინგბო იმითაცაა ცნობილი, რომ აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახალი ტროპიკული ხილი.

აღსანიშნავია რომ ნინგბოში, ისევე როგორც ჩინეთის სხვა დიდ ქალაქებში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალება ელექტრომოპედებია.

ქალაქი ცინდაუ ყვითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, შანდუნის ნახევარკუნძულზე. აქ არის ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პორტი და სამხედრო ბაზა. იგი თავისი უზარმაზარი ხიდითაა ცნობილი, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდთა წიგნშია შესული, როგორც ყველაზე დიდი მოქმედი ხიდი მსოფლიოში. ხიდი ცინდაუს ყურეზე გადის, მისი სიგრძე 41.58 კმ, სიგანე კი 34 მეტრია.

 ქალაქი გამოირჩევა ქვიშის პლაჟებით, რომელიც ყოველწლიურად მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს. სანაპირო ბულვარზე ბევრი პატარა სასტუმრო, ბარი და რესტორანია.

ყველაფერთან ერთად, ცინდაუ ჩინეთის ლუდის დედაქალაქადაც ითვლება. ლუდის წარმოება აქ მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ქალაქი გერმანელების ბატონობის ქვეშ იყო. ლუდის წარმოებას სწორედ გერმანელმა კოლონისტებმა ჩაუყარეს საფუძველი და ეს ტრადიცია მათი წასვლის შემდეგაც გაგრძელდა.

ამჟანად ცინდაუში ამავე სახელწოდების ლუდს ამზადებენ და ის მთელ ჩინეთში საკმაოდ პოპულარულია.

ქალაქი ცნობილია აკვარიუმით, ბოტანიკური ბაღითა და ზოოპარკით. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრია კარაოკე კლუბები და ლუდის ბარები, რესტორნები, სადაც ყველაფერთან ერთად თქვენ თვალწინ მომზადებული ეგზოტიკური კერძებიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

 აღსანიშნავია, რომ 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე საწყალოსნო სპორტის ზოგიერთ სახეობაში გამართულ შეჯიბრებას სწორედ ცინდაუ მასპინძლობდა და ამასთან დაკავშირებით ქალაქში მასშტაბური მონუმენტი დგას.

კიდევ ერთი საპორტო ქალაქი, რომლის დათვალიერების საშუალებაც სემინარის მონაწილეებს მოგვეცა, იყო შანხაი - მსოფლიოს უდიდესი ქალაქი 23.8 მილიონი მცხოვრებით.

იგი გამოირჩევა ევროპული და ტრადიციული ჩინური არქიტექტურის შერწყმით. ქუჩებში საკმაოდ ბევრ ევროპელს შეხვდებით. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა კი შანხაის სატელევიზიო ანძაა-"აღმოსავლეთის მარგალიტი", რომლის სიმაღლე 468 მეტრია.

 შანხაი... ქალაქი, სადაც "აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×