უცნაური ბედი დაჰყვა ჰატშეპსუტს - პირველი ფარაონი ქალი, რომელმაც ძველი ეგვიპტური კანონები და ტრადიციები უარყო, უკვალოდ გამქრალიყო. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, სად იყო მისი მუმია, უცნაური გახლდათ ისიც, რომ ჰატშეპსუტი თავისი სიკვდილით აღესრულა და ასეთ დროს მისი მუმიის გაუჩინარება კიდევ უამრავ კითხვას ბადებდა.
2007 წლის ივნისში ბევრი რამ ცხადი გახდა - ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა მეფეთა ველზე მდებარე ერთ-ერთი უცნობი სამარხი ხელახლა გახსნა. საგულისხმოა, რომ ეს სამარხი ჯერ კიდევ 1903 წელს გათხარა ცნობილმა არქეოლოგმა, ტუტენჰამონის სამარხის აღმომჩენმა, ჰოვარდ კარტერმა.
სამარხში ორი მუმია იყო. მაშინვე გაარკვიეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ჰატშეფსუტის ძიძა უნდა ყოფილიყო, მეორე მუმია კი უმნიშვნელოდ ჩათვალეს - ის ძირს ეგდო, ამიტომაც მოსამსახურედ მიიჩნიეს და იქვე დატოვეს.
სამარხის ხელახალი გათხრისას ამჯერად ერთ დეტალს მიაქციეს ყურადღება - მუმიას მარჯვენა ხელი იდაყვში იყო მოხრილი და გულზე ებჯინა. საგულისხმო კი ის გახლდათ, რომ ყქ||| დინასტიის სამეფო წარმომადგენლებს სწორედ ამგვარი ფორმით ასაფლავებდნენ.
ტესტის შედეგად დადგინდა - კარტერის მიერ მსახურად მიჩნეული ქალის მუმია ფარაონ ჰატშეფსუტს ეკუთვნოდა.
როგორ განსაზღვრა ჰატშეპსუტის მმართველობა ქალურმა საწყისმა
ჰატშეფსუტის მმართველობას ფაქტობრივად განსაზღვრავს მისი ქალური საწყისი. განსხვავებით მისი სახელოვანი მეომარი დიდი ბაბუის, თუტმოს |-ისგან, ჰატშეფსუტის დროინდელი ეგვიპტე არ იბრძვის, ამ პერიოდისთვის პრაქტიკულად უცხოა ომის ცნება. არადა, ამგვარი რამ საკმაოდ უჩვეულოა ძველი ცივილიზაციისათვის, მითუმეტეს პატრიარქალური საზოგადოებისთვის, რომელიც სწორედ ამ დაპყრობების ხარჯზე არსებობს ყოველთვის.
არსებობს ცივილიზაციის ცენტრი, რომლის გარშემოც პერიფერიებია, ისტორიოგრაფიაში ეს ტერიტორიები ბარბაროსული პერიფერიის სახელითაა ცნობილი. ცენტრი მუდმივად ომობს ამ პერიფერიის წინააღმდეგ და ამ ომების წყალობით საკუთარ საზღვრებს აფართოებს. სწორედ ამ მექანიზმით ყალიბდება მსოფლიო რანგის სხვადასხვა იმპერია.
ჰატშეფსუტი ამ ტრადიციული კონტექსტიდან ფაქტობრივად ამოვარდნილია. მისი მმართველობისთვის დამახასიათებელია მუდმივი აღმშენებლობა, ის არ იბრძვის, ეს ის პერიოდია ჰიქსოსთა ბატონობისაგან გათავისუფლებული ეგვიპტე რომ ტკბება თავისუფლების განცდით. ახლა შენების დროა და სწორედ ამ რეალობაში გამორჩეულად საინტერესოა ის გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, სულ მალე რომ გააოცებს სამყაროს.
რაც შეეხება ომებს, ეს ოდნავ მოგვიანებით იქნება - ამ ომებში ჩაერთვება თუტმოს |||, რომელიც დიდი მოთმინებით ელის თავის ჯერს. მას ჯერჯერობით, ჰატშეპსუტი ეღობება და არ უშვებს ტახტზე. ის ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული დამპყრობელი გახდება.
