როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართულ მეცნიერებაში ნაკლებად არის შესწავლილი ძვ. წ. ათასწლეულებში ამიერკავკასიაში მსხვილფეხა საქონლის აბორიგენული წარმომავლობისა და ალპური მეურნეობის საკითხი.
სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო კი ძნელია განისაზღვროს საქართველოს ტერიტორიაზე აბორიგენული ჯიშის რაოდენობა, თუმცა სამეცნიერო გამოკვლევებისა და ძველბერძნული ლიტერატურული წყაროების მეშვეობით, მეცნიერები თვლიან, რომ შეიძლება აღდგეს უძველეს ათასწლეულებში საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ცხოველების ყველა ის სახეობა, რომლებიც მომდევნო ეტაპზე იყო მოშინაურებული.
დღევანდელ სტატიაში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახეობას შევეხებით. ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოს მარინე ცინცაბაძის მიერ მოწოდებული მასალები.
ისტორიულ წარსულში საქართველოში არსებობდა მესაქონლეობის ოთხი სახეობა, ალპური, მომთაბარული, ნახევრადმომთაბარული და ბარის. უპირატესობა მთა-ალპურ სახეობას ეძლეოდა, რომელიც ცხადყოფს საქართველოს ტერიოტორიაზე აბორიგენული ჯიშების არსებობაზე;
ძვ.წ. მესამე ათასწლეულით თარიღდება საქართველოში ადგილობრივი მთის ძროხის არსებობა. ენციკლოპედიური მონაცემებით ეს არის ძროხის უძველესი ჯიში, უპირატესად მერძეული. მას იყენებდნენ აგრეთვე სახორცედ და გამწევ ძალად.
ქართული მთის ძროხა ტანად პატარა იყო. ფურის სიმაღლე იყო საშუალოდ 98-100 სანტიმეტრის. წონა 180-220 კგ-ი; ფერით სხვადასხვაგვარი: უმეტესად შავი, ჩალისფერი ან წაბლისფერი. გამოირჩეოდა ამტანობით, კარგი წველადობის უნარით, რძის ცხიმიანობით.
აჭარაში ძროხა ბოხრიკის სახელწოდებით იყო ცნობილი, აქაურ ძროხას დიდი და მსხვილი ფეხები ჰქონია.
რაც შეეხება ხარის კულტს კოლხურ სამყაროში, უძველეს ათასწლეულებში ხარი იყო ნაყოფიერების, გამრავლებისა და სიძლიერის სიმბოლო. ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება კოლხური და მეფე მინოსის მეფობის-კრეტული პერიოდის ხარის კულტის მსგავსება;
საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული იყო ე.წ. ბუღების (ხარების) ჭიდაობის წესი, რომელიც საქართველოს მთისა და ბარის სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა.
აჭარაში - საგაზაფხულო დღესასწაულის დროს, ასევე სვანეში- "უფლიშერის დღესასწაულის" პირველ დღეს. რაჭაში ფიქსირდება ბუღასთან ადამიანის დაჭიდების ფაქტი, რომელიც უკავშირდება ბუნიობის (გაზაფხულის) დღესასწაულს.
სამეგრელოში ხარებთან ბრძოლა ცნობილი იყო "კურულოს" სახელწოდებით, საიდანაც ნასესხები ჩანს ესპანური სახელწოდება "კორიდა".
საბერძნეთში გაზაფხულის დღესასწაული გამოვლინდა დიონისეს კულტისადმი მიძღვნილ რიტუალში, რომელთა შორის მაგიურ-რელიგიური ხასიათის ხარებთან თამაშს, ცერემონიალის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ეს სანახაობა განსაკუთრებით ჩანს კრეტა-მიკენიურ კულტურაში. მაგალითად, კრეტას სასახლის კედლის მხატვრობა, სადაც აღბეჭდილია ადამიანისა და ხარის თამაშის ეპიზოდი.
"აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკა" ხაზგასმით აღნიშნავს კოლხურ სამყაროში ხარის კულტის განსაკუთრებული დანიშნულების შესახებ. ბერძენ ავტორთან ხარი კოლხეთის სამეფოს რელიგიური პანთეონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც სამეფოს ძლიერებისა და დაცვის დანიშნულება გააჩნდა და ამიტომ არის, რომ კოლხეთის მეფე აიეტი ბერძენ იაზონს უპირისპირებს ხარის ძალას.
ხარის განსაკუთრებული დანიშნულება ასახული იქნა ასევე ასტრალურ სიმბოლიკასა და ქართულ ასომთავრულ ანბანში ხარის ნიშნის სახით", - ამბობს მარინე ცინცაბაძე.
ისტორიკოსის თქმით, ცხვარი დღესაც ძველი კოლხეთისა და არგონავტების სიმბოლოდ ასოცირდება. მითოლოგიური გადმოცემა- ცხვრის ტყავის, ანუ ოქროს საწმისის შესახებ, ადასტურებს იმ დროს გავრცელებულ თქმულებას ცხვრის ტყავზე ჩაწერილი ოქროს გამოდინების ხერხის შესახებ.
მსოფლიოში დღეისათვის 500-ზე მეტი ცხვრის ჯიშიდან მხოლოდ 43-ს არა აქვს მატყლი. მათ შორის სახელდება ნაზმატყლიანი კოლხური ცხვარი, რომლის გავრცელების არეალად მიიჩნევა იტალია. რომის იმპერიიდან კოლხური ცხვრის გავრცელება ხდებოდა ესპანეთში. მირინოსის ცხვრის მაღალხარისხოვანი შალის ძაფის მიღებაში კი მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ძველ კოლხურ ცხვარს.