მსოფლიოში არსებულ 14 ძირითად დამწერლობას შორის მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ანბანს რომ უკავია ეს ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა ერთი საინტერესო მოსაზრება შევთავაზოთ, რომელიც ქართული ანბანის წარმოშობას უკავშირდება.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართულ ისტორიოგრაფიაში ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ არაერთი მოსაზრება არსებობს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქართული ანბანი შეიქმნა ძვ.წ. მესამე საუკუნეში ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ფარნავაზის მიერ. ეს ვერსია ეყრდნობა მე-2 საუკუნის მემატიანის, ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებაში" ჩართულ თხზულებას "ცხოვრება ფარნავაზისა" დაცულ ცნობას.
ეს მოსაზრება გაამყარა გასული საუკუნის ბოლოს ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაპოვარმა დავითის სტელამ (ქვის ჯვარი), რომელიც მე-4- მე-6 საუკუნეებით თარიღდება და ქვა- ჯვარზე გამოსახული ქართული ანბანი ადასტურებს მის წარმოშობას ფარნავაზის ეპოქაში.
პირველი მოზაიკური წარწერა კი აღმოჩენილია პალესტინაში (უდაბნოში) და მიჩნეულია, როგორც ქართული უძველესი წარწერა, რომელიც თარიღდება ჩვ. წ. 433 წელს. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერას კი მეცნიერები ათარიღებენ 493-494 წლებით.
მე-20 საუკუნეში იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში ბეთლემის მახლობლად აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული წარწერით, ორი მათგანი თარიღდება მე-5 საუკუნის პირველი ნახევრით 428-433 წლებით. უძველესი ქართული წარწერა ასევე აღმოჩენილია წმ. ეკატერინეს მონასტერში, რომელიც თარიღდება ჩვ.წ. 864 წელს.
მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქართველი არქეოლოგების მიერ კახეთში ნეკრესის ნაქალაქევში აღმოჩენილი ქართული ხელნაწერები კი იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.
პროფესორი რაულ გვეტაძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საისტორიო წყაროების, დამწერლობისა და არქეოლოგიური ძეგლების ანალიზის, განსაკუთრებით ასომთავრული ანბანის მათემატიკური ასტრონომიის ასპექტით ჩატარებული კვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ ძველი ქართული ანბანი არის ანტიკური ეპოქის ძეგლი, დათარიღებული ძვ.წ. 284 წლით, რომელშიც ასახულია ენციკლოპედიური ხასიათის ცნობები მათემატიკის, ასტრონომიის, ქრონოლოგიის და ისტორიის შესახებ.
მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წელს ქართულ ანბანურ დამწერლობას შეუსრულდება 2300 წელი და ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნა ხელს წეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
რაულ გვეტაძე: "ცნობილი ქართველი მეცნიერი პავლე ინგორყვა წერდა, რომ "ქართულ ნაციონალურ წელთაღრიცხვას, ქართულ ნაციონალურ ერას, რომელიც იწყება 284 წლიდან, ეწოდება ალექსანდრეს (ალექსანდრობითი) წელი.
ეს თარიღი, 284 წელი, რომლიდანაც იწყება ქართული ნაციონალური ერი, არის თარიღი იბერიის სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ფარნავაზიანთა დინასტიის დამკვიდრებისა იბერიის სახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში.
284 წელი, არის აგრეთვე ქართული ანბანური დამწერლობის რეფორმისა და ანბანური სისტემის თარიღიც. ამის დასკვნის საფუძველს იძლევა ის, რომ ძვ. წ. 284 წელს (ასტრონომიულად 283 წელი) შექმნილი იქნა ქართული ანბანური კალენდარული სისტემა, ეროვნული წელთაღრიცხვა და ჩატარდა სახელმწიფო რეფორმა.
ეს მოწმობს, რომ 2017 წელს ქართული ანბანური სისტემის და ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილ ქართულ სახელმწიფოებრიობას უსრულდება 2300 წელი.
კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქართული დამწერლობა შემოღებულია ელინისტური ეპოქის დასაბამიდან 50 წლის შემდეგ, ე.ი ძვ. წ. 284 წელს; ქართული დამწერლობა შემოღებულია სპარსული წელთაღრიცხვის დასაბამიდან 265 წლის შემდგომ. ე.ი. ძვ. წ. 284 წელს. ასევე ქართული დამწერლობა შემოღებულია ბაბილონური წელთაღრიცხვის დასაბამიდან 342 წლის შემდგომ ე.ი. 284 წელს.
რაც შეეხება იმას, რით გამოირჩევა ასომთავრული მრგლოვანი ანბანი სხვა ანბანებისაგან, მრგლოვანი ასომთავრული ანბანური სისტემა არის ანტიკური ეპოქის ქართული ცივილიზაციის მნიშვნელობის ძეგლი, რომელშიც ასახულია ენციკლოპედიური ხასიათის ცნობები მათემატიკის, ასტრონომიის, ქრონოლოგიის და ისტორიის შესახებ. არცერთ ანბანში, გარდა ძველქართულისა, არ არის ასახული ბაბილონური ასტრონომიული კალენდარული ციკლები.
ცნობილი ქართველი მკვლევარი პატარიძე თვლიდა, რომ ქართული ასომთავრული ანბანი კავშირშია ასტრალურ-კალენდარულ საწყისებთან. ასომთავრული დამწერლობის პირველი ასო "ა" - მთვარის სისტემას უკავშირდება და მოხაზულობით მთვარეს ჰგავს. ასო "დ"- მზის სისტემას, თავისი სიმრგვალით მზის მსგავსია. ასო "თ" - სინათლის ღვთაების გამომხატველია, რომელიც თავისი მოხაზულობით თვალის გამოსახულების მსგავსია.
რაც შეეხება ასო "ჯ"-ს, რომლის ანალოგიური გამოსახულება ნაპოვნია შუმერულ თიხაზე და დათარიღებულია 5 000 წლით, შუმერულში მიჩნეულია დედამიწის სიმბოლოდ, ქართულში კი ასო "ჯ" ბორჯღალოს სახით არის შემორჩენილი.
სწორედ ამ დაკვირვებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ადამიანმა შექმნა წელიწადის დროის განმსაზღვრელი "კალენდარი" და მასზე დაფუძნებული წერის ანბანური სისტემა. როგორც მეცნიერები ამბობენ, მრგლოვანი ასომთავრული სისტემის ანბანური დამწერლობა განვითარების უმაღლესი საფეხურია და მას ბადალი არ მოეპოვება.
არქელოგიურ ძეგლებთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასახელდეს ე.წ. დავითის სტელა, რომელიც არის ადრექრისტიანული ეპოქის ბრწყინვალე ძეგლი და რომელზეც ასახულია ეროვნული წელთაღრიცხვის ათვლის სამივე ამოსავალი თარიღი. გარდა ამისა, ასახულია საქართველოს გაქრისტიანების თარიღი, რომლის ათვლის წერტილად აღებულია ძვ.წ. 284 წელი.
ვფიქრობ, ამ მოსაზრებების შემდეგ, უნდა შეჩერდეს ქართული ანბანის "სამი ცოცხალი კულტურის" არამატერიალურ ძეგლად წარდგენის პროცესი იუნესკოში, სანამ მასში არ იქნება შეტანილი საჭირო კორექტივები, რადგან არსებული სახით წარდგენილი სანომინაციო დოკუმენტი ტენდენციურია, თითქოს ასომთავრული ანბანი მე-5 საუკუნეშია შედგენილი, რაც სინამდვილეს არ შეეფერება", - განაცხადა "რეზონანსთან" რაულ გვეტაძემ.