რატომ მიანიჭეს ხუროთმოძღვარ სენმუთს ჰატშეფსუტის კარზე განუზომელი უფლებები
მანამდე ეგვიპტის ისტორიაში გრანდიოზული აღმშენებლობის ხანააა. ამისთვის კი სათანადო რესურსებია საჭირო, საჭიროა ხალხი, არქიტექტორები, სკულპტორები... ეს ყოველთვის საჭიროა ასეთი საქმიანობისას, თუმცა, ისტორია იშვიათად გვანებივრებს მათი სახელებით, ისინი უმთავრესად უსახელოდ შემორჩნენ ჟამთასვლას თავიანთი ქმნილებებით.
ჰატშეპსუტის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა - ჩვენ ვიცით ვინ დააპროექტა კარნაკისა და ლუქსრის გრანდიოზული ნაგებობები, ეგვიპტის სიმბოლოდ რომ მოიაზრება დღესაც. სენმუთი გახლავთ მთავარი შემოქმედი ამ ქმნილებებისა.
ჰატშეპსუტი ძალიან ანებივრებდა სენმუთს - ხუროთმოძღვარს ეკავა 20-ამდე თანამდებობა ფარაონთა სამეფო კარზე, ის ჰატშეჰსუტის ფავორიტია. ესეც ბუნებრივია - ჰატშეპსუტი ხომ ქალია და ქალური საწყისები მის მმართველობაში აშკარად წინა პლანზეა წამოწეული.
აქვე ერთი საგულისხმო დეტალი - სულ სხვა ფენომენია ქალი მმართველი. არა აქვს მნიშვნელობა რა პერიოდში მოღვაწეობს ის - ქალური საწყისი ყველგან ძლიერია. ის აღმერთებს თავის ფავორიტებს, ყველანაირ კარტ-ბლანშს აძლევს მას. თუკი ქალ ფავორიტებს მამაკაცთა მმართველობისას მხოლოდ კულუარული ხერხებით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ქვეყნის მართვა-გამგეობაზე, ქალი მმართველების დროს მამაკაცი ფავორიტები პრაქტიკულად ხდებიან პირველი პირები, რეალური მმართველები. სწორედ ისინი წყვეტენ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჰატშეპსუტის ზეობისას ეგვიპტის რეალური მმართველი სწორედ მისი ფავორიტი სენმუთია. ამას მიანიშნებს მისი სტატუსიც - ერთი ადამიანისათვის საკმაოდ ბევრია ერთდროულად 20 თანამდებობა სამეფო კარზე. საგულისხმოა, რომ გარდა ამ თანამდებობებისა, მას აქვს საკმაოდ საინტერესო ტიტული - "სამეფო სასახლეში შესვლის უფლების მქონე".
როგორ ამზადებდა სენმუთი თავის ქალიშვილებს მომავალ ფარაონებად
აქ კიდევ ერთი დეტალია საგულისხმო - ძველი ეგვიპტური ტრადიციის მიხედვით ფარაონისთვის სახეში შეხედვა არ შეიძლებოდა, ის ვინც გაბედავდა და მზერას გააპარებდა მისკენ, დაუყოვნებლივ ისჯებოდა.
თუნდაც ეს უმნიშვნელო ადამიანური ცნობისმოყვარეობა მოიაზრებოდა კანონგარეშედ, არადა, სენმუთს ოფიციალურად ანიჭებენ ტიტულს, რომლითაც მას შეუძლია, ნებისმიერ დროს სასახლეში მივიდეს, ეს მის განსაკუთრებულებაზე მიანიშნებს. მას სურვილისამებრ შეუძლია გადაადგილდეს სამეფო განსასვენებელში.
როგორც ჩანს, მისი სტატუსი ერთგვარად ირონიზირებულ სახესაც იღებს, ამის დასტურია ის არტეფაქტი, რომელიც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა - რომელიღაც მხატვარს ქვაზე ამოეკაწრა სენმუთი და ჰატშეფსუტი სექსუალური აქტისას. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ის ტრადიციული კანონები, რაც ეგვიპტის მმართველობის საფუძველია, ფაქტობრივად არა მარტო ზედა ფენებშია უარყოფილი.
საგულისხმოა ისიც, რომ შემორჩენილია ქანდაკება, სადაც ქალს ჰატშეფსუტს გოგონა უჭირავს ხელში, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ჰატშეპსუტის უმცროსი შვილია, ეს ბავშვი სავარაუდოდ სენმუთისა და ჰატეპსუტის შვილი უნდა იყოს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც საკმაოდ სახასიათოა, გახლავთ ის, რომ ჰატშეპსუტის შვილები, გოგონები პატარა წვერით არიან გამოსახული - ბუნებრივია ეს სკულპტურული ძეგლები სენმუთის უშუალო მითითებით უნდა იყოს შესრულებული.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰატშეპსუტი სერიოზულ განაცხადს აკეთებს დაარღვიოს არსებული წესი ფარაონთა მემკვიდრეობისა, რომლითაც ტიტული ფაქტობრივად შვილიშვილზე - უფროსი ქალიშვილის პირველ ვაჟზე გადადის და თავის შვილებს წინასწარ ამზადებს ფარაონობისათვის. ამ გადაწყვეტილებაშიც აშკარად ქალური საწყისი ჩანს.
როგორ უანდერძა ამონმა ჰატშეფსუტს დედამიწა
ჰატშეპსუტის დროს აიგო კარნაკში გრანდიოზული კომპლექსი, რომელმაც სრულად მოაღწია ჩვენამდე. ძველმა ნაგებობებმა, იმან რაც შემორჩა თანამედროვეობას, უმეტესწილად ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევების სახით მოაღწია. რა თქმა უნდა, ეს ნანგრევები კარგად მიანიშნებს იმ სიდიადეს, რითაც თავის დროზე იყო გამორჩეული ესა თუ ის არქიტექტურული ძეგლი, გლობალური მასშტაბებით ეს ძეგლები, თავდაპირველი სახით მხოლოდ ეგვიპტეშია შემორჩენილი და რაც ჰატშეპსუტის პერიოდის აღმშენებლობის შედეგია.
ეს არის გიგანტური, უდიდესი ზომის ფიგურები, ძველი სამეფოს პერიოდიდან მოყოლებული, სამეფო სასახლეებისა და ძეგლების გრანდიოზულობა საკმაოდ მნიშვნელოვან იდეოლოგიურ დატვირთვას იღებს - მან ხაზი უნდა გაუსვას ხელისუფლების სიდიადეს, ჩვეულებრივ მოკვდავთაგან მის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ სტატუსს. ლუქსორში კარნაკის ტაძარი 30 მეტრიანი სიმაღლის სკულპტურებისგან შედგება - ეს ფაქტობრივად თანამედროვე ათსართულიანი სახლის სიმაღლეა.
ეს ძეგლი ამონის ტაძარია, სწორედ აქ არის ჰატშეპსუტის საკმაოდ საინტერესო წარწერა, რომელიც უზენაეს ღვთაება ამონს ეძღვნება: "ჩემი შემქმნელის შესახებ ფიქრისას (ჰატშეპსუტი მის მიერ გავრცელებული ლეგენდის მიხედვით სწორედ ამონის შვილია), გულმა მიკარნახა, რომ ამონისთვის შევქმნა ელექტრუმის (ვერცხლისა და ოქროს შენადნობი) ორი ობელისკი, რომლის სიმაღლე ცას მიაღწევს".
აშკარაა - ჰატშეფსუტი თავის ხელისუფლებას ფაქტობრივად აღიქვამს როგორც კოსმიურს, არამიწიერს.
და აქ არის კიდევ ერთი წარწერა - ამჯერად ამონი მიმართავს ჰატშეფსუტს: "მე, ამონ-რა, აღგავლენ შენ ტახტზე, გადმოგცემ ჩემს სამეფო კვერთხს - მე შენ გშვი იმისთვის, რომ იყო დედამიწის საყრდენი."
და მიუხედავად ამისა, რომ საკუთარ ძალაუფლებას ასე აღმატებულად მოიაზრებს და განადიდებს, ჰატშეპსუტის ქალურმა საწყისმა ფაქტობრივად განსაზღვრა მისი საქმიანობა, ის მემკვიდრეობა, რაც მისი მმართველობის პერიოდიდან შემორჩა კაცობრიობას.
რატომ გაქრა უკვალოდ ხუროთმოძღვარი სენმუთი
სენმუთი ჰატშეპსურის მმართველობის ბოლო წლებისას ქრება თვალთახედვის არედან, ასევე წარწერებშიც აღარ იხსენიებენ მას. მაინც რა მოხდა - იმდენად გაურკვეველია ვითარება, რომ ეს სხვადასხვა ვერსიის წყარო ხდება - ხომ არ მისცა ხუროთმოძღვარმა თავის თავს უფრო მეტის უფლება, ვიდრე ეს თავად ჰატშეპსუტს სურდა?
არქეოლოგიური გათხრებისას ერთი საყურადღებო დეტალი გაირკვა - აღმოჩნდა, რომ სენმუთს ფარაონთა განსასვენებელის მახლობლად აუგია საკუთარი სამარადჟამო განსასვენებელი, აკლდამა. ეს გაუგონარი თავხედობა გახლდათ იმ პერიოდის ეგვიპტისათვის, ჩვეულებრივ მოკვდავს, რომელსაც განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს და რომლითაც იმ დროისათვის არსებული ყველა შეზღუდვა მისთვის პერსონალურად უარყვეს, კიდევ უფრო მეტი მოუნდომებია - ფარაონთა განსასვენებელის სიახლოვეს მისი აკლდამის აგება უკვე ყველა ზღვარს სცილდებოდა, არანაირ კონტექსტში არ ჯდებოდა.
საგულისხმოა ისიც, რომ არ მოგვეპოვება ცნობა სენმუთის გარდაცვალების შესახებ, ის თითქოს უკვალოდ გაქრა, გაქრა უკიდეგანო სივრცეში. როგორც ჩანს უხმაუროდ მოიშორეს ის თავისი ამბიციების გამო.
როგორ ვერ შეძლო თუთმოს მესამემ ჰატშეფსუტის სახელის წაშლა ისტორიიდან
ჰატშეპსუტი, რომელმაც 20 წელი შეძლო ეგვიპტის მართვა, საკუთარი სიკვდილით აღესრულა, არანაირი საფუძველი არ არსებობს სხვაგვარად ვიფიქროთ - მის გარშემო არ ყოფილა ის აგრესია, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო მისი ძალადობრივი სიკვდილის მიზეზი.
მის შემდეგ ფარაონი ხდება ის ჭაბუკი, დიდხანს რომ ელის თავის ჯერს - თუთმოს |||, რომელიც სულ მალე საკუთარ სახელს უკვდავყოფს, ის იქნება ყველაზე წარმატებული, ყველაზე გამორჩეული, უდიდესი ფარაონი ძველი ეგვიპტის საგარეო პოლიტიკაში.
და სწორედ ასეთი წარმატებული ფარაონი გასცემს ბრძანებას წაშალონ ყველა წარწერიდან ჰატშეპსუტის სახელი. ვერ მოერია წყენას თუთმოსი - იმ ადამიანის ხსენება უნდა ამოიძირკვოს, დიდი ხნის განმავლობაში რომ არ უშვებდა ფარაონის სამეფო ტახტზე.
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა არაერთი არტეფაქტი, საიდანაც გადაფხეკილია ჰატშეპსუტის სახელი. ეს წარწერები ხომ ქვაზე კეთდებოდა. თავად განსაჯეთ რა დიდი შრომა იყო საჭირო ყველა წარწერიდან ჰატშეფსუტის სახელის წასაშლელად.
ფაქტია - ან არ დაასრულეს ეს სამუშაო, ანდა ვიღაცამ გულდასმით არ შეასრულა თუთმოს |||-ის ბრძანება, ჰატშეპსუტის სახელი ყველა წარწერიდან არ წაუშლიათ. სწორედ ამიტომაც ვიცით არცთუ მცირე დეტალი უძველესი მსოფლიოს ამ გამორჩეული უზურპატორის ცხოვრების შესახებ, ხუროთმოძღვარ სენმუთის სახელიც ასე შემოინახა ისტორიამ